გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2-430-19
130210019003024646
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13.02.2020 წ. ქ. ხაშური
შესავალი ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი ანნა მოსიაშვილი
მოსარჩელე -ს---------–----–---ტი"(მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)
წარმომადგენელი- ი-----–-------–-ძე
მოპასუხე -შ--------–--------ი" (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელზე)
წარმომადგენელი - ც-–--------------–--ლი
დავის საგანი - თანხის დაკისრება (შეგებებულ სარჩელზე- ზიანის ანაზღაურება).
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შ--------–--------ი"-ს ს---------–----–---ტი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5296.93 ევროს (შესაბამისი ექვივალენტი ლარებში) 17019.71 აშშ დოლარის შესაბამისი ექვივალენტი ლარებში) და 11 698.73 ლარის ანაზღაურება, საიდანაც ძირი დავალიანებაა 3884.64 ევრო, 12694.06 დოლარი, 11698.73 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 1412.32 ევრო და 4325.65 აშშ დოლარი.
1.2. შ--------–--------ი"-ს ს---------–----–---ტი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 158.91 ევროს ექვივალენტის ლარში გადახდა, 510.6 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდა და 350.97 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სახლმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ.
სარჩელის მიხედვით,2016 წლის 17 აგვისტოს, მხარეთა შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ს--------–----–-----მა" მოპასუხის სასარგებლოდ შეასრულა 91 800 ევროს ღირებულების სამუშაო. მოპასუხემ ჯეროვნად არ შეასრულა შესრულებული სამუშაოს საფასურის გადახდის ვალდებულება, რის გამოც აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისი დავალიანება შეადგენს 3884.61 ევროს.
2016 წლის 17 აგვისტოს ნარდობის ხელშეკრულების 9.3 მუხლით მენარდეს მინიჭებული აქვს შემკვეთისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების უფლებამოსილება გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში 0.1 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აქედან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 2824.64 ევროს, საიდანაც მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს ნახევარს, 1412.32 ევროს. 2016 წლის 26 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა მეორე ნარდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, ს---------–----–---ტმა" მოპასუხის სასარგებლოდ შეასრულა 49687.69 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაო. შესრულებული სამუშაოს საფასურის გადახდის ვალდებულება მოპასუხეს ჯეროვნად არ შეუსრულებია და აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მისი დავალიანება შეადგენს 12 694.06 აშშ დოლარს. ნარდობის ხელშეკრულების 2016 წლის 26 დეკემბრის 8.3 მუხლით მენარდეს მინიჭებული აქვს შემკვეთისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების უფლებამოსილება გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში 0.1 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აქედან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 8651.3 აშშ დოლარს, საიდანაც მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს ნახევარს,- 4325.65 აშშ დოლარს.
მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხის მიერ 11 698.73 ლარის, გადახდას ს---------–----–---ტის" მიერ მოპასუხისათვის სხვადასხვა დროს გაწეული მომსახურების საფასურად, რაც მოპასუხეს არ აუნაზღაურებია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. შ--------–--------ის" წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ მათი მხრიდან მოსარჩელისათვის მომსახურების თანხის ჩარიცხვა მოხდა კანონით და ხელშეკრულებით დადგენილ პირობებში. მოპასუხის მიერ არაერთჯერ გაეგზავნა მოსარჩელეს შეტყობინება, რომ მათ მიერ დამონტაჟებული შოკის აპარატი არ მუშაობდა და საჭიროებდა მათი მხრიდან გამოსწორებას, მაგრამ უშედეგოდ. ამასთან, პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება მაშინ, როდესაც არსებობს მხარის ბრალეული ქმედება, რასაც მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად მოთხოვნის საფუძველიც არ არსებობს.
3. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:
ს---------–----–---ტს" შ--------–--------ის" სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 436 475,68 ლარის ოდენობით.
ს--------–----–-----ს" შ--------–--------ის" სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება 34 605,48 ლარის ოდენობით.
შეგებებული სარჩელის მიხედვით:
2016 წლის 17 აგვისტოს ხელშეკრულების საგანი იყო ქ-----–ის რაიონის სოფელ უ------–- მდებარე ფართში სამაცივრე აგრეგატების სისტემებისა და კარების მონტაჟის სამუშაოს შესრულება ხელშეკრულების N1 დანართში აღნიშნული მასალებით. 2016 წლის 26 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა მე-2 ხელშეკრულება, რომლის საგანი იყო ვენტილაციის სისტემის მოწყობის სამუშაოების შესრულება ხელშეკრულების დანართ N1-ში აღნიშნული მასალებით, დანართი N2-ის (ტექნიკური დავალება) შესაბამისად. მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების პირობები არ შესრულდა მათი ბრალეული მოქმედების გამო, რის გამოც კომპანიამ მიიღო უდიდესი ზიანი. ექსპერტის დასკვნის თანახმად, შოკური გაყინვის საკანი ფაქტიურად არ არსებობს. საკანი, რომელიც გათვალისწინებულია შოკური გაყინვით პროდუქტის დასამუშავებლად აღჭურვილია სამაცივრო სისტემით, რომელსაც თავისი ტექნიკური მონაცემებით შეუძლია უზრუნველყოს მინიმალური ტემპერატურა-200C, მაშინ როდესაც სწრაფი გაყინვის ტემპერატურაა -350C და ნაკლები. 2017 წლის 29 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, თუმცა შოკური მოწყობილობა არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულს. ამდენად ხელშეკრულების პირობები არ შესრულდა. შოკური აპარატის უხარისხობის გამო არაერთჯერ ეცნობა მენარდეს, რომ აღნიშნულის გამოსწორების გარეშე საწარმო ვერ იმუშავებდა, მაგრამ უშედეგოდ.
ხელშეკრულების 4.1 მუხლით შესასრულებელი სამუშაოების და მასალების ჯამური ღირებულება შეადგენდა 91800 ევროს, რაც შ--------–--------ი"-ს მიერ გადახდილია. მოპასუხის მიერ კი ვალდებულება არ შესრულდა, რის გამოც ობიექტი დღემდე გაუმართავია ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
ხელშეკრულების ძირითადი მოთხოვნა ასევე იყო შენობაში გაგრილება-ვენტილაციის აგრეგატების დამონტაჟება, რათა დაცული ყოფილიყო ტემპერატურა და ფარდობითი ტენიანობის რეჟიმი. არსებული მდგომარეობით აგრეგატების მონტაჟი განხორციელებულია ნაწილობრივ და უხარისხოდ. კერძოდ, არ არის გამოყენებული ტემპერატურისა და ფარდობითი ტენიანობის სენსორები, არაა დამონტაჟებული მართვის ბლოკები. აგრეგატების ჩართვა ხორციელდება ხელით. აღნიშნულის გამო არ ხდება ტემპერატურისა და ფარდობითი ტენიანობის რეგულირება.
მოწინააღმდეგე მხარე სარჩელში აღიარებს, რომ ს---------–----–-----მა" 2016 წლის 26 დეკემბრის ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხის სასარგებლოდ შეასრულა 49687.69 დოლარის სამუშაო, ხელშეკრულებით კი გათვალისწინებული იყო 49 700 აშშ დოლარის სამუშაოს შესრულება. ამდენად მოსარჩელემ თავადვე აღიარა რომ სრულად არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. სსსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის თავის მოთხოვნასა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე შ--------–--------ი" დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შ----------–----–-----ს" ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებია.
ხელშეკრულების 5.1 მუხლის თანახმად, მენარდე ვალდებულებას იღებდა სამუშაოები დაეწყო დამკვეთის მიერ ხელშეკრულების 4.1.1. მუხლით გათვალისწინებული ავანსის გადახდის შემდეგ და დაესრულებინა 60 კალენდარული დღის განმავლობაში, რის შემდეგ გაფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტი. შ-------–--------ის"მიერ ავანსი, 36 933.63 აშშ დოლარი გადახდილი იქნა 2016 წლის 27 დეკემბერს. აღნიშნულიდან 60 კალენდარულ დღეში უნდა დასრულებულიყო სამუშაოები და გაფორმებულიყო მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც დღემდე არ გაფორმებულა. აღნიშნულზე შემდგარი შუალედური აქტი, რაზეც მოწინააღმდეგე მხარე აპელირებს, გაფორმდა 2017 წლის 30 მაისს, რაც ვერანაირად ვერ ჩაითვლება საბოლოო აქტად. შუალედური აქტი ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული, ამასთან იგი არ მოიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებას,ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო კომპანიამ მიიღო უდიდესი ზიანი, ვერ მიიღო გათვალისწინებული შემოსავალი, როგორც ქვეკონტრაქტორმა ვერ შეასრულა ვალდებულება, რაც გახდა კიდევ ერთი ზიანის მომტანი, რამეთუ მოუხდა ზიანის ანაზღაურება.
2017 წლის დეკემბერში შ-------–მა" მონაწილეობა მიიღო თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსგან გამოცხადებულ ტენდერში, რომლის მოთხოვნა იყო 171 ბაგა-ბაღის თევზის ნაწარმით მომარაგება. სატენდერო კონტრაქტის შესასრულებლად შ-------–მა" ქვეკონტრაქტორად აიყვანა შ-------–--------ი", რომელსაც უნდა მიეწოდებინა ორაგული უთავო (ღერკანა). შოკის მაცივრის უქონლობის გამო, რადგან პროდუქცია წარმოებდა მცირე რაოდენობით შპს "ა---–---------მა" როგორც ქვეკონტრაქტორმა ვერ მიაწოდა შ-------–ს" თევზეულის საჭირო რაოდენობ, რის გამოც შეწყდა მასთან ურთიერთობა. პროექტის განუხორციელებლობის შედეგად ვერ მოხდა დაგეგმილი 436 475,68 ლარის შემოსავლის მიღება.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, შ--------–-------ს" საქართველოს ნებისმიერ ბანკში სადეპოზიტო ანგარიშზე 91 800 ევროს შეტანის შემთხვევაში, 2017 წლის 31 მაისიდან, 2019 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის კურსის გათვალისწინებით მიიღებდა 7581.6 ევროს, რაც ლარში შეადგენს 23449,88 ლარს, ხოლო რაც შეეხება მეორე კონტრაქტს, რომლის ღირებულება შეადგენდა 49700 აშშ დოლარს, დეპოზიტზე განუთავსებლობით მიუღებელი შემოსავალი შეადგენს 3944 აშშ დოლარს რაც ეროვნული კურსით 31 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 11 155,6 ლარს. აქედან გამომდინარე მოპასუხე შეგებებლი სარჩელით მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვს "ქ-----–----–------სათვის" 34605,48 ლარის დაკისრებას.
4. მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე:
შ----------–----–-----ის" მიერ ჯეროვნად და კეთილსინდისიერად იქნა შესრულებული შპს"ახალ თევზთან" გაფორმებული, როგორც 2016 წლის 17 აგვისტოს, ისე 2016 წლის 26 დეკემბრის ნარდობის ხელშეკრულებები. რაც დასტურდება ორმხრივად ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტებით. ასევე მათ საფუძველზე გამოწერილი და მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით. ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, უნდა წარმოედგინა შსაბამისი მტკიცებულებები, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით. (სუსგ Nას-848-8-6-2013).
შ-------–--------ის" მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა მოიცავს ადგილზე არსებული ფაქტების კონსტატაციას, ანუ რა მდგომარეობაში დახვდა დასკვნის შემდგენს შესრულებული სამუშაო შესრულებიდან 2 წლის და 2 თვის შემდეგ და არსად არ ფიქსირდება თუ რა მიზეზით ან ვისი ბრალეულობით არის ის მოცემულობა, რაც დასკვნაშია აღნიშნული. სხვა მტკიცებულება კი რომელიც მენარდის ბრალს გამოკვეთდა, საქმეში არ არსებობს.
2016 წლის 17 აგვისტოს კონტრაქტის შესრულების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით დამკვეთმა განაცხადა, რომ შესრულება შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს, რასაც ადასტურებს მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით. აღნიშნულიდან თვენახევრის შემდეგ შ--------–--------ის" მიერ დადასტურებული იქნა საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რაც ცხადყოფს, რომ ისინი დათანხმდნენ სამუშაოს შესრულებას. თუ რაიმე ხილული ნაკლი ექნებოდა შესრულებას, ბუნებრივია შ--------–--------ი" ხელს არ მოაწერდა მიღება-ჩაბარების აქტს, ხოლო თუ შემდგომ გამოვლინდა ფარული ნაკლი, შეეძლო მიემართა ქ-----–----–------სათვის და მოეთხოვა გარანტიის ფარგლებში ასეთი ნაკლის გამოსწორება, რაც გათვალისწინებული იყო 2016 წლის 17 აგვისტოს ხელშეკრულების 6.2 მუხლით, რომლის მიხედვით: "იმ შემთხვევაში, თუ საგარანტიო ორი წლის ვადაში გამოვლენილი იქნება წუნი მიწოდებულ პროდუქციაზე, დამკვეთი ამის შესახებ წერილობით აცნობებს მენარდეს. ასეთ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია წერილობითი შეტყობინებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს წუნის გამომწვევი მიზეზი და იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული პროდუქციის ნაკლი გამოწვეულია ქარხნული წუნის გამო, მენარდე ვალდებულია საკუთარი ხარჯით, 10 სამუშაო დღეში აღმოფხვრას გაუმართაობა". ის გარემოება რომ შ---------–-------ს" არ უსარგებლია გარანტიით სამუშაოს შესრულებიდან 2 წლის განმავლობაში, მითუმეტეს თუ შესრულებული სამუშაოს ნაკლის გამო დიდი ოდენობით შემოსავალ კარგავდნენ და ასეთი ნაკლის შესახებ გაახსენდათ მხოლო მას შემდეგ, რაც ქებული კლიმატმა თანხის დაკისრების მოთხოვნით სარჩელით მიმართა სასამართლოს, იმთავითვე მიუთითებს მათი მოთხოვნის უსაფუძვლობაზე.
დაუსაბუთებელია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა, რომლის მიხედვით შ--------–--------ის" მიერ მიწოდების კლებამ გამოიწვია სახელმწიფოს მიერ შ-------–ი"-სათვის კონტრაქტის შეწყვეტა, რასაც თავის მხრივ მოჰყვა შ--------–--------ისათვის" შემოსავლის მიუღებლობა, რომ მიწოდების კლება თავის მხრივ გამოწვეულია შოკური მაცივრის უქონლობით და ა.შ რადგან ამავე დასკვნის მიხედვით, 2018 წლის იანვრის თვეში შპს "ა---–---------მა" შ-------–ს" მიაწოდა 8 ტონა და 917 კგ თევზი, თებერვლის თვეში 8 ტონა და 360 კგ, ხოლო მარტის თვეში კი მხოლოდ 327 კგ. აღნიშნული ცხადყოფს, რომ ხსენებულ პერიოდში შოკური მაცივარი მუშაობდა და შემდგომ რამ გამოიწვია მიწოდების კლება-გაურკვეველია. იმავდროულად არ დასტურდება შოკური მაცივრის ნაკლი, რადგან 2018 წლის იანვარ -თებერვალში 17 ტონა პროდუქციის მიწოდების ფაქტით უდავოდ დასტურდება რომ შოკური გაყივნის აპარატს პრობლემა არ ჰქონდა.
ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია შეგებებული სარჩელის მოთხოვნა თანხების ანაბარზე განთავსების შემთხვევაში მისაღებ შემოსავლებთან დაკავშირებით.
მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის, როგორც არაპირდაპირი ზიანის დაკმაყოფილებისათვის საჭირო წინაპირობები განმტკიცებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით. რომლის მიხედვით "ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს "წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს" (pure economik Loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს" (შდრ: სუსგ-ები N ას-459-438-2015 წ. Nას -54-54-2018 წ.).
აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია აუდიტის დასკვნა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ორი ნარდობის ხეკლშეკრულებით გათვალისწინებული თანხების (91800 ევრო და 49700 აშშ დოლარის) ანაბარზე შეტანის შემთხვევაში 34605.48 ლარის მოგების მიღების შესახებ. გაუგებარია რატომ უნდა შეეტანა მოსარჩელეს აღნიშნული თანხები ანაბარზე, როდესაც შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებლად იყო განკუთვნილი. ამასთან, მეორე სასარჩელო მოთხოვნის თანხას მოიცავს პირველი სასარჩელო მოთხოვნა 436 475.48 ლარი. კერძოდ, აუდიტის დასკვნის მეორე გვერდზე აღნიშნული მოსარჩელის ვითომდა მიუღებელი შემოსავალი 436 475.48 ლარი მოიცავს საანაბრე ანგარიშიდან მისაღებ სარგებელს 34 605.48 ლარს რაც მოთხოვნილია მეორე სასარჩელო მოთხოვნით. აქედან გამომდინარე, შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ფაქტობრივი გარემოებები
5.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები
5.1.1. 2016 წლის 17 აგვისტოს, ს--------–----–-----სა" და შ--------–--------ი"-ს შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, N17/08/16. რომლის მიხედვით მენარდეს ქ-----–ის რაიონის სოფელ უ------–- მდებარე მოპასუხის ფართში ( ს/კ 6-----.0--) უნდა შეესრულებინა სამაცივრე აგრეგატის სისტემებისა და კარებების მონტაჟის სამუშაოები, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- ხელშეკრულება (ს.ფ 17-21 )
5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები :
5.2.1. შ-------–--------ის" მიერ (N17/08/16) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ავანსი (45900 ევრო) გადახდილი იქნა ვადაში, ხოლო მეორე ავანსი (27751.47 ევრო ) ნაცვლად 2016 წლის 17 ოქტომბრისა, გადახდილი იქნა 70 დღის დაგვიანებით , 2016 წლის 27 დეკემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნარდობის ხელშეკრულება N17/08/16;
-პირველი ავანსისი საგადასახადო დავალება (120180) ლარზე
-მეორე ავანსის საგადასახადო დავალება (79147.2) ლარზე.
5.2.2. 2017 წლის 29 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი და ფორმა N2, N17/08/16 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების შესახებ
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება-ჩაბარების აქტი და ორმა N2.
5.2.3. 2017 წლის 29 მაისს მოპასუხემ გადაიხადა N17/08/16;
ხელშეკრულებითგათვალისწინებული ღირებულების ნაწილი 14263.92 ევრო;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო დავალება (38675.2 ლარზე)
5.2.4. 2017 წლის 15 ივლისს მოპასუხის ფინანსური სამსახურის მიერ დადასტურებული იქნა N17/08/16 ხელშეკრულების შესაბამისად, შესრულებულ სამუშაოზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო ანგარიშფაქტურა Nეა-086814897
5.2.5. 2016 წლის 17 აგვისტოს გაფორმებული ნარდობის N17/08/16 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხის ძირი დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს3 884.61 ევროს, რომლის გადახდა უნდა მომხდარიყო მიღება_ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, არაუგვიანეს 2017 წლის 02 ივნისისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ნარდობის N 17/08/16 ხელშეკრულება;
-მიღება-ჩაბარების აქტი და ფორმა N2;
-საგადასახადო ანგარიშფაქტურა Nეა-0868114897;
-საგადასახადო დავალება;
5.2.6. ნარდობის ხელშეკრულების N17/08-16-ის 9.3 მუხლით, მენარდეს მინიჭებული აქვს შემკვეთისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების უფლებამოსილება მის მიერ გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში გადასახდელი თანხის N 0.1%-ის ოდენობით ყოველ გადაცილებულ დღეზე.მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლო შეადგენს 2824.64 ევროს, თუმცა მოსარჩელე ითხოვს მის ნახევარს 1412.32 ევროს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ნარდობის N 17/08/16 ხელშეკრულება;
-მიღება-ჩაბარების აქტი და ფორმა N2;
5.2.7. 2016 წლის 26 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება N26/12/16.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ნარდობის ხელშეკრულება N26/12/16
5.2.8. 2016 წლის 27 დეკემბერს მოპასუხემ გადაიხადა ავანსი 36 993.63 აშშ დოლარი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საგადასახადო დავალება (101 000 ლარზე)
5.2.9. 2017 წლის 30 მაისს მხარეთა შორის გაფოერმდა შუალედური მიღება_ჩაბარების აქტი და ფორმა N2, რომლის თანახმად შესრულებული სამუშაოს მოცულობამ შეადგინა 48897.4აშშ დოლარი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი და ფორმა N2.
5.3. 2017 წლის 16 ივნისს მოპასუხის ფინანსური სამსახურის მიერ დადასტურებული იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი.
-საგადასახადო ანგარიშფაქტურა Nეა-08 6003236;
5.3.1.2016 წლის 26 დეკემბრის ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუსაოების ფაქტობრივმა შესრულებამ შეადგინა 49 687.69 აშშ დოლარი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი და ფორმა N2.
- საგადასახადო ანგარიშფაქტურა Nეა-08 6003236;
--საგადასახადო ანგარიშფაქტურა Nეკ-4477251
5.3.2. 2016 წლის 26 დეკემბრის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხის ძირი დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 12694.06 აშშ დოლარს,საიდანაც 11903.77 აშშ დოლარის (სხვაობა შუალედური აქტის თანხასა და ავანსის თანხას შორის) გადახდა უნდა მომხდარიყო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, არაუგვიანეს 2017 წლის 02 ივნისისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი და ფორმა N2.
- ნარდობის ხელშეკრულება N26/12/16;
-საგადასახადო ანგარიშფაქტურა Nეა-08 6003236;
-საგადასახადო ანგარიშფაქტურა Nეკ-4477251
-საგადასახადო დავალება (101 000 ლარზე);
5.3.3.. ნარდობის ხელშეკრულება N 26/12/16-ის 8.3. მუხლით მენარდეს მინიჭებული აქვს შემკვეთისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების უფლებამოსილება მის მიერ გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 8651.3 აშშ დოლარს. თუმცა მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს ნახევარს- 4325.65 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნარდობის ხელშეკრულება N 26/12/16.
5.3.4. 2017 წლის 10 მაისს ს--------–----–-----მა მოპასუხის სასარგებლოდ შეასრულა 9448.54 ლარის ღირებულების სამუშაო, რომლის საფასური მოპასუხეს არ გადაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საგადასახადო ანგარიშფაქტურა Nეა-09 1348869;
5.3.5. 2017 წლის 05 ივლისს ს--------–----–-----მა მოპასუხეს მიაწოდა 138.19 ლარის ღირებულების პროდუქცია, რომლის საფასური მოპასუხეს არ გადაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საგადასახადო ანგარიშფაქტურა Nეა-08 6891952;
5.3.6. 2017 წლის 02 ნოემბერს ს--------–----–-----მა მოპასუხეს მიაწოდა 1320 ლარის ღირებულების პროდუქცია, რომლის საფასური მოპასუხეს არ გადაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საგადასახადო ანგარიშფაქტურა Nეა-09 0317297;
5.3.7. 2017 წლის 05 ივლისს ს--------–----–-----მა მოპასუხეს მიაწოდა 792 ლარის ღირებულების პროდუქცია, რომლის საფასური მოპასუხეს არ გადაუხდია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კორექტირებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა N ეკ-3061946;
-საგადასახადო ანგარიშფაქტურა (რაც დაკორექტირდა) Nეა-09 0317298;
6. დავის ფაქტობრივი გარემოებები შეგებებული სარჩელის მიხედვით:
6.1. 2016 წლის 17 აგვისტოს ხელშეკრულების საგანი იყო ქ-----–ის რაიონის სოფელ უ------–- მდებარე ფართში სამაცივრე აგრეგატების სისტემებისა და კარების მონტაჟის სამუშაოს შესრულება ხელშეკრულების N1 დანართში აღნიშნული მასალებით. 2016 წლის 26 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა მე-2 ხელშეკრულება, რომლის საგანი იყო ვენტილაციის სისტემის მოწყობის სამუშაოების შესრულება ხელშეკრულების დანართ N1-ში აღნიშნული მასალებით, დანართი N2-ის (ტექნიკური დავალება) შესაბამისად. მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების პირობები არ შესრულებულა მათი ბრალეული მოქმედების გამო, რის გამოც კომპანიამ მიიღო უდიდესი ზიანი. ექსპერტრის დასკვნის თანახმად შოკური გაყინვის საკანი ფაქტიურად არ არსებობს. საკანი, რომელიც გათვალისწინებულია შოკური გაყინვით პროდუქტის დასამუშავებლად აღჭურვილია სამაცივრო სისტემით, რომელსაც თავისი ტექნიკური მონაცემებით შეუძლია უზრუნველყოს მინიმალური ტემპერატურა-200C, მაშინ როდესაც სწრაფი გაყინვის ტემპერატურაა -350C და ნაკლები. 2017 წლის 29 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, თუმცა შოკური მოწყობილობა არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულს. ამდენად ხელშეკრულების პირობები არ შესრულდა. შოკური აპარატის უხარისხობის გამო არაერთჯერ ეცნობა მენარდეს, რომ აღნიშნულის გამოსწორების გარეშე საწარმო ვერ იმუშავებდა, მაგრამ უშედეგოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 17 აგვისტოს ხელშეკრულება.
- საექსპერტო დასკვნა
6.2. 2016 წლის 17 აგვისტოს ხელშეკრულების 3.1. მუხლის თანახმად სამუშაოები უნდა შესრულებულიყო მენარდის მასალითა და ხარჯით, ხოლო 3.2. მუხლის თანახმად მენარდე პასუხს აგებს ობიექტთან დაკავშირებულ უხარისხო ნივთების, მასალის და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოსათვის. 2017 წლის 29 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, თუმცა შოკური მოწყობილობა არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულს. ამდენად დაირღვა მხარეთა შორის შეთანხმების პირობები. შოკური აპარატი აღმოჩნდა უხარისხო, რის შესახებაც არაერთჯერ ეცნობა მენარდეს, მაგრამ უშედეგოდ. ამის გამო საწარმოს მიადგა დიდი ოდენობით ზიანი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარის განმარტება,- მოწმეთა ჩვენება.
6.3. ხელშეკრულების 4.1 მუხლით შესასრულებელი სამუშაოების და მასალების ჯამური ღირებულება შეადგენდა 91800 ევროს, რაც შ--------–--------ი"-ს მიერ გადახდილია. მოპასუხის მიერ კი ვალდებულება არ შესრულდა, რის გამოც ობიექტი დღემდე გაუმართავია ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად "სამაცივრო მეურნეობას გააჩნია სერიოზული ხარვეზები და მისი ესპლუატაცია არ შეესაბამება საქართველოს სტანდარტს სსტ 70:2013. სამაცივრო სისტემების და თბური ტუმბოების მომსახურების უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მოთხოვნები., რომლის შესრულება სავალდებულოა საქართველოს კანონით "ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ" მუხლი 541. ". ხელშეკრულების საგანი იყო ფართში სამაცივრე აგრეგატების სისტემებისა და კარების მონტაჟის სამუშაოს შესრულება ხელშეკრულების დანართ 1-ში აღნიშნული მასალებით. შესრულება ხარვეზიანია და არ შეესაბამება მოთხოვნებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 26 ივლისის საექსპერტო დასკვნა.
6.4. ხელშეკრულების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა იყო შენობაში გაგრილება-ვენტილაციის აგრეგატების დამონტაჟება, რათა შენობაში დაცული ყოფილიყო ტემპერატურა და ფარდობითი ტენიანობის რეჟიმი. არსებული მდგომარეობით აგრეგატების მონტაჟი განხორციელებულია ნაწილობრივ და უხარისხოდ. კერძოდ, არ არის გამოყენებული ტემპერატურისა და ფარდობითი ტენიანობის სენსორები, არაა დამონტაჟებული მართვის ბლოკები. აგრეგატების ჩართვა ხორციელდება ხელით. აღნიშნულის გამო არ ხდება ტემპერატურისა და ფარდობითი ტენიანობის რეგულირება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარის განმარტება
- 2019 წლის 26 ივლისის საექსპერტო დასკვნა.
-მოწმეთა ჩვენება.
6.5. სარჩელის მიხედვით ს---------–----–-----მა" 2016 წლის 26 დეკემბრის ხელშეკრულების შესაბამისად მოპასუხის სასარგებლოდ შეასრულა 49687.69 დოლარის სამუშაო, ხელშეკრულებით კი გათვალისწინებული იყო 49 700 აშშ დოლარის სამუშაოს შესრულება. ამდენად მოსარჩელემ თავადვე აღიარა რომ სრულად არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებუილება. სსსკ-ის 131-ე მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე მეორე მხარე ამყარებს თავის თავის მოთხოვნასა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე შ--------–--------ი" დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შ----------–----–-----ს" ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-იხ. მხარის განმარტება
6.6. ხელშეკრულების 5.1 მუხლის თანახმად მენარდე ვალდებულებას იღებდა სამუშაოები დაეწყო დამკვეთის მიერ ხელშეკრულების 4.1.1. მუხლით გათვალისწინებული ავანსის გადახდის შემდეგ და დაესრულებინა 60 კალენდარული დღის განმავლობაში, რის შემდეგ გაფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტი. შ-------–--------ის" მიერ ავანსი, 36 933.63 აშშ დოლარი გადახდილი იქნა 2016 წლის 27 დეკემბერს. აღნიშნულიდან 60 კალენდარულ დღეში უნდა დასრულებულიყო სამუშაოები და გაფორმებულიყო მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც დღემდე არ გაფორმებულა. აღნიშნულზე შემდგარი შუალედური აქტი, გაფორმდა 2017 წლის 30 მაისს, რაც ვერანაირად ვერ ჩაითვლება საბოლოო აქტად. შუალედური აქტი ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული, ამასთან იგი არ მოიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-იხ. მხარის განმარტება
6.7. 2017 წლის დეკემბერში შ-------–მა" მონაწილეობა მიიღო თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსგან გამოცხადებულ ტენდერში, რომლის მოთხოვნა იყო 171 ბაგა-ბაღის თევზის ნაწარმით მომარაგება. სატენდერო კონტრაქტის შესასრულებლად შ-------–მა" ქვეკონტრაქტორად აიყვანა შ--------–--------ი", რომელსაც უნდა მიეწოდებინა ორაგული უთავო (ღერკანა). შოკის მაცივრის უქონლობის გამო, შპს "ა---–---------მა" როგორც ქვეკონტრაქტორმა ვერ მიაწოდა შ-------–ს" თევზეულის საჭირო რაოდენობა, რის გამოც შეწყდა მასთან ურთიერთობა. პროექტის განუხორციელებლობის შედეგად ვერ მოხდა დაგეგმილი 436 475,68 ლარის შემოსავლის მიღება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-იხ. მხარის განმარტება
-აუდიტის დასკვნა
6.8 აუდიტის დასკვნის მიხედვით, შ--------–-------ს" საქართველოს ნებისმიერ ბანკში სადეპოზიტო ანგარიშზე 91 800 ევროს განთავსების შემთხვევაში, 2017 წლის 31 მაისიდან, 2019 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის კურსის გათვალისწინებით მიიღებდა 7581.6 ევროს, რაც ლარში შეადგენს 23449,88 ლარს, ხოლო რაც შეეხება მეორე კონტრაქტს, რომლის ღირებულება შეადგენდა 49700 აშშ დოლარს, დეპოზიტზე განუთავსებლობით მიუღებელი შემოსავალი შეადგენს 3944 აშშ დოლარს რაც ეროვნული კურსით 31 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 11 155,6 ლარს. აქედან გამომდინარე მოპასუხე შეგებებლი სარჩელით მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვს ს---------–----–---ტისათვის" 34605,48 ლარის დაკისრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:-
- მხარის განმარტება
-აუდიტის დასკვნა
სამოტივაციო ნაწილი:
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, ს---------–----–---ტის" სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 394-ე, 400-ე, 405-ე, 418-ე, 629-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი;
9. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროს იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელსაც ემყარება მათი სარჩელი თუ შესაგებელი. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, მოპასუხის სამტკიცებელია.
საქმეზე წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 17 აგვისტოს ხელშეკრულების საგანი იყო ქ-----–ის რაიონის სოფელ უ------–- მდებარე ფართში სამაცივრე აგრეგატების სისტემებისა და კარების მონტაჟის სამუშაოს შესრულება ხელშეკრულების N1 დანართში აღნიშნული მასალებით. ხელშეკრულების 2016 წლის 26 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა მე-2 ხელშეკრულება, რომლის საგანი იყო ვენტილაციის სისტემის მოწყობის სამუშაოების შესრულება ხელშეკრულების დანართ N1-ში აღნიშნული მასალებით, დანართი N2-ის (ტექნიკური დავალება) შესაბამისად. 2016 წლის 17 აგვისტოს ხელშეკრულების 2.1. პუნქტით შესასრულებელი სამუშაოს ადგილს წარმოადგენს ქ-----–ის რაიონის სოფელი უ-----სი. შესაბამისად, ამავე ხელშეკრულების მე-14 მუხლში (დავის განხილვის თავში) 14.3 პუნქტში ხელშეკრულების შესრულების ადგილად არასწორად არის მითითებული ქ.თბილისი.
2017 წლის 29 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი და ფორმა N2, N17/08/16 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების შესახებ, რა დროსაც შ--------–-------ს " რაიმე პრეტენზია შესრულებული სამუშაოს თაობაზე არ დაუფიქსირებია. 2016 წლის 26 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2017 წლის 30 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა შუალედური მიღება ჩაბარების აქტი 48897.4 აშშ დოლარის სამუშაოს შესრულების შესახებ, რა დროსაც შ--------–-------ს " რაიმე პრეტენზია შესრულებული სამუშაოს თაობაზე არ დაუფიქსირებია.
მოპასუხე მხარემ სადავო ფაქტთან დაკავშირებით საქმეზე წარმოადგინა საექსპერტო დასკვნა, აუდიტის დასკვნა და მოწმეთა ჩვენებები, რომლითაც შეეცადა იმის დამტკიცებას, რომ მოსარჩელის მიერ ჯეროვნად არ შესრულდა ხელშეკრულების პირობები, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაო იყო ხარვეზიანი, შოკური მაცივარი იყო გაუმართავ მდგომარეობაში რის გამოც მოპასუხემ განიცადა მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი და მოითხოვა მისი ანაზღაურება. კერძოდ,მოწმის სახით დაკითხულმა აუდიტორმა ილია ბორეცმა, დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 02 სექტემბერს შედგენილი N93/08 აუდიტორული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ სისტემის გაუმართაობამ და კონტრაქტებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობამ გამოიწვია მოპასუხის შემოსავლების მიღების შემცირება, რითაც საზოგადოებას მიადგა ფინანსური ზიანი მინიმუმ 436475,68 ლარის ოდენობით. აღნიშნულ ზიანში მოიაზრება შ-------–თან" კონტრაქტის შეწყვეტით მიუღებელი შემოსავალი 157094 ლარის ოდენობით, თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა ბაღების გაერთიანებიდან მიუღებელი შემოსავალი 34896 ლარი, თევზის დაფასოების- 209880 ლარი და საანაბრო ანგარიშებიდან მისაღები სარგებლის სახით -34 605,48 ლარი. აღნიშნულის ძირითად მიზეზად მოპასუხე მხარე მიიჩნევს საწარმოში ს--------–----–-----ის" მიერ დამონტაჟებული შოკური მაცივრის გაუმართაობას, რასაც სასამართლო ვერ დაეთანხმება. კერძოდ,მოწმე ილია ბორეცის განმარტებით და წარმოდგენილი აუდიტის დასკვნით დგინდება, რომ აუდიტორი შ-------–--------ის საწარმოში იმყოფებოდა 2019 წლის 25 ივლისს, რა დროსაც დააფიქსირა, რომ შოკური მაცივარი იმყოფებოდა გაუმართავ (უმოქმედო) მდგომარეობაში. მანვე დაადასტურა რომ 2017 წლის დეკემბრის თვეში თბილისის კომპანიამ შ-------–მა" მონაწილეობა მიიღო თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსგან გამოცხადებულ ტენდერში, რომლის მოთხოვნა იყო 171 ბაგა-ბაღის თევზის ნაწარმით მომარაგება 2018 წლის 04 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. სატენდერო კონტრაქტის შესასრულებლად შპს"ნილმა" ქვეკონტრაქტორად აიყვანა შ--------–--------ი" რომელსაც უნდა მიეწოდებინა ორაგული უთავო (ღერკანა). შეთანხმების თანახმად შპს"ა---–---------მა" პირველი მიწოდება განახორციელა 2018 წლის 17 იანვარს. ინფორმაცია მიწოდების რაოდენობისა და პერიოდის შესახებ მის მიერ ამოღებული იქნა შემოსავლების სამსახურის ოფიციალური საიტიდან (rs.ge), რომლის მიხედვით 2018 წლის იანვრის თვეში შპს "ა---–---------მა" შ-------–ს" მიაწოდა 8 ტონა და 917 კგ თევზი, თებერვლის თვეში 8 ტონა და 360 კგ, ხოლო მარტის თვეში მხოლოდ 327 კგ. აღნიშნული უდავოდ ცხადყოფს, რომ ამ პერიოდში შოკური მაცივარი მუშაობდა და მარტის თვეში მიწოდების კლების უშუალო მიზეზად შოკური აპარატის გაუმართაობის მითითება არადამაჯერებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში 2018 წლის იანვარ -თებერვალში საწარმო 17 ტონა პროდუქციას ვერ გამოიმუშავებდა. აღნიშნულით იმავდროულად უარყოფილია მოპასუხის მოტივაცია და მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმის სახით დაკითხული ს--------–----–-----ის" ყოფილი ტექნიკური დირექტორის თამაზ სვანიძის ჩვენება იმის შესახებ რომ შოკური მაცივარი დამონტაჟებისთნავე უხარისხო და უმოქმედო იყო. მისივე ჩვენებით აღნიშნული მისთვის ცნობილი გახდა ყოფილ თანამშრომელთან სატელეფონო საუბრით. აქედან გამომდინარე სასამართლო აღნიშნული მოწმის ჩვენებას ვერ მიიჩნევს უტყუარ მტკიცებულებად იმდენად რამდენადაც იგი არის ირიბი (არაპირდაპირი) მოწმე, რომლისთვისაც საქმის ფაქტობრივი გარემოების შესახებ ცნობილი გახდა სხვა პირისაგან, ტელეფონის საშუალებით.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით (სარჩელზე თანდართული მიღება ჩაბარების აქტი, საგადასახადო ანგარიშფაქტურები და სხვ.) მოწმობს რომ შესრულების დროისათვის შოკური აპარატი მუშაობდა. საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება ის გარემოება რომ სამუშაოს შესრულებიდან 2 წლის შემდეგ, არა მენარდის მიერ დამონტაჟებული, არამედ სხვა მოდელის კომპრესორები დახვდა ექსპერტიზის დასკვნის შემდგენს, კერძოდ, დადგენილია, რომ ს---------–----–---ტის" მიერ დამონტაჟებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული (BITZER-ის მარკის 4TES-9Y და 4GE-23Y მოდელები) რაც აისახა კიდეც მიღება-ჩაბარების აქტში, რომლის მუშა ტემპერატურა იყო მოთხოვნილი 40 გრადუსი. საექსპერტო დასკვაში კი, რომლის მიხედვით "შოკური გაყივნის საკანი არ არსებობს" მითითებულია, "Linde-ს მარკისა და BITCER 4EC-4.2Y მარკის კომპრესორებზე. აღნიშნული უდავოდ ცხადყოფს, რომ ს---------–----–-----ის" მიერ სამუშაოების შესრულების შემდეგ (გაურკვეველ დროსა და ვითარებაში) მოხდა აგრეგატზე ზემოქმედება. შესაბამისად მის ხარისხზე მენარდეს ვერანაირი პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო სავსებით საფუძვლიანად მიიჩნევს მოსარჩელის მოტივაციას იმის შესახებ, რომ ფარული ნაკლის გამოვლენის შემთხვევაში მოპასუხეს შეეძლო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გარანტიის ფარგლებში მოეთხოვა მენარდისათვის ნაკლის გამოსწორება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
აღნიშნულის ანალიზიდან გამომდინარე, სამართლო სავსებით ეთანხმება მოსარჩელე მხარის მოტივაციას მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით. მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის როგორც არაპირდაპირი ზიანის დაკმაყოფილებისათვის საჭირო წინაპირობები განმტკიცებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით. რომლის მიხედვით "ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს "წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს" (pure economik Loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს" (შდრ: სუსგ-ები N ას-459-438-2015 წ. Nას -54-54-2018 წ.).
ასევე დაუსაბუთებელია და გაზიარებული ვერ იქნება წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ორი ნარდობის ხეკლშეკრულებით გათვალისწინებული თანხების (91800 ევრო და 49700 აშშ დოლარის) ანაბარზე შეტანის შემთხვევაში 34605.48 ლარის მოგების მიღებასთან დაკავშირებით (იხ. შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე) ამასთან, მეორე სასარჩელო მოთხოვნის თანხას მოიცავს პირველი სასარჩელო მოთხოვნა 436 475.48 ლარი. კერძოდ, აუდიტის დასკვნის მეორე გვერდზე აღნიშნული მოსარჩელის მიერ მიუღებელი შემოსავალი 436 475.48 ლარი მოიცავს საანაბრე ანგარიშიდან მისაღებ სარგებელს 34 605.48 ლარს,რაც დამოუკიდებლად არის მოთხოვნილი.
აღნიშნულისა და საქმის სხვა ერთობლივი მასალების ანალიზის საფუძველზე სასამართლო იზიარებს ს--------–----–-----ის" მოტივაციას სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით (გარდა პირგასამტეხლოსი, რასაც სასამართლო მიიჩნევს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ.) აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხეს რაიმე უტყუარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. კარძოდ,დადგენილია, რომ შ--------–--------ის" მიერ N17/08/16 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირველი ავანსი (45900 ევრო) გადახდილი იქნა ვადაში, ხოლო მეორე ავანსი 27751.47 ევრო, ნაცვლად 2016 წლის 17 ოქტომბრისა, გადახდილი იქნა 70 დღის დაგვიანებით, 2016 წლის 27 დეკემბერს. (საგადასახადო დავალება (120180) ლარზე; საგადასახადო დავალება (79147.2) ლარზე). 2017 წლის 29 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი და ფორმა N2, N17/08/16 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების შესახებ. 2017 წლის 29 მაისს მოპასუხემ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების ნაწილი 14263.92 ევრო; 2017 წლის 15 ივლისს მოპასუხის ფინანსური სამსახურის მიერ დადასტურებული იქნა N17/08/16 ხელშეკრულების შესაბამისად შესრულებულ სამუშაოზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა. დღეის მდგომარეობით 2016 წლის 17 აგვისტოს გაფორმებული ნარდობის N N17/08/16 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის ძირი დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 3 884.61 ევროს, რომლის გადახდა უნდა მომხდარიყო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, არაუგვიანეს 2017 წლის 02 ივნისისა. 2016 წლის 26 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება N26/12/16. 2016 წლის 27 დეკემბერს მოპასუხემ გადაიხადა ავანსი 36 993.63 აშშ დოლარი.(საგადასახადო დავალება 101 000 ლარზე). 2017 წლის 30 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი და ფორმა N2, რომლის თანახმად შესრულებული სამუშაოს მოცულობამ შეადგინა 48897.4 აშშ დოლარი.( შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა N2., საგადასახადო ანგარიშფაქტურა Nეა-08 6003236, საგადასახადო ანგარიშფაქტურა Nეკ-44772510.); 2016 წლის 26 დეკემბრის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის ძირი დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 12694.06 აშშ დოლარს,საიდანაც 11903.77 აშშ დოლარის (სხვაობა შუალედური აქტის თანხასა და ავანსის თანხას შორის) გადახდა უნდა მომხდარიყო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, არაუგვიანეს 2017 წლის 02 ივნისისა. 2017 წლის 10 მაისს ს--------–----–-----მა" მოპასუხის სასარგებლოდ შეასრულა 9448.54 ლარის ღირებულების სამუშაო, რომლის საფასური მოპასუხეს არ გადაუხდია (საგადასახადო ანგარიშფაქტურა Nეა-09 1348869); 2017 წლის 05 ივლისს ს--------–----–-----მა" მოპასუხეს მიაწოდა 138.19 ლარის ღირებულების პროდუქცია, რომლის საფასური მოპასუხეს არ გადაუხდია (საგადასახადო ანგარიშფაქტურა Nეა-08 6891952). 2017 წლის 02 ნოემბერს ს--------–----–-----მა" მოპასუხეს მიაწოდა 1320 ლარის ღირებულების პროდუქცია, რომლის საფასური მოპასუხეს არ გადაუხდია. (საგადასახადო ანგარიშფაქტურა Nეა-09 0317297); 2017 წლის 05 ივლისს ს--------–----–-----მა" მოპასუხეს მიაწოდა 792 ლარის ღირებულების პროდუქცია, რომლის საფასური მოპასუხეს არ გადაუხდია (კორექტირებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა N ეკ-3061946; საგადასახადო ანგარიშფაქტურა (რაც დაკორექტირდა) Nეა-09 0317298); 2017 წლის 29 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი და ფორმა N2, N17/08/16 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების შესახებ);
2016 წლის 26 დეკემბრის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, 2017 წლის 30 მაისის შუალედურ აქტთან მიმართებაში სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხის მოტივაციას იმის შესახებ, რომ რადგან აღნიშნულზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი არ შედგა, მენარდეს მოცემული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო არ შეუსრულებია - რადგან დადგენილია, რომ მენარდემ შეასრულა 48897.4 აშშ დოლარის სამუშაო, რაც დაახლოებით 13 აშშ დოლარით ნაკლებია ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე. ამაზე მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო მენარდემ შეასრულა 13 დოლარით ნაკლებ ფასად ვიდრე ხეკლშეკრულებით იყო გათვალისწინებული. (აქტს ხელს აწერს ხელშეკრულების ორივე მხარე). აქედან გამომდინარე მხარის აპელირება ხელშეკრულების შეუსრულებლობაზე იმ მოტივით, რომ რადგან საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი არ არსებობს, ხელშეკრულება არ შესრულებულა- საფუძველს მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამასთან, მითითებული კანონის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას. ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოში კანონი იმას კი არ გულისხმობს, რომ პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობა თავიდანვე შეუსაბამოდ მაღალი თუ იქნებოდა, მხოლოდ ეს გახდებოდა მისი შემცირების საფუძველი, არამედ იმასაც, რომ შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ შეიძლება იქცეს ვალდებულების შესრულების პროცესშიც. ორივე შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი” პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს მოვალის ინტერესები. ასეთ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც თავის მხრივ წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, იმის მხედველლობაში მიღებით, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ პირგასამტეხლოს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ, მიზანშეწონილად მიიჩნევს მისი ოდენობის შემცირებას.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა .
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ფულადი თანხა, რაც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 8.5 მუხლის თანახმად შესყიდვის ობიექტის პირობების, მიწოდების ვადების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევ მხარეს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა ვალდებულების შესრულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.3%-ის ოდენობით. შესაბამისად ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2018 წლის 31 აგვისტოდან 14 ნოემბრამდე (პირველადი სარჩელის აღძვრამდე) პერიოდში პირგასამტეხლომ შეადგინა შეადგინა 665.77 ლარი, რაც მოსარჩელის მიერ მიჩნეული იქნა რა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ, მოითხოვა მისი შემცირება 334 ლარამდე.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს---------–----–---ტის" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. შ--------–--------ი"-ს ს--------–----–-----ის" სასარგებლოდ 2016 წლის 17 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 4025.86 ევროს (შესაბამისი ექვივალენტი ლარებში) გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 3884.61 ევრო, პირგასამტეხლო -141.25 ევრო. გადახდის დროისათვის არსებული კურსის მიხედვით.
3 შ--------–--------ი"-ს ს--------–----–-----ის" სასარგებლოდ, 2016 წლის 26 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 13 126.62 აშშ დოლარის (შესაბამის თანხის ლარებში) გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 12694.06 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო -432.56 აშშ დოლარი. გადახდის დროისათვის არსებული კურსის მიხედვით.
4. შ--------–--------ი"-ს ს---------–----–---ტის" სასარგებლოდ, სხვადასხვა დროს გაწეული მომსახურების საფასურის სახით დაეკისროს 11 698.73 ლარის გადახდა,5. შ--------–--------ი"-ს ს---------–----–---ტის" სასარგებლოდ, დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის, 120,78 ევროს, (შესაბამისი ექვივალენტი ლარში) 393. 80 აშშ დოლარის (შესაბამისი ექვივალენტი ლარში) გადახდის დროისათვის არსებული კურსის მიხედვით) და 350.97 ლარის გადახდა. დანარჩენი თანხა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
6. მოპასუხე შ--------–--------ი"-ს მოსარჩელე ს--------–----–-----ის" სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა, საიდანაც მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხაა 50 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საჩივარზე გადახდილი თანხა 50 ლარი.
7. შპს ა---–--------ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
ნაირა გიგიტაშვილი