გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.02.2020
საქმის ნომერი
020310019003203666
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
14.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020310019002946628

საქმე N3/176-19წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 თებერვალი, 2020 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ფატი ფურცხვანიძე

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელე - შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონული დაცვის პოლიციის სამმართველო

წარმომადგენელი - მ-------- ა-----–--

 

მოპასუხე - შპს ,,დ-----’’

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ შპს ,,დ-----სათვის" 452.65 ლარის დაკისრება;

 

1.2. შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონული დაცვის პოლიციის სამმართველოს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის შპს ,,დ-----სათვის" დაკისრება.

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე მხარეს წერილობით შესაგებელი არ წარმოუდგენია; სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სცნო სარჩელი.

 

3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოება

 

3.1.1. საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოსა და შპს ,,დ-----ს" შორის 2017 წლის 03 აგვისტოს გაფორმდა N239 ხელშეკრულება შპს ,,დ-----ს" სათამაშოების მაღაზიის დაცვაზე, მდებარე, ქ. ზ--------------------- ქ.N15. დაცვის მიერ ობიექტის დაცვა ხორციელდებოდა ცენტრალური დაკვირვების პულტის მეშვეობით, რისთვისაც დამკვეთს უნდა გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 145 (ას ორმოცდახუთი) ლარი, დღგ-ს ჩათვლით. ანგარიშსწორების ვადად განისაზღვრა ყოველი საანგარიშო თვის დასრულებიდან მომდევნო თვის ათ რიცხვამდე პერიოდი.

 

ხელშეკრულება ძალაში შევიდა ობიექტის დაცვაში აყვანის დღიდან და დადგინდა მისი განუსაზღვრელი ვადით მოქმედება. 2019 წლის 05 აგვისტოდან შეწყდა მითითებული ხელშეკრულება.

 

შპს ,,დ-----ს" 2017 წლის 03 აგვისტოს N239 ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარცელისათვის უნდა გადაეხადა დაცვის მომსახურეობის ღირებულება 452.65 ლარი, რაც დასტურდება ურთიერთშედარების აქტით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების და მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება.

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოსა და შპს ,,დ-----ს" შორის 2017 წლის 03 აგვისტოს დადებული N239 ხელშეკრულება, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს. ამასთან, ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს წარმოეშვათ ამავე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება.

 

კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებით, მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების აღიარებითა და სარჩელის ცნობით, დასტურდება, რომ შპს ,,დ-----ს" მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი აქვს მომსახურების ღირებულება 452.65 ლარი. მოპასუხე მხარე არ იხდის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დავალიანების თანხას.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონული დაცვის პოლიციის სამმართველო სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე შპს ,,დ-----ს", მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს 452.65 ლარის გადახდა.

 

7.საპროცესო ხარჯები

თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სცნო სარცელი, რის გამოც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. შპს ,,დ-----ს" მოსარჩელის - საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს სასარგებლოდ დაეკისროს 452.65 ლარის გადახდა;

 

3.მოსარჩელეს დაუბრუნდეს მოცემულ საქმეზე 2019 წლის 17 სექტემბერს N365040 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი;

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12).

 

მოსამართლე: ფატი ფურცხვანიძე