განაჩენი

სისხლის სამართლის 20.12.2019
საქმის ნომერი
330100119003081755
თარიღი
20.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3034-19

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე შორენა გუნცაძე

სხდომის მდივანი თამარ ფიფია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - ზ--------------–--, გ-------------–-----

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - თ--------------

 

ბრალდებული - თ---------------–---–-, დაბადებული 1----–ლის 1------ს, პირადი #0----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლევი, მცხოვრები თბილისში, ზ------------------ კვარტალი, კორპუსი #--- ბინა #---ში, ამჟამად პატიმარი

 

წარდგენილი კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლი - განზრახ მკვლელობის მცდელობა

 

სხდომის სახე: ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 00:30 საათზე, თბილისში, გ-–----------- მ/რ-ნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში მყოფმა თ---------------–---–-- თ-----------–-----, განზრახ მოკვლის მიზნით, გულმკერდისა და მუცლის არეში, ბასრი საგნით, მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის ორი ჭრილობა.

 

განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი

უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულ თ-----------–----- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მუშაობს მზარეულად ფ--–--–---–-- ქ.#---ში მდებარე, სწრაფი კვების ობიექტ ,,მ---–-‘‘. მისი სამსახურის წინ იყო სალონი, საიდანაც შეკვეთებს იღებდნენ. იქ იყო ერთი გოგო, სახელად ვერა, რომელიც ფიზიკურად მოსწონდა. ერთ-ერთი შეკვეთისას ამოიწერა მისი ნომერი და დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 2019 წლის 6 აპრილის საღამოს, WhatsApp-ში მისწერა, მოიკითხა. მან ვერ იცნო, რის გამოც ფოტო გაუგზავნა. უთხრა, რომ მოსწონდა და გაცნობა უნდოდა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ ქმარი ჰყავს. ვ----- ნათქვამი თავიდან სერიოზულად არ მიუღია, რადგან მიმოწერაში აჰყვა. როდესაც დაიჯერა, რომ ის მართლაც დაოჯახებული იყო, მისწერა - თავიდანვე რომ მცოდნოდა, ქმარი გყავდა, ამდენ რამესაც არ ვიზამდიო. მიმოწერა სულ რამდენიმე წუთს გრძელდებოდა, შემდეგ შეტყობინებები წაშალა, რადგან არ აპირებდა გაგრძელებას. უკვე დაძინებას აპირებდა, დაახლოებით 11 საათზე, მეგობარმა გ-------- დაურეკა, სამსახურში შენს სანახავად არიან მოსულები გოგოს თაობაზეო. იგივე მისწერა ა---------------–. მალევე ვ-------------- ქმარი - თ---------------–---–- ესაუბრა ტელეფონით, რომ მისი ნახვა უნდოდა. დათანხმდა და შეხვედრის ადგილი დაუთქვა გ-–----–-, სუპერმარკეტ ,----------------‘. მერე სამზარეულოში მყოფ მეგობარს - კ---------------–---–-, რომელთანაც დროებით ცხოვრობდა, სთხოვა, გაჰყოლოდა. მეგობრის ოჯახის სხვა წევრებს - გ---- და მ---------------–---–--- ეძინათ. კ-------- ერთად წავიდა ვ----- ქმართან შესახვედრად. გაჩერდნენ ,,--------------‘ არსებულ ბენზინგასამართ სადგურთან. ბიჭებთან ახლოს რომ მივიდნენ, ერთ-ერთი გაეცნო, როგორც თ---------------–---–-, მას ორი პირი ახლდა. მასსა და თ-------- მ-----–---–ს შორის შედგა პირისპირ საუბარი, ბიჭები 5-6 მეტრის მოშორებით იდგნენ. საუბარი მიდიოდა თემაზე, თუ რატომ მისწერა ვ-----, რაზეც რამდენჯერმე გაუმეორა, რომ ფიზიკურად მოეწონა და არ იცოდა, რომ დაოჯახებული იყო, მოუბოდიშა. თავიდან საუბარი ხმამაღალი ტონით დაიწყო, შემდეგ ჩვეულებრივი, მშვიდი ტონით გააგრძელა. რაღაც მომენტში, რადგან თ-------- მ-----–---–ს ხმამაღლა ესაუბრებოდა, კ---------------–---–- მივიდა მასთან და დაბალი ხმით საუბრისკენ მოუწოდა. რამდენიმე წამის მერე თ---------------–---–-- უთხრა, ქურთუკს გავიხდი და მოვალო. წავიდა მანქანისკენ. ამ დროს გაიგო, რომ მას ტელეფონი ურეკავდა, ოღონდ არ იცის, ვინ დაურეკა, მხოლოდ გაიგო, რომ მ-----–---–- ვიღაცას ეუბნებოდა: ,,ჩემი საქმის მე ვიციო‘‘. მათ შორის დაშორება 5-6 მეტრი იყო. თ---------------–---–-- მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ ხელი დაარტყა, რის გამოც, უკან, დაკეტილი სახელოსნოს ჟალუზს მიეჯახა და წამოხურული ქურთუკი გადაძვრა. თ--------ს აღელვება რამ გამოიწვია, არ იცის. მ-----–---–-ს დარტყმას თვითონაც დარტყმით უპასუხა. დანის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს. თავი სუსტად იგრძნო და დაეცა. მ-----–---–- ისევ მიიწევდა მისკენ, მაგრამ ძალა მოიკრიბა, თავი დააღწია და გაიქცა. ამ დროს მივიდნენ ბიჭები გასაშველებლად. ჭრილობები მუცლისა და ფილტვის არეში ჰქონდა, სისხლის ორი ლაქა დაინახა და კ---- დაუყვირა, დაჭრილი ვარ, მიშველეო. კ--- ეგრევე მივარდა და დაბნეულმა უთხრა, რომ მამამისს გააღვიძებდა და ჩამოიყვანდა. ამ დროს თ-------- და მისი მეგობრები წავიდნენ, თვითონ ქუჩაში დარჩა. ბევრი სისხლი არ წამოსვლია, ჩაქცევა განვითარდა, ვერ აღიქვამდა, რამდენად სერიოზული ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. რამდენიმე წუთში გ----მ მიაკითხა და საავადმყოფოში წაიყვანეს. საშინელი ტკივილები გზაში დაეწყო. საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ ბოლომდე განკურნებული დღემდე არ არის.

 

მოწმე კ---------------–---–-- სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, საღამოს, სახლში იმყოფებოდა ოჯახის წევრებთან და მეგობარ თ-----------–-----თან ერთად. თ-----მ უთხრა, რომ ვიღაცეებს სურდათ მისი ნახვა შეტყობინებებთან დაკავშირებით. სახლიდან ისე გავიდნენ, დედ-მამას არ გაუგია. ,----------------‘ შეხვდნენ სამ ბიჭს, რომელთაგან ერთ-ერთი თ---------------–---–- იყო, ისინი მანქანით იყვნენ. თ-------- მ-----–---–ს ერთი-ერთზე გასაუბრება უნდოდა, რის გამოც ცოტა მოშორებით დადგნენ. რაღაც მომენტში თ-----------–-----ა და ბრალდებულს საუბარი დაეძაბათ, რის გამოც მივიდა მეგობართან - თ-----------–-----თან და სთხოვა, ხმადაბლა ესაუბრათ. იგივეს გამეორება მეორეჯერაც მოუწია. ზურგით იდგა, როცა ვითარება დაიძაბა. სიბნელეში რომ მიტრიალდა, უკვე გაწევ-გამოწევა იყო. ის ბიჭებიც მივარდნენ, თვითონაც მივარდა და ბ-–---- და მ-----–---–- გააშველეს. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ვერ გაერკვნენ, ჩხუბის და ჟალუზის ხმა იყო, შემდეგ თ----- გზის მეორე მხარეს იყო უკვე. ბიჭები მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. თ-----ს ტანზე ჰქონდა გახდილი, დაუძახა, დაჭრილი ვარო. ორი ჭრილობა ჰქონდა. თვითონ მამის ჩამოსაყვანად სახლში გაიქცა. მაქსიმუმ 10 წუთი დასჭირდებოდა უკან დასაბრუნებლად. თ-------- საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც ოპერაცია გაუკეთდა.

 

მოწმე გ----------------–---–-- ჩვენებით, თ-------- ბ-–---- მისი მეზობელია ს------–- და მის შვილთან - კ-------- მეგობრობს. თ-------- თბილისში ჩ------ რესტორანში მუშაობდა და დროებით მათთან ცხოვრობდა. 2019 წლის 6 აპრილს, სამსახურიდან დაბრუნებულს, სახლში მეუღლე, შვილი - კ--- და თ-------- დახვდნენ. ივახშმეს, რა დროსაც სამივემ ერთად ორ ლიტრამდე ლუდი დალიეს და დაიძინა. რაღაც პერიოდის შემდეგ კ---მ გააღვიძა და უთხრა, ,----------------‘ თ--------ს ჩხუბი მოუვიდა და დაჭრესო. სასწრაფოდ ჩაიცვა და გაიქცა. ბენზინგასამართ სადგურთან, ბორდიურზე, თ-------- იჯდა, მაისური ჰქონდა წელზე მოკრული, უთხრა, დაჭრილი ვარო. მაშინვე ღ------–------- სახელობის საავადმყოფოში წაიყვანეს.

 

მოწმე მ---------------–---–-- ჩვენების თანახმად, საღამოს ადრე დაწვა, რადგან ნაოპერაციევი იყო, ამიტომ არ იცის, მისი შვილი და თ-------- ბ-–---- სახლიდან როდის გავიდნენ. გაეღვიძა იმ დროს, როცა მისი შვილი ოთახში შევიდა და მეუღლეს აღვიძებდა, მერე კი უცებ გავიდნენ ოთახიდან. რაღაც პერიოდის შემდეგ მეუღლემ დაურეკა და უთხრა, ყველაფერი კარგად არის, თ--------ს თავი აქვს დარტყმული, შეუძლოდ არის და მალე მოვალთო. ცოტა ხანში მეუღლე და შვილი სახლში მივიდნენ, მალევე პოლიციელებმაც მიაკითხეს, ყველანი წაიყვანეს და დაკითხეს. შემდეგ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. ოჯახის წევრებისგან გაიგო, რომ თ-------- გოგონას გამო მომხდარ ჩხუბში დაუჭრიათ.

 

მოწმე დ--------------–---–-- სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, 2019 წლის 7 აპრილის ღამეს შეეხმიანა მეგობარი თ---------------–---–-, რომელსაც, ძმასთან - ნ-----–-------------–---–---- ერთად, სახლთან შეხვდა. თ--------მ უთხრა, რომ ვიღაც მის მეუღლეს მესიჯებს სწერდა, ეს ადამიანი უნდა ენახა და აეხსნა, რომ არასწორად იქცეოდა და აღარ მიეწერა მისი ცოლისთვის. გადაწყვიტეს ამ ბიჭის ნახვა, რისთვისაც თ---------------–---–-ს მანქანით ფ--–--–---–-- ქუჩაზე მდებარე ჩ------ რესტორანში წავიდნენ. ის ბიჭი სამსახურში არ დახვდათ, მეგობრებმა ტელეფონი მისცეს და თ-------- შეუთანხმდა შეხვედრაზე. გ-–----------- მ/რ-ნში, ,,-----------‘ მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდნენ. უკვე გვიანი საათები იყო. თ-------- ბ-–----ც თანმხლებთან ერთად მივიდა. მიესალმნენ ერთმანეთს და თ---------------–---–- და თ-------- ბ-–---- სასაუბროდ ცალკე გავიდნენ, განმარტოვდნენ, ხოლო ისინი 10-15 მეტრის მოშორებით დადგნენ. თავიდან წყნარად ლაპარაკობდნენ, თუმცა რამდენჯერმე ვითარება დაიძაბა და თ-----------–----- თანმხლები პირი მის დასაწყნარებლად მივიდა, რადგან ბ-–---- ძალიან ხმამაღლა ესაუბრებოდა მ-----–---–ს. მის მეგობარს მისი დამშვიდება ორჯერ მოუწია, მაგრამ ცოტა ხანში ამანაც არ გაჭრა, ხმაური ატყდა და ერთ მომენტში გაიგო, როგორ უთხრა თ---------------–---–--: ,,შენ ჩემ ადგილზე რას იზამდი, შენი ცოლისთვის რომ მიეწერა ვინმეს ესეო?‘‘ ამაზე თ-------- ბ-–----მ უპასუხა: ,,ლამაზი გოგო იყო და ვერავინ დამიშლის, რომ ლამაზ გოგოს მივწეროო‘‘. თ---------------–---–-- უთხრა, მისი მეუღლისთვის თავი დაენებებინა და აღარ მიეწერა, იმან კი უპასუხა: ,,მოვრიგდებით... შენი ცოლი ჩემი გახდებაო‘‘. ის ირონიულად იცინოდა და აგდებით საუბრობდა, აგრესიას ამჟღავნებდა. ვერ მიხვდა, ამ აგრესიის მიზეზი რა იყო, რადგან თ---------------–---–- იყო დაზარალებული და, პირიქით, ბ-–---- ესაუბრებოდა აგრესიით. გარკვევით გაიგო, მ-----–---–- როგორ სთხოვდა, აღარ მიეწერა და თავი დაენებებინა. ბ-–----- მხრიდან კი მიზანმიმართული აგრესია იყო, რამაც თ---------------–---–-ს გაგიჟება გამოიწვია, უცბად ჩხუბი ატყდა, ხელით შეხება იყო, მაგრამ არავის ხელში არაფერი დაუნახავს. არც მანქანასთან მისულა არავინ. თ-----------–-----კენ მისი თანმხლები ბიჭი გაიქცა, რომელსაც ისინიც მიჰყვნენ და ერთმანეთს დააშორეს. თ---------------–---–- ისე იყო, ვერ იცნო, შეკითხვას რომ უსვამდა, არაფერს პასუხობდა, არც არაფერს ამბობდა, ვერაფერი გააგებინეს, შფოთავდა, ქოშინებდა, კონტაქტური არ იყო, რეაგირება არ ჰქონდა, არცერთ კითხვაზე პასუხი არ გაუცია, კანკალებდა, სახე და თვალები გაწითლებული ჰქონდა. ისეთ მდგომარეობაში იყო, მისი საჭესთან დასმა ვერ გარისკეს და მანქანაში უკან ჩასვეს. თვითონ საჭესთან დაჯდა, ნ-----–----- კი თ--------ს დაუჯდა გვერდით. თ--------ს გზაში რაღაცეებს ეკითხებოდნენ, მაგრამ ის არ პასუხობდათ, გული მერევაო, მარტო ეს თქვა. ამის გამო თავისუფალ ადგილზე გააჩერეს და თ--------ს გული აერია. ცუდ ფერზე იყო, ცუდად გამოიყურებოდა. ის კონტაქტური არც გულის არევის შემდეგ ყოფილა, მთელი გზა ცახცახებდა, ნერწყვს ხშირად ყლაპავდა. თ--------ს სახლთან მისვლისას ეუბნებოდნენ, რომ მანქანიდან უნდა გადასულიყო, მაგრამ ისევ მან და ნ-----–----მა გადაიყვანეს და სახლისკენ გაუშვეს. თ-------- სახლში ბარბაცით შევიდა, რის შემდეგ თვითონაც წამოვიდნენ.

 

მოწმე ნ-----–-------------–---–-- ჩვენების მიხედვით, თ---------------–---–-- დარეკვიდან რამდენიმე წუთში მანქანით მიაკითხათ, რა დროსაც მისთვის არაფერი უჩვეულო არ შეუმჩნევია. თქვა, რომ მის მეუღლეს უცხო ადამიანი სწერდა, მიწერილებიც აჩვენა. ვინმე თ-------- ბ-–---- მის მეუღლეს ნახვას სთხოვდა, რაზეც ვერა პასუხობდა, რომ ქმარი ჰყავდა. თ---------------–---–-ს სურვილი იყო, პირადად ენახა ბ-–---- და აეხსნა, რომ მისი მეუღლისთვის თავი დაენებებინა. თ---------------–---–- და თ-------- ბ-–---- სატელეფონო საუბრით შეთანხმდნენ გ-–----------- მ/რ-ნში შეხვედრაზე. შეხვდნენ ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან, გაცნობის შემდეგ ორივე თ--------მ გადაწყვიტა, ცალკე ესაუბრათ. საუბრის დროს თვითონ, ძმასთან ერთად, მანქანასთან იდგა, მათგან 10-15 მეტრის მოშორებით. რამდენიმე წუთში თ-------- ბ-–----მ ხმას აუწია, მისი მხრიდან აგრესია იგრძნობოდა, რის გამოც მისმა თანმხლებმა პირმა რამდენჯერმე დამშვიდებისკენ მოუწოდა. თ---------------–---–-- კითხვა დაუსვა ბ-–----ს: ,,შენი ცოლისთვის რომ ვინმეს მიეწერა, შენ რას იზამდიო‘‘, რაზეც ბ-–----მ ირონიულად და დამცინავად უპასუხა: ,,ლამაზი გოგოა და როცა მინდა, მაშინ მივწერო‘‘. ეს სიტყვები გაიგო, როცა ხმამაღლა დაიწყო საუბარი, მანამდე მშვიდად საუბრობდნენ. თ---------------–---–-- უთხრა, რომ თავი დაენებებინა მისი მეუღლისთვის. ,,ლამაზი გოგოა და ლამაზი გოგოს დანიშნულებაც სწორედ ეს არის, შენი ცოლი ჩემი ნაშა გახდება და ცოლს აგახევო‘‘ - უთხრა ბ-–----მ. ეს სიტყვა-სიტყვით კარგად გაიგო. იქამდე თ---------------–---–- მშვიდ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ამ სიტყვების შემდეგ თ-------- დარტყმაზე გადავიდა და ერთმანეთს მუშტებს ურტყამდნენ, რის გამოც გასაშველებლად მივარდნენ. რაიმე საგანი არავის ხელში არ დაუნახავს. თ-------- გამოიყვანეს, ისეთ მდგომარეობაში იყო, მარტივი დასამორჩილებელი გახდა, ხმას არ სცემდათ, თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, ფაქტობრივად გაშეშებული იდგა. ხელი მოკიდეს და მანქანაში ჩასვეს. მას ხმა არ გაუცია, კანკალებდა, ოფლმა დაასხა. საჭესთან მისი ძმა დაჯდა, თვითონ და თ-------- უკან დასხდნენ და სახლში მიჰყავდათ. საერთოდ არ ლაპარაკობდა, თავი ჰქონდა გადაწეული და ნერწყვს ძლიერად ყლაპავდა. დაახლოებით ერთ კილომეტრი ჰქონდათ გავლილი, რომ თ--------მ თქვა, გული მერევაო. გააჩერეს, აღებინა, რის შემდეგ გზა გააგრძელეს. თ-------- საერთოდ არ ლაპარაკობდა, სახეზე ძალიან ოფლიანი იყო, თავის ეზოში მიიყვანეს, რის შემდეგაც ბარბაცით განაგრძო სიარული, სახლში რომ შევიდა, თვითონაც წავიდნენ.

 

მოწმე გ-------------–---–-- ჩვენებით, აპრილის თვეში თ------------------ დილის 8-9 საათისთვის დაურეკა და სთხოვა, რომ სოფელში წასულიყვნენ მასთან. ტაქსაობდა, გათენებული იყო და დაახლოებით ერთ საათში რუსთავში ჩავიდა. სახლში დახვდა თ---------------–---–-, რომელიც მეგობრის მეგობარია და სულ რამდენჯერმე ჰყავს ნანახი. მას შეატყო, რომ გაოგნებული იყო, იჯდა, თავი ჰქონდა ჩახრილი, არც მისალმებია. ჭამეს, რა დროსაც თ-------- მ-----–---–ს არაფერი უჭამია. გაიგო, რომ რაღაც პრობლემა ჰქონდა, მაგრამ კონკრეტულად რა, არ გაუგია. ჭამის დასრულების შემდეგ, თავისივე ,,ჰონდას‘‘ მარკის ავტომანქანით, სოფელ ზ---------–- გაემგზავრნენ. თ--------ს ჰკითხა, რა ხდებოდა, ადამიანურად მოიკითხა, მაგრამ მას თითქოს არც გაუგია, არაფერი უპასუხია, არანაირ კონტაქტში არ შესულა არავისთან, მხოლოდ ის თქვა, რომ ხასიათზე ვერ იყო. სიარულითაც მოდუნებული იყო, უჭირდა სიარული და ამიტომ თ------------------ ხელკავით მიაცილა მანქანამდე. მგზავრობისას მის გვერდით იჯდა და თითქმის სულ ეძინა, ან თავი ჰქონდა ჩახრილი, კონტაქტში არ შესულა. სოფელში თ---------------–---–- თ------------------ სახლში დატოვეს, იქაც ისეთივე მდგომარეობაში იყო, არ გამოსწორებულა, არ უჭამია, არ დაულევია.

 

საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა თ---------------–---–-- ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს არ მისცა ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილით გარანტირებულია ბრალდებულის დუმილის უფლება, რაც ნიშნავს იმას, რომ ბრალდებულს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება. მის მიერ დუმილის უფლების არჩევა არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. აღნიშნული წარმოადგენს ბრალდებულის თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგიას და, ასევე, უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით აღიარებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოების დროს არავინ არის ვალდებული, გამოვიდეს მოწმედ საკუთარი თავის წინააღმდეგ.

 

კანონით მინიჭებული უფლებით ისარგებლა სასამართლოში, ასევე, მოწმე ვ-------------- და არ მისცა ჩვენება მეუღლის - თ---------------–---–-ს წინააღმდეგ.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ (სხვა საკითხია ამ ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, რაზეც სასამართლო ქვემოთ იმსჯელებს). დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოწმეების, ინფორმაციების მიმღები სამართალდამცავების - გ-------------------- გ----------------, რ----–-------------, გ----------------–--- და თ------------- გამოკითხვის ოქმები; ღ------–------- სახელობის საავადმყოფოს ქირურგ გ---------------–----- და ექთნის თანაშემწე ლ-–--------------- გამოკითხვის ოქმები, რომლებითაც დასტურდება 2019 წლის 7 აპრილს, 00:50 საათისთვის, თ-----------–----- საავადმყოფოში მიყვანა შემავალი, ნაკვეთი ჭრილობებით და მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა; მოწმე გ-------------–-–---–-- გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმადაც, 2019 წლის 6 აპრილს, 23:30 საათისთვის, სუში ბარ ,,მ---–-‘‘ მისულმა სამმა მამაკაცმა თ-------- ბ-–---- იკითხა, უთხრეს, რომ ის ერთ-ერთი მათგანის მეუღლეს ემესიჯებოდა. მათი წასვლის შემდეგ დაურეკა თ-----------–----- და სიტუაცია აუხსნა, რაზეც მან უპასუხა, რომ იცოდა, თუ ვინ იქნებოდა მის საძებრად მისული; სუში ბარ ,,-------- თანამშრომლების, მოწმეების: გ---------–--------, კ-------------–---–--, დ--------------------–---–--- და ა-------------- გამოკითხვის ოქმები, რითაც ფაქტობრივად იგივე გარემოებები დასტურდება; 112-ში ღ------–------- სახელობის საავადმყოფოდან შესული შეტყობინება; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლითაც თბილისში, გ-–----------- მ/რ-ნში, #--- სამარშრუტო ტაქსების გაჩერების მიმდებარედ, ბენზინგასამართ სადგურ ,-------------------‘ გვერდით, ავტოსერვისის წინ, ამოღებულ იქნა 5 ცალი სიგარეტის ნამწვი; ამოღების ოქმი, რომლის თანახმადაც, ღ------–------- სახელობის საავადმყოფოდან ამოღებულ იქნა თ-----------–----- ტანსაცმელი, მოწითალო, მოყავისფრო ლაქებით; ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც თ-----------–----- ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე აღმოჩნდა მისი ჯგუფის სისხლი; დონგოზაშვილების ბინის ჩხრეკის ოქმი, რომლის თანახმადაც, ამოღებულ იქნა კ---------------–---–-ს ქურთუკი, წინა მარცხენა მხარეს მოწითალო ლაქით; ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, რომლის მიხედვითაც, თ-------- ბ-–----მ ამოიცნო თ---------------–---–-, რომელმაც 2019 წლის 7 აპრილს, ღამით, გ-–----------- მ/რ-ნში მდებარე ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ, დანით მიაყენა ორი ჭრილობა; ვ--------------გან მობილური ტელეფონის ამოღების ოქმი; სამედიცინო დოკუმენტები; სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლითაც თ-----------–----- დაუდგინდა დიაგნოზი: გულმკერდის მარჯვენა ნახევრის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი შემავალი ჭრილობა, მარჯვენამხრივი ჰემოპნევმოთორაქსი, ფილტვის ჭრილობა, დიაფრაგმის ჭრილობა, სისხლჟონვადობა შუასაყრის დაზიანებული უბნიდან, მუცლის წინა კედლის, მარცხენა ნახევრის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი შემავალი ჭრილობა, წვრილი ნაწლავის ჭრილობა, ჰემოპერიტონიუმი. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში, ისე ცალ-ცალკე, მიეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, რომლითაც დასტურდება 2019 წლის 6 აპრილს, საღამოს საათებში, თ-----------–-----ა და ვ-------------- შორის არსებული მიმოწერა, რა დროსაც თ-----------–----- მხრიდან გრძნობის გამოხატვას ვ------------- პასუხობს, რომ ქმარი ჰყავს და არ ღირს მათ შორის საუბარი, რის შემდეგაც თ-------- ბ-–---- სთხოვს, რომ მიწეროს, როცა შესაძლებლობა ექნება. შემდეგ უბოდიშებს, რომ არ იცოდა, მეუღლე თუ იყო, თორემ ამდენსაც არ იზამდა. ამის მერე სთხოვს დარეკვას. გარდა აღნიშნული მტკიცებულებებისა, დაცვამ უდავოდ გახადა გამომძიებელ გ---------–---–-- მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები.

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის შინაარსს, რომლის მიხედვითაც, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, მხარეები ფაქტობრივად თანხმდებიან კონკრეტული მტკიცებულებების შინაარსზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს ენიჭება პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სასამართლომ დაცვის მტკიცებულების ფარგლებში გამოიკვლია დაცვის მხარის მიერ ჩატარებული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #----- დასკვნა, რომლის თანახმადაც, თ---------------–---–- ბრალად წარდგენილი ქმედების განხორციელების დროს იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.

 

დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა ლ-----------–-- და განმარტა, რომ წარედგინა თ---------------–---–-ს ბრალდების საქმის ქსეროასლები, რის პარალელურადაც თ---------------–---–- გამოიკვლია პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კუთხით. შეისწავლა მისი პიროვნული, ინდივიდუალურ-ფსიქოლოგიური თავისებურებები, რამდენადაც სხვადასხვა ხასიათის მქონე პიროვნებას ერთსა და იმავე გამღიზიანებელზე, შესაძლოა, სხვადასხვა რეაქცია ჰქონდეს. პიროვნების თავისებურებას განსაზღვრავს, ერთის მხრივ, ცენტრალური ნერვული სისტემის, უმაღლესი ნერვული სისტემის ტიპი, ასაკობრივი ფაქტორი, ტემპერამენტი, ინტელექტი და დროებითი ფსიქო-ფიზიკური ფაქტორები, როგორიცაა გადაღლა, უძილობა, გადატანილი ასთენია და ა.შ. აღნიშნულ დროს იცვლება და ირღვევა პიროვნების ფსიქიკური ფუნქციები, ყურადღების კონცენტრაცია გაძნელებულია, მეხსიერება ქვეითდება, მისი სისწრაფე, აღქმის დონე, ორიენტაციის უნარი იცვლება, აწეულია ემოციური მგრძნობელობა. ყოველივე ეს უდევს საფუძვლად გამღიზიანებელზე პიროვნების აფექტური რეაქციის წარმოქმნას. ფიზიოლოგიური აფექტი განსხვავდება სხვა ემოციური მდგომარეობებისგან. ამ სახის აფექტს ახასიათებს დინამიკური მიმდინარეობა და მოიცავს სამ ფაზას. ფიზიოლოგიური აფექტის პირველი ფაზა არის მომამზადებელი ეტაპი, რომლის მიმდინარეობა შემოიფარგლება ფსიქომატრავმირებელი სიტუაციის არსებობის ხანგრძლივობით. მეორე ფაზა არის გამღიზიანებელზე გაღიზიანების კულმინაცია. ამ დროს ხდება აფექტის აფეთქება, რაც აღქმის ფრაგმენტულობით, ქცევის იმპულსურობით, სტერეოტიპულობით, ინტელექტუალური და ნებითი კონტროლის მკვეთრი დაქვეითებით და საკუთარი ქმედებისა და მოსალოდნელი პროგნოზის უგულებელყოფით ხასიათდება. მესამე ფაზა არის აფექტის დაცემა, როდესაც პიროვნება გადადის ასთენიურ მდგომარეობაში, ადგილი აქვს ჩადენილი ქმედების ნაწილობრივ ამნეზიას, დავიწყებას, აპათიურობას, დანაშაულის და სინანულის განცდას, ვეგეტატიურ გამოვლინებებს. ბრალდებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით და თ---------------–---–-ს შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ თ---------------–---–-, მართალია, იცავს გარკვეულ ზღვარს ნებელობის ხარჯზე, მაგრამ კულმინაციურ წერტილში პიროვნულად აფექტური განტვირთვებისადმი მიდრეკილ პირთა კატეგორიას მიეკუთვნება და იგი ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისი შემთხვევა შეიძლება საილუსტრაციო იყოს სტუდენტებისთვის, როგორც ფიზიოლოგიური აფექტის კლასიკური შემთხვევა, მიმდინარეობის სამივე ეტაპით.

 

მოწმის განმარტებით, ფიზიოლოგიური აფექტი არის ისეთი მწვავე ფეთქებადი მდგომარეობა, რომელიც პიროვნებას ეუფლება სწრაფად, მძვინვარედ მიმდინარეობს და ცნობიერების შევიწროების ფონზე ადგილი აქვს ინტელექტუალური, ნებელობითი ფუნქციების მკვეთრ დაქვეითებას და ვეგეტატიურ ცვლილებებს. ფიზიოლოგიური აფექტი დამოკიდებულია მწვავე ფსიქომატრავმირებელ სიტუაციაზე, რაც შეიძლება იყოს ხანმოკლე, შემოიფარგლება გარკვეული წამებით, წუთებით, აფეთქება ხდება სწრაფად. თ--------ს შემთხვევაში აფეთქება ხანმოკლე იყო. არის, აგრეთვე, ხანგრძლივად მიმდინარე ფიზიოლოგიური აფექტი, რა დროსაც პროცესი შეიძლება პერმანენტულად მიმდინარეობდეს, ან ინტერვალებით. ამ დროს ხდება პიროვნების ფსიქიკის დამუხტვა უარყოფითი შინაარსის განცდებით და მის ფსიქიკაში იქმნება აფექტის აფეთქებისთვის მზაობა. შეიძლება წინა გამღიზიანებლები უფრო ძლიერი იყო და მეტად მნიშვნელოვანიც, მაგრამ ბოლო გამღიზიანებელმა მოიცვა აფექტური რეაქცია. ამ დროს პიროვნებას უჩნდება გარკვეული მოქმედების მოთხოვნილება, მაგრამ ვერ აგნებს შესატყვის ქცევას და ეს შეუძლებლობა წარმოშობს აფექტის აფეთქებას. ფიზიოლოგიურ აფექტს ყოველთვის იწვევს ორი ფაქტორი, პირველია პიროვნების განადგურების შიში, მეორეა მორალურ-ეთიკური ხასიათის გამოთქმა, ან მოქმედება, რომელიც პიროვნების ან მისი ახლობლის ღირსების შემლახველია, რაც განსაკუთრებულ მატრავმირებელ ფაქტორს წარმოადგენს. თ---------------–---–-ს შემთხვევაში მეორე გარემოება იყო ზეზღურბლოვანი გამღიზიანებელი, რომელზეც მან მოიცვა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობა. ამ შემთხვევაში პირველი ფაზა იყო ის მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც საფუძვლად დაედო დანაშაულებრივ ფაქტს: თ---------------–---–- მივიდა და უნდოდა გარკვევა და ურთიერთობის მშვიდობიანად მოგვარება, მაგრამ კულმინაციას მიაღწია, როდესაც მეუღლის მიმართ შეურაცხმყოფელი გამოთქმები მოისმინა. ამაზე მიუთითებს მეორე ფაზა - გონება გადამეკეტა და აღარაფერი მახსოვსო, ამბობს. ეს არის აფეთქება, რაც ხასიათდება ძლიერი ემოციური გაღიზიანების გარეგანი ნიშნებით, ქცევის იმპულსურობით, არ აქვს არც ინტელექტუალური და არც ნებითი კონტროლი, რა დროსაც ორი დარტყმა მიაყენა დაზარალებულს და რომ არ მისულიყვნენ სხვა პირები, შესაძლებელია, მეტი დარტყმა განეხორციელებინა. ფიზიკური შეხლა-შემოხლის დაწყებისთანავე ჩაერივნენ ორივე მხარის თანმხლები პირები და გააშველეს. მესამე ფაზას ჰქონდა ადგილი, როცა თ---------------–---–- ცუდად გახდა, არ ჰქონდა წასვლის თავი, კანკალებდა. ამბობს, მციოდაო, არადა, კი არ სციოდა, ეს მისი ფიზიკური მდგომარეობა იყო. ფაქტი, რომ ის თავისსავე მანქანაში უკანა სავარძელზე დასვეს და არა საჭესთან, ასევე, ის, რომ მსვლელობისას ძილბურანში იყო, მანქანაში ცუდად გახდა, ოფლი ასხამდა, გადაიყვანეს და პირღებინება ჰქონდა, არის მესამე ფაზის დამახასიათებელი ნიშნები. მის ჩვენებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ იმდენად ცუდად გრძნობდა თავს, რომ სახლში ცივი აბაზანის ქვეშ დადგა, რომ ძალა მოეკრიბა. მესამე ფაზა შეიძლება ხანგრძლივად მიმდინარე იყოს, გარკვეული პარამეტრები ჩნდება პიროვნების ფსიქიკაში. ნევროზული მდგომარეობა, ასთენია, თავის ტკივილი, ან რაღაცა ნევროზული ტიკები ემართებათ ხოლმე ზოგჯერ, რაც შესაძლოა თვეების მანძილზე გაგრძელდეს. ის ფაქტი, რომ თ---------------–---–- სამარტოო საკანში გადაიყვანეს, რადგან ძილის დროს თავს აქნევდა, არის ნევროზული ტიკი, პიროვნება იხსენებს და ყოველი გახსენება ამ მდგომარეობაში აყენებს.

 

მოწმემ, ასევე, განმარტა, რომ კვლევისას გამოიყენა სხვადასხვა სახის ტესტები, ასევე, მეთოდები, რომელთა ხანგრძლივობა დამოკიდებულია პიროვნებაზე. რაც ინტელექტუალურია პირი, უფრო ხანგრძლივი დრო სჭირდება. მან ყველაფერი ერთად გაითვალისწინა და მივიდა დასკვნამდე, რომ ეს იყო ფიზიოლოგიური აფექტის კლასიკური ფორმა.

 

როგორც გამოკვლეული, ასევე, უდავოდ მიჩნეული, დაცვისა და ბრალდების მხარის მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა ადგენს, რომ თ-----------–-----თვის სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის ორი ჭრილობა მიყენებულია თ---------------–---–-ს მიერ განზრახ, მისი მოკვლის მიზნით, განსაკუთრებული შემამსუბუქებელი ფაქტორის - აფექტის მდგომარეობაში ყოფნისას.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას... ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში‘‘ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ #1/1/548; 22/01/2015; §4).

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული განზრახ მკვლელობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

 

ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა განზრახ მკვლელობა, აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით - ჩაიდინოს მკვლელობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს. ამასთან, განზრახ მკვლელობისთვის პასუხისმგებლობის შემსუბუქებელი გარემოებაა გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლით, რომელიც მოიცავს განზრახ მკვლელობის ჩადენას უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სიცოცხლის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და მისი ხელყოფისაკენ მიმართული დანაშაული განსაკუთრებულ პრევენციას და მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან. ამასთან, სახელმწიფოს აქვს განსაკუთრებული ვალდებულება, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნოს ობიექტური პირი დამნაშავის ბრალეულობაში, აუცილებელია ზედმიწევნითი კონტროლი ყველა მტკიცებულებაზე და შეფასება ვიწრო პრიზმაში, რათა ბრალდებულს უსაფუძვლოდ არ დაედოს მსჯავრი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის.

 

სასამართლომ საქმის არსებითი განხილვისას გამოიკვლია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე, შეამოწმა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა, შეაფასა თითოეული ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, და დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოება, რომ თ---------------–---–-- განზრახ მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები თ-----------–-----, თუმცა, გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა აღნიშნული ჩაიდინა დაზარალებულის მაპროვოცირებელი ქცევის გამო, ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.

 

იმისათვის, რომ პირს ბრალად შეერაცხოს განზრახი დანაშაულის, მოცემულ შემთხვევაში, მკვლელობის მცდელობის ჩადენა, დანაშაულის კვალიფიკაციაზე გავლენის მომხდენი შემამსუბუქებელი ფაქტორის გათვალისწინების გარეშე უნდა წარმოჩინდეს როგორც ობიექტური, ისე - სუბიექტური მხარე, ჰქონდა თუ არა თ-------- მ-----–---–ს ამგვარი განზრახვა თ-----------–-----თან შეხვედრამდე ან შეხვედრის დროს, რაც უნდა დადგინდეს ყველა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივი ანალიზით, კერძოდ, უნდა შეფასდეს დანაშაულის ჩადენის გარემოებები, ბრალდებულისა და დაზარალებულის ურთიერთდამოკიდებულება, მოტივი, მიზანი და სხვა.

 

დადგენილია, რომ 2019 წლის 7 აპრილს, ღამით, თბილისში, გ-–----------- მ/რ-ნში, ბენზინგასამართი სადგურისა და სუპერმარკეტ ,,-----------‘ მიმდებარედ, ერთმანეთს შეხვდნენ თ---------------–---–- და თ-------- ბ-–----, რომლებთან ერთადაც იმყოფებოდნენ მათი მეგობრები. ამასთან, საქმის არსებითი განხილვისას დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, სუში ბარ ,,-------- თანამშრომელთა გამოკითხვის ოქმებით, ვ-------------- მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმითა და სხვა უდავო მტკიცებულებებით დადგენილია, რომ თ---------------–---–- თ-----------–----- შეხვდა მის მეუღლესთან ნაწარმოებ მიმოწერასთან დაკავშირებით, რა დროსაც, როგორც სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა განაცხადეს, ის სრულიად მშვიდად აპირებდა საკითხის გარკვევას და დალაპარაკებას თ-----------–-----თან.

 

დაზარალებულის მეგობარმა - კ---------------–---–--, ასევე, ბრალდებულის მეგობრებმა - ძმებმა გ-------–---–---- თავიანთ ჩვენებებში მიუთითეს, რომ თ---------------–---–- და თ-------- ბ-–---- სასაუბროდ ცალკე გავიდნენ, რადგან საქმე ეხებოდა დელიკატურ საკითხს, რაც ბრალდებულის მეუღლესა და დაზარალებულს შორის არსებულ მიმოწერაში გამოიხატებოდა. დაზარალებული თ-------- ბ-–----ც არ უარყოფს თავის ჩვენებაში, რომ თ-------- მ-----–---–თან ხმამაღალი ტონით საუბარი თვითონ დაიწყო, დაადასტურა ისიც, რომ დაბალი ხმით საუბრისკენ მასვე მოუწოდა მისმა მეგობარმა კ---------------–---–--. მოწმე დ--------------–---–-- ყურადღება გაამახვილა, რომ დაზარალებულმა აგდებული და ირონიული ტონით უთხრა ბრალდებულს მის მეუღლეზე, რომ ლამაზი გოგო იყო და ვერავინ დაუშლიდა ლამაზი გოგოსთვის მიწერას. მოწმემ, ასევე, განმარტა, რომ დაზარალებულის სიტყვებმა - ,,შენი ცოლი ჩემი გახდება‘‘ - თ---------------–---–-ს გაგიჟება გამოიწვია და უცბად ატყდა ჩხუბი. აღნიშნულის თავსებადია მოწმე ნ-----–-------------–---–-- ჩვენებაც, რომლის თანახმადაც, დაზარალებულმა უთხრა: ,,შენი ცოლი ჩემი ნაშა გახდება და ცოლს აგახევო‘‘, რის შემდეგაც თ---------------–---–- დარტყმაზე გადავიდა. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ თ---------------–---–- გახდა ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი, რისი მაპროვოცირებელიც დაზარალებულის დამოკიდებულება გახდა, არ უარყვია არცერთ მოწმეს. აღნიშნულ გარემოებასთან არათავსებადია დაზარალებულის განცხადება, რომ, თითქოს, მას ბრალდებულისთვის არ უთქვამს მსგავსი სიტყვები და როგორც კი დაიჯერა, რომ ვ-------------- ნამდვილად ჰყავდა ქმარი, შეწყვიტა მასთან მიმოწერა და სწორედ ამავეს ეუბნებოდა ბრალდებულსაც. ასეთ ვითარებაში გაურკვეველია, რამ გამოიწვია ამ უკანასკნელის უეცარი აღელვება, რასაც ცალსახად ყველა მოწმე ადასტურებს.

 

გარდა ამისა, მოწმეებმა - კ---------------–---–--, დ----- და ნ-----–---- გ-------–---–---- განაცხადეს, რომ თ---------------–---–-ს მხრიდან ფიზიკური აგრესია წამებში განვითარდა, რაც მათ გაანეიტრალეს, მივარდნენ და გააშველეს. ამასთან, არცერთის მხრიდან არ დგინდება ჩხუბში უშუალო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის იარაღი, მჩხვლეტავ-მჭრელი პირის მქონე საგანი არცერთ მოწმეს, მათ შორის, არც დაზარალებულს არ დაუნახავს. ასევე, ვერ იქნა ამოღებული ეს საგანი საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად. დანასთან მიმართებით სასამართლომ ინფორმაცია მიიღო მხოლოდ ექსპერტ ლ-----------–-- დაკითხვისას, რომ, თ---------------–---–-ს ინფორმაციით, მანქანის გასაკეთებლად სჭირდებოდა დანა, რაც შემდეგ დარჩა მანქანაში. იმის გამო, რომ ბრალდებულმა გამოიყენა დუმილის უფლება, მის მიერ ექსპერტისთვის მიწოდებულ ინფორმაციას სასამართლო ვერ განიხილავს ბრალდებულის საწინააღმდეგოდ, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც ჩხუბი სწორედ თ-------- მ-----–---–სა და თ-----------–----- შორის განვითარდა, რაში მონაწილეობაც ადგილზე მყოფ სხვა პირთა მხრიდან მხოლოდ გაშველებით შემოიფარგლა, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დაზარალებულის სხეულზე ჭრილობები მიყენებულია ბრალდებულის მიერ. ამასთან, უდავოდ ცნობილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ თ-----------–----- სხეულზე არსებული დაზიანებები, შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები გულმკერდისა და ფილტვის არეში, განვითარებულია მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ ის, რომ არ არის ამოღებული დანაშაულის იარაღი, არ იძლევა ეჭვის შეტანის საფუძველს იმაში, რომ თ-----------–-----თვის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიყენებულია თ---------------–---–-ს მიერ.

 

რაც შეეხება კონფლიქტის განვითარების წინაპირობას, რაც თ---------------–---–-ს განზრახი ქმედების მაპროვოცირებელი გახდა, იყო თ-----------–----- აგდებული და ირონიული დამოკიდებულება, მისთვის შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი შინაარსის შემცველი პასუხი, რასაც მოჰყვა უეცარი, საპასუხო და მიზანმიმართული რეაქცია თ---------------–---–-ს მხრიდან. ამდენად, სასამართლოს, მოწმეთა ჩვენებების თანახმად, რომელთა გამოკითხვის ოქმებსა და სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებს შორის წინააღმდეგობა სასამართლომ ვერ დაინახა და, შესაბამისად, არ არსებობს მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, ეჭვსგარეშე დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ---------------–---–-- განზრახ ჩაიდინა თ-----------–----- მკვლელობის მცდელობა, თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობა ქმედების კვალიფიკაციისთვის ენიჭება იმ გარემოების დადგენას, რა გახდა მისი ამგვარი ქმედების განმაპირობებელი. აღნიშნულთან მიმართებით დაცვის მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, თ---------------–---–-ს მიერ დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში, რისი საპირწონეც ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

ხსენებული დასკვნის კატეგორიულობა საქმის არსებითი განხილვისას დაადასტურა ექსპერტმა ლ-----------–--, რომელმაც პრაქტიკულად მეცნიერული სიზუსტით ახსნა ფიზიოლოგიური აფექტის განვითარების სამივე ფაზა და მისი შესაბამისობა თ---------------–---–-ს ქმედებასა და თ-----------–----- ფსიქომატრავმირებელ გამონათქვამებს შორის, რაც ბრალდებულის მეუღლის და მისი ღირსების შეურაცხმყოფელ გამონათქვამებში გამოიხატა, რამაც წამიერად გამოიწვია, როგორც ეს დ--------------–---–-- განმარტა თავის ჩვენებაში, ბრალდებულის გაგიჟება. დაზარალებულის მხრიდან შეურაცხმყოფელი ქცევა გახდა ის ზეზღურბლოვანი გამღიზიანებელი, რაც საფუძვლად დაედო თ---------------–---–-ს მხრიდან დანაშაულის ჩადენას, მისმა გაღიზიანებამ კულმინაციას მიაღწია, როდესაც მან მისი მეუღლის მიმართ გარკვეული შეურაცხმყოფელი გამოთქმები მოისმინა. ექსპერტის მიერ დასახელებელი მეორე ფაზა - გონების გადაკეტვა და სიტუაციური ამნეზია, იყო აფეთქება, რა დროსაც ორი დარტყმა მიაყენა დაზარალებულს. ექსპერტმა ლ-----------–-- ახსნა, რომ, გამშველებელი პირების არარსებობის შემთხვევაში, თ-------- მ-----–---–ს, რომელიც აფექტის მეორე ფაზაში იმყოფებოდა, შესაძლოა, კიდევ არაერთი დარტყმა მიემართა დაზარალებულისკენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს არ აქვს ბრალდებულის ჩვენება, მის მიერ კანონით გათვალისწინებული დუმილის უფლებით სარგებლობის გამო, ლ-----------–-- მიერ ჩვენებაში ახსნილი აფექტური მდგომარეობის ფაზები ნათლად გამოიკვეთა მოწმეების - დ----- და ნ-----–-------------–---–---- ჩვენებებით, რომლებმაც ზუსტად ასახეს ქმედების შემდგომ ბრალდებულის ფიზიკური მდგომარეობა, რამდენადაც მათ გაცილებით მეტი კონტაქტი ჰქონდათ მასთან, ვიდრე დაზარალებულ თ-----------–-----ა და მოწმე კ---------------–---–-, რომლებმაც ქმედების შემდეგ ბრალდებულისა და მისი მეგობრების მხრიდან მხოლოდ შემთხვევის ადგილის დატოვება დააფიქსირეს. ორივე მოწმემ დარწმუნებით აღწერა, რომ თ-------- მ-----–---–ს ფაქტობრივად ცნობიერება დაბინდული ჰქონდა, ის საკუთარი მანქანის საჭესთანაც კი არ დასვეს, რადგან მისი მდგომარეობის გამო ვერ გარისკეს და სალონის უკანა სავარძელზე მოათავსეს. ამასთან, გზად თ---------------–---–-ს კანკალი, პირღებინება, სრული უკონტაქტობა, ექსპერტმა ახსნა, როგორც ფიზიოლოგიური აფექტის მესამე ფაზა.

 

გარდა ამისა, ლ-----------–-- მიერ მითითებული გარემოება, რომ არსებობს აფექტის მესამე ფაზის განგრძობადი მდგომარეობა, ფაქტობრივად თანხვედრაშია მოწმე გ-------------–---–-- ჩვენებასთან, რომელმაც შემთხვევის მომდევნო დილას ბრალდებული სოფელ ზ---------–- წაიყვანა, როდესაც ის, ასევე, არ იყო კონტაქტური. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ეჭვს ვერ შეიტანს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში, რომლის საწინააღმდეგო სასამართლოში წარმოდგენილი არაფერი ყოფილა. ამასთან, განსაკუთრებით ნიშანდობლივია ლ-----------–-- მიერ თ---------------–---–-ს ქმედების შეფასება, რომ ეს არის კლასიკური ფიზიოლოგიური აფექტი, რაც სტუდენტებთან საილუსტრაციო მაგალითად გამოდგება.

 

ამდენად, სამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული, რომ ბრალდებულ თ---------------–---–-ს მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას, თუმცა ბრალდებულის ქმედებას უნდა მიეცეს სწორი სამართლებრივი შეფასება და მან რეალურად განხორციელებული ქმედებისათვის უნდა აგოს პასუხი.

 

ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებების ურთიერთანალიზის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თ---------------–---–-ს მხრიდან დადასტურებულად ჰქონდა ადგილი განზრახ მკვლელობის მცდელობას, თუმცა აღნიშნული ჩადენილია უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში. ამასთან, კვალიფიკაციისთვის განმსაზღვრელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა პირის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - სიცოცხლის მოსპობის საფრთხის შექმნას შორის, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა - თ-----------–-----თვის მიყენებული სიცოცხლისათვის სახიფათო ორი შემავალი ჭრილობა პირდაპირაა დაკავშირებული თ---------------–---–-ს ძლიერი სულიერი აღელვებით გამოწვეულ ქმედებასთან.

 

ამდენად, თ---------------–---–-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,111-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი/დამამძიმებელი გარემოებები და სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს განსასჯელის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

სასამართლო ბრალდებულ თ---------------–---–-ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ დანაშაული ჩადენილია ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში, რაც გამოწვეული იყო დაზარალებულის ვიქტიმური ქცევით, ასევე, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებული დღემდე არ არის სრულყოფილად გამოჯანმრთელებული. გარდა ამისა, მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ნასამართლობას და იმ გარემოებას, რომ დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ-------- მ-----–---–ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სანქციის მაქსიმუმი, ხოლო რამდენადაც ის დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს წინა განაჩენით მის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და ამ დანაშაულისთვის დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1---------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად. კერძოდ, ავტომანქანა, მობილური ტელეფონები და ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს; სიგარეტის ნამწვები, სისხლის, ნერწყვის და თითის კვლის ნიმუშები უნდა განადგურდეს, ხოლო 3 ცალი ელექტრონული დისკი შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თ---------------–---–-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 19,111-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

 

თ---------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,111-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თ---------------–---–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1---------- განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და თ-------- მ-----–---–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

თ-------- მ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2019 წლის 9 აპრილიდან.

 

თ---------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულებები - ავტომანქანა ,,ჰონდა ინსიგნია‘‘ (სახ.#-------), მობილური ტელეფონები და ტანსაცმელი დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს; სიგარეტის ნამწვები, სისხლის, ნერწყვის და თითის კვლის ნიმუშები განადგურდეს, ხოლო 3 (სამი) ცალი ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შორენა გუნცაძე