გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.12.2019
საქმის ნომერი
180310017002196929
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
16.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/295-17 (180310017002196929)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 დეკემბერი, 2019 წელი ქ. მცხეთა

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ნინო ჯანხოთელი

 

მოსარჩელე - მე------------ი

წარმომადგენელი - და-------------–ი

 

მოპასუხე - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისია

წარმომადგენელი - თა-------------–---–ი

 

მესამე პირი - ეკ-------------------

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2--- წლის 27 ო---------ის №-- საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გ---ში მდებარე 1300 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მოსარჩელე მე------------ისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში;

 

1.2.დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გ---ში მდებარე 1300 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მოსარჩელისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2--- წლის 0--------რის №--- განკარგულების ბათილად ცნობა;

 

1.3.დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიისათვის დავალება გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გ---ში მდებარე, 1300 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ (დაზუსტებული მოთხოვნა, იხ. 30.07.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

2.მოპასუხის და მესამე პირის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე მხარემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და ითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

2.2.სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა მესამე პირი - ეკ-------------------, რომელიც არ დაეთანხმა სარჩელს უსაფუძვლობის გამო.

 

3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოება

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოება

 

3.1.1. 2--- წლის 3--------ის N3---- მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიას განსახილველად გადაეგზავნა მე------------ის მიერ წარდგენილი მასალები დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გ---ში მდებარე 1300 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზედ მდებარე საცხოვრებელის სახლის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. კომისიას სხვა დოკუმენტებთან ერთად წარედგინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მე------------ის მიერ 1984 წლიდან დღემდე მითითებული მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტის თაობაზე თამ--------------ს, ვა–-----------ს და თა--------------ის ნოტარიალურად დამოწმებული განცხადება (თანხმობა).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, მოპასუხის შესაგებელი;

-განცხადება (ს.ფ. 74);

-თანხმობა (ს.ფ. 16);

-ადმინისტრაციული წარმოების სხვა მასალები (ს.ფ. 62-81);

-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. 20.11.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 25.10.2--- წელს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას N-- განცხადებით მიმართა ეკ------------------მა, რომლითაც განმარტა, რომ მე------------ის მიერ საკადასტრო აგეგმვითი-აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის ნაწილი ეკუთვნის მას და კომისიისაგან მოითხოვა კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, მოპასუხის შესაგებელი;

-განცხადება (ს.ფ. 85);

-ადმინისტრაციული წარმოების სხვა მასალები (ს.ფ. 62-81);

-ფოტომასალა (ს.ფ. 82-84);

-საკადასტრო აგეგმვითი-აზომვით ნახაზი (ს.ფ. 78);

-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. 20.11.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.2. 2--- წლის 27 ოქტომბერს გაიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა, სადაც მე-13 საკითხად განხილულ იქნა მე------------ის შესახებ არსებული მასალები დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გ---ში მდებარე 1300 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზედ მდებარე საცხოვრებელის სახლის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, რის შედეგად კომისიამ ეკ-------------------ს განცხადების შინაარსის გათვალისწინებით, მიიღო №-- საოქმო გადაწყვეტილება და 2--- წლის 0--------ერს №--- განკარგულება მერი ბაქაურისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გარეშე, რამეთუ დადგენილია, რომ 22.11.2--- წელს შედგენილ საკადასტრო აგეგმვით-აზომვით ნახაზზე ასახული 1300 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან ნაწილს კანონით დადგენილი წესით თვითნებურად ფლობს მე------------ი, ხოლო დარჩენილი ნაწილი ეკ-------------------ს მფლობელობაშია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, მოპასუხის შესაგებელი;

-განცხადება (ს.ფ. 85);

-ადმინისტრაციული წარმოების სხვა მასალები (ს.ფ. 62-81);

-ფოტომასალა (ს.ფ. 82-84);

-საკადასტრო აგეგმვითი-აზომვით ნახაზი (ს.ფ. 78);

-საოქმო გადაწყვეტილება და განკარგულება (ს.ფ. 24, 31);

-ორთოფოტოები (ს.ფ. 137-139);

-პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. 20.11.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების და მოწმეთა ჩვენების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

6.1.სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო 23-ე მუხლის პირველი ნაწილით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამის ნორმებთან, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2.სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონისმიერი პირობა რეგლამენტირებულია საქართველოს კანონმდებლობით, ესენია: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს და ბ) ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავდნენ მის უფლებას. ერთ-ერთი ამ პირობის არარსებობისას წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილება გამოირიცხება.

 

აღნიშნული პირობების კონკრეტული გამოვლინებაა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი, რომლითაც აღძრული სარჩელის საფუძველზე მოსარჩელეს შეუძლია მიაღწიოს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ან ძალადაკარგულად გამოცხადებას, რომელიც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას და შესაბამისად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის ან პირების მიერ, რომელსაც ფაქტების მეშვეობით შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დარღვეული იქნა სადავო აქტით. სასამართლო მიუთითებს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დარღვევის არსებობა-არარსებობის საკითხის დადგენის მნიშვნელობაზე. კერძოდ, კანონიერი უფლების ან ინტერესის არსებობა გულისხმობს როგორც კანონით, ისე კანონქვემდებარე აქტით დაცულ უფლებებს და ინტერესებს, ანუ მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ უფლებასა თუ ინტერესს და გამორიცხავს მორალურ ან თეორიულ საკითხებს. ასევე სახეზე უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენების ფაქტი სამართლებრივად დაცულ უფლებებსა და ინტერესებზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას წარედგინა მე------------ის მასალები 1300 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე, რისი უფლებაც მოსარჩელეს ჰქონდა თანახმად, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტისა, რომლითაც ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთია, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

აღნიშნული ნორმა გამოხატავს თვითნებურად დაკავების ფაქტის რამდენიმე შემთხვევას, რომელთაგან ერთ-ერთი საქმის განხილვით დაინტერესებული პირის სასარგებლოდ უნდა დადასტურდეს იმისათვის, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს. მითითებულ შემთხვევათაგან მოსარჩელეთა მოთხოვნას შეესაბამება მითითებული ნორმის პირველი წინადადება, რომლითაც თვითნებურად დაკავებულ მიწად მიიჩნევა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე - 27.07.2007 წლამდე განთავსებულია აშენებული საცხოვრებელი სახლი.

 

სარჩელის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მხრიდან მისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა. შესაბამისად, სასამართლოსაგან შეფასების საგანია საკითხი მასზედ, მიადგა თუ არა ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული აქტებით პირდაპირი და უშუალო ზიანი მოსარჩელეს.

 

6.3.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა საგამონაკლისოდ ადგენს მტკიცების ტვირთის განსხვავებულ სტანდარტს, რასაც ცხადყოფს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. კანონმდებლის მიერ მითითებული შინაარსით დებულების რეგლამენტაცია განპირობებულია იმით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მინიჭებული აქვს მაღალი პასუხისმგებლობა სტანდარტის ვალდებულება, სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.

 

ამ კუთხით კი სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

იმავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

დადგენილია, რომ კომისიას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გადაეგზავნა მასალები, რომლებიც კომისიის მხრიდან ექვემდებარებოდა განხილვას ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე.

 

საყურადღებოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტება აღნიშნული კანონის შესახებ, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ განჩინებაში აღნიშნა, რომ ,,მფლობელობა არის ფაქტი და იმის მიხედვით, რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება მფლობელობა ერთმანეთისაგან გამიჯნავენ არამართლზომიერ და მართლზომიერ მფლობელობას. მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, მაშინ, როდესაც არამართლზომიერი მფლობელობის დროს ნივთზე ბატონობა ხორციელდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ორივე შემთხვევაში სავალდებულოა, რომ პირი დაუფლებული იყოს ნივთს და ახორციელებდეს მასზე ფაქტობრივ ბატონობას’’.

 

კომისიამ მოსარჩელე მე------------ის მოთხოვნის შესახებ მასალების განხილვის პროცესში მიიღო მესამე პირის - ეკ-------------------ს განცხადება, რომლითაც მან გამოხატა ინტერესი მე------------ის მიერ აზომვით ნახაზზე ასახული 1300 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან ნაწილი მიწის ნაკვეთის მიმართ. სწორედ ეს გარემოება დაედო საფუძვლად სადავო აქტების მიღებას, თუმცა მოპასუხის მიერ სადავო აქტებში მითითებულ პოზიციას, რომ მესამე პირის ეკ-------------------ს კანონიერი ინტერესის არსებობა სადავო მიწის ნაკვეთზე საერთოდ გამორიცხავს მოსარჩელე მე------------ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, სასამართლო ვერ გაიზიარებს, რამეთუ საწინააღმდეგოა დადასტურებული საქმის განხილვით. კერძოდ, სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გ---ის მკვიდრნი, სადავო ფაქტების თვითმხილველი პირები და სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებების ავტორები თა-------------ი, თა-------------ი და ვა–-----------, რომელთა ჩვენებით დადგინდა, რომ სადავო 1300 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან მე------------ს არასოდეს უსარგებლია მხოლოდ ხის ისრებით შემოკავებული მიწის ნაკვეთით და იგი იყო ეკ-------------------ს მფლობელობაში. დანარჩენი მიწის ნაკვეთით კი 2007 წლამდე და დღემდე სარგებლობდა და სარგებლობს მოსარჩელე. ეს გარემოებები დადასტურებულია ასევე საქმეზე წარმოდგენილი ფოტომასალით და ორთოფოტოებით, რაც კომისიას არ შეუსწავლია.

 

6.4.,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს და კომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ დაინტერესებული პირის მოთხოვნა შესაძლოა სრულად არ აკმაყოფილებდეს მითითებული კანონის დებულებებს, ასეთ შემთხვევაში კი მას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად უარი არ ეთქმება, რაც ნიშნავს იმას, რომ კომისია იღებს დადებით გადაწყვეტილებას მაშინაც, თუ მოთხოვნა ნაწილობრივ მაინც აკმაყოფილებს მითითებული კანონით განსაზღვრულ პირობებს ანუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა ასეთ შემთხვევაში დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

წინამდებარე გადაწყვეტილების 6.3. პუნქტში აღნიშნული გარემოებები მიუთითებს მასზედ, რომ კომისიას კანონის საფუძველზე შეეძლო ემსჯელა მე------------ის განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების საკითხზე. მან კი მოსარჩელეს საერთოდ უარი უთხრა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნოს აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებების გამოკვლევის და შეფასების საფუძველზე გამოსცეს ახალი აქტი.

 

ვინაიდან საქმის მასალებითა და განხილვის შედეგად დადგენილია, რომ გასაჩივრებული აქტები მიღებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, აქტები არ არის კანონიერი, სასამართლოს მიაჩნია, რომ ისინი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ ნაწილში, მოპასუხემ წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და განსაზღვრული მსჯელობის მხედველობაში მიღებით, მოსარჩელისა და მესამე პირის მონაწილეობით უნდა დაადგინოს 1300 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან უშუალოდ მოსარჩელის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, რისთვისაც შეუძლია ჩაატაროს ადგილის დათვალიერება ან/და მოითხოვოს მოსარჩელისაგან დაზუსტებული საკადასტრო აგეგმვითი-აზომვითი ნახაზის წარდგენა. ამ პროცედურის გავლის შემდგომ, მოპასუხეს შესაძლებლობა ექნება მიიღოს მართებული გადაწყვეტილება.

 

7.საპროცესო ხარჯები

7.1.დადგენილია, რომ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი. სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე, 39-ე და 53-ე მუხლებისა, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა, მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.მე------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2.სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი:

 

1.1.დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2--- წლის 27 ო---------ის №-- საოქმო გადაწყვეტილება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გ---ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მოსარჩელე მე------------ისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში;

 

1.2.დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გ---ში მდებარე მიწის ნაკვეთზე მოსარჩელისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2--- წლის 0--------რის №--- განკარგულება;

 

3.დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიას დაევალოს საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

 

4.მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება;

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. N7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა N17) 14 დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა