გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.01.2020
საქმის ნომერი
330210019002949836
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
29.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/8332-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

29 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

 

მოსარჩელე - სს „არ--------------ა“

წარმომადგენელი - თი---------–--ე

 

მოპასუხეები - ფრ-------–---–-–---–ი, თე--------–-------ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეებს ფრ-------–---–-–---–სა და თე--------–-------ს სს „არ--------------ას“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 5 121 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

სს „არ--------------ას“ და შპს „ს--------–-----–-------–---–-----------------------–---–ს“ შორის გაფორმდა ავტოტრანსპორტის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი. პოლისის საფუძველზე დაზღვეულ იქნა ავტომანქანა, მარკა, მოდელი TOYOTA COROLA, სარეგისტრაციო ნომერი D--------.

 

2018 წლის 15 აგვისტოს ქ. თბ--–--–-----------------------–--–ზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა დაზღვეული ავტომანაქანა, საპატრულო პოლიციის მიერ სამართალდამრღვევად მიჩნეულ იქნა ფრ-------–---–-–---–ი.

 

შპს „სე-------–-----–-------–---–------------------------–---–მა“ მიმართა სადაზღვევო კომპანიას სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელემ აანაზღაურა 5 121 ლარი.

 

ავტომანქანაზე, რომელსაც ავტოსაგზაო შეთხვევის დროს მართავდა ფრ-------–---–-–---–ი, აღრიცხული იყო თე--------–-------ის საკუთრების უფლება.

 

მოსარჩელე ითხოვს სადაზღვევო შემთხვევის გამო მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მოსარჩელის მიერ გადახდილი 5 121 ლარის ფრ-------–---–-–---–ისა და თე--------–-------ისთვის სოლიდარულად დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეებმა: ფრ-------–---–-–---–ს და თე--------–-------ს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა ფრ-------–---–-–---–მა სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხე ფრ-------–---–-–---–მა განმარტა, რომ იგი თე--------–-------ის მიერ დანიშნული იყო იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლად, რომლის მართვისას მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. სს „არ--------------ას“ და შპს „სე-------–-----–-------–---–------------------------–---–ს“ შორის გაფორმდა ავტოტრანსპორტის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისი. პოლისის საფუძველზე დაზღვეულ იქნა ავტომანქანა, მარკა, მოდელი TOYOTA COROLA, სარეგისტრაციო ნომერი D--------.

 

სადაზღვევო რისკებს შორის დაზღვეული იყო ავტომობილის დაზიანება მძღოლის ბრალის გარეშე, ავარიის შედეგად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-15),- გენერალური ხელშეკრულება ტრანსპორტის დაზღვევის შესახებ და სადაზღვევო პოლისი (ს.ფ. 16-23, 24).

 

3.1.2. 2018 წლის 15 აგვისტოს ქ. თბ--–--–-----------------------–--–ზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის, კერძოდ HOWO-ს მარკის სატრანსპორტო საშუალების, სარეგისტრაციო ნომრით B-------- შეჯახების შედეგად, რომელსაც მართავდა ფრ-------–---–-–---–ი, დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-15)

- გენერალური ხელშეკრულება ტრანსპორტის დაზღვევის შესახებ და სადაზღვევო პოლისი (ს.ფ. 16-23, 24)

 

3.1.3. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, ფრ-------–---–-–---–ის მიმართ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ გამოწერილ იქნა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე და დაეკისრა 250 ლარის გადახდა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ს.ფ 23.

3.1.4. დაზღვეული ავტომანაქანას შეეცვალა დაზიანებული ნაწილები (უკანა მარჯვენა კარი და ფრთა და სხვა თანმდევი ნაწილები) შპს „ტო-------–-------------–--ში“. მოსარჩელემ შპს „ტო-------–-------------–--ს“ აუნაზღაურა სათადარიგო ნაწილებსა და გაწეულ მომსახურებაში გადახდილი 5 121 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-15),- შპს „ტო-------–-------------–--ის“ ინვოისი და საგადახდო დავალება (ს.ფ. 32, 33).

 

3.1.5. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სატრანსპორტო საშუალების რომლის ექსპლუატაციის შედეგადაც გამოწვეულ იქნა სადაზღვევო შემთხვევა, მესაკუთრე იყო თე--------–-------ი. მის მიერ ფრ-------–---–-–---–ი დანიშნული იყო სატრანსპორტო საშუალების მძღოლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ფრ-------–---–-–---–ის განმარტება, 27.01.2019 სხდომის ოქმი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს - 5 121 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მტკიცების საპროცესო სამართლებრივ სტანდარტებზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

სასამართლო სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას მიუთითებს, რომ საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIII თავით, რომლის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი ორიენტირებულია მატერიალური თვალსაზრისით მტკიცებულებათა სათანადოობის დადგენაზე. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხედ დასახელებულ პირებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ, ხოლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა ფრ-------–---–-–---–მა სადავოდ გახადა ტო-------–-------------–--ის 2018 წლის 20 აგვისტოს ინვოისით განსაზღვრული თანხა. მისი განმარტებით, მიყენებული დაზიანება იყო იმდენად უმნიშვნელო და მცირე, რომ შეუძლებელია დაზიანების გამოსწორება მოთხოვნილი თანხის ოდენობით განსაზღვრულიყო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის დამტკიცება ევალება მოსარჩელეს. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე სასამართლოს წარმოუდგენს მტკიცებულებებს ზიანის გაანგარიშების თაობაზე, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე, რომელიც ზიანის ოდენობას ხდის სადავოდ.

 

მოსარჩელემ ზიანის ოდენობის დასადასტურებლად წარმოადგინა ტო-------–-------------–--ის 2018 წლის 20 აგვისტოს N1---- ინვოისი, სადაც მითითებულია აღდგენისთვის საჭირო თანხის ოდენობა და მოსარჩელის მიერ უშუალოდ ტო-------–-------------–--ისთვის თანხის 5121 ლარის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალება.

 

აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენისთვის უფრო ნაკლებ ოდენობას. მხოლოდ ფრ-------–---–-–---–ის ზეპირი ახსნა-განმარტება, კი ვერ იქნება მიჩნეული აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციურ მტკიცებულებად, რაც შეეხება ავტომანქანის მესაკუთრეს თე--------–-------ს, მას არც შესაგებელი წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მისი პოზიციის დადასტურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „ტო-------–-------------–--ის“ ინვოისი და საგადახდო დავალება (ს.ფ. 32, 33).

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

მხარეებს სხვა ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეფასებისა და შეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „არ--------------ას“ სარჩელი მოპასუხეების ფრ-------–---–-–---–ისა და თე--------–-------ის მიმართ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. თე--------–-------ს სს „არ--------------ას“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 5 121 ლარის ანაზღაურება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე, 992-ე, 999-ე, მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით). სწორედ ზემოაღნიშნული განასხვავებს სუბროგაციას რეგრესისაგან, კერძოდ, რეგრესის დროს ხდება არა პირის შეცვლა უკვე არსებულ ვალდებულებაში, არამედ ამ შემთხვევაში კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა დასრულებულია და წარმოიშობა ახალი ვალდებულება. რეგრესის დროს ერთი ვალდებულება ცვლის მეორეს, ხოლო, სუბროგაციის შემთხვევაში ვალდებულებაში იცვლება მხოლოდ კრედიტორი, თვით ვალდებულება კი უცვლელი რჩება. სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან, სწორედ ამიტომ მისი დადგომა არ განაპირობებს ახალი ვალდებულების წარმოშობას. ეს არსობრივი ნიშანი განასხვავებს სუბროგაციას რეგრესული ვალდებულებისაგან, რომელიც წარმოიშობა სხვა ვალდებულების შესრულების (შეწყვეტის) შედეგად და ამით ახალი, დამოუკიდებელი ვალდებულების ხასიათს იძენს. სუბროგაციის დროს ახალი ვალდებულება კი არ წარმოიშობა, არამედ დამზღვევსა და ზიანის მიმყენებელს შორის არსებული ძირითადი ვალდებულება აგრძელებს არსებობას. ასეთ დროს ხდება ვალდებულებით ურთიერთობაში პირების შეცვლა კანონის საფუძველზე, კრედიტორის უფლებების სხვა პირზე გადასვლის გზით, კერძოდ, მზღვეველი ცვლის ზიანის მიმყენებლის მიმართ მოთხოვნის უფლების მქონე დამზღვევს. ამდენად, სუბროგაციის დროს მოთხოვნის დათმობის კანონისმიერ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რაც განასხვავებს მას ცესიისაგან (სკ-ის 199-ე მუხლი), რა დროსაც მოთხოვნის დათმობა ხდება გარიგების ძალით. ამასთან, იმისდა მიუხედავად, თუ მოთხოვნის დათმობის რომელ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი შედეგია ის, რომ მოთხოვნა გადადის ახალ კრედიტორზე, რითაც ეს უკანასკნელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობაში იკავებს თავდაპირველი კრედიტორის ადგილს. მოთხოვნის დათმობით არ ხდება არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა, არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთივე მდგომარეობაში გადადის ახალ კრედიტორზე, როგორიც იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ კრედიტორს შეუძლია, თავდაპირველი კრედიტორის კუთვნილი მოთხოვნა წაუყენოს მოვალეს, ხოლო, მოვალე უფლებამოსილია ახალ კრედიტორს წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც მას გააჩნდა თავდაპირველი კრედიტორის მიმართ (იხ. სუსგ №ას-581-549-2011, Nას-380-364-2016).

 

დადგენილია, რომ დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრემ, რომლის სატრანსპორტო საშუალებაც დაზღვეული იყო შპს „სე-------–-----–-------–---–------------------------–---–ის“ მიერ, სადაზღვევო შემთხვევის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარუდგინა მოსარჩელეს - სს „სადაზღვევო კომპანია არდის“.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 820-ე მუხლის თანახმად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით, ხოლო, 821-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში.

 

მოსარჩელემ, როგორც მზღვეველმა შპს „სე-------–-----–-------–---–------------------------–---–ის“ მიერ დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებისთვის სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის გამო განახორციელა ფულადი ანაზღაურება. შესაბამისად, მოთხოვნის უფლება გადავიდა მასზე.

 

მოსარჩელე მოითხოვს მის მიერ სადაზღვევო შემთხვევის გამო ანაზღაურებული თანხის მოპასუხეებისთვის დაკისრებას; მიიჩნევს, რომ მის მიერ დაზღვეულისთვის მიყენებული ზიანის გამო ანაზღაურებული თანხა სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრესა და მფლობელს, ვინც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას ავტოსაგზაო შემთხვევის დროს.

 

დადგენილია, რომ დაზღვეულ სატრანსპორტო საშუალებას ზიანი მიადგა მესამე პირის სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად.

 

6.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ საქმეში პასუხისმგებლობის სუბიექტი უნდა დადგინდეს საქართველოს სამოაქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამ მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილების თანახმად:

1. მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.

 

4. თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.

 

ამგვარად, კოდექსის მუხლი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად მიყენებულ ზიანის გამო ვალდებულ პირად ასახელებს როგორც სატრანსპორტო საშუალების მფლობელს (მესაკუთრეს), ისე მოსარგებლეს.

 

ამ მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს სპეციალურ წესს ზიანის მიყენებს იმ შემთხვევისთვის, თუ სატრანსპორტო საშუალება გამოყნებულია პირის მიერ, რომელიც მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად.

 

ფრ-------–---–-–---–მა სასამართლოს განუმარტა, რომ იგი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისგან დანიშნული იყო მძღოლად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი სპეციალური მუხლია, რომელიც ბრალის გარეშე, მკაცრი პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს; სატრანსპორტო საშუალების, როგორც მომეტებული საფრთხის წყაროს მოხმარება პოტენციურ საფრთხეს ქმნის და ამიტომ მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით კანონმდებელი განსხვავებულ სტანდარტს აწესებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კოდექსის 999-ე მუხლი ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის სხვადასხვა სუბიექტზე მიუთითებს, ესენია: მფლობელი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი და მოსარგებლე. ამ პირთაგან რომელიმე მათგანი პასუხს აგებს იმის მიხედვით, თუ რა დამოკიდებულება გააჩნდა თითოეულ მათგანს სატრანსპორტო საშუალებასთან სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად ზიანის მიყენების მომენტში.

 

ამ საქმესთან მიმართებით სასამართლო აღნიშნავს, რომ პირი, ვისზეც აღრიცხულია სატრანსპორტო საშუალება საკუთრებით უფლებით, ამ უფლების sui generis ბუნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს მფლობელს.

 

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი ზიანის მიყენების რამდენიმე ვითარებას ითვალისწინებს მის შესაბამის წინადადებებში, ცალკეულ წინადადებაში ჩამოყალიბებული ნორმებიდან რომელიმე სწორედ იმ სპეციფიური გარემოებების არსებობის დროს უნდა იქნეს გამოყენებული, რაც შესაბამის წინადადებაშია აღწერილი.

 

ამგვარად, როდესაც მესაკუთრეს, სხვა პირი ჰყავს დანიშნული სატრანსპორტო საშუალების მძღოლად 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მე-3 წინადადების თანახმად, პასუხისმგებლობა ეკისრება მესაკუთრეს, სატრანსპორტო საშუალების იურიდიულ მფლობელს. ამ ვითარებაში, არ აქვს მნიშვნელობა, მართავს, თუ არა მესაკუთრე სატრანსპორტო საშუალებას, თუ ზიანი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგია, პასუხისმგებლობას კანონმდებელი მას ბრალის გარეშეც აკისრებს.

 

6.3. რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ, რადგან სასამართლოს მიერ გამოკვეთილია პერსონალურად პასუხისმგებელი პირი, სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძველი არ არსებობს. მოვალეთა სიმრავლეს ადგილი არ აქვს. უშუალოდ ზიანის მიმყენებლის მიერ დელიქტური პასუხისმგებლობის ზოგადი საფუძვლით, 992-ე მუხლით პასუხისმგებლობა უნდა გამოირიცხოს, რადგან 992-ე მუხლი ზოგადი ნორმაა, 999-ე კი - სპეციალური. მოცემულ საქმეში დადასტურებულ იქნა სწორედ ამ უკანასკნელი მუხლის მე-4 ნაწილის მე-3 წინადადების გამოყენების წინაპირობების არსებობა. ვალდებულ პირთა სიმრავლე შეიძლებოდა წარმოშობილიყო, თუ სასამართლო პასუხისმგებლობის საფუძვლებად ერთდროულად მიუთითებდა, როგორც 992-ე, ისე 999-ე მუხლებზე, მაგრამ მოცემულ საქმეში სწორედ ის სპეციალური ვითარება გამოიკვეთა, რა დროსაც მართებულად უნდა ჩაითვალოს 999-ე მუხლის გამოყენება.

 

სასამართლო ასვე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში ჩამოყალიბებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად, „სსკ-ის 992-ე და 999-ე მუხლების ერთობლივად გამოყენება სამართლებრივად არათავსებადია, რადგან 992-ე მუხლი აწესებს პასუხისმგებლობას ბრალეული მოქმედებისათვის, ხოლო 999-ე მუხლით კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დგება, ბრალის მიუხედავად. (იხ. სუსგ. №ას-143-139-2016, 22/04/2016, §23).

 

ამგვარად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სადაზღვრვო შემთხვევის გამო ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც ამ უფლების ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, გააჩნია მფლობელობის უფლება.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, თე--------–-------ის მიმართ, მასვე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 153.65 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეებისთვის სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის საფასურის - 21 ლარის მოპასუხეებისთვის სოლიდარულად დაკისრებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

უდავოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი ადგენს მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებას. ვინაიდან გადაწყვეტილებით სოლიდარული პასუხისმგებლობა გამოირიცხა და თანხის ანაზღაურება დაეკისრა სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, მოსარჩელის მიერ გამოთხოვილი ცნობა კი სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ სწორედ თე--------–-------ის საკუთრების უფლებას უკავშირდება, ამ უკანასკნელს უნდა დაეკისროს ამ ცნობის გაცემის ხარჯი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება საქმზე გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „არ--------------ას“ სარჩელი მოპასუხეების ფრ-------–---–-–---–ისა და თე--------–-------ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. თე--------–-------ს სს „არ--------------ას“ სასარგებლოდ დაეკისროს - 5 121 ლარის ანაზღაურება.

 

3. სს „არ--------------ას“ სარჩელი ფრ-------–---–-–---–ის მიმართ, არ დაკმაყოფილდეს.

 

4. თე--------–-------ს სს „არ--------------ას“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 153.65 ლარის გადახდა.

 

5. თე--------–-------ს სს „არ--------------ას“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის საფასურის - 21 ლარის ანაზღაურება.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე