გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/25408-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05.02.2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი
სხდომის მდივანი თამარ შალამბერიძე
მოსარჩელე გ------- ჩ------–---–-,წარმომადგენელი კახა ჩ------–---–-,მოპასუხე სს ს----------–--- რ-------ა,წარმომადგენელი ე-–-------- შ-----–--,წარმომადგენელი ლ---- გ------–---,წარმომადგენელი ი--- კ-–--,დავის საგანი: შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, დაყოვნების პირგასამტეხლოს დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სს ს----------–--- რ-------ის მიერ მოსარჩელე გ------- ჩ------–---–-ს მიმართ 25.09.2019 წელს გამოცემული N0---- ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
1.2. გ------- ჩ------–---–- აღდგენილ იქნეს სს ს----------–--- რ-------აში თბილისის მგზავრთა გადაყვანის სერვის-ცენტრის პასუხისმგებელი მორიგის თანამდებობაზე.
1.3. მოპასუხე სს ს----------–--- რ-------ას დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2019 წლის ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად დასაბეგრი 900 ლარის გადახდა.
1.4. მოპასუხე სს ს----------–--- რ-------ას დაეკისროს მოსარჩელე გ------- ჩ------–---–-ს სასარგებლოდ ყოველთვიურად მისაცემი ანაზღაურების დაყოვენებისათვის პროცენტის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მისაცემი თანხის 0.07%-ის ოდენობით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სასამართლოს კანონიერი ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელს არ ცნობს უსაფუძვლობის მოტივით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე გ------- ჩ------–---–- 2011 წლიდან დასაქმებული იყო სს ს----------–--- რ-------აში სხვადასხვა თანამდებობებზე. მოსარჩელე გ------- ჩ------–---–- მოპასუხის 25.03.2016 წლის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა სს ს----------–--- რ-------ის თბილისის მგზავრთა გადაყვანის მომსახურების სერვის-ცენტრის დარბაზის პასუხისმგებელ მორიგედ. მოსარჩელის შრომის ანაზღაურება შეადგენდა დასაბეგრ 900 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
02.09.2011 წლის ბრძანების ასლი ს. ფ. 68.
06.01.2016 წლის ბრძანების ასლი ს. ფ. 71.
25.03.2016 წლის ბრძანების ასლი ს. ფ. 76.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.2. მგზავრთა მომსახურების სერვის-ცენტრის პასუხისმგებელი მორიგის სამუშაოს აღწერილობის თანახმად, მგზავრთა მომსახურების სერვის-ცენტრის პასუხისმგებელმა მორიგემ თავისი საქმიანობის პროცესში, უნდა შეასრულოს შემდეგი ფუნქციები: სერვის-ცენტრის თანამშრომელთა ურთიერთშეთანხმებული მოქმედების ორგანიზება.
მგზავრთა მომსახურების სერვის-ცენტრის პასუხიმგებელმა მორიგემ, თავისი საქმიანობის პროცესში, უნდა გადაჭრას შემდეგი ამოცანები:
უზრუნველყოს მის ცვლაში დასაქმებული თანამშრომლების მხრიდან მგზავრთა მაღალკვალიფიციური მომსახურება.
მგზავრთა მომსახურების ცენტრის პასუხისმგებელმა მორიგემ საკუთარი დანიშნულებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე უნდა შეასრულოს შედეგი ფუნქციები და მოვალეობები:
კონტროლს უწევს მის ცვლაში დასაქმებული თანამშრომლების მიერ შინაგანაწესის შესრულებას, შრომის დისციპლინის დაცვას, ტექნიკური საშუალებების გამართულ მუშაობას;
კოორდინაციას უწევს მგზავრთა მხრიდან წამოჭრილი საკითხების შესრულებას, წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებას, სერვის-ცენტრის ხელმძღვანელობას აწვდის ინფორმაციას არსებული ვითარების შესახებ;
თავის კომპეტენციის ფარგლებში, კონსულტაციას უწევს მგზავრებს, ახორციელებს ქმედით დახმარებას;
მოვალეა შეასრულოს ხელმძღვანელის სხვა დავალებები. ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე დაიცვას შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესები;
მოვალეა დაიცვას შრომის შინაგანაწესი და დისციპლინა.
დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ხარისხიანად შესრულებისათვის მგზავრთა მომსახურების სერვის-ცენტრის პასუხისმგებელ მორიგეს უფლება აქვს:
სერვის ცენტრის ხელმძღვანელობის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში, მისი კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს გადაწყვეტილებები სერვის-ცენტრის ნორმალური ფუნქციონირებისათვის;
მოითხოვოს დაკისრებული სამუშაოს ეფექტურად შესრულებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსი;
მოითხოვოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული აუცილებელი ინფორმაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სამუშაოს აღწერილობის ასლი ს. ფ. 77-79.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.3. სს ს----------–--- რ-------ის დასაქმებულთა ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების თანახმად, წინამდებარე დოკუმენტი აღწერს სს ს----------–--- რ-------ის დასაქმებულთა ქცევის ზოგად პრინციპებს;
1.3. პუნქტის თანახმად, კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დაცვა სავალდებულოა კომპანიის თითოეული დასაქმებულისათვის, განურჩევლად დაკავებული თანამდებობისა. კოდექსის დაუცველობა გამოიწვევს დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სასჯელის გამოყენებას, მათ შორის სამსახურიდან გათავისუფლებას.
დასაქმებულთა ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების 2.1. პუნქტის თანახმად, კომპანიის თითოეული დასაქმებული ვალდებულია იმოქმედოს იმ სტანდარტებით და პიროვნული ქცევის წესებით, რაც პასუხობს კომპანიის აღიარებულ ვალდებულებებს და ტრადიციებს.
2.2. პუნქტის თანახმად, პიროვნული ქცევის უმაღლესი სტანდარტები დასაქმებულისაგან მოითხოვს პატიოსნებას, კეთილსინდისიერებას და პატივისცემას საკუთარი კოლეგების, ორგანიზაციის, ფართო საზოგადოების თუ მისი ცალკეული წევრის წინაშე, განურჩევლად მდგომარეობისა.
2.5. პუნქტის თანახმად, კომპანიის დასაქმებული არ განახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომელიც შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს კომპანიისათვის.
2.7. პუნქტის თანახმად, კომპანიის დასაქმებულს უნდა ახსოვდეს, რომ იგი წარმოადგენს კომპანიის სახეს და კომპანიის სახელით წარმოებულ გარემოსთან ნებისმიერ ურთიერთქმედებაში უნდა მოუფრთხილდეს კომპანიის რეპუტაციას.
2.8. პუნქტის თანახმად, კომპანიის დასაქმებული ასრულებს ხელმძღვანელის დავალებას, რომელიც არ ეწინააღმდეგება ს----------–--- კონსტიტუციას, მოქმედ კანონმდებლობას და კომპანიის შიდა ნორმატიულ აქტებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
დასაქმებულთა ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ასლი ს. ფ. 107-115.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.4. სამსახურებრივი განრიგის შესაბამისად მოსარჩელე გ------- ჩ------–---–ს 17.07.2019 წელს უწევდა ცვლაში მორიგეობა 18:00 საათიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.5. თბილისის მგზავრთა სერვის ცენტრის უფროსის ლ. დ-----–---–ის 18.07.2019 წლის მოხსენებითი ბარათის თანახმად, მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის სახელზე ირკვევა, რომ 2019 წლის 17 ივლისს თბილისის მგზავრთა სერვის ცენტრის პასუხისმგებელი მორიგე გ. ჩ------–---–- სამსახურში არსებული გრაფიკის მიხედვით გამოცხადდა დროულად 18:00 საათზე, დაახლოებით 22:30 სთ-ზე მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებისაგან მიღებული წინადადების თანახმად გ. ჩ------–---–- გადაყვანილ იქნა სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
18.07.2019 წლის მოხსენებითი ბარათის ასლი ს.ფ. 72.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.6. სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.07.2019 წლის დასკვნით ალკოჰოლური თრობის ფაქტის სამედიცინო შემოწმების შესახებ დადგინდა, რომ გ------- ჩ------–---–ს აღენიშნებოდა ალკოჰოლის სუნი პირიდან, ასევე მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობა 0,49 პრომილე.
საგულისხმოა ის გარემოება, რომ სარჩელით მოსარჩელე ადასტურებს ალკოჰოლის მიღების ფაქტი, თუმცა უთითებს რომ ალკოჰოლის შემცველი სასმელი მიიღო არა 17.07.2019 წელს, არამედ 16.07.2019 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ექსპერტიზის დასკვნის ასლი ს. ფ. 74.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
3.1.7. მოსარჩელის მიერ ჩადენილი გადაცდომა განხილულ იქნა მოსარჩელის მონაწილებით 03.09.2019 წელს, რის თაობაზეც შედგენილ იქნა სს ს----------–--- რ-------ის დირექტორთან ჩატარებული ოპერატიული თათბირის ოქმით.
ოქმის თანახმად, მონიტორინგის დეპარტამენტის მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 17 ივლისს თბილისის სერვის-ცენტრის უფროსის ლ---- დ------–---–ის თანდასწრებით, მონიტორინგის თანამშრომლებმა წინადადება მისცეს თბილისის მგზავრთა-სერვის ცენტრის დარბაზის პასუხისმგებელ მორიგეს გ------- ჩ------–---–ს შემოწმება გაევლო ალკოჰოლურ თრობაზე, რაზეც იგი დათანხმდა. ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადამოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ პასუხისმგებელი მორიგე გ. ჩ------–---–-, რომელიც მითითებულ დროს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.07.2019 წლის დასკვნის თანახმად, იმყოფებოდა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობის ქვეშ, მაჩვენებლით 0,49 ნიშნული. გ. ჩ------–---–- არ ადასტურებს სამუშაოზე ყოფნის პერიოდში ალკოჰოლის მიღების ფაქტს.
გ. ჩ------–---–-ს უშუალო უფროსის განმარტებით, აღნიშნულ თანამშრომელს გარეგნულადაც ეტყობა ალკოჰოლური თრობის ნიშნები, კერძოდ აღენიშნებოდა ალკოჰოლის სუნი და მოძრაობაც შენელებული ჰქონდა ნორმისგან განსახვავებული.
კომისიის სხდომაზე გაკეთდა განმარტება, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა მძღოლის სისხლში 0.3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა, შესაბამისად აღნიშნული იწვევს დამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას.
გარდა ამისა კომისიაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ სს ს----------–--- რ-------ის შრომის შინაგანაწესის 5.2. პუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია სამუშაოს შესრულებისას არ იმყოფებოდეს ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ.
პასუხისმგებელი მორიგის ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით, რაც მდგომარეობს თანამშრომლების მიერ შინაგანაწესის შესრულების, შრომის დისციპლინის დაცვის, ტექნიკური საშუალებების გამართულად მუშაობის, ასევე მგზავრთა მხრიდან წამოჭრილი საკითხების შესრულების, წარმოქმნილი პრობლემების მოგვარების, სერვის-ცენტრის კოორდინირებულად მუშაობის უზრუნველყოფაში, მისი გამოცხადება სამუშაოზე ალკოჰოლური თრობის ქვეშ, დაუშვებელია.
ოპერატიულმა თათბირმა დაადგინა, რომ სს ს----------–--- რ-------ის შრომის შინაგანაწესის უხეში დარღვევის გამო თბილისის მგზავრთა-სერვის ცენტრის დარბაზის პასუხისმგებელ მორიგეს გ------- ჩ------–---–ს უნდა შეუწყდეს შრომითი ხელშეკრულება ს----------–--- შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ პუნქტის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
03.09.2019 წლის ოქმის ასლი ს. ფ. 119-122.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.8. სს ს----------–--- რ-------ის 25.09.2019 წლის N0---- ბრძანებით გ------- ჩ------–---–- ს----------–--- შრომის კოდექსის 37.1. მუხლის ,,ზ“ პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ასევე მიეცა მიმდინარე წლის გამოუყენებელი კუთვნილი შვებულების ანაზღაურება 22 დღის ოდენობით.
გათავისუფლების საფუძვლად გათავისუფლების ბრძანებაში მითითებულია მგზავრთა გადაყვანის დირექტორთან ჩატარებული 2019 წლის 3 სექტემბრის ოპერატიული თათბირის ოქმი და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო შემოწმების დასკვნა N0--------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
25.09.2019 წლის ბრძანების ასლი ს. ფ. 43.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.1.9. 20.12.2019 წლის მდგომარეობით, სს ს----------–--- რ-------აში მგზავრთა გადაყვანას მგზავრთა მომსახურების დეპარტამენტის თბილისის მგზავრთა სერვის-ცენტრში მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული პასუხისმგებელი მორიგის ვაკანსია ვაკანტური არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
20.12.2019 წლის ცნობის ასლი ს. ფ. 116.
მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
მხარეები სადაოდ არ ხდიან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხის მიერ მოსარჩელე გ------- ჩ------–---–-ს მიმართ დისკრიმინაციული ან/და არათანაბარ მოპყრობას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლით ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს სამოქალაქო სამართალწარმოებაში შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თავად განსაზღვრავენ იმ ფაქტობრივ საფუძველთა წრეს, რასაც შესაბამისი პოზიცია (მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხის შესაგებელი) ეფუძნება.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს მის მიმართ ეროვნული და გენდერული ნიშნით განხორციელებულ დისკრიმინაციაზე, რაც წარმოადგნს დაცულ ნიშანს საქართველოს შრომის კოდექსის 2.3 მუხლით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632-ე, 3633-ე და 3635-ე, მუხლები აწესრიგებენ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე სამართალწარმოების პროცედურებს. დასახელებული ნორმების მიხედვით, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც მისი ვარაუდით, მის მიმართ განახორციელა დისკრიმინაციული მოპყრობა და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
ამავე კოდექსის 3633-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
შრომის კოდექსის 2.3 მუხლით შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ მიუთითა საკმარისი ფაქტები კონკრეტული თარიღების, კონკრეტილი ქმედებების სახით და ვერ წარმოადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები რაც მის მიმართ დისკრიმინაციული ქმედების განხორციელებას დაადასტურებდა მოპასუხის მხრიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მხრიდან დისკრიმინაციასთან მიმართებით მითითებულ უნდა იქნეს დაცული ნიშანი, რომელიც მას გააჩნია ან მოპასუხის შეხედულებით ასეთი დაცული ნიშანი მოსარჩელეს გააჩნია მიუხედავად იმისა რეალურად ამ დაცული ნიშნის მატარებელი არის თუ არა მოსარჩელე, ასევე მოსარჩელის მიერ მითითებულ უნდა იქნეს კონკრეტული ფაქტები რაც მისი მოსაზრებებით იძლევა მის მიმართ დისკრიმინაციულად მოპყრობის (გონივრული) ვარაუდის შესაძლებლობას, რის შემდეგაც მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების უარყოფის და (არადისკრიმინაციულად) სხვებთან შედარებით თანაბარად მოპყრობის მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.
მოსარჩელემ მის მიმართ დისკრიმინაციულად მოპყრობის ფაქტობრივი გარემოებასთან მიმართებით არ მიუთითა დაცული ნიშანი. მან მიუთითა მხოლოდ, რომ დამსაქმებელი დაინტერესებული იყო მის მიერ დაკავებული პოზიციის გამოთავისუფლებით, რათა ეს პოზიცია დაეკავებინა სხვა პირს, ხოლო ფაქტების მითითების ნაწილში მიიჩნია, რომ მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა მოხდა სწორედ ამის გამო, რაც სასამართლოს მოსარჩელის მხრიდან არასაკმარის დისკრიმინაციის კონკრეტული ფაქტების მითითებად მიაჩნია.
ამ მოცემულობაშიც კი როდესაც დისკრიმინაცია და არათანაბარი მოპყრობა გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დაცული ნიშნისა სხვა ნიშნითაც შეიძლება, რომ გამოიხატებოდეს მოსარჩელემ არასაკმარისაც მიუთითა არათანაბარი ან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები კერძოდ მიუთითა, რომ მისი უშუალო უფორსმა დანიშვნისთანავე შესთავაზა სამსახურიდან ნებაყოფლობით წასვლა რათა მისი ადგილი სხვას დაეკავებინა და აუკრძალა სამსახურში გამოცხადება, რის მიუხედავად მან გააგრძელა მუშაობა, უფროსის და მისი მოადგილის მხრიდან ხდებოდა მოსარჩლის სისტემატური და უსაფუძვლო ბრალდებები, ზეწოლა, სამუშაო აღწერილობით გაუთვალისწინებელი სამუშაოს შესრულების დავალება თუმცა არ დაუკონკრეტებია რაში გამოიხატებოდა ზეწოლა, ბრალდება, სხვა დამაკნინებელი სამუშაოს შესრულების დავალება როდის განხორციელდა იგი რა რაში გამოიხატა, რაც მოსარჩელე სხვებთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდა ან/და შელახა მისი ღირსება.
საქმეზე როგორც მოსარჩელე მხარის ასევე მოპასუხე მხარის მიერ დაკითხულ მოწმეთა ჩვენებით არ დადასტურდა მოსარჩელის მიერ არასრულად მითითებული რაიმე სახით დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი.
ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დისკრიმინაციული მოპყრობის ფატების არასრულყოფილად მითითების გამო მოპასუხე მოკლებულია შესაძლებლობას ამტკიცოს საწინააღმდეგო, ხოლო სასამართლო თავის მხრივ მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს ქმედება წარმოადგენს თუ არა დისკრიმინაციულს მოსარჩელესთან მიმართებით.
3.2.2. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნება მართლზომიერია.
როგორც მოპასუხე უთითებს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” პუნქტი, რაც ითვალისწინებს, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტას - მუშაკის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.
შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეულწილად „სპეციალურ“ წესზე. სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N158-ე კონვენციას „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ (მსჯელობას აღნიშნული საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტის ადგილზე ეროვნული სასამართლოს მიერ გამოსაყენებელ სამართლის წყაროებს შორის და ასევე მისი სხვადასხვა რეგულაციების თაობას ქვემოთ შემოგთავაზებთ). აღნიშნული კონვენცია შეიცავს საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს განსახილველი სამართალურთიერთობისათვის მნიშნელოვანს დანაწესს, რომლის თანახმადაც, კონვენციის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს. მით უმეტეს, შრომითი ურთიერთობა თავისი არსით ბუნებრივად ეხება ისეთ მხარეებს, რომლებიც მთლად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთურთის მიმართ. დამსაქმებელი, ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს; მას მიუწვდება ხელი ყველა იმ საჭირო მექანიზმსა და მონაცემზე, რომლითაც შრომითი ურთიერთობის რაიმე სახის ცვლილება უნდა დასაბუთდეს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი იღებს გადაწყვეტილებას უკვე დამკვიდრებული და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კონკრეტული შრომითი ურთიერთობის, ასე ვთქვათ - „თამაშის წესების“ ცვლილებაზე (ან მითუმეტეს საერთოდ ამ „თამაშის“ შეწყვეტასა და დასრულებაზე), სწორედ დამსაქმებელი ხდება პირი, რომელმაც მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება უნდა ამტკიცოს მის ხელთ არსებული შესაბამისი ინსტრუმენტებით. სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაშია როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებაში (საქმე№ ას-194-185-2016) შრომით დავაში მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე განმარტებულია, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. ამგვარადაა განმარტებული მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის (საქმე №ას-1276-1216-2014), 2015 წლის 23 მარტის ( საქმე №ას-122-114-2015) განჩინებებში.
განსახილველ სამართალურთიერთობაში, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას საფუძვლად დაედო საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტი, რომელიც გულისხმობს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტას მუშაკის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. აღნიშნული დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
მოსარჩელის მსჯელობას თუ გავყვებით, მოსარჩელე სარჩელში თავად მიუთითებს, რომ მას 17.07.2019 წელს უწევდა სამსახურებრივი მორიგეობა. წინა დღეს 16.07.2019 წელს (საათი არ დაუზუსტებია) შესაბამის გარემოში მიიღო ალკოჰოლის მცირე რაოდენობა, რის გამოც 17.07.2019 წელს იყო მსუბუქად ნაბახუსევ მდგომარეობაში. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნულის შესახებ აცნობა ხელმძღვანელობას და ითხოვა სამუშაო ცვლის გადაცვლა, რაზედაც უარი მიიღო, რის გამოც იძულებული იყო გამოცხადებულიყო ნაბახუსევ მდგომარეობაში. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულის მტკიცება მოსარჩელეს ევალებოდა, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება და არც მოწმის სახით დაკითხულმა მოსარჩელის უშუალო უფროსმა და მისმა მოადგილემ დაადასტურა ასევე მათ მოსარჩელის მხრიდან ზარის განუხორციელებლობის დასადასტურებლად მოსარჩელე მხარეს წარუდგინეს მათი კორპორატიული ნომრებიდან ამონაწერები რისი გაცნობაც მოსარჩელე მხარემ არ ისურვა. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მან ალკოჰოლური თრობის შესახებ აცნობა მის უშუალო ხელმძღვანელობას და ითხოვა ცვლის გადაცვლა რაზედაც დამსაქმებლისაგან უარი მიიღო და იძულებული იყო ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში გამოცხადებულიყო ცვლაში.
ამასთან უდავოდ დადგენილია, რომ 17.07.2019 წელს 18:00 საათზე მოსარჩელე გამოცხადდა სამსახურში მოწმეთა ჩვენებით მათ კონტაქტი ქონდათ მოსარჩელესთან და იგი ცვალში გამოცხადების დროს ალკოოლურ ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა თუმცა მოსარჩელის პოზიციით იგი ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში გამოცხადდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად ცვლაში. უდავოა, რომ დაახლოებით 22:30 საათზე ექსპერტიზის ჩატარების დროს მას ისევ აღენიშნებოდა ალკოჰოლის სუნი პირიდან, რაც დასტურდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით.
ასევე მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ მოსარჩელე შრომითი ურთიერთობის პერიოდში სხვა დროსაც იმყოფებოდფა ალკოჰოლური თრობის ქვეშ რასაც შემდგომი მსვლელობა არ მისცეს, რათა მიეცათ მისთვის აღნიშნულის გამოსწორების შესაძლებლობა (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი, მოწმეთა ჩვენებები).
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამუშაო აღწერილობით მოსარჩელის პოზიციით სს ს----------–--- რ-------აში, მის ვალდებულებას წარმოადგენდა მის დაქვემდებარებაში მყოფი პირების შინაგანაწესის შესრულებაზე კონტროლი, ამიტომაც სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მოსარჩელის მის მიერ ხელმოწერილი ხელწერილი, რომ იგი გაცნობილი იყო კომპანიის შინაგანაწესს. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული რომც არ ყოფილიყო შინაგანაწესში მითითებული, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში ვერცერთი საწარმოს დასაქმებული მხრიდან ვერ ჩაითვლებოდა მართლზომიერ ქმედებად და იგი ყველა შემთხვევაში იქნებოდა მიჩნეული დისციპლინურ გადაცდომად შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის ნორმებიდან გამომდინარე.
მოცემულ შემთხვევაში დავის სწორად გადაწყვეტისათვის შესაფასებელია მოსარჩელის ქმედება კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენდა თუ არა შრომის დისციპლინის ისეთ დარღვევას, რომლისთვისაც დამსაქმებლის მხრიდან გარდა გათავისუფლებისა, სხვა დისციპლინური ღონისძიების გამოყენება პროპორციული ვერ იქნებოდა.
საქმეზე მოწმეთა ჩვენებებით ასევე მოსარჩელის წერილობითი ახსნა - განმარტებით ს. ფ. 185 იგი აღიარებს „ნასვამ“ მდგომარეობაში სამსახურში 24.09.2018 წელს გამოცხადებას და იხდის ბოდიშს, რასთნ დაკავშირებითაც მოსარჩელის წარმომადგენელმა მხოლოდ მტკიცებულებათა გამოკვლევის სტადიაზე განაცხადა, რომ ხელმოწერა არ ეკუთვნის მოსარჩელეს რისი დასადასტურებლადაც ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოუდგენია, დგინდება, რომ მოსარჩელისათვის ალკოჰოლური თრობის ქვეშ სამსახურში ყოფნის ფაქტი არ წარმოადგენდა პირველ შემთხვევას.
ასევე თუ გავითვალისწინებთ სს ს----------–--- რ-------ის დასაქმებულთა ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების დანაწესს, კერძოდ 2.5. პუნქტს, რომლის თანახმად, კომპანიის დასაქმებული არ განახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომელიც შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს კომპანიისათვის, ასევე 2.7. პუნქტს, რომლის თანახმად, კომპანიის დასაქმებულს უნდა ახსოვდეს, რომ იგი წარმოადგენს კომპანიის სახეს და კომპანიის სახელით წარმოებულ გარემოსთან ნებისმიერ ურთიერთქმედებაში უნდა მოუფრთხილდეს კომპანიის რეპუტაციას, მოსარჩელის ქმედება, კერძოდ მისი სამსახურში გამოცხადება ალკოჰოლური თრობის ქვეშ მიუხედავად თრობის ხარისხისა როდესაც მას პირიდან აღენიშნება ალკოჰოლის სუნი ცვლის დაწყებიდან შემოწმებამდე 5 საათის შემდეგაც კი და სამუშაო აღწერილობიდან გამომდინარე წარმოადგენს მის დაქვემდებარეში მყოფ პირების შრომის დისციპლინის კონტროლზე ვალდებულ პირს, ასევე უწევს მოპასუხის სერვისებით მოსარგებლე პირებთან მგზავრებთან - როგორც საქართველოს მოქალაქეებთან ასევე უცხოლებთან პირდაპირი ურთიერთობა, მოპასუხის სპეციალურ უნიფორმაში და მისი სახელით ასევე გასათვალისწინებელია რომ სამუშაო საათების დასრულების დროს ცვლაში ყოფნისას ასრულებს მისი უშუალო უფროსის მოვალეობებს და ალკოჰოლურ თრობის მდგომარეობაში მოვალეობების შესრულება არ წარმოადგენს პირველ შემთხვევას მიუხედავად იმისა მოსარჩელის ქმედებით დადგა თუ არა კონკრეტული მატერიალური ზიანი, მოპასუხის სახელის დისკრედიტაციის საფრთხის შექმნაც კი სასამართლოს საკმარისად მიაჩნია მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის დამსაქმებლის მხრიდან შეწყვეტის მართლზომიერებისათვის.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს მართლზომიერად დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და მოპასუხემ მხარემ დაადასტურა სადავო ბრძანების მართლზომიერება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა განმარტებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა განხორციელდა შრომის კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია.
საქართველოს კონსტიტუცია.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის N158 კონვენცია „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“; 1982 წლის N166 რეკომენდაცია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ (Termination of employment recomandation).
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ). სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნეს როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული სამართლის წყაროებთან შესაბამისობის კუთხით და შეფასდეს ყოვლისმომცველად.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ქცევის ზოგად კოდექსსაც უწოდებენ), განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი - შრომის უფლება. ამ საერთაშორისო დოკუმენტის 23-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც უცილობლად წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობის პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა.
საერთაშორისო სამართლის ე.წ. რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში - LOIZIDOU vs. TURKEY აღნიშნული კონვენცია დაახასიათა „ევროპული საჯარო წესრიგის კონსტიტუციურ დოკუმენტად“.
აღნიშნული დოკუმენტის მე-4 მუხლი შეიცავს რეგულაციას, რომელიც კრძალავს იძულებით შრომას. კონვენციის ამ რეგულაციის (ისევე, როგორც ძირითადი უფლებების დამდგენი სხვა რეგულაციების) ავთენტურ და ავტორიტეტულ განმარტებას იძლევა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. სწორედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და კონვენციის ნორმათა შეფასებები იძლევა ამ ზოგადი შინაარსის და ხშირ შემთხვევაში კონკრეტიკას მოკლებული (გარკვეულწილად არათვითშესრულებადი) სამართლებრივი დეფინიციების სწორად აღქმის, გააზრებისა და შემდგომ შეფარდების შესაძლებლობას. ვინაიდან, კონვენციაში ჩამოყალიბებული მრავალი ნორმა ძალზე ზოგადად არის ფორმულირებული, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გაანალიზების გარეშე რთულია კონვენციის დებულებათა სწორად განმარტება და გამოყენება. აქედან გამომდინარე, ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართალი ეროვნული სასამართლოს მიერ, როგორც მინიმუმ აღქმულ უნდა იქნეს სამართლის შემეცნების წყაროდ (თუ უშუალოდ სამართლის წყაროდ არა). აღნიშნულის ვალდებულება (პრეცედენტული სამართლის გამოყენების ვალდებულება) გამომდინარეობს როგორც უშუალოდ კონვენციიდან, ასევე ეროვნული (ქართული) კანონმდებლობის რიგი სამართლებრივი აქტებიდან (მაგ: "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონი, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონი). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით (CASE OF SILIADIN V. FRANCE), კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, ვალდებულია უზრუნველყოს ისეთი სამართლებრივი მოცემულობა, რომელშიც გარანტირებული იქნება ეფექტური დაცვა დასაქმებულისათვის გაწეული სამუშაოს შესაბამისი შრომის ანაზღაურებისა. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, შრომის უფლების გარკვეულ გამოვლინებებს, გარკვეულწილად აქცევს კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) მოქმედების სფეროში. საქმეში - I.B. v. GREECE, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: „სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ „პირადი ცხოვრების“ ცნება ფართო კონცეფციაა და არ ექვემდებარება ამომწურავ განმარტებას; ის მოიცავს ადამიანის ფიზიკურ და მორალურ ხელშეუხებლობას და ასევე ხშირად მოიცავს ადამიანის ფიზიკური და სოციალური იდენტობის ასპექტებს“; ასევე დაიცვა ევროპულმა სასამართლომ შრომითი უფლებანი საქმეებში - OBST v. GERMANY; SCHUTH v. GERMANY;
საქმეში - IVANOVA v. BULGARIA, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განმცხადებელი (ქალბატონი ივანოვა), გარკვეული იურიდიული ტექნიკის გამოყენებით, სხვადასხვა შეხედულებების გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან; გარკვეული ტექნიკის გამოყენება უკავშირდებოდა იმ გარემოებას, რომ დამსაქმებელმა, შეგნებულად და სავსებით თვალთმაქცურად შეცვალა სამსახურებრივი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელსაც ფორმალურად დასაქმებული ივანოვა ვეღარ აკმაყოფილებდა; თუმცა, რეალური დათხოვნის მიზეზი სავსებით სხვა საკითხი გახლდათ. გასაგებია, რომ ამ მსჯელობას პირდაპირი კავშირი იგივეობა განსახილველ საქმესთან არ აქვს, მაგრამ ის გვაჩვენებს იმ სტანდარტს, რომლითაც სხვა უფლებათა ჭრილში, ასევე დაცულია შრომის უფლება. ასევე, საქმეში BAKA v. HUNGARY, სასამართლომ არ შეიწყნარა მოსამართლის სამსახურიდან დათხოვნა, რამეთუ ფორმალური ხასიათის მქონე რეორგანიზაციით, შეიფუთა რეალური მიზეზი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა.
სასამართლო აქვე მოიხსენიებს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ არასრული იქნება შრომით სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და მის ფარგლებში შემუშავებული სამართლის სხვადასხვა წყაროების მოხსენიების გარეშე;
1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია შრომითი უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომში - შსო) ფილადელფიის დეკლარაციით (1944 წ.), განმარტებულია დამოკიდებულება, რომელიც საქართველოს შემთხვევაშიც, ეროვნული კანონმდებლობის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოს ეროვნულმა სასამართლომ, როდესაც ის შრომითსამართლებრივ ურთიერთობას შეაფასებს წმინდა ჰორიზონტალური სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის ჭრილში; აღნიშნული დეკლარაციით, საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, რომ „შრომა არ წარმოადგენს საქონელს“. მართლაც, შრომა არ ჰგავს საქონელს (უძრავ ან მოძრავ ნივთს), უსულო პროდუქტს, რომელზეც შესაძლებელია მოლაპარაკება მაქსიმალური მოგების ან მინიმალური ფასის მიღების მიზნით. შრომა, თითოეული ინდივიდის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მისი როლი არსებითია პიროვნების ღირსებისა და კეთილდღეობისათვის და ინდივიდის, როგორც ადამიანის ჩამოყალიბებისათვის. სწორედ ამ ჭრილში უნდა გავიგოთ ეკონომიკური განვითარების დადებითი ასპექტები; ერთი სიტყვით, ეკონომიკური განვითარება ხდება არა საკუთრივ განვითარებისათვის, არამედ ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებისათვის.
თვითონ შსო-ს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს ის, რომ შეუძლებელია არსებობდეს გრძელვადიანი მშვიდობა სოციალური სამართლიანობის გარეშე („ჩვენ არ შეგვიძლია განვითარება სოციალური სამართლიანობის გარეშე და ასევე ადამიანური სტანდარტების მინიმალური დონის გარეშე“).
სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1982 წლის N158 კონვენციას „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ (Termination of Employment Convention, 1982 (No. 158)). სასამართლოს აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსათვის მითითებული საერთაშორისო ხასიათის მქონე დოკუმენტი ძალაში არ არის (და შესაბამისად მისი გამოყენება სამართლის პირდაპირ წყაროდ ეროვნული სასამართლოს მიერ ვერ მოხდება), საკმაოდ საყურადღებოა მისი მოთხოვნები სამოსამართლო სამართლებრივი მოსაზრებების განმარტებისათვის. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს შიდა კანონმდებლობა არსებითად არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციის შესაბამის რეგულაციებს.
აღნიშნული დოკუმენტის რიგი რეგულაციები განაპირობებენ ე.წ. „გონივრული საფუძვლის“ არსებობის აუცილებლობას დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს. კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, დაუშვებელია დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა თუ არ არსებობს ასეთი შეწყვეტის კანონიერი მიზეზი დაკავშირებული დასაქმებულის უნართან ან ქცევასთან, ან რომელიც ეფუძნება საწარმოს, დაწესებულების ან სამსახურის საოპერაციო მოთხოვნებს. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი, შეიცავს საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს განსახილველი სამართალურთიერთობისათვის მნიშნელოვანს დანაწესს, რომლის თანახმადაც, კონვენციის მე-4 მუხლში მითითებული შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო 158-ე კონვენციის მონაწილე მხარე არ არის, „გონივრული საფუძვლის“ პრინციპის კონვენციისეული მნიშვნელობით შიდასახელმწიფოებრივ დონეზე დანერგვის მოვალეობა მნიშვნელოვანია. საქართველოს ეს საერთაშორისო ვალდებულება საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლიდან და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის ზემოთ უკვე ნახსენები მე-6 მუხლიდან გამომდინარეობს. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ „შრომით ურთიერთობაში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მასთან თანხვედრაშია.
დაცვის აღნიშნული მექანიზმი (გონივრული საფუძველი) საკმაოდ ეფექტიანია. საჭიროა, რომ ხსენებული მექანიზმის დანერგვა ყველა სახელმწიფოს მიზნებსა და ამოცანებში შედიოდეს და ქვეყნის ხელისუფლებამ ეროვნული კანონმდებლობის ძალით შრომით ურთიერთობებში მოქმედი ,,საბრძოლო არსენალი" მთლიანად დამსაქმებელს არ ჩაუგდოს ხელში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახელმწიფო ხელისუფლებამ საჭიროა, იპოვოს ოქროს შუალედი და ერთი მხრივ, დამსაქმებელს დასაქმებულის გათავისუფლების საკითხში არ მიანიჭოს აბსოლუტური ძალაუფლება, ხოლო მეორე მხრივ, დასაქმებულის თავისუფლების შეზღუდვისას არ გამოავლინოს გადაჭარბებული სიმკაცრე და შეზღუდვა მოაქციოს გონივრულობის ფარგლებში.
სამართლის საერთაშორისო წყაროთა ზემოაღნიშნული ჩამონათვალი და მათი შესაბამისი ნორმები, სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას დაასკვნას, რომ საერთაშორისო სტანდარტი, რომლისკენაც სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებით - მათ შორის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა სრულყოფის გზით უნდა იაროს თანამედროვე სამართლებრივმა სახელმწიფომ (სახელმწიფომ, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის, ევროპის საბჭოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სრულყოფილი წევრია), მდგომარეობს ადამიანის შრომის უფლების განუხრელად დაცვაში. ამავე დროს, ადვილია გამოყო ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი უფლების ერთ-ერთი პოსტულატი - სამუშაოს შენარჩუნების უფლება; სასამართლოსათვის ცალსახაა, რომ შრომის უფლება ვერ იქნება სრულყოფილი „უფლება“, თუ გარანტირებული არ იქნება მუშაკის მიერ დაკავებული სამუშაო ადგილის შენარჩუნებისა და დაცვის შესაძლებლობა.
სასამართლოს აზრით, თუ სამუშაოს მოპოვების პოსტულატი მნიშვნელოვანია და დაცულია სამართლებრივი სახელმწიფოს მიერ, მით უფრო მნიშვნელოვანი და დაცულია უკვე მოპოვებული სამუშაოს შენარჩუნების შესაძლებლობა. საწინააღმდეგო შემთხვევაში, შრომით ურთიერთობათა სივრცე და სფერო, მოკლებული იქნება სტაბილურობას, რაც ამ სამართალურთიერთობის ხასიათს მერყევს და არასანდოს გახდის.
სამართლის ეროვნული წყაროების მიმოხილვას სასამართლო რათქმა უნდა დაიწყებს საქართველოს კონსტიტუციით.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის რა თქმა უნდა სახელისუფლებო ძალაუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლო ხელისუფლების) ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლოს ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ორგანული კანონის 37-ე მუხლი არეგულირებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ საფუძვლებს.
ზემოაღნიშნული ვრცელი განმარტების მიუხედავად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი უფლება, უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დროულად. უშუალოდ შრომითი უფლების დაცვის თაობაზეც დაუშვებელია საწინააღმდეგო მოცემულობის დადგენა. შრომითი უფლების რეალიზაციაც ისევე (და შესაძლოა უფრო მეტადაც) უნდა იყოს შეზღუდული და შემოფარგლული დროის გონივრული მონაკვეთით, როგორც სხვა სამოქალაქო უფლებები. შესაბამისად, სასამართლო მიმართავს ხანდაზმულობის სამართლებრივ ინსტიტუტს (მით უმეტეს, მოპასუხე სწორედ რომ აპელირებს სარჩელის ხანდაზმულობას, რაც სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას რათა შეაფასოს დავის აღნიშნული ასპექტი) და განმარტავს შემდეგს:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2013 წლის 05 ნოემბრის გადაწყვეტილებაში (საქმეზე ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) მიუთითა, რომ „აღნიშნულ ნორმას დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს. ის ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. მის ასეთ ღირებულებაზე არაერთხელ მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლომ. კერძოდ: „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც ... წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება #1/3/421,422 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 1)“.
საკონსტიტუციო სასამართლომ ამავე გადაწყვეტილებაში ასევე განმარტა, რომ მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება „შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება #1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 15).
მოცემულ შემთხვევაში, როგორც მოსარჩელის გათავისუფლების ბრძანებაშია მითითებული მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძვლით. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია მუშაკის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.
სასამართლოს განმარტებით, მხარისათვის მინიჭებული ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება არ არის შეუზღუდავი. არ არსებობს აბსოლუტური, შეუზღუდავი უფლება. იგი ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი). სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მოთხოვნების მართლზომიერებას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნება მართლზომიერია, ვინაიდან სახეზე იყო შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უხეში დარღვევა, მოსარჩელის მხრიდან მინიმუმ სამსახურში გამოცხადება ალკოჰოლური თრობის ქვეშ როდესაც მას შესაძლებლობა ქონდა გადაეცვალა ცვლა თუ ალკოჰოლი წინა დღეს სახლში მიიღო ან ალკოჰოლის მიღება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, რაც ვერ გახდებოდა მის მიმართ უფრო მსუბუქი დისციპლინური სახდელის დაკისრების საფუძველი იმ გარემოების გათვალსიწნებით, რომ შემთხვევამდე მოსარჩელს ზეპირსიტყვიერად განესაზღვრა დამატებითი დრო პრობლერბის აღმოსაფხვრელად. (იხ. გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტი).
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას ს. ფ. 118-191 იგი ზოგადი ხასიათისაა და მასში გათვალისიწინებული არ არის ინდივიდუალურად თითოეული ადამიანისათვის დამახასიათებელი ალკოჰოლური თრობის თავისებურებანი და მისი ჟანგვის მაჩვენებელი, რის გამოც მისი მოსარჩელისათვის მორგება და ალკოჰოლური თრობის ხარისხის განსაზღვრა არამართებულად მიაჩნია სასამართლოს.
რაც შეეხება, მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციის განხორციელების ფაქტს, არც აღნიშნული დადასტურდა მოსარჩელის მხრიდან. კერძოდ გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელე გ------- ჩ------–---–-ს მიმართ დისკრიმინაციული ან/და არათანაბარ მოპყრობას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლით ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე.
საბოლოოდ, ბრძანების ბათილად ცნობის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, ასევე უსაფუძვლოდ რჩება დანარჩენი ორი მოთხოვნაც სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც თავისთავად მხოლოდ ამ პირველადი მნიშვნელობის მოთხოვნის თანმდევი შედეგია ისეთ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნება მართლსაწინააღმდეგოდ იქნებოდა ცნობილი.
სასამართლოს აქვე მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით იძულებითი განაცდური თანხის დაყოვნების ყოველი დღისთვის, ამ თანხის 0.07 პროცენტის გადახდის დაკისრების ნაწილში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე პუნქტის თნახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის, გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, დამსაქმებლის მიერ შეიძლება დაყოვნდეს ის ანაზღაურება თუ ანგარიშსწორება, რომელიც დასაქმებულისათვის გარკვეულ დროს უნდა გადახდილიყო, მაგრამ ეს ვალდებულება არ შესრულდა. აღნიშნული ნორმა ეხება მისაღები შრომის ანაზღაურების, ანგარიშსწორების და ა.შ. გადახდის დაყოვნებას, რაც განსახილველ შემთხვევაში არ გამოვლენილა. მოსარჩელე ითხოვს იძულებითი მოცდენით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების დაყოვნებისთვის მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას, რაც არ გამომდინარეობს მოქმედი შრომის კანონმდებლობიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს არსებული ფულადი ვალდებულებიდან და არა იმ თანხიდან, რასაც სასამართლო აკისრებს პირს არსებული ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის იძულებითი განაცდურის სახით. იძულებითი განაცდური წარმოადგენს არა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადასახდელ თანხას, არამედ იგი წარმოადგენს იმ თანხას, რაც სასამართლო აკისრებს მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების სახით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით და დამსაქმებელი ვალდებულია, რომ ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ გამოვლენილია დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობა, ანუ სახეზეა გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარიშსწორების გადაუხდელობა ანაზღაურებაში თუ ანგარიშსწორებაში, რომლის დაყოვნებასაც კანონი უკავშირებს დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის გადახდის ვალდებულებას, არ იგულისხმება განაცდური, ვინაიდან განაცდური წარმოადგენს არა სახელშეკრულებო შეთანხმებას, არამედ დასაქმებულისათვის დამდგარი ზიანის ანაზღაურების სახეს. აღნიშნული მიდგომის მართებულობის დასტურია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც (მაგალითად - სუსგ №ას-682-636-2017).
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილის სახელმწიფო ბაჟი მოპასუხეს გადასახდელად არ დაეკისრება და სახელმწიფო ხაზინიდან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
2. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი წინასწარ გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი