გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/21109-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ანა ჩიკვილაძე
მოსარჩელე - შპს „ბ---------------------ა“
წარმომადგენელი - ლ-------------
მოპასუხე - შპს „ფ--–-------“
წარმომადგენელი - ნ-------------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „ფალავანდი 2“-ს მოსარჩელის შპს „ბ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მიწოდებული პროდუქციის ღირებულების 4619,55 ლარის ანაზღაურება;
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებს შორის არსებული ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ბ---------------------ამ“ მოპასუხეს პერიოდულად მიაწოდა პროდუქცია, მათ შორის: 2018 წლის 30 ოქტომბერს - 1046,02 ლარის ღირებულების პროდუქცია, 2018 წლის 13 ნოემბერს - 2968,22 ლარის ღირებულების პროდუქცია, ხოლო 208 წლის 23 ნოემბერს - 1586,8 ლარის ღირებულების პროდუქცია. მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა პროდუქციის ღირებულების გადახდა. ვადადამდგარი ვალდებულების და მოთხოვნის მიუხედავად შპს „ფ--–-------“-ს თანხა არ გადაუხდია.
სარჩელის შეტანის დროისთვის დავალიანება შეადგენს 4619,55 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ არც სასაქონლო ზედნადებებისა და არც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გაცემა და მათი ელექტრონულად დადასტურება არ გულისხმობდა, რომ შპს „ფ--–-------“-მა პროდუქცია მიიღო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „ბ---------------------ასა“ და შპს „ფ--–-------“-ს შორის ზეპირი ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შპს „ბ---------------------ა“ მოპასუხეს მის სავაჭრო ობიექტზე აწვდიდა სხვადასხვა სახის პროდუქციას.
შპს „ფ--–-------“-ის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია მასსა და შპს „ბ---------------------ას“ შორის ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. სასაქონლო ზედნადების თანახმად, 2018 წლის 30 ოქტომბერს მყიდველის, შპს „ფ--–-------“-ის სასარგებლოდ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შეადგენს 1046,02 ლარს, 2018 წლის 13 ნოემბერს - 2968,22 ლარი და 2018 წლის 23 ნოემბერს - 1586,8 ლარს.
ამავე პერიოდში შპს „ბ---------------------ის“ მიერ ელექტრონულად გადაგზავნილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები დადასტურებულია შპს „ფ--–-------“-ის მხრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 30.10.2018 წლის სასაქონლო ზედნადები , #--–-----------;
- 13.11.2018 წლის სასაქონლო ზედნადები, #--–-----------;
- 23.11.2018 წლის სასაქონლო ზედნადები, #--–-----------;
- საგადასახადო ანგარიშფაქტურები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. შპს „ბ---------------------ამ“ მოპასუხე შპს „ფ--–-------“-ს 30.10.2018 წლიდან 23.11.2018 წლის პერიოდში ჯამში მიაწოდა 5463,38 ლარის ღირებულების პროდუქცია, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი პირველადი და კორექტირებული ანგარიშ-ფაქტურებით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ ანგარიშ-ფაქტურების დადასტურება არ ნიშნავს პროდუქციის მიღებას და განმარტავს:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #886 ბრძანებით დამტკიცებული ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge (შემდეგში – სამსახურის ვებგვერდი) გამოყენებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით – პირის მიერ ელექტრონული ფორმით შედგენილი და წარდგენილი დოკუმენტი/წერილი, ასევე საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილი და გაგზავნილი დოკუმენტი/წერილი არ საჭიროებს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას და მას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ, პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ დოკუმენტს/წერილს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის შესახებ გადასახადის გადამხდელის განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის გადაყვანას კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმაზე და მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობებს მას ავტორიზაციის შესახებ. თუ განცხადება არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს უგზავნის წერილობით უარს განცხადების დაკმაყოფილებაზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ელექტრონული ფორმით კომუნიკაციისას გამოსაყენებელი სახელწოდებისა და პაროლის დაკარგვის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ვიდეოზარის/წერილობითი განცხადების მეშვეობით მიმართოს საგადასახადო ორგანოს აღნიშნული სახელწოდების/პაროლის აღდგენის მიზნით.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება ელექტრონულ ანგარიშ-ფაქტურას, რომელიც დადგენილი წესით დადასტურებას საჭიროებს.
საქმეში წარმოდგენილი კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ელექტრონულად დადასტურებულია მოპასუხე შპს „ფ--–-------“-ის სახელით და მოპასუხის მიერ დადასტურებული იქნა ჯამში 5463,38 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდების შესახებ წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- პირველადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები;
- კორექტირებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.
3.2.2. შპს „ფ--–-------“-ს მოსარჩელისთვის შპს „ბ---------------------ის“ სასარგებლოდ სრულად არ აქვს ანაზღაურებული მიწოდებული პროდუქციის ღირებულება და დავალიანება არის 4619,55 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. შესაბამისად, მოპასუხე მხარე ვალდებულია დაამტკიცოს ის ფაქტები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის შესაგებელს, მაშასადამე მან არამარტო უნდა გამოთქვას საპირისპირო მოსაზრება კონკრეტულ მტკიცებულებასა და ფაქტთან დაკავშირებით, არამედ უნდა დაასაბუთოს იგი.
წარდგენილი შესაგებლით, ასევე სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით, მოპასუხემ საერთოდ გამორიცხა მოსარჩელის მიერ მისთვის პროდუქციის მიწოდების ფაქტი და დავალიანების ოდენობასთან დაკავშირებით შედავება არ განუხორციელებია.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლთან მიმართებით და განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულება უნდა დადასტურდეს კრედიტორის მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, კერძოდ, მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობის დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს (სუსგ 15.09.2014წ., საქმე №ას-517-490-2014).
კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეს (მოვალეს) თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია სასამართლოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხის ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 477-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ნასყიდობის ხელშეკრულება არის კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება. იგი ორმხრივ მავალდებულებელი გარიგებაა, რაც გამოიხატება, ერთი მხრივ, გამყიდველის ვალდებულებაში, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო, მეორე მხრივ, მყიდველის ვალდებულებაში, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
განსახილველ შემთხვევაში შპს „ბარაბმო და კომპანიასა“ და შპს „ფ--–-------“-ს შორის არსებული ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა პროდუქცია, რომლის ღირებულება შპს „ფ--–-------“-ს სრულად არ აუნაზღაურებია და დავალიანება არის 4619,55 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არა აქვს შესრულებული და მას უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს 70 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე - 50 ლარი. ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით, შპს „ ფ--–-------“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 69,29 ლარისა და 50 ლარის გადახდა, ხოლო ზედმეტად გადახდილი 0,71 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 სექტემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ბ---------------------ის“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
ვინაიდან ძირითადი სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მოთხოვნის გათვალისწინებით, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს „ბ---------------------ა“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შპს „ფ--–-------“-ს მოსარჩელე შპს „ბ---------------------ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მიწოდებული პროდუქციის ღირებულების 4619.55 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე შპს „ფ--–-------“-ს მოსარჩელე შპს „ბ---------------------ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის სანაცვლოდ - 69.29 ლარის გადახდა და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახ. ბაჟის სანაცვლოდ - 50 ლარის გადახდა;
4. მოსარჩელე შპს „ბ---------------------ა“-ს (ს/ნ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 13.08.2019 წელს N---------- საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 70 ლარიდან - 0,71 ლარი (71 თეთრი), გადამხდელის ბანკი - სს ,,თიბისი ბანკი”, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები ბანკი - ხაზინა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე