განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/6045-19
(გ/ნ 0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 იანვარი 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი ნატო დანელია
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - შ--------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლ---------–--- - დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის და ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ვ---------–-------------–------------------------------------;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები - ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
სისხლის სამართლის საქმეში განთავსებული პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ---------–---ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 30 ოქტომბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. თბილისში, ზ-------------------–-–-–-–---–--------------ის მიმდებარედ, სს „ს--–-------“ კავშირგაბმულობის სადგურ „საბურთალო ჰილში“ განთავსებულ კონტეინერში უკანონოდ შეაღწია ლ---------–---მ და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ,,Sonnenshein”-ის ფირმის რვა ცალ აკუმლატორს, ღირებულს ჯამში 2400 (ორი ათას ოთხასი) ლარად.
ლ---------–---- ქმედებების შედეგად სს ,,სილქნეტს“ მიადგა 2400 (ორი ათას ოთხასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ლ---------–---- სისხლის სამართლის საქმეში არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
ლ---------–---- მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - გ-----------------–---–--, ვ---------------------, ი-----------–---–-- და გ-------------------- გამოკითხვის ოქმები, თავად ლ---------–---- გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, №1/1/548, 22/01/2015, §41).
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ექნება ადგილი ასევე, ისეთი შემთხვევაშიც, როდესაც პირის ქმედება არ რჩება შეუმჩნეველი სხვა პირისათვის, თუმცა დამნაშავემ ეს არ იცის და დარწმუნებულია, რომ მას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნება, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად, თუმცა შესაძლებელია რეალურად მისი მოქმედება აშკარა ხასიათსაც ატარებდეს. ქურდობის ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს, მავნე შედეგის დადგომას ან ასეთი შედეგის დადგომის საფრთხის შექმნას, ამიტომ ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და აქვს რეალური შესაძლებლობა განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ, იმისდა მიუხედავად, მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით ლ---------–---მ ჩაიდინა ქურდობა, თუმცა, იმისათვის, რათა ზუსტად დადგინდეს იყო თუ არა სახეზე ქურდობა, პირველ რიგში უნდა დადგინდეს ქურდობის ობიექტური ნიშნების არსებობა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ---------–---ს ამოძრავებდა ქ. თბილისში, ზ-------------------–-–-–-–---–--------------- მიმდებარედ, სს „ს--–-------“ კავშირგაბმულობის სადგურ „საბურთალო ჰილში“ განთავსებულ კონტეინერში არსებული ,,Sonnenshein”-ის ფირმის აკუმლატორების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, რაც გამოიხატა დანაშაულისთვის შერჩეულ დროსა და თავად ქმედების ხასიათში. ბრალდებულმა ქურდობის განსახორციელებლად შეარჩია სწორედ ასეთი დრო, რაც მაქსიმალურად მისცემდა საკუთარი განზრახვის, სისრულეში მოყვანას. რაც შეეხება თავად ქმედების ხასიათს, აღნიშნული ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
ვინაიდან სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია ლ---------–---- მიერ ქურდობის განხორციელება, მომდევნო ეტაპად მიიჩნევს მისთვის ბრალად შერაცხულ მაკვალიფიცირებელ გარემოებაზე მსჯელობას.
სასამართლო უპირველესად განმარტავს სხვა საცავის ცნებას. „სხვა საცავად“ უნდა ჩაითვალოს მატერიალური ფასეულობის მქონე მუდმივი ან დროებით შესანახად განკუთვნილი ტერიტორიის ნაწილი, რომელიც შემოღობილია ან უზრუნველყოფილია მისი სხვაგვარი დაცვა. სხვა საცავში უკანონოდ შეღწევა, როგორც მაკვალიფიცირებელი ნიშანი გულისხმობს იმას, რომ პიროვნება იქ უნდა შევიდეს კარიდან, ფანჯრიდან ან უარეს შემთხვევაში, კედელი შეანგრიოს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ კონტეინერი, სადაც განთავსებული იყო რვა ცალი აკუმულატორი, დაკეტილი იყო, შესაბამისად, ბრალდებულის მიერ იქ შეღწევა საჭიროებდა გარკვეული ბარიერის გადალახვას, რაც განახორციელა კიდეც, კერძოდ მან კონტეინერის კარის გაღების გზით შეაღწია.
ასევე, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ლ---------–---- მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სს „სილქნეტს“ მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, შემდეგ გარემოებათა გამო: უპირველესად სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში შეფასების ობიექტს წარმოადგენს სს „ს--–-------“ კუთვნილი ,,Sonnenshein”-ის ფირმის აკუმლატორები, რომლის ღირებულებაც, საერთო ჯამში შეადგენს 2400 ლარს.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ლ---------–---- ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები, რის გამოც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული კვალიფიკაციით.
4. სასჯელის დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს, ვინაიდან, მიზნები ერთმანეთისაგან „და“ კავშირით გამოიყოფა. ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში, სასჯელის გამართლება მისი მიზნების შესაბამისობით დგინდება.
სასამართლო განმარტავს, რომ ლ---------–---- მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტები მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ლ---------–---- პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რა ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება; ასევე, ის გარემოება, კონკრეტულად რა ზომის სასჯელის შერჩევა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ლ---------–---- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას (მტკიცებულებები გახადა უდავოდ), იგი აღიარებს, გულწრფელად ინანიებს ჩადენილ ქმედებას. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს, მოტივს/მიზანს, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს (დაზარალებულს - მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი), ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს (მისი განმარტებით ჰყავს ორსული მეუღლე და პენსიონერი მშობლები, რომლებიც იმყოფებიან მის კმაყოფაზე. ამასთან, მამა არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი) ლ---------–---- კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს, ასევე იმ გარემოებას, რომ არ არსებობს ლ---------–---- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მას სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა კანონით გათვალისწინებული სანქციის მინიმალური ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 63-64-ე მუხლების შესაბამისად უნდა ჩაეთვალოს პირობითად იმავე გამოსაცდელი ვადით.
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
· 8 (რვა) ცალი აკუმულატორი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ---------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ლ---------–---- მიმართ დანიშნული სასჯელი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაითვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი.
ლ---------–---- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ლ---------–---- ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
· 8 (რვა) ცალი აკუმულატორი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი