გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017002196442
2-4737/17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11/12/2019 წელი ქ.ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე: შპს ‘’ე---’’
წარმომადგენელი - გ-------–------------------------ე
მოპასუხე: ი/მ გ------ თ----ე
წარმომადგენელი - ლ----------–---–--------- თ----ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მოსარჩელის პოზიცია:
შპს „ე---“-მ სასარჩელი აღძრა ინდ. მეწარმე გ------ თ----ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 79 644,54 ლარის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
2016 წლის 16 სექტემბერს შპს „ბ------------–---------------”-სა და ინდ. მეწარმე გ------ თ----ეს შორის გაფორმდა საწვავის ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ შპს „ბ------------–---------------” ინდ. მეწარმე გ------ თ----ეს მიყიდდა საავტომობილო საწვავს. თავის მხრივ ინდ. მეწარმე გ------ თ----ე შეძენილი საწვავის ღირებულებას გადაიხდიდა საწვავის მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ შეძენილი საწვავის ფასის გადახდის ვადის დარღვევისას, მყიდველი გამყიდველს გადაუხდიდა პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5 %-ის ოდენობით. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შპს „ბ------------–---------------”-მა მოპასუხეს სხვადასხვა დროს მიაწოდა საავტომობილო საწვავი. მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი მოვალეობა და შეძენილი საწვავის ღირებულება სრულად არ გადაიხადა. მას გადასახდელი აქვს 26 840, 68 ლარი. გადახდის ვადის დარღვევის გამო ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით დავალიანებას დაერიცხა პირგასამტეხლო, რომლის ოდენობა შეადგენს 52 803, 86 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს. ადასტურებს, რომ 2016 წლის 16 სექტემბერს შპს „ბ------------–---------------”-თან გააფორმა საწვავის ნასყიდობის ხელშეკრულება, მაგრამ რეალურად საწვავი მიეწოდებოდა შპს „მ-------ს“ და შპს „ა---–--------ს“. შესაბამისად შეძენილი საწვავის ღირებულება უნდა გადაიხადოს შპს „მ-------მა“ და შპს „ა---–----------მა“. ინდ. მეწარმე გ----- თ----ე საწვავის შემძენი იყო ფორმალურად და ამის შესახებ სექტემბერს შპს „ბ------------–---------------” ინფორმირებული იყო. აღნიშნულის გამო მიაჩნია, რომ მას მოსარჩელის ვალი არ აქვს. მოითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვას.
ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „ბ------------–---------------” სამეწარმე რეესტრში მეწარმედ რეგისტრირებული იქნა 2013 წლის 28 ივლისს. მისი ძირითადი საქმიანობა იყო ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
მხარეთა განმარტებები.
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან. ს.ფ. 57-58.
3.1.2. გ------ თ----ე ინდ. მეწარმედ რეგისტრირებული იქნა 2008 წლის 29 დეკემბერს.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
მხარეთა განმარტებები.
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან. .ს.ფ. 57-58.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეთა შორის ძირითადი სადაო ფაქტობრივი გარემოებაა:
- შპს ,,ე---ს“ სათანადო მოსარჩელეობა;
- შპს „ბ------------–---------------”-სა და ინდ. მეწარმდე გ------ თ----ეს შორის გარიგების დადება;
- შპს „ბ------------–---------------”-ის მიერ მოპასუხისათვის საქონლის მიწოდება;
- შპს „მ-------ის“ და შპს „ა---–----------ის“ მიერ სადაო ღირებულების საწვავის შეძენა მოსარჩელისაგან.
3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის 3.2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
3.2.3. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით ფაქტობრივი გარემოებების დადგენაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ისინი თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტბრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა გადანაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოცემულ შემთხევაში შპს ,,ე---მ“ უნდა დაამტკიცოს, რომ ის სათანადო მოსარჩელეა და მას მოპასუხის მიმართ აქვს მოთხოვნის უფლება. მანვე უნდა დაამტკიცოს, რომ შპს „ბ------------–---------------”-მა ინდ. მეწარმდე გ------ თ----ესთან დადო საწვავის ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება, რის შემდეგაც მიაწოდა 2- 840, 68 ლარის ღირებულების საწვავი.
3.2.5. ინდ მეწარმე გ------ თ----ე ამტკიცებს, რომ მოსარჩელემ საწვავი მიყიდა შპს „მ-------ს“ და შპს „ა---–--------ს“. მოსარჩელე ასეთ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. იქედან გამომდინარე, რომ შპს „მ-------ისა“ და შპს „ა---–----------ისათის“ საწვავის მიყიდვა მოპასუხის არგუმენტებია, მასვე უნდა დაეკისროს ასეთი ფაქტის მტკიცების ტვირთი.
3.2.6. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.7. მოსარჩელემ თავისი არგუმენტების გამყარების მიზნით წარმოადგინა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან, კრების ოქმი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია საფირმო სახელის ცვლილება. დასახელებული დოკუმენტებით დგინდება, რომ შპს „ბ------------–---------------” სამეწარმეო რეესტრში მეწარმედ რეგისტრირებული იქნა 2013 წლის 28 ივლისს. მისი დამფუძნებელია ანრი გოგიტიძე და გიორგი ხვიჩია. საწარმოს საიდენტიფიკაციო კოდია 445429028. 2017 წლის 2 აგვისტოს პარტნიორებმა ჩაატარეს პარტნიორთა კრება და მიიღეს გადაწყვეტილება მასზედ, რომ შპს „ბ------------–---------------”-ს შეეცვალოს სახელი და ნაცვლად შპს „ბ------------–---------------”, ეწოდოს ,,ე---“. მიღებული გადაწყვეტილება წარადგინეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მოთხოვნილი იქნა სახელის ცვლილება. საჯარო რეესტრმა დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა და საწარმოს სახელის ნაწილში განახორციელა შესაბამისი ცვლილება. შესაბამისად შპს ,,ე---“ არის ის საწარმო, რომელსაც 2016 წლის 16 სექტემბერს ერქვა შპს „ბ------------–---------------”.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან. ტ. 1. ს.ფ. 57-58.
განცხადების მიღების ბარათი; ტ.2. ს.ფ. 78.
პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება; ტ. 2. 81-82.
განცხადება. ტ. 2. ს.ფ. 79.
3.2.8. შემდეგი მნიშვნელოვანი სადაო საკითხია შპს „ბ------------–---------------”-სა და ინდ. მეწარმდე გ------ თ----ეს შორის გარიგების დადება. როგორც განვმარტეთ მოპასუხე ასეთი გარიგების დადებას უარყოფს. სასამართლო განმარტავს, რომ ავტომობილის საწვავის ნასყიდობაზე შეთანხმება ფაქტობრივი გარემოებაა. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას მოსარჩელის მიერ მოპასუხესთან გარიგების დადების შესახებ. მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება და დაამტკიცოს, რომ მან ავტომობილის საწვავის ნასყიდობაზე გარიგება დადო მოპასუხესთან. ამ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების გაბათილება,მოპასუხის ვალდებულებაა. სწორედ ამიტომაც მხარეებს აკისრიათ ფაქტების დადგენისათვის მტკიცებულებების წარმოდგენის მოვალეობა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. შესაბამისად მათ მიერ წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ. გარიგების შინაარსის დადგენის ყველაზე ,,კარგი“ მტკიცებულება, წერილობით დადებული გარიგებაა. თუ მხარეებს აქვთ წერილობით გაფორმებული შეთანხმება, ბუნებრივია საკითხის გადაწყვეტის დროსაც ეს წერილობითი დოკუმენტი უნდა იქნას გამოკვლეული და შეფასებული. საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 16 სექტემბრის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია შპს „ბ------------–---------------”-სა და ინდ. მეწარმდე გ------ თ----ეს შორის. ხელშეკრულება დადებულია საავტომობილო საწვავის ნასყიდობის თაობაზე. ხელშეკრულების მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ შპს „ბ------------–---------------“ ინდ. მეწარმე გ------ თ----ეს მიყიდდა საავტომობილო საწვავს. თავის მხრივ ინდ. მეწარმე გ------ თ----ე შეძენილი საწვავის ღირებულებას გადაიხდიდა საწვავის მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. ხელშეკრულებას ხელს აწერს, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი, ისე მოპასუხე. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას მოპასუხე სადაოდ არ ხდის. თუმცა მაინც ამტკიცებს, რომ ეს გარიგება დადებულია შპს „მ-------თან“ და შპს „ა---–----------თან“. სასამართლო მის ამ არგუმენტებს არ იზიარებს, რადგანაც ხელშეკრულება გაფორმებულია უშუალოდ მოპასუხესთან და მასში მეამე პირის შესახებ ინფორმაცია მითითებული არაა. მოპასუხესთან დადებული გარიგება თავისი შინაარით ნიშნავს მოსარჩელისა და მოპასუხის შეთანხმებას სახელშეკრულებო პირობებზე. მოპასუხემ სხდომაზე ზეპირად განმარტა, რომ შპს „მ-------ი“ და შპს „ა---–---------ი“ ვერ აკმაყოფილებდენ ნავთობპროდუქტების შეძენისათვის კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ამიტომ მოსარჩელე, შპს „მ-------ს“ და შპს „ა---–---------ს“ გაურიგდა მასზედ, რომ მათ ნავთობპროდუქტებს მიაწვიდიდა ინდ. მეწარმე გ------ თ----ის მეშვეობით. შესაბამისად მოსარჩელე მას აწვდიდა საწვვს, თავის მხრივ თვითონ საწვავს უმატებდა 4 თეთრს და აწვდიდა შპს „მ-------ს“ და შპს „ახ--–---------ს“.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
2016 წლის 16 სექტემბრის ხელშეკრულება. ტ. 1. ს.ფ. 16-18.
3.2.9. მოპასუხის ამ არგუმენტებს კატეგორიულად გამორიცხავს მოსარჩელე. თავის მხრივ მოპასუხეს ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ აქვს. შესაბამისად მისი ზეპირი განმარტება არაა გამყარებული მტკიცებულებებით.
3.2.10. მიუხედავად ამისა, ის ფაქტობრივი გარემოება, რაც მოპასუხემ სხდომაზე ზეპირად განმარტა, წარმოადგენს პირველ რიგში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, შემდეგ კი მოპასუხესა და შპს „მ-------ი“/შპს „ახ--–---------თან“ დადებულ ხელშეკრულებას. ესაა ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებად დადებული გარიგებები. შესაბამისად სასამართლო დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 16 სექტემბერს შპს „ბ------------–---------------”-სა და ინდ. მეწარმე გ------ თ----ეს შორის გაფორმდა საავტომობილო საწვავის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ შპს „ბ------------–---------------“ ინდ. მეწარმე გ------ თ----ეს მიყიდდა საავტომობილო საწვავს. თავის მხრივ ინდ. მეწარმე გ------ თ----ე შეძენილი საწვავის ღირებულებას გადაიხდიდა საწვავის მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
2016 წლის 16 სექტემბრის ხელშეკრულება. ტ. 1. ს.ფ. 16-18.
3.2.11. ხელშეკრულების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ შეძენილი საწვავის ღირებულების გადახდის ვადის დარღვევისას, მყიდველი გამყიდველს პირგასამტეხლოს სახით გადაუხდის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5 %-ს.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
2016 წლის 16 სექტემბრის ხელშეკრულება. ტ. 1. ს.ფ. 16-18.
3.2.12. მოსარჩელემ, საწვავის მიწოდების მტკიცებულებად წარმოადგინა 2016 წლის 16 სექტემბრის ხელშეკრულება და ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურები. დასახელებული ანგარიშ-ფაქტურებით დგინდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს სხვადასხვა პერიოდში მიაწოდა სხვადასხვა დასახელებისა და ოდენობის ნავთობპროდუქტები. მოპასუხეს ნავთობპროდუქტების მიღება დადასტურებული აქვს ელექტრონულად. სასამართლო მიიჩნევს, რომ ნავთობროდუქტების მიღების ელექტრონულად დადასტურება კიდევ დამატებით ერთერთი ფაქტობრივი გარემოებაა, რომლითაც დგინდება მოპასუხის მიერ მოსარჩელისაგან ნავთობპროდუქტების შეძენა. დასახელებული ანგარიშფაქტურებით დგინდება, რომ მოპასუხეს მოსარჩელისაგან შეძენილი აქვს 26 840, 68 ლარის ღირებულების საწვავი.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურები. ტ.1. ს.ფ. 20-40
ანგარიშის ბარათი. ტ.1. ს.ფ. 41-48.
3.2.13. მოპასუხს არ აქვს მტკიცებულება რომლითაც შეიძლება დადგინდეს, რომ მას მოსარჩელეზე გადახდილი აქვს შეძენილი საწვავის ღირებულება. შესაბამისად დადგენილად უნდა იქნას მიჩნეული, რომ მას, მოსარჩელისაგან შეძენილი საწვავის ღირებულება - 26 840, 68 ლარი, გადახდილი არ აქვს.
3.2.14. მოპასუხე ამტკიცებს, რომ მოსარჩელემ საწვავი მიყიდა შპს „მ-------ს“ და შპს „ა---–--------ს“. ამ ფაქტობრივი გარემოების დასამტკიცებლად მოპასუხემ წარმოადგინა ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურები. მათში მითითებულია, რომ ინდ. მეწარმე გ------ თ----ემ შპს „მ-------ს“ და შპს „ა---–--------ს“ მიაწოდა სხვადასხვა ოდენობისა და დასახელების ნავთობპროდუქტები. სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ანგარიშ-ფაქტურით არ დგინდება მოსარჩელის მიერ შპს „მ-------ის“ და შპს „ა---–---------ისათვის“ ნავთობპროდუქტების მიყიდვა და გადაცემა. პირიქით ამ მტკიცებულებით დგინდება, რომ ინდ მეწარმე გ------ თ----ემ შპს „მ-------ს“ და შპს „ა---–--------ს“ მიყიდა სხვადასხვა ოდენობისა და დასახელების ნავთობპროდუქტები. ამ გარემოებას ადასტურებს ისიც, რომ 20-8 წლის 7 აპრილს ანგარიშსწორების შედარება განახორციელეს ინდ. მეწამრე გ------ თ----ემ და შპს მ-------მა“, ასევე ინდ. მეწარმე გ------ თ----ემ და შპს ,,ა---–----------მა“. შედარების აქტებში მითითებულია, რომ ორივე სუბიექტს ინდ. მეწარმე გ------ თ----ისაგან შეძენილი აქვს საწვავი და გადასახდელი აქვთ მისი ღირებულება.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურები. ტ. 2. ს.ფ. 24-31; 36-37; 40-43
შედარების აქტი. ს.ფ. ტ, 2. 32 ; 46
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საწვავის ღირებულების ნაწილში საფუძვლიანია სრულად. პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად. პირგასამტეხლოს ოდენობა არაა გონივრულად განსაზღვრული ამიტომ იგი 0.5 %-დან უნდა შემცირდეს 0.07 %-მდე.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.
- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
- საქართველოს კონსტიტუცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ეკისრებოდა შეძენილი საწვავის ღირებულების გადახდის მოვალეობა. მას გადასახდელი აქვს 26 840, 68 ლარი. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხემ მოსარჩელისაგან შეიძინა საწვავი და მის გამყიდველს არ გადაუხადა ნასყიდობის საფასური სრულად, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს შეძენილი საქონლის ფასის გადახდა.
6.2. უდაოა, რომ მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს თანხის გადახდა. თანხის მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არ არსებობს. მას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მეორე მხარესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა ნასყიდობის ხელშეკრულებაა. შესაბამისად მათ შორის წარმოშობილი დავა უნდა დარეგულირდეს ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.
6.3. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის საფუძვლებიდან. დასახელებული ნორმით: - ,,1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი”.
,,2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება”.
სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ბ------------–---------------”-ს საქმიანობის საგანია ნავთობ პროდუქტების რეალიზაცია. შპს „ბ------------–---------------” ნავთობპროდუქტებს რეალიზაციას უკეთებს საბითუმო ფასებში. ინდ. მეწარმე გ------ თ----ეს სურდა საბითუმო ფასებში ნავთობპროდუქტების შეძენა. მოსარჩელისა და მოპასუხის ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს, რის შედეგადაც მხარეებმა გამოავლინეს გარიგების დადების ნება და მის საფუძველზე 2016 წლის 16 სექტემბერს გააფორმეს საწვავის ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ შპს „ბ------------–---------------” ინდ. მეწარმე გ------ თ----ეს მიყიდდა საავტომობილო საწვავს. თავის მხრივ ინდ. მეწარმე გ------ თ----ე შეძენილი საწვავის ღირებულებას გადაიხდიდა საწვავის მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ მოპასუხემ შეიძინა მოთხოვნის უფლება, კერძოდ მოსარჩელისაგან მოეთხოვა ნასყიდობის საგნის გადაცემა. მოსარჩელემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეს 2016 წლის 16 სექტემბრიდან 2017 წლის 13 მაისამდე მიყიდა ნავთობპროდუქტები. ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და საქონლის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა უფლება მოითხოვოს სანაცვლო ვალდებულების შესრულება, ანუ ნასყიდობის საფასურის გადახდა. ნასყიდობის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, რომლის დადებასაც უნდა მოჰყვეს ნასყიდობის საგნის გადაცემა, ხოლო საგნის გადაცემას უნდა მოჰყვეს ფასის გადახდა. მოპასუხე მოვალე იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ ნასყიდობის ფასი მესაკუთრისათვის გადაეხადა დათქმულ ვადაში და ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობით. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ ნასყიდობის საგნის გადაცემას, უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. მოპასუხემ შეძენილი საქონლის ღირებულების ნაწილი - გადაიხადა. არ გადაიხადა 26 840, 68 ლარი. მართალია მოპასუხე ამტკიცებს, რომ მას საქონელი არ შეუძენია, მაგრამ მან ვერ შეასრულა თავისი საპროცესო მოვალეობა და სარჩელისაგან თავი ვერ დაიცვა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მოპასუხეს მოსარჩელისაგან შეძენილი აქვს ნავთობპროდუქტები. ნავთობპროდუქტების სეძენის შემდეგ, მოპასუხის მოვალეობა იყო გადაეხადა მისი ღირებულება. მიუხედავად ამისა მან ფასი სრულად არ გადაიხადა. მას გადასახდელი აქვს 26 840, 68 ლარი. ფასის ნაწილობრივი გადაუხდელობით მან დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ნასყიდობის ფასის სრული გადახდა. მოპასუხეზე 26 840, 68 ლარის დაკისრებით, აღსდგება მხარეთა თანასწორობა და ვალდებულებაც შესრულდება სრულად. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სარჩელი ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.5. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 52 803,86 ლარის გადახდა. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების საფუძვლებიდან. დასახელებული ნორმებით პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს გადახდა მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ შეძენილი საწვავის ღირებულების გადახდის ვადის დარღვევისას, მყიდველი გამყიდველს პირგასამტეხლოს სახით გადაუხდის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5 %-ს.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.
დადგენილია, რომ მოპასუხემ არ შეასრულა თავისი ვალდებულება და შეძენილი საწვავის ღირებულება არ გადაიხადა. მას გადასახდელი აქვს 26 840,68 ლარი. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. ხელშეკრულების დარღვევიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდში შესრულების ვადაგადაცილების მიხედვით კუთვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაა 52 803,86 ლარი.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში კანონმა სასამართლოს მიანიჭა უფლება კონკრეტული გარემოებების გათვალისწინების შედეგად შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. თანასწორობის აღდგენისა და ბალანსის დაცვის მიზნით პირგასამტეხლო 0.5 %-დან უნდა შემცირდეს 0.07 %-მდე. შესაბამისად მას პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 7395,4 ლარის გადახდა.
6.7. მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევას. სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც გულისხმობს, რომ მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეთა უფლებაა ისარგებლოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობით. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 28-ე თავით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 -ე ნაწილით: ,,ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.’’
სასამართლომ გამოიკვლია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები დაადგინა, რომ მხარეები, საწვავის ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებების 7.2. პუნქტით მხარეები შეთანხმებულნი არიან მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეული იქნას დაუყონებლივ აღსასრულებლად. წინამდებარე შემთხვევაში ვალდებულების შესრულება გახდა სადაო. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მისი უფლებები დაირღვა მოპასუხის მიერ, რის გამოც სარჩელი აღძრა და მოპასუხეზე თანხების დაკისრება მოითხოვა. სარჩელის საფუძველზე მიღებულია წინამდებარე გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლისა და მხარეთა შორის გაფორმებული საწვავის ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულების 7.2 პუნქტის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ბაჟის ოდენობა გამოიანგარიშა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით. დასახელებული ნორმით სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა. სამოქალაქო სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტით ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით. საქმეში მოსარჩელე დაობს 79 644,54 ლარზე. ამ თანხის 3 % შეადგენს 2389 ლარს.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეს სახ. ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო მხარეებს შორის ბაჟი უნდა განაწილდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად. კერძოდ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს 1362.07 ლარის გადახდა, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს 1026,93 ლარის გადახდა.
7.3. გარდა სახელმწიფო ბაჟისა მოსარჩელეს გაწეული აქვს სხვა ტიპის საპროცესო ხარჯებიც. კერძოდ: - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის ბაჟის სახით გადაიხადა 50 ლარი, ასევე ხარჯი გასწია ტრანსპორტის სამართლებრივი მდგომარეობის ცნობისათვის და საჯარო რეესტრში სარეგისტრაციო წარმოებისათვის. მას სხვა საპროცესო ხარჯების სახით გადახდილი აქვს 107 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მისი ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
7.4. მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვს მოპასუხეებმა აუნაზღაურონ საადვოკატო ხარჯები 3000 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის საფუძვლიდან, დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოსარჩელემ წარმოადგინა საადვაკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ქვითარი, რაც ადასტურებს მის მიერ ხარჯების გაწევას. დასახელებული ხარჯი პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯებია. ამ კატეგორიის ხარჯების ანაზღაურება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილით. მაგრამ ამ ხარჯების ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.
საქმის სირთულის მიხედვით სასამართლო მიიჩნევს, რომ იურიდიული მომსახურების ხარჯები უნდა ანაზღაურდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულობის გათალისწინებით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სასამართლომ საქმეზე გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო:
- ინდ. მეწარმე გ------ თ----ის (ს/კ 3----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავ ქონების წილს მდებარე ო----------ის მუნიციპალიტეტი, სოფელ ნ-------ში (ს/კ 2-.0-.8-.0--).
- ინდ. მეწარმე გ------ თ----ის (ს/კ 3----------) საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას - მოდელი C-----; სახელმწიფო № S------; გამოშვების წელი 1989; ტექ.პასპორტი - L---------.
- ინდ. მეწარმე გ------ თ----ის (ს/კ 3----------) საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას - მოდელი C-----; სახელმწიფო № M------; გამოშვების წელი 1986; ტექ.პასპორტი -C--------.
- ინდ. მეწარმე გ------ თ----ის (ს/კ 3----------) საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას - მოდელი C--------; სახელმწიფო № M------; გამოშვების წელი 1991; ტექ.პასპორტი - C--------.
- ინდ. მეწარმე გ------ თ----ის (ს/კ 3----------) საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას - მოდელი F----------------------; სახელმწიფო № O-------; გამოშვების წელი 1989; ტექ.პასპორტი - B--------.
2018 წლის 3 იანვარს სასამართლომ დააკმაყოფილა შპს ,,ე---ს“ საჩივარი და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში რეგისტრირებულ საბანკო დაწესებულებებს აუკრძალა ინდ. მეწარმე გ------ თ----ის (ს/კ 3----------) საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხიდან, 3000 ლარს ზემოთ დარიცხული თანხის გაცემა 30 000 ლარამდე ფარგლებში (ყველა სახის ფულადი ოპერაციის განხორციელება. აკრძალვა ემსახურება 3000 ლარს ზემოთ არსებული თანხების მოძრაობას 30 000 ლარამდე. ათვისებული 3000 ლარის ანგარიშზე დაბრუნების შემთხვევაში, მოპასუხეს მიეცეს უფლება შემდგომში 3000 ლარამდე თანხის გამოყენებისა და ასე უნდა გაგრძელდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე).
შემაჯამებელი გადაწყვეტილებით უნდა გადაწყდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი. თვით ინდ. მეწარმე გ------ თ----ემ სასამართლოს განცხადებით მომართა და ანგარიშების ყადაღისაგან გათავისუფლება მოითხოვა. შემაჯამებელი გადაწყვეტილებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკიტხის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით დადგენილი წესით. დასახელებული ნორმით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
სარჩელის განხილვით სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,ე---ს“ სარჩელი საფუძვლიანია. ინდ. მეწარმე გ------ თ----ეს, შპს ,,ე---“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 34 236,08 ლარის გადახდა. გადაწყვეტილების აღსრულებას აუცილებლად დასჭირდება მოპასუხის მატერიალური აქტივები. სწორედ ეს პრინციპი უდევს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას საფუძვლად. სასამართლო მიიჩნევს, რომ ანგარიშების გარდა სხვა აქტივები ვერ უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას, რის გამოც უზრუნველყოფის ღონისძიება საქმეზე შენარჩუნებული უნდა იქნას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,ე---“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.
2. ინდ. მეწარმე გ------ თ----ეს, შპს ,,ე---“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 34 236,08 ლარის გადახდა.
3. სარჩელი პირგასამტეხლოს სრულად დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს.
4. ინდ. მეწარმე გ------ თ----ეს, შპს ,,ე---“-ს სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილის 1026,93 ლარის, იურიდიული მომსახურების ხარჯის 1369,44 ლარის და სხვა საპროცესო ხარჯის 107 ლარის ანაზრაურება.
5. შპს ,,ე---“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის სახით დაეკისროს 1362,07 ლარის გადახდა. მოსარჩელეს ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი.
6. გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.
7. გადაწყვეტილება მიქცეული იქნას დაუყონებლივ აღსასრულებლად და ამ მიზნით მასზე გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.
8. გადაწყვეტილება, დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30).
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ბათუმი, ს.ზუბალაშვილის 30).
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე