გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.12.2019
საქმის ნომერი
010310018002742665
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
13.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310018002742665

№3-597/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე - ბე–-----------ე, ცი--–--------ე

წარმომადგენელი - ნი------------ე, ან----------შვილი

მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი -ნი-------------–--ე

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბე–-----------ემ და ცი--–--------ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს:

ცი--–--------ის და ბე–-----------ის საკუთრების უფლების აღდგენაზე უარის თქმის შესახებ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 5 ნოემბრის №6-- და 2018 წლის №6-- განკარგულებების ბათილად ცნობა.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ახალი აქტის გამოცემა, მოსარჩელეების განცხადებაზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების ან/და გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

1.2. სასარჩელო მოთხოვნას მოსარჩელე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

ცი--–--------ემ და ბე–-----------ემ სარჩელით მიმართეს საქალაქო სასამართლოს, რომელმაც დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა და 2017 წლის 6 ივნისის გადაწყვეტიელბით ბათილად იქნა ცნობილი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 27ივნისის №-- და 2016 წლის 16 სექტემბრის №- საოქმო გადაწყვეტილებები, ცი--–--------ის და ბე–-----------ის ნაწილში. ამასთან, კომისიას დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №-- საოქმო გადაწყვეტიელებასთან დაკავშირებით, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2018 წლის 5 ნოემბერს მიღებული, №6-- და №6-- განკარგულებით ბე–-----------ის და ცი--–--------ის მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება და მათ უარი ეთქვათ, საკუთრების უფლების მოწმობების აღდგენაზე.

სადავო განკარგულებები გამოცემულია საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ამასთან, მოშველიებული იქნა ისეთი ნორმები, რომელიც სადავო პერიოდში არ იყო აქტულაური ან/და არ არსებობდა, რამაც გამოიწვია საქმეზე არასწორი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება.

ამის შედეგად აშკარად შეიზღუდა მოსარჩელეთა უფლებები. სამქეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ უძრავი ქონება ნამდვილად კანონიერად იქნა აღიარებული მოსარჩელეებისთვის და აღნიშნული საკუთრების აღდგენა ერთადერთი სამართლიანი და გონივრული გადაწყვეტილება იქნება. ამიტომაც, უნდა დაევალოს ქალაქ ბათუმის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი მოსარჩელეების მიმართ, 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების და საკუთრების უფლების აღდგენის თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სარჩელი არ სცნო, იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოსარჩელეთა მიმართ საკითხი განხილული და გადაწყვეტილი იქნა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 15 იანვრის №- საოქმო გადაწყვეტილებით, თვითნებური დაკავების საფუძვლით აღიარებული იქნა ცი--–--------ის საკუთრების უფლება მოთხოვნილ, 0.256 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე 2008 წლის 15 იანვარს გაიცა, №4--- საკუთრების უფლების მოწმობა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 26 მარტის 11 საოქმო გადაწყვეტილებით, თვითნებური დაკავების საფუძვლით აღიარებული იქნა ბე–-----------ის საკუთრების უფლება მოთხოვნილ, 1275 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე 2010 წლის 1 აპრილს გაიცა, №1-- საკუთრების უფლების მოწმობა.

2010 წლის 3 დეკემბრის №-- საოქმო გადაწყვეტილებით, იმავე კომისიამ ბათილად ცნო, რამოდენიმე ათეული პირის, მათ შორის მოსარჩელეებისთვის საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე გამოცემული თავისივე საოქმო გადაწყვეტილებები, საკუთრების მოწმობები და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2008

წლის 15 იანვრის №- საოქმო გადაწყვეტილება.

– №1-- და №4--- საკუთრების უფლების მოწმობა.

– მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული სადავო მიწის ნაკვეთების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის მიერ 2014 წლის 1-ელ სექტემბერს №- ოქმით მომზადებული იქნა დასკვნა, რომლითაც მიღებული იქნა რეკომენდაციები და წინადადებები, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2010 წლის 3 დეკემბრის №-- საოქმო გადაწყვეტილებით 271 მოქალაქის სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, 2014 წლის 17 ნოემბერს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის №-- საოქმო გადაწყვეტილებით დაწყებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №-- საოქმო გადაწყვეტილებით გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე 271 მოქალაქის სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2016 წლის 27 ივნისის №-- სხდომის საოქმო გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №-- საოქმო გადაწყვეტილება, ხოლო კომისიის 2016 წლის 16 სექტემბრის №- საოქმო გადაწყვეტილებით, იდენტიფიცირებული იქნა ის პირები, ვის მიმართაც აღდგენილი იქნა საკუთრების უფლება და საკუთრების მოწმობები, ასევე ის პირები, ვისი საკუთრების უფლება არ იქნა აღდგენილი, ანუ ვის მიმართაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №-- საოქმო გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილებებით მოსარჩელეებს არ აღუდგათ საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთებზე და მათ მიმართ ძალაში დარჩა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის

27 ივნისის №-- სხდომის საოქმო გადაწყვეტილება.

– კომისიის 2016 წლის 16 სექტემბრის №- საოქმო გადაწყვეტილება.

– მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. კომისიის 2016 წლის 27 ივნისის №-- და 2016 წლის 16 სექტემბრის №- საოქმო გადაწყვეტილება რამოდენიმე ფიზიკური პირის, მათ შორის ბე–-----------ისა და ცი--–--------ის მიერ გასაჩივრდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და საქმეზე 2017 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 2016 წლის 27 ივნისის №-- და 2016 წლის 16 სექტემბრის №- საოქმო გადაწყვეტილებები მოსარჩელეთა ნაწილში, ამასთან, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №-- საოქმო გადაწყვეტილების გადასინჯვასთან დაკავშირებით.

კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2018 წლის 5 ნოემბერს მიღებული №6-- და №6-- განკარგულებით, ბე–-----------ის და ცი--–--------ის მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება და მათ უარი ეთქვათ, საკუთრების უფლების მოწმობების აღდგენაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– ბათუმის საქალაქო სასამართლოში და საქმეზე 2017 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება.

– 2018 წლის 5 ნოემბერის №6-- განკარგულება.

– 2018 წლის 5 ნოემბერის №6-- განკარგულება.

– მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთები მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გონიოს ციხის ფიზიკური დაცვის არეალში.

სასამართლოს დავალებით დამატებითი მტკიცებულების სახით წარმოდგენილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის 2019 წლის 28 ივნისისა და 1-ლი ივლისის წერილებისა და თანდართული ელექტრონული საკადასტრო რუკების (სიტუაციური ნახაზების) საფუძველზე დადაგენილია, რომ მიწის ნაკვეთები დაშორებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გონიოს ციხე-სიმაგრიდან, არანაკლებ 70 მეტრისა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– საჯარო რეესტრის ამონაწერები და ელექტრონული საკადასტრო რუკები (სიტუაციური

ნახაზები).

– 2018 წლის 5 ნოემბერის №6-- განკარგულება.

– 2018 წლის 5 ნოემბერის №6-- განკარგულება.

– მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ბე–-----------ისა და ცი--–--------ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი.

- საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №-25 ბრძანებულების 1-ლი მუხლის მიხედვით ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“.

- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №-76 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“.

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ დავის საგანი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 5 ნოემბერის №6-- და №6-- განკარგულება წარმოადგენს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და შესაბამისად, მათი კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს, ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით.

სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ 2014 წლის 17 ნოემბერს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის №-- საოქმო გადაწყვეტილებით, დაწყებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №-- საოქმო გადაწყვეტილებით გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე 271 მოქალაქის სასარგებლოდ გამოცემული აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის მიზნით.

ამდენად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად უნდა განხილულიყო საკითხი, მოსარჩელეებისათვის აღიარებული საკუთრების უფლების გაუქმების შესახებ კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №-- საოქმო გადაწყვეტილების კანონშესაბამისობის თაობაზე და მიღებულიყო შესაბამისი გადაწყვეტილება მოსარჩელეთა განცხადებაზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების ან/და გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე.

ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული, კომისიის 2016 წლის 27 ივნისის №-- და 2016 წლის 16 სექტემბრის №- საოქმო გადაწყვეტილება გასაჩივრდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და სასამართლოს 2017 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 2016 წლის 27 ივნისის №-- და 2016 წლის 16 სექტემბრის №- საოქმო გადაწყვეტილებები მოსარჩელეთა ნაწილში, კომისიას კი დაევალა, გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის და შეფასების შემდეგ, ახალი აქტების გამოცემა, კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №-- საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვასთან დაკავშირებით.

კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2018 წლის 5 ნოემბერს მიღებული №6-- და №6-- განკარგულებით, ბე–-----------ის და ცი--–--------ის მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება და მათ უარი ეთქვათ, საკუთრების უფლების მოწმობების აღდგენაზე.

 

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით დადგენილი წესით, იმპერატიული მოთხოვნაა დათქმული ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებასთან დაკავშირებით:

1. წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.

2. დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს.

3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

4. თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.

5. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

6. თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობა ითვალისწინებს საექსპერტო დასკვნის არსებობას, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ამ დასკვნის შინაარსი.

7. წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ საჭიროებს დასაბუთებას, თუ:

ა) ის გამოცემულია დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე და არ ზღუდავს მესამე პირების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს;

ბ) დაინტერესებული მხარისათვის ცნობილია ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზედაც გამოიცა ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

გ) კანონი ითვალისწინებს მისი დასაბუთების გარეშე გამოცემის შესაძლებლობას.

8. გადაუდებელი აუცილებლობით წერილობითი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების გარეშე გამოცემის შემთხვევაში წერილობითი დასაბუთება აუცილებლად უნდა გამოიცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ერთი კვირის ვადაში.

 

6.3. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, მათი სწორი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელი მუდმივმოქმედი კომისიის 2016 წლის 27 ივნისის №-- სხდომის საოქმო გადაწყვეტილებისა და 2016 წლის 16 სექტემბრის №- საოქმო გადაწყვეტილების გამოცემისას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უგულებელყოფილი იქნა სწორედ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის აღნიშნული მოთხოვნები, კერძოდ, სადავო გადაწყვეტილებები გამოცემული იყო საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რამდენადაც კომისიას არ შეუსწავლია და არ გაუანალიზებია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, რომელთა ანალიზის გარეშე მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს, დაუსაბუთებელ ადმინისტრაციულ აქტს.

კომისიის 2016 წლის 16 სექტემბრის №- საოქმო გადაწყვეტილებაში მითითებული იყო, რომ 2016 წლის 27 ივნისის №-- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №-- საოქმო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების მოწმობების გაუქმების შესახებ დარჩა ძალაში, რადგანაც საკუთრების მოწმობები გაცემულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გონიოს ციხის ფიზიკური დაცვის არეალში მოხვედრილ მიწის ნაკვეთებზე და ეს ტერიტორია უკვე წარმოადგენდა, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას (საკადასტრო კოდი: 05. 36. 23. 164.).

კომისიის 2016 წლის 16 სექტემბრის №- საოქმო გადაწყვეტილებაში განხილული საკითხის შესახებ სხვა რაიმე დასაბუთება არ არის მოცემული, არ არის ამ აქტით დაინტერესებულ პირთა, მათ შორის მოსარჩელეთა მიმართ განხილული საკითხის ინდივიდუალური ანალიზი და შეფასებები, რის გამოც შეუძლებელი იყო იმ კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა, რის გამოც ეთქვათ უარი მოსარჩელეებს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №-- საოქმო გადაწყვეტილების ბათილობისა (მათ ნაწილში) და საკუთრების უფლების აღდგენის მოთხოვნაზე.

 

6.4. სასამართლოს 2017 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით მიჩნეული იქნა, რომ მოსარჩელეთა საკითხის გადასაწყვეტად ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და სადავო აქტების, კომისიის 2016 წლის 27 ივნისის №-- საოქმო გადაწყვეტილებისა და 2016 წლის 16 სექტემბრის №- საოქმო გადაწყვეტილების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უგულებელყოფილი იყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის, სწორი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შესახებ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დამკვიდრებული პრინციპი და ამასთან, დარღვეული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული წესი, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დასაბუთების შესახებ.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით კომისიას დაევალა, მხოლოდ კონკრეტული გარემოებების გამოკვლევის შედეგად დაედგინა, მოსარჩელეებისთვის საკუთრების უფლება აღიარებული მიწის ნაკვეთები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გონიოს ციხის ფიზიკური დაცვის არეალში იყო თუ არა მოხვედრილი და ეს გარემოება საკუთრების უფლების აღიარების კომისიისადმი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს მიერ 2014 წლის 22 დეკემბერს გამოგზავნილი N1--------- წერილის გათვალისწინებით, რამდენად ეწინააღმდეგებოდა, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.

კანონიერ ძალაში შესული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, როგორც ბე–-----------ის, ისე ცი--–--------ის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები ნაწილობრივ მოქცეულია ღობეში და მათზე გაშენებულია მრავალწლოვანი მცენარეები. ნაკვეთების მიმდებარედ ფიქსირდება ქარსაფარი ზოლის და არხის არსებობა. გონიოს დასახლებაში მცხოვრებ პირთა მოწმის სახით გამოკითხვით, კომისიის მიერ დადასტურებული იქნა ბე–-----------ის და ცი--–--------ის მიერ მიწის ნაკვეთების „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე სარგებლობის ფაქტი და თვითნებური დაკავებისა და მიწის ნაკვეთების სარგებლობის ფაქტი სადავო არ იყო.

ამასთან ერთად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 5 ნოემბერს მიღებულ №6-- და №6-- განკარგულებაში აღნიშნულია, ნაკვეთების ადგილზე დათვალიერებითა და საკითხის კომისიის სხდომაზე განხილვის შედეგად დადგენილი იქნა, რომ ბე–-----------ის და ცი--–--------ის მიწის ნაკვეთები მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გონიოს ციხის ფიზიკური დაცვის არეალში, ხოლო გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ციხის ფიზიკური დაცვის არეალზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია, აჭარის ა.რ. საკუთრების უფლება, საკადასტრო კოდით: 05.36.23.771. და ის გადაცემულია სარგებლობაში, სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთვის.

№6-- და №6-- განკარგულებებში გაკეთებული დასკვნების შესაბამისად, კომისია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ იყო უფლებამოსილი, აჭარის ა.რ. საკუთრების უფლების რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე აღიაროს, თვითნებურად დამკავებელი პირების საკუთრების უფლება.

ამ გარემოებათა საფუძველზე, 2018 წლის 5 ნოემბერს კომისიის მიერ მიღებული №6-- და №6-- განკარგულებით, ბე–-----------ის და ცი--–--------ის მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული წარმოება და მათ უარი ეთქვათ, საკუთრების უფლების მოწმობების აღდგენაზე.

 

6.5. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შედეგად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების სრულყოფილი შესწავლა-გამოკვლევის და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, არ იქნა გაზიარებული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში გაკეთებული ფაქტობრივი და სამართლებრივი დასკვნა იმის შესახებ, რომ მოსარჩელეთა მიერ თვითნებურად დაკავებული და მათ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები მდებარეობს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გონიოს ციხის ფიზიკური დაცვის არეალში.

სასამართლოს დავალებით, დამატებითი მტკიცებულების სახით სასამართლოში წარმოდგენილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის 2019 წლის 28 ივნისისა და 1-ლი ივლისის წერილებისა და თანდართული ელექტრონული საკადასტრო რუკების (სიტუაციური ნახაზების) საფუძველზე ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთები დაშორებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გონიოს ციხე-სიმაგრიდან, არანაკლებ 70 მეტრისა.

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების სტრუქტურა და დადგენის წესები:

მუხლი 34.

1. კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების სტრუქტურა შედგება ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონისა და ზოგადი დამცავი ზონებისაგან.

2. ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონა შედგება შემდეგი არეალებისაგან:

ა) ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი;

ბ) ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალი.

3. ზოგადი დამცავი ზონებია:

ა) ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა;

ბ) განაშენიანების რეგულირების ზონა;

გ) ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა;

დ) არქეოლოგიური დაცვის ზონა.

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლი განსაზღვარვს ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის, მისი შემადგენელი არეალებისა და რეჟიმის დადგენის წესს:

1. ძეგლის ინდივიდუალურ დამცავ ზონად განისაზღვრება ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო, რომელიც შედგება ფიზიკური და ვიზუალური დაცვის არეალებისგან და დგინდება ძეგლის ფიზიკური და ვიზუალური დაცვის მიზნით.

2. ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალი არის ტერიტორია უძრავი ძეგლის გარშემო, სადაც ნებისმიერმა ქმედებამ შესაძლოა ფიზიკურად დააზიანოს ძეგლი ან მისი მიმდებარე ტერიტორია. ფიზიკური დაცვის არეალი განისაზღვრება შემდეგი მანძილით – ძეგლის სიმაღლე გამრავლებული 2-ზე, მაგრამ არანაკლებ 50 მეტრის რადიუსით.

როგორც სასამართლოს მიერ დადგენილია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთები დაშორებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გონიოს ციხე-სიმაგრიდან, არანაკლებ 70 მეტრისა, ხოლო ძეგლის სიმაღლე მხარეთა განმარტებით არ აღემატება, 20 მეტრს.

ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის გაანალიზებული და გაუგებარია, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში მოყვანილი დასკვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რატომ იქნა მიჩნეული მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გონიოს ციხის ფიზიკური დაცვის არეალში მდებარედ. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა ვერც სასამართლოს მთავარ სხდომაზე შეძლო სადავო აქტებში გაკეთებული ასეთი დასკვნის, ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია.

ამ გარემოებასთან დაკავშირებით ასევე, მნიშვნელოვანია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 დეკემბრის №1--------- წერილი საკუთრების უფლების აღიარების კომისიისადმი, რომელშიც მითითებულია, რომ სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში წინააღმდეგი არ არის მოხდეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე, გონიოს ინდივიდუალური და არქეოლოგიური დაცვის ზონებში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარება.

გარდა ამისა, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულაციები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალში მდებარე მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებას არ გამორიცხავს. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით არის განსაზღვრული თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას და ამ ჩამონათვალში მითითებულია, მხოლოდ ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლები („ვ“ პუნქტი) და ჩამონათვალში არ შედის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალში მდებარე მიწის ნაკვეთი.

სასამართლო, ასევე მიუთითებს სადავო აქტებში მოსარჩელეთა მოთხოვნაზე უარის თქმის კიდევ ერთ საფუძველზე, რომ კომისია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ იყო უფლებამოსილი, აჭარის ა.რ. საკუთრების უფლების რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ეღიარებინა, თვითნებურად დამკავებელი პირის საკუთრების უფლება.

სასამართლო ამასთან დაკავშირებით უპირველესად აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ კანონიერ ძალაში შესული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს თავიდან უნდა განეხილა საკითხი, ბე–-----------ისა და ცი--–--------ის მიმართ, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებების კანონშესაბამისობის შესახებ, ანუ ნამდვილად არსებობდა თუ არა მათი აღიარებული საკუთრების უფლების გაუქმების ის საფუძველი, რაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №-- საოქმო გადაწყვეტილებაში არის მოცემული. შესაბამისად, საკითხის განხილვა გულისხმობდა, 2008 წლის 15 იანვრის მდგომარეობით, საკუთრების აღიარების საფუძვლების არსებობის შემოწმებას, აღიარების დროისათვის მოცემული ფაქტობრივი გარემოებებისა და მოქმმედი სამართლებრივი რეგულაციების შესაბამისად.

სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში აღიარებულ მიწის ნაკვეთებზე აჭარის ა.რ. საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2012 წლის 7 მაისს, ანუ, მას შემდეგ, როცა კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №-- საოქმო გადაწყვეტილებით გაუქმდა ბე–-----------ის და ცი--–--------ის აღიარებული საკუთრების უფლება და ამდენად, საჯარო რესტრის მონაცემებით მიწის ნაკვეთებზე აჭარის ა.რ. საკუთრების უფლების რიცხულობა, ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს, მოსარჩელეთა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №-- საოქმო გადაწყვეტილების კანოშესაბამისობის გადასინჯვაზე.

კომისიას უნდა ემსჯელა 2010 წლის 3 დეკემბრის №-- საოქმო გადაწყვეტილების კანონიერებაზე და ამ არგუმენტის მოშველიება კი არის, უკანონო და დაუსაბუთებელი, იქედან გამომდინარე, რომ აჭარის. ა.რ. საკუთრების უფლების გაფორმება მოხდა მას შემდეგ, რაც მოსარჩელეებს ჩამოერთვათ საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთებზე და აღნიშნული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოება არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც საკუთრების უფლების აღდგენაზე (და არა ახალი საკუთრების უფლების გაღიარებაზე) უარის თქმის საფუძველი.

სასამართლო აღნიშნავს იმასაც, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს თავიდან უნდა განეხილა მოსარჩელეთა განცხადება, კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №-- საოქმო გადაწყვეტილების გადასინჯვასთან დაკავშირებით და არა, ემსჯელა სადავო მიწის ნაკვეთებზე, ბე–-----------ისა და ცი--–--------ის საკუთრების უფლების თავიდან აღიარების შესახებ, როგორც ეს მითითებულია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 5 ნოემბერს მიღებულ №6-- და №6-- განკარგულებების სამოტივაციო ნაწილში.

 

6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა საკითხის გადასაწყვეტად ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და სადავო აქტების, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 5 ნოემბრის №6-- და №6-- განკარგულებების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დამკვიდრებული ეს პრინციპები უგულებელყოფილი და დარღვეულია.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს სადავო აქტებში მოცემული გარემოებებისა და თავისი არგუმენტების გასამყარებლად არ გააჩნია შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულებები.

სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად არ შეუსწავლია და არ გამოუკვლევია ის გარემოებები, რაც უკავშირდებოდა მოსარჩელეთა საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლების შესაბამისობას, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან და კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №-- საოქმო გადაწყვეტილების კანონშესაბამისობის ობიექტურ გამოკვლევა-შეფასებას, მოსარჩელეებისათვის აღიარებული საკუთრების უფლების გაუქმების ნაწილში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის რეგულაციები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წესებთან დაკავშირებით.

 

6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

მოსარჩელე მხარის მოთხოვნას სწორედ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 5 ნოემბრის №6-- და №6-- განკარგულებების ბათილად ცნობა და კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვასთან დაკავშირებით, საკითხის თავიდან განხილვა წარმოადგენს.

ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 5 ნოემბრის №6-- და №6-- განკარგულებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №-25 ბრძანებულების 1-ლი მუხლის მიხედვით ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“, ასევე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №-76 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ დარღვევით არის მიღებული, რამაც გამოიწვია მოსარჩელეთა კანონიერი უფლებისა და ინტერესის დარღვევა.

ამის შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 5 ნოემბრის №6-- და №6-- განკარგულებები და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), მოსარჩელეების, ბე–-----------ისა და ცი--–--------ის განცხადებაზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის №-- საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვასთან დაკავშირებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარეს უნდა გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი, 100 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე, 23-ე, 33-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ბე–-----------ის და ცი--–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

2. ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 5 ნოემბრის №6-- და №6-- განკარგულება, ბე–-----------ისა და ცი--–--------ის საკუთრების უფლების აღდგენაზე უარის თქმის შესახებ.

3. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), მოსარჩელეთა განცხადებებზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკებრის №-- საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვასთან დაკავშირებით.

4. მოპასუხე მხარეს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა, 100 ლარი.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30/.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე