გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.02.2020
საქმის ნომერი
190310920003409918
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
10.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-7-20

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე

 

10.02.2020 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ონიანი

სხდომის მდივანი გუნა მოსიაშვილი

 

განმცხადებელი - თ--------------–---–ი

წარმომადგენელი - კ-----------------–-–--ლი

 

მოწინააღმდეგე მხარე - თ----------------–--ლი

 

განმცხადებლის მოთხოვნა - დამცავი ორდერის გამოცემა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. განმცხადებლის მოთხოვნა

 

1.1. აეკრძალოს მოძალადე თ----------------–--ლს თ--------------–---–თან ყოველგვარი კომუნიკაცია და თ--------------–---–ის საცხოვრებელ ან სხვა ადგილსამყოფელთან მიახლოვება.

 

2020 წლის 13 იანვარს თ--------------–---–ის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, თ----------------–--ლის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე.

 

განცხადებაში მითითებულია, რომ 2019 წლის 09 დეკემბერს გამოიცა შემაკავებელი ორდერი N0-----, რომლის საფუძველზეც თ----------------–--ლს 30 დღით აეკრძალა თ--------------–---–ის საცხოვრებელ ადგილთან მიახლოვება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. თ----------------–--ლი ახორციელებდა თ--------------–---–ის მიმართ მუდმივ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თ----------------–--ლის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის საფუძველზე.

 

წარმოდგენილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის 11 დეკემბერს თ----------------–--ლი სავარაუდოდ მის მეგობარ პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მივიდა თ--------------–---–ის საცხოვრებელ მისამართზე, იმ მოტივით თითქოს სურდა მისი ნივთების წაღება, რა დროსაც თ----------------–--ლმა კვლავ განახორციელა ფსიქოლოგიური ძალადობა. მიყენებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფონზე თ--------------–---–ი გახდა შეუძლოდ, რის გამოც საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება.

 

თ----------------–--ლის მხრიდან თ--------------–---–ზე ფსიქოლოგიური ძალადობა გამოიხატებოდა მის დამცირებაში, სისტემურ სიტყვიერ შეურაცხყოფაში, მისი გარეგნობის აბუჩად აგდებაში და უხამსი გამონათქვამებით მისი დედობრივი და პიროვნული უნარების დაკნინებაში, რაც ლახავს მსხვერპლის პატივს და ღირსებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი განმარტავს, რომ არის ძალადობის მსხვერპლი და ითხოვს დამცავი ორდერის გამოცემას მაქსიმალური ვადით, რომლითაც გათვალისწინებული იქნება მისი მოძალადისგან, თ----------------–--ლისგან დაცვის ზომები, კერძოდ, აეკრძალოს მოძალადეს თ--------------–---–თან ყოველგვარი კომუნიკაცია და მის საცხოვრებელ ან სხვა ადგილსამყოფელთან მიახლოვება.

 

2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია

2.1 სასამართლო პროცესზე გამოცხადებული თ----------------–--ლი არ დაეთანხმა განცხადებას და განმარტა, რომ მისი მხრიდან არასდროს ჰქონია ადგილი რაიმე სახის ძალადობას, შესაბამისად განმცხადებლის მოთხოვნა უსაფუძვლოა.

 

თ----------------–--ლმა განმარტა, რომ მიმდინარე წლის 09 იანვარს დამთავრდა 2019 წლის დეკემბრის თვის შემაკავებელი ორდერი, რის შემდეგაც 10 იანვარს მივიდა ქ. რუსთავში მ–------–---------ზე მდებარე ბინაში კუთვნილი ტანსაცმლის წამოსაღებად, მაგრამ ყოფილმა მეუღლემ არ გაუღო კარები. ამის შემდეგ თ----------------–--ლმა მიმართა პოლიციას, რომ მათი დახმარებით წაეღო კუთვნილი ნივთები.

 

მოწინააღმდეგე მხარე მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან თ--------------–---–ი მაქსიმალურად მანიპულირებს და ცდილობს მის პროვოცირებას.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2019 წლის 09 დეკემბერს გამოიცა N0----- შემაკავებელი ორდერი, რომლითაც დგინდება, რომ თ----------------–--ლი ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას თ--------------–---–ზე. მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება. თ----------------–--ლს აეკრძალა თ--------------–---–თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N0----- შემაკავებელ ორდერი

 

3.2. 2019 წლის 09 დეკემბერს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულია, რომ სავარაუდო მოძალადის თ----------------–--ლის მიმართ 2019 წლის 25 ივნისს გამოცემულია შემაკავებელი ორდერი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N0----- შემაკავებელი ორდერის ოქმი.

 

3.3. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის II განყოფილების მომართვით დგინდება, რომ 2019 წლის 09 დეკემბრიდან მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე თ--------------–---–ის და თ----------------–--ლის ოჯახური ძალადობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის II განყოფილების 2020 წლის 30 იანვრის მომართვა თ/დ მასალით.

3.4. სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე თანდართული მასალებით დგინდება, რომ თ--------------–---–მა პოლიციას განუცხადა, რომ თ----------------–--ლმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომელიც გრძელდება 6 თვის მანძილზე, რაზეც განიცდის ფსიქოლოგიურ ზეწოლას. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციის ეკიპაჟის მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის II განყოფილების 2020 წლის 30 იანვრის მომართვა თ/დ მასალით.

 

3.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის ვ-–---------ძის მიერ 2019 წლის 09 დეკემბერს გამოიცა №0----- შემაკავებელი ორდერი თ--------------–---–ის მიმართ, მსხვერპლი - თ----------------–--ლი, რომლითაც გათვალისწინებული იქნა მოძალადისათვის იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება; მოძალადისათვის მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

მითითებული შემაკავებელი ორდერი გასაჩივრებულ იქნა თ--------------–---–ის მიერ რუსთავის საქალაქო სასამართლოში.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილებით თ--------------–---–ის სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს პატრულ ინსპექტორ ვ-–---------ძის მიერ 2019 წლის 09 დეკემბერს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილება

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარის ახსნა-განმარტება, მიაჩნია, რომ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2112 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; ამავე მუხლის “ვ” პუნქტის თანახმად, მსხვერპლი – ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი). მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა განაცალკევა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა”, “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახის წევრი – ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას”, ხოლო „თ” ქვეპუნქტის თანახმად, „მოძალადე – ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით”.

 

ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.

 

კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ. კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი ოჯახის წევრია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი, რომელიც იმავე კოდექსის 2115 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ამოქმედდება გამოცემისთანავე. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2019 წლის 09 დეკემბერს გამოიცა N0----- შემაკავებელი ორდერი, თ----------------–--ლი ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას თ--------------–---–ზე. მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება. თ----------------–--ლს აეკრძალა თ--------------–---–თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღით.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2019 წლის 09 დეკემბერს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერის ოქმზე, სადაც მითითებულია, რომ სავარაუდო მოძალადის თ----------------–--ლის მიმართ 2019 წლის 25 ივნისს გამოცემულია შემაკავებელი ორდერი.

 

დადგენილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის II განყოფილების მომართვით დგინდება, რომ 2019 წლის 09 დეკემბრიდან მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე თ--------------–---–ის და თ----------------–--ლის ოჯახური ძალადობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

დადენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის ვ-–---------ძის მიერ 2019 წლის 09 დეკემბერს გამოიცა №0----- შემაკავებელი ორდერი თ--------------–---–ის მიმართ, მსხვერპლი - თ----------------–--ლი, რომლითაც გათვალისწინებული იქნა მოძალადისათვის იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მოძალადისათვის მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოების აკრძალვა, სადაც მსხვერპლი იმყოფება; მოძალადისათვის მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

გასათვალიწინებელია ის გარემოებაც, რომ 2019 წლის 09 დეკემბერს გამოცემული N0----- შემაკავებელი ორდერი, თ----------------–--ლს არ დაურღვევია, რის შემდეგაც 10 იანვარს მივიდა ქ. რუსთავში მ–------–---------ზე მდებარე ბინაში კუთვნილი ტანსაცმლის წამოსაღებად, მაგრამ ყოფილმა მეუღლემ არ გაუღო კარები. ამის შემდეგ თ----------------–--ლმა მიმართა პოლიციას, ასევე სასამართლო ყურადღებას მიაქცევს თ----------------–--ლის განმარტებას, რომ თ--------------–---–ი არ აძლევს შვილის - თ-----------–--ლის ნახვის შესაძლებლობას, რაზეც იგი სასამართლოს მიმართავს ბავშვის ნახვის დღეების განზღვრის თაობაზე, ვინაიდან შვილის ნახვის შეუძლებლობის გამო იგი ძლიერი ემოციური სტრესის ქვეშ იმყოფება, რადგან ძალიან უყვერს თავისი შვილი და ენატრება.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილებით თ--------------–---–ის სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს პატრულ ინსპექტორ ვ-–---------ძის მიერ 2019 წლის 09 დეკემბერს გამოცემული №0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა;

 

სასამართლო განმარტავს, რომ ძალადობა ეს არის კონტროლისა და დათრგუნვის საშუალება, რომელიც მოიცავს ფსიქოლოგიურ, სოციალურ, ეკონომიურ, ფიზიკურ, სექსუალურ იძულებას, დათრგუნვას და ზიანს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა მიეკუთვნება ძალადობის ისეთ ფორმას, რომელიც მიმართულია იმ მიზნისაკენ, რომ მსხვერპლმა დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დაეჭვდეს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, დაკარგოს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადექვატურად აღქმის შესაძლებლობაში. ფსიქოლოგიური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება დაცინვაში, ცინიკურ ან დამამცირებელ შენიშვნებში, მუქარაში, იზოლირებაში, დაშინებაში, მსხვერპლის საჯარო შეურაცხყოფაში ანუ იმ ქმედებებში, რომელიც ამცირებს ადამიანის თვითშეფასებას და აკარგვინებს საკუთარი თავის მიმართ რწმენას.

 

ფსიქოლოგიური ძალადობა ეს არის ქცევები, რომლის მიზანია აკონტროლოს, მართოს მსხვერპლის მოქმედებები და ემოციები მისი დამორჩილების მიზნით, ეს გამოიხატება დამამცირებელი მეტსახელების მიმართვაში, მუქარაში, ისეთი საქციელის დაბრალებაში, რომელიც მას არ ჩაუდენია და ა.შ. ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება ვლინდებოდეს ცალკე ან წარმოადგენდეს ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის შემადგენელ ნაწილს.

 

ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. ძალადობის ამ ფორმის განსაკუთრებული ბუნება იმაში გამოიხატება, რომ გარდა დამოუკიდებლად არსებობისა, ის ძალიან ხშირად (არ არის გამორიცხული, ყოველთვის) ახლავს ძალადობის სხვა ფორმებსაც. შესაძლებელია ძალადობა უშუალოდ მსხვერპლზე არ ხორციელდებოდეს, მაგრამ ოჯახის სხვა წევრებს შორის არსებული ძალადობრივი ურთიერთობები ამ პიროვნებაზეც, მისი ხანდაზმულობის, მცირეწლოვნობის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო დამრთგუნველად მოქმედებდეს. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ შესაძლოა ფსიქოლოგიური ძალადობა ყველაზე მეტად გავრცელებული ძალადობის ფორმაა, თუმცა, ერთი შეხედვით, თვალში საცემ სამხილებს ნაკლებად ტოვებს ძალადობის მსხვერპლზე, რაც თავისთვად ართულებს მის იდენტიფიკაციას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე მეტი ზიანის მომტანი ძალადობის ფორმაა და მას თითქმის ყოველთვის თან ახლავს ძალადობის სხვა ფორმები. ის საკუთარ თავში მოიცავს განუწყვეტლივ კრიტიკას, მსხვერპლისთვის რაღაცის დაბრალებას, დამცირებას, დაშინებას, დაცინვასა და იზოლირებას. ის მნიშვნელოვან ზიანს აყენებს პირის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას, აფერხებს მის პიროვნულ განვითარებას. ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირსება და თავისუფლება, რომელიც წარმოადგენს ადამიანის ძირითად და განუყოფელ უფლებებს.

 

ფსიქოლოგიური ძალადობა ეს არის ძალადობის სახე, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მსხვერპლს ურღვევს ფსიქიკურ ხელშეუხებლობის და მშვიდი ცხოვრების უფლებას, რათა გამოიწვიოს მასში შიში გარკვეული მოქმედებების შესრულების სანაცვლოდ. ამასთანავე მსხვერპლს ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელებისას უჩნდება დაუცველობის შეგრძნება.

 

ოჯახში ძალადობა ხშირ შემთხვევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას რაც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა გამომდინარეობს საოჯახო დავიდან, ეყრდნობა პიროვნულ ურთიერთ ბრალდებებს, რაც მხარეთა შორის ცალსახად ქმნის კონფლიქტურ სიტუაციას, ამასთანავე მოძალადე გიორგი პარასკებაშვილის მხრიდან განხორციელებული სიტყვიერი განაცხადებები რეალურ საშიშროებას უქმნის განმცხადებელ თ--------------–---–ს, აღნიშნული კი მოქმედებს მის ფსიქიკაზე და ფსიქოლოგიურ განწყობაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა შესაძლოა შეიცავდეს ემოციურ ან/და მორალური ძალადობის ნიშნებს და არსებობდეს ერთდროულად ან ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. რაც შესაძლოა იწვევდეს მსხვერპლის ფსიქოლოგიურ ტრავმირებას - შფოთვას, დეპრესიას, სტრესულ, ნერვიულ მოშლილობას, დათრგუნულობას, ღირსების გრძნობის შელახვას. ამ სახის ძალადობა დამახასიათებელია მხარეთა ურთიერთობის დისბალანსის დროს, მათ შორის კონფლიქტის აღმოცენების, განვითარებისა და შემდგომ ეტაპზეც კი. ამდენად, გამონათქვამები (ვერბალური თუ წერილობითი სახით გავრცელებული) რომლებიც იწვევენ ადამიანის წყენას, შეურაცხყოფას, გაღიზიანებას, აგრესიას, თვითშეფასების დაქვეითებას, მიმართულია მისი ავტორიტეტის დაკნინებისა და პატივის და ღირსების შელახვისკენ, ბუნებრივია ექცევა ფსიქოლოგიური ძალადობის დეფინიციის სფეროში.

 

ფსიქოლოგიური ძალადობის შემცველი ქმედების ერთეული შემთხვევისათვის ძალადობის კვალიფიკაციის მინიჭება საკმაოდ რთულ საკითხს წარმოადგენს, რადგან აღნიშნული სახის ძალადობისათვის დამახასიათებელია შესაბამისი ე.წ. კლიმატის ფორმირება. ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენისათვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ძალადობის სისტემატიური და განმეორებადი ხასიათი. ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება იყოს გამიზნული, მიზანმიმართული, თუმცა მოძალადის მხრიდან შესაძლებელია ქმედება გაუაზრებელიც კი იყოს და მის ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარეობდეს, მაგრამ აღნიშნული თითქმის ყოველთვის განგრძობადი ხასიათის ქმედებაა. თუმცა, არსებობს გამონაკლისი ერთეული შემთხვევებიც, რომლებიც ასევე ექცევა ფსიქოლოგიური ძალადობის სფეროში, რაც დამოკიდებულია მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობაზე, მათ სოციალურ მდგომარეობაზე, ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ძალადობის გამოვლინების ხარისხზე. ამდენად, ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობის დადასტურება რთულია, თუმცა შესაძლებელია მთელი რიგი ისეთი სახის მტკიცებულებებით, როგორიცაა წერილობითი, ვიდეო, აუდიო ჩანაწერებით, მოწმეთა ჩვენებები, ახსნა-განმარტებები და ა.შ.

 

ზემოაღნიშნული ნორმებიდან და მსჯელობიდან გამომდინარე, ქმედება (დაშინება, შეურაცხყოფა და სხვა), რომელიც ხორციელდება თ----------------–--ლის მხრიდან თ--------------–---–ის მიმართ წარმოადგენს ფსიქოლოგიურ ძალადობას. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ კვლავ არსებობს ძალადობის განხორციელების საშიშროება.

 

წარმოდგენილი მასალების ანალიზით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის გათვალისწინებული ძალადობა მოძალადე თ----------------–--ლის მხრიდან მსხვერპლის - თ--------------–---–ის მიმართ, რაც წარმოადგენს დამცავი ორდერის გამოცემის საკმარის საფუძველს.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 2113, 2115, 22-34-ე მუხლებით, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-19 მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. თ--------------–---–ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. აეკრძალოს თ----------------–--ლს თ--------------–---–თან ყოველგვარი კომუნიკაცია და მის საცხოვრებელ ადგილთან მიახლოება.

 

3. დამცავი ორდერი გამოიცეს 20 (ოცი) დღის ვადით.

 

4. დამცავი ორდერი ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

5. მოძალადის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით.

 

6. გადაწყვეტილება საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქუჩა №6) მეშვეობით მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული დამცავი ორდერის მოქმედებას.

 

მოსამართლე ნინო ონიანი