გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/216-20
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 იანვარი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ბადრი შონია
სხდომის მდივანი მანანა გოგიბედაშვილი
მოსარჩელე - ელ------------–---------ი
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 10 სექტემბრის ოჯახის დეკლარაცია და მის საფუძველზე 2019 წლის 10 სექტემბერს მიღებული N1---- გადაწყვეტილება მოსარჩელის ოჯახისათვის 71 690 სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 13 დეკემბრის №0------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
1.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ელ------------–---------ის ოჯახის ხელახალი გადამოწმება და სათანადო სარეიტინგო ქულის მინიჭება.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი არ გამოცხადდა სხდომაზე, მხარისათვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის დროსა და ადგილის შესახებ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილია, რომ ელ------------–---------მა (პირადი ნომერი 0----------) სსიპ - ”მომსახურების სააგენტოს მიმართა: პირველადი განაცხადით (საიდენტიფიკაციო კოდი 0-----------) 2007 წლის 12 თებერვალს; მისამართი: ქ. თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, თ/დ. კორპუსი 19. ბინა 12). „ოჯახის დეკლარაცია" შეივსო 2007 წლის 12 მარტს. სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 53140 ერთეულით. ოჯახი იღებდა ფულად სოციალურ დახმარებას (საარსებო შემწეობა) 2007 წლის აგვისტოს თვიდან - 2010 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით. „ოჯახის დეკლარაცია" შეივსო 2010 წლის 15 ოქტომბერს. საფუძველი „გადამოწმება დასაქმებულთა სიით". სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 72880 ერთეულით 2010 წლის 14 ნოემბერს. „ოჯახის დეკლარაცია" შეივსო 2012 წლის 18 მარტს. საფუძველი: ,,ოჯახის წევრთა შემადგენლობის ცვლილება". სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 69170 ერთეულით 2012 წლის 17 აპრილს. „ოჯახის დეკლარაცია" შეივსო 2013 წლის 24 აპრილს. საფუძველი: 2013 წლის 17 აპრილის განმეორებითი განაცხადი. მიზეზი: „სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან გასულია ერთ წელზე მეტი". სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 65560 ერთეულით 2013 წლის 24 მაისს. „ოჯახის დეკლარაცია" შეივსო 2014 წლის 10 ივნისს. საფუძველი: 2014 წლის 29 მაისის განმეორებითი განაცხადი. მიზეზი: „სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან გასულია ერთ წელზე მეტი". სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 61610 ერთეულით 2014 წლის 10 ივლისს. „ოჯახის დეკლარაცია" შეივსო 2015 წლის 31 მარტს. საფუძველი: „სატესტო რეჟიმი". სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 105800 ერთეულით 2015 წლის 30 აპრილს. „ოჯახის დეკლარაცია" შეივსო 2016 წლის 19 ივნისს. საფუძველი: 2016 წლის 10 მაისის განმეორებითი განაცხადი. მიზეზი: „სარეიტინგო ქულის მითითებიდან გასულია ერთ წელზე მეტი". სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 91950 ერთეულით 2016 წლის 09 ივლისს. „ოჯახის დეკლარაცია" შეივსო 2016 წლის 01 ოქტომბერს. საფუძველი: სააგენტოს ცენტრალური აპარატის წერილი N04/57436. სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 88180 ერთეულით 2016 წლის 10 ნოემბერს.
„ოჯახის დეკლარაცია" შეივსო 2018 წლის 15 სექტემბერს. საფუძველი: 2018 წლის 07 აგვისტოს განმეორებითი განაცხადი. მიზეზი: „სარეიტინგო ქულის მითითებიდან გასულია ერთ წელზე მეტი’’. სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 85 300 ერთეულით 2018 წლის 15 ოქტომბერს. „ოჯახის დეკლარაცია" შეივსო 2019 წლის 14 მარტს. საფუძველი: 2018 წლის 11 მარტის განცხადება N20395. სარეიტინგო ქულა განისაზღვრა 78730 ერთეულით 2019 წლის 14 მარტს. 2019 წლის 26 ივლისს განხორციელებული კორექტირების შედეგად - სარეიტინგო ქულა 76680 ერთეულით განისაზღვრა 2019 წლის 9 აგვისტოს. „ოჯახის დეკლარაცია" შეივსო 2019 წლის 16 აგვისტოს. საფუძველი: სააგენტოს ცენტრალური აპარატის წერილი N04/41531. აღნიშნულ დეკლარაციაზე არ განხორციელდა სარეიტინგო ქულის დათვლა, რადგან ოჯახი მოხვდა საკონტროლო გენერაციაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 13 დეკემბრის N0------- გადაწყვეტილება (ს/ფ 38-42)
3.1.2. 2019 წლის 10 სექტემბერს ვიზიტი განახორციელა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ნ-----–----------–---–მა და შეადგინა ოჯახის დეკლარაცია N1----. "ოჯახის დეკლარაციის" შევსებისას A-8 გრაფაში საცხოვრებლის საერთო ფართობი, მითითებულია 53 კვ.მ. (საცხოვრისის ვიზუალური დათვალიერებისა და ოჯახის უფლებამოსილი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე). A-11 გრაფაში ფლობს თუ არა ოჯახი სხვა საცხოვრებელს მონიშნულია - „დიახ“. შესაბამისად, დეკლარაციის A-12 გრაფაში დაფიქსირებულია - 17 კვ.მ. "ოჯახის დეკლარაციის" B-3 გრაფაში ოჯახის პირველ წევრზე მითითებულია მე-2 პუნქტი „დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია/საჭიროვებს მომვლელს“. ოჯახის მე-2 წევრზე B-3 გრაფაში დაფიქსირებულია მე-5 პუნქტი (სიცოცხლისთვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას). B-4 გრაფაში ოჯახის პირველ წევრს მონიშნული აქვს პირველი პუნქტი (სპეციალური სტატუსი არ გააჩნია), ხოლო მეორე წევრს მონაცემის კორექტირების საფუძველზე დაფიქსირებული აქვს მე-3 პუნქტი „მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი. C1 პუნქტი „რა ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებაში დადის შინამეურნეობის წევრი მიმდინარე (გასულ) აკადემიურ წელს“ არ არის შემოხაზული რადგან აღნიშნული გრაფა ივსება არასრულწლოვან (18 წლამდე) ასაკის წევრზე. C-2 გრაფაში (განათლების მიღწეული დონე) ოჯახის პირველ წევრს მითითებული აქვს წერა-კითხვის უცოდინარი, მეორე წევრს კი არასრული საშუალო. სააგენტოს უფლებამოსილი პირის ინფორმაციით, ოჯახის უფლებამოსილი პირი "ოჯახის დეკლარაციაში" მითითებულ ყველა პუნქტს გაეცნო დეტალურად და მისი სისწორე დაადასტურა ხელმოწერით. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით ოჯახის სარეიტინგო ქულა 71690 განისაზღვრა 2019 წლის 10 ოქტომბერს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ოჯახის დეკლარაცია (31-37)
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 13 დეკემბრის N0------- გადაწყვეტილება (ს/ფ 38-42)
3.1.3. 2019 წლის 01 ნოემბერს ელ------------–---------მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 10 სექტემბრის ოჯახის დეკლარაციის და მის საფუძველზე, მიღებული 2019 წლის 10 სექტემბერს მიღებული N1---- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოსარჩელის ოჯახისათვის 71 690 სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ. ასევე, მოითხოვა დავალებოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ოჯახის ხელახალი გადამოწმება და დეკლარაციაში ობიექტური ასახვა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ადმინისტრაციული საჩივარი (ს/ფ 43-50)
3.1.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 13 დეკემბრის N0------- გადაწყვეტილებით ელ------------–---------ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 13 დეკემბრის N0------- გადაწყვეტილება (ს/ფ 38-42)
3.1.5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 აგვისტოს N8-------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ელ------------–---------ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იქნა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების/ რეგისტრაციის გაუქმება, მდებარე კასპის რაიონი სოფელ აღაიანში. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული დოკუმენტაციის/ინფორმაციის საფუძველზე დადგინდება, რომ უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით: 6----------- საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.
აღნიშნული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის რეგისტრაციის შესახებ №8-------------- გადაწყვეტილება და მისი მოქმედება შეწყდა ძალაში შესვლის დღიდან.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 აგვისტოს N8-------------- (ს/ფ 53)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ელ------------–---------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანება „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 10 სექტემბრის ოჯახის დეკლარაცია და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 13 დეკემბრის №0------- გადაწყვეტილება „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ხოლო ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე - ელ------------–---------ის მოთხოვნა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ოჯახის ხელახალი გადამოწმება და სათანადო სარეიტინგო ქულის მინიჭება.
6.2. სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაზე „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“, რომლითაც განისაზღვრა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესი. აღნიშნული წესი საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.
მითითებული წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო ქმნის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას“, ხოლო მე-4 მუხლის თანახმად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები.
ამავე წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სააგენტო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით უზრუნველყოს რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება. ხოლო მე-6 პუნქტით მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახი, რომელიც მიიჩნევს, რომ მისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ შეესაბამება მის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, უფლება აქვს მოითხოვოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ. აღნიშნული წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა.
6.3. სასამართლო ასევე მიუთითებს - „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაზე, რომელიც განსაზღვრავს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდსა და პირობებს, არეგულირებს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების პროცესთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ და სამართლებრივ საკითხებს. ამ წესის მიზანია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ (შემდგომში – „მონაცემთა ბაზა“) რეგისტრაციის მაძიებელი და რეგისტრირებული ოჯახების იდენტიფიკაცია და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ოჯახის სარეიტინგო ქულის დასადგენად.
აღნიშნული წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად 1. დეკლარაციის „A“, „B“, „C“, „D“ და „E“ ბლოკების სრულად შევსების შემდეგ სააგენტოს უფლებამოსილი პირი ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად ამოწმებს შევსებულ დეკლარაციას, რათა დარწმუნდნენ, რომ დეკლარაციის ყველა საჭირო კითხვაზე შემოხაზულია შესაბამისი პასუხი და დამატებით გადამოწმდეს დეკლარაციის შევსების მართებულობა და სისრულე. მე-2 პუნქტის თანახმად თუ შევსებული დეკლარაციის გადამოწმებისას აღმოჩენილი იქნება არასწორად შემოხაზული ან ჩაწერილი პასუხი, რომელიც მექანიკურად დაუშვა სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ან დაზუსტების მიზნით ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და ითხოვს უკვე შემოხაზული (ჩაწერილი) პასუხის სხვა პასუხით შეცვლას, სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა გადახაზოს უკვე შემოხაზული პასუხი „X“ ნიშნით და ახლიდან შემოხაზოს/დააფიქსიროს სწორი პასუხი. ჩასწორებულ პასუხზე ხელს აწერს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი და სააგენტოს უფლებამოსილი პირი.
ამავე წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა. ამავე წესის მე-16 მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც სააგენტოს უფლებამოსილი პირი „F2“ კითხვაში ,,ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის შეფასება“ აფიქსირებს ოჯახის მხრიდან ფაქტების დამალვა-დამახინჯებას, შესაძლებელია ოჯახის დეკლარაციის განმეორებითი შევსება დადგენილი წესის შესაბამისად. დეკლარაციის განმეორებითი შევსება აგრეთვე შესაძლებელია განხორციელდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ოჯახის შესახებ დეკლარირებული სუბიექტური და დადგენილი ობიექტური ინფორმაციის ურთიერთშედარების შედეგად ფიქსირდება არსებითი განსხვავება. ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად პერიოდულად ხორციელდება შერჩევითი გადამოწმება.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ ადმინისტრაციულ საჩივარში მიუთითა დეკლარაციის A5, A11, A12 და B5 გრაფების არასწორად შევსების შესახებ, თუმცა მოსარჩელის პრეტენზია არ იქნა გათვალისწინებული და ელ------------–---------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2019 წლის 10 სექტემბრის "ოჯახის დეკლარაციის" შევსებისას A-8 გრაფაში საცხოვრებლის საერთო ფართობი მითითებულია 53 კვ.მ, A-11 გრაფაში ფლობს თუ არა ოჯახი სხვა საცხოვრებელს მითითებულია - „დიახ“. შესაბამისად A-12 გრაფაში მითითებულია საცხოვრებლის საერთო ფართი. 17კვ.მ, რომელიც ფიქსირდება ნა---–--------–---------ას სახელზე ქ. თბილისში. "ოჯახის დეკლარაციის" B-3 გრაფაში ოჯახის პირველ წევრზე მითითებულია მე-2 პუნქტი. „დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია/საჭიროვებს მომვლელს“. ხოლო B-4 გრაფაში ოჯახის პირველ წევრს მითითებული აქვს პირველი პუნქტი, ხოლო მეორე წევრს მითითებული აქვს მე-5 პუნქტი. რაც შეეხება C-2 გრაფას, ოჯახის პირველ წევრს მითითებული აქვს წერა-კითხვის უცოდინარი-პირველი პუნქტი. მეორე წევრს კი არასრული საშუალო-მეორე პუნქტი. სასამართლო სხდომაზე ელ------------–---------მა განმარტა, რომ მას ყავს მძიმე ავადმყოფი დედა და საჭიროებს მომვლელს.
ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 აგვისტოს N8-------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით დგინდება, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ელ------------–---------ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იქნა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში რეგისტრაციის გაუქმება, მდებარე კასპის რაიონი სოფელ აღაიანში. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული დოკუმენტაციის/ინფორმაციის საფუძველზე დადგინდება, რომ უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით: 6----------- საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.
აღნიშნული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის რეგისტრაციის შესახებ №8-------------- გადაწყვეტილება და მისი მოქმედება შეწყდა ძალაში შესვლის დღიდან. ამდენად, ელ------------–---------ს სხვა ქონება არ გააჩნია თუმცა მას ქულათა ოდენობაზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ დასაბუთებულა.
სასამართლო განმარტავს, რომ დეკლარაციის ხელმოწერა არ გამორიცხავს პირის შესაძლებლობას, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენითა თუ სასამართლო წესით ეჭქვეშ დააყენოს ოჯახის დეკლარაციის შედგენისა და დარიცხული სარეიტინგო ქულის კანონიერება. ასეთ ვითარებაში, დეკლარაციაში დაფიქსირებული და სარეიტინგო ქულის დასამუშავებლად სპეციალურ პროგრამაში შეტანილი ინფორმაციის მართებულობა დგინდება არა დეკლარაციაზე ხელმოწერის არსებობა-არარსებობის გარკვევით, არამედ „ოჯახის დეკლარაციაში“ დაფიქსირებული ან/და პროგრამაში შეტანილი ინფორმაციის რეალურად არსებულ, ობიექტურ გარემოებებთან გადამოწმების გზით. ამდენად, მხოლოდ დეკლარაციაზე ხელმოწერის ფაქტი ვერ განსაზღვრავს „ოჯახის დეკლარაციაში“ დაფიქსირებული მონაცემების სანდოობას, შესაბამისად, ამგვარი ხელმოწერის მიუხედავად, ადმინისტრაციული საჩივრისათვის ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისა თუ სამართალწარმოების ფარგლებში დეკლარაციაში წარდგენილი ინფორმაცია დამატებით გადამოწმებას უნდა დაექვემდებაროს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, ვინაიდან აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც ერთის მხრივ, კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სრული სასამართლო კონტროლი გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას, სასამართლო კონტროლის მოცულობა შეზღუდულია იმ გარემოებების შემოწმებით, არსებობდა თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლზე, რომლის ბოლო წინადადება ადგენს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. მოცემული დანაწესი, სასამართლოს მოსაზრებით, აუცილებლად გულისხმობს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების სავალდებულობას, ვინაიდან მხოლოდ აღნიშნულით არის შესაძლებელი, გაირკვეს, მიღებულ იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება.
ამრიგად, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არის ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლება, რომელიც შეზღუდულია საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით. ერთი მხრივ, ეს ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს უშუალოდ სამართლებრივ აქტში ასახოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რასაც დაეყრდნო მიღებული გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის მითითებული არცერთ გარემოებაზე, რაც მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს გახდიდა ცხადს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები განსაზღვრავს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში და ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება აღქმული არ იქნეს თვითნებობად, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
ამრიგად, საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, არსებითი ხასიათის შეცდომებით შეავსო მოსარჩელე ელ------------–---------ის სადავო ოჯახის დეკლარაცია, რამაც განაპირობა სადავო ქულის მინიჭება და საარსებო შემწეობის მინიჭება, ხოლო დეკლარაციის დაკორექტირების შემდგომ, კანონით გათვალისწინებული დასაბუთების გარეშე, არსებითად არ შეიცვალა მოსარჩელის ქულათა და საარსებო შემწეობის ოდენობა.
6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ამასთან, მითითებული კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 10 სექტემბრის ოჯახის დეკლარაცია, მის საფუძველზე, 2019 წლის 10 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელის ოჯახისათვის 71690 სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ და მოპასუხეს უნდა დაევალოს ოჯახის ხელახალი გადამოწმება და 2019 წლის 10 სექტემბერს ოჯახის დეკლარაციაში A5, A11, A12 და B5 აღნიშვნის შესაბამისად ახალი სარეიტინგო ქულის გამოთვლა.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ უკანონოდ იქნა მიჩნეული 2019 წლის 10 სექტემბრის დეკლარაცია, შესაბამისად, ასევე უკანონოა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 13 დეკემბრის №0------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 22-24-ე, 32-331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ელ------------–---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 10 სექტემბრის ოჯახის დეკლარაცია და მის საფუძველზე, 2019 წლის 10 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელის ოჯახისათვის - 71 690 სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ.
3. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 13 დეკემბრის №0------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ოჯახის ხელახალი გადამოწმება შესაბამისი სარეიტინგო ქულის განსაზღვრის მიზნით.
5. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ბადრი შონია