გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.01.2020
საქმის ნომერი
080210019003148860
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
01.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210019003148860

#2/2094-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31.01.2020 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - შპს „ნ---------------------------–-----------ია„წარმომადგენელი - ნ-----–------------ე;

მოპასუხე - ს-------------–--ე;

წარმომადგენელი- ნ------–--–--------ე;

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხე ს-------------–--ეს- მოსარჩელე - შპს ნ---------------------------–-----------იას სასარგებლოდ დაეკისროს 740 ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე ს-------------–--ეს- მოსარჩელე - შპს ნ---------------------------–-----------იას სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შპს ნ---------------------------–-----------იას და ს-------------–--ეს შორის არსებული ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, 2014 წლიდან მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება ს-------------–--ესთვის პერიოდულად მიეწოდებინა სხვადასხვა სახის პროდუქცია, ხოლო მოპასუხე ვალდებული იყო მიღებული საქონლის სანაცვლოდ მოსარჩელისთვის აენაზღაურებინა შესაბამისი თანხა.

 

მოსარჩელე შპს ნ---------------------------–-----------იამ მოპასუხე ს-------------–--ეს მიაწოდა მოთხოვნილი პროდუქცია, თუმცა მოპასუხის მიერ არ მომხდარა მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება სრულად, მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან 740 ლარი არ გადაუხდია .(იხ. სარჩელი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ს-------------–--ემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება არ გააჩნია, ასევე სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. (იხ. შესაგებელი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს ნ---------------------------–-----------იამ ს-------------–--ეს ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლიდან 2017 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მიაწოდა სასაქონლო ზედნადებებეში აღნიშნული პროდუქცია ნაწილ-ნაწილ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (წარმოდგენილი ელექტრონული ფორმით CD დისკზე);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

3.2.2. ს-------------–--ემ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, არ გადაიხადა ნასყიდობის ფასი სრულად და კრედიტორის მიმართ დავალიანება შეადგენს 740 ლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები;

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება;

 

3.2.3. მოპასუხე ს-------------–--ის განმარტებით მას 2014 წლის 06 აგვისტოდან შეჩერებული აქვს სამეწარმეო საქმიანობა, მას შემდეგ მოსარჩელისგან პროდუქცია არ შეუძენია, შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ასევე განმარტა, რომ მოსარჩელის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება არ გააჩნია. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის აღნიშნულ პოზიციას და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1. მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებლია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნებაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

მოპასუხე მხარე ვალდებულების შესრულების დროს მიუთითებს 06.08.2014 წლიდან, მას შემდეგ რაც ს-------------–--ემ შეაჩერა სამეწარმეო საქმიანობა, რასაც სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ვალდებულების შესრულების დრო მხარეთა მიერ განსაზღვრული არ ყოფილა. ასევე წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ნასყიდობის ღირებულების გადახდის ვალდებულება მყიდველს გამყიდველის მოთხოვნისთანავე წარმოეშობა, ხოლო უფლების დარღვევის შესახებ კრედიტორი შეიტყობს მხოლოდ მაშინ, როცა იგი მოითხოვს ვალდებულების შესრულებას, ხოლო მოვალე უარს იტყვის შესრულებაზე, შესაბამისად ხანდაზმულობის ვადაც კრედიტორის მოთხოვნიდან აითვლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ან/და შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ან/და აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ს-------------–--ის მიმართ მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს არ აქვს გადახდილი ნასყიდობის საფასური სრულად. ამგვარი დასკვნის საფუძველს სასამართლოს აძლევს, როგორც მხარის ახსნა-განმარტება, ასევე საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები.

 

მხარეთა შორის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დასტურად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა სასაქონლო ზედნადებები. მოპასუხის მტკიცებით, 2014 წლის 06 აგვისტოდან შეჩერებული აქვს სამეწარმეო საქმიანობა, შესაბამისად ს-------------–--ე 2017 წელს საქონლის შეძენას ვერ განახორციელებდა, შესაბამისად მოსარჩელის მიმართ შესასრულებელი არ აქვს ვალდებულება. აღნიშნულის დასტურად მიუთითებს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულ წერილზე, რომლის თანახმად, ს-------------–--ეს 2014 წლის 06 აგვისტოს რეგისტრირებული აქვს საქმიანობის შეჩერების შესახებ განცხადება (ID 2384414) და საქმიანობის შეწყვეტის თარიღი მითითებულია 06.08.2014წ. ზემოთ აღნიშნული ბაზის მონაცემების მიხედვით, ი/მ ს-------------–--ეს GPRS სალარო აპარატი ფიქსირდება როგორც გაუქმებული 06.08.2014წ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების, კერძოდ 740 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდების დადასტურება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულია სასაქონლო ზედნადებებით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სამოქალაქო საპროცესო სამართლაში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.1. მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს მათი სარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხდევით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნის გაკეთების უფლებას.

 

მოცემულ შემთხვევაში ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მყიდველ მხარეს- მოპასუხეს, რომელსაც მოცემულ დავაზე არ წარმოუდგენია ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად ნასყიდობის საფასურის დაკისრების თაობაზე არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობები

 

საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და ემყარება წერილობით მტკიცებულებებს. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, იგი ამ შემთხვევაში ვერ ადასტურებს გარემოებებს, რომლებზეც ამყარებს შესაგებელს და შესაბამისად, ვერ აქარწყლებს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას. მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიძლება, ჩაითვალოს დადასტურებულად.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ნ---------------------------–-----------იას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 477-ე, 361-ე, 365-ე, 128-ე, 130-ე, 129-ე, 138-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე.

 

6.2. ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მხარეთა უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელ ძირითად ნორმას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის თანახმად (477.1.) ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ ნასყიდობა ორმხვრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ნ---------------------------–-----------იამ მოპასუხე მხარეს სხვადასხვა დროს მიაწოდა საქონელი, რაც დადასტურებულია წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებით, რასაც მოპასუხე მხარე უარყოფს და აღნიშნავს რომ 2014 წლიდან სამეწარმეო საქმიანობა შეჩერებული აქვს, შესაბამისად მოსარჩელის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება არ გააჩნია. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას, ვინაიდან სასაქონლო ზედნადებებით დასტურდება, რომ 2017 წლის სექტემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, კერძოდ შპს ნ---------------------------–-----------იამ (გამყიდველი) ს-------------–--ეს (მყიდველს) მიაწოდა სხვადასხვა დასახელების საქონელი. ამასთან, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა არ შეიცავს ს-------------–--ის მიერ 2017 წელს სამეწარმეო საქმიანობის შეჩერების შესახებ ინფორმაციას, შესაბამისად მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიძლება ჩაითვალოს დადასტურებულად.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის ფასის გადახდის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მყიდველს, რომელმაც ვერ დაადასტურა ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდის ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისერად, დათქმულ დროსა და ადგილას. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, რის გამოც მას უნდა დაეკისროს ნასყიდობის საფასურის გადაუხდელი თანხის გადახდის ვალდებულება. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეს გადასახდელი აქვს 740 ლარი. ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდის- ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ქმნიან მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს, რის გამოც პს ნ---------------------------–-----------იას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ფარგლებში და 740 ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

6.3. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ვალდებულების დროულად შესრულება სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. ვალდებულების შესრულების დროდ ითვლება განსაზღვრული მომენტის დადგომა, როცა ვალდებულება შესრულებული უნდა იქნას, რასაც უკავშირდება ხანდაზმულობის ფაქტორიც, რადგანაც კრედიტორის მოთხოვნის უფლებაც არ არის უვადო და მასზე მოქმედებს ხანდაზმულობის ზოგადი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს-------------–--ის მიმართ მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1. მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სს კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნია, რომ ვალდებულების შესრულების დრო მხარეთა მიერ განსაზღვრული არ ყოფილა. ამასთან მოსარჩელის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება წარმოშობილია 2017 წლიდან, შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულად ვერ შეფასდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ან/და შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ან/და აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამ მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე სოფიო ხუციძემ სარჩელი არ ცნო. მოსარჩლის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. ამდენად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ნ---------------------------–-----------ია„-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ს-------------–--ეს - შპს „ნ---------------------------–-----------ია„-ს სასარგებლოდ დაეკისროს 740 ლარის გადახდა.

 

3. ს-------------–--ეს - შპს „ნ---------------------------–-----------ია„-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 50 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორიათასი) ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე