გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/83-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ მეშველიანი
სხდომის მდივანი ეკატერინე ჯანელიძე
მოსარჩელე შპს „ჯ---------------------------------ი“
წარმომადგენელი მ-------------–---–ი
მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
წარმომადგენელი თ--------------ე
მესამე პირი შპს „ვ-------------ა“
დირექტორი ზ--------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 27 ნოემბრის №89/2 გადაწყვეტილება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლის მითითებით, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია:
მესამე პირის - შპს „ვ-------------ას“ დირექტორმა ზ--------------ემ უსაფუძვლოდ მიიჩნია სარჩელი და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. შპს „ვ-------------ა“ არის შპს ,,ჯ---------------------------------ის’’, (სასმელი წყლის სექტორში ლიცენზირებული კომპანიის) აბონენტი და კომპანიის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია სააბონენტო ნომრით 7-------6.
2017 წლის 27 ივლისს, ქ. თბილისში, დ-----------–-----–----------------5-ში მდებარე შპს „ვ-------------ას“ ობიექტში შპს „ჯ---------------------------------ის“ თანამშრომლების მიერ გამოვლინდა სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტი, კერძოდ, დაფიქსირდა მრიცხველის თვითნებურად მოხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა „აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი“ №0-----, რომლითაც კომპანიას გადასახდელად დაერიცხა 562,23 ლარი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ას №0-----, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აბონენტის ბარათი (ს.ფ. 62-67);
- 2017 წლის 27 ივლისის აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი №0----- (ს.ფ. 85);
- 2017 წლის 27 ივლისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ას №0----- (ს.ფ. 84);
- შპს „ჯ---------------------------------ის“ 2017 წლის 27 ივლისის №1979 დადგენილება (ს.ფ. 55-56).
4.2. შპს „ჯ---------------------------------ის“ უფლებამოსილმა პირმა განიხილა შპს „ვ-------------ას“ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და მიიჩნია, რომ შპს „ვ-------------ამ“ ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რაც გამოიხატა სასმელი წყლის მრიცხველის თვითნებურად მოხსნაში.
ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, შპს „ჯ---------------------------------ის“ წარმომადგენლებმა შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ბაზაში გადამოწმების გზით დაადგინეს, რომ შპს „ვ-------------ა“ არ ირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლით (სასმელი წყლის უკანონო მოხმარება და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობა) განსაზღვრულ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ სუბიექტად. ასევე, ცხელი ხაზიდან მიწოდებული ინფორმაციით გარკვეულ იქნა, რომ შპს „ვ-------------ას“ წარმომადგენლებმა შიდა ქსელზე მილის დაზიანების თაობაზე შპს „ჯ---------------------------------ს“ აცნობეს ცხელ ხაზის მეშვეობით, 2017 წლის 13-14 ივლისს, თუმცა ოპერატორის მითითების შესაბამისად, 2017 წლის 27 ივლისამდე შპს „ვ-------------ას“ კომპანიისთვის წერილობითი განცხადებით არ მიუმართავს.
შპს „ჯ---------------------------------ის“ 2017 წლის 27 ივლისის №1979 დადგენილებით შპს „ვ-------------ას“ დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ბაზაში დაცული ინფორმაცია (ს.ფ. 87);
- შპს „ჯ---------------------------------ის“ 2017 წლის 27 ივლისის №1979 დადგენილება (ს.ფ. 55-56).
4.3. შპს „ვ-------------ას“ დირექტორმა ზ--------------ემ 2017 წლის 14 სექტემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა შპს „ჯ---------------------------------ის“ 2017 წლის 27 ივლისის აღურიცხავი წყლის მოხმარების №0----- აქტით დარიცხული თანხისა და ,,გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ 2017 წლის 27 ივლისის №1979 დადგენილების გაუქმება, ამასთან, ავტომატურად გადახდილი (საბანკო ანგარიშიდან ჩამოჭრილი), დარიცხული თანხის უკან დაბრუნება.
განმცხადებლის განმარტებით, კომპანიის ოფისში მრიცხველამდე მისასვლელი წყლის მილის დაზიანებისთანავე დარეკეს შპს „ჯ---------------------------------ის“ ცხელ ხაზზე. ვინაიდან მთელი ქონების განადგურების საშიშროება არსებობდა, იძულებულნი გახდნენ დაზიანებული ადგილის თვითნებურად შეკეთების მიზნით, მოეხსნათ მრიცხველი. სარემონტო სამუშაოების შემდეგ, მრიცხველი დაამონტაჟეს და კიდევ დარეკეს ცხელ ხაზზე, „პლომბის“ დადების მოთხოვნით. ცხელი ხაზის ოპერატორის განცხადებით, მათ წერილობით უნდა მიემართათ კომპანიისთვის, რაც დირექტორის საქართველოში არყოფნის გამო ვერ შეძლეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 24.03.2014წ. (ს.ფ. 58-59);
- შპს „ვ-------------ას“ დირექტორის ზ--------------ის 2014 წლის 14 სექტემბრის №12486/01 განცხადება (ს.ფ. 53-54);
- 2017 წლის 02 აგვისტოს საგადასახდო დავალება (ს.ფ. 57);
4.4. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში 2017 წლის 28 სექტემბერს წარდგენილია შპს „ჯ---------------------------------ის“ წერილი, რომლის თანახმად, საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ 2017 წლის 13 ივლისს, დ-----–-----–-------ა ე.წ. ოფისის სახელით დარეკა ცხელ ხაზზე და აღნიშნა, რომ შიდა ქსელზე იყო დაზიანება (არაფერი უთქვამს მრიცხველის დაზიანების თაობაზე). მან მოითხოვა საავარიო ბრიგადის გამოძახება. კომპანიის მიერ ვერ მოხდა ურდულის დაკეტვა იმ მიზეზით, რომ გამოირთვებოდა აღმაშენებლის გამზირზე დიდი არეალი (დაახლოებით 5000 აბონენტი). მიწოდებისა და მოხმარების წესების მიხედვით, როდესაც წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ მოხმარების წესებით განსაზღვრული მოქმედება ვერ სრულდება მომხმარებლის მიზეზით, მათ შორის, მომხმარებლის შიდა ქსელის გაუმართაობის, ასევე, ამ მომხმარებლის ობიექტზე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების აშკარა დაუცველობით, ასეთ შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატის მიმართ განსაზღვრული ვალდებულებები ითვლება შესრულებულად.
2017 წლის 14 ივლისს, დ-----–-----–-------ა დარეკა ცხელ ხაზზე და აცნობა, რომ დაზიანებული ადგილის შეკეთების შემდეგ გამოცვალა მრიცხველი და საჭირო იყო კომპანიის მხრიდან დამღის დადება. კომპანიის ცხელი ხაზის ოპერატორმა კი განუმარტა, რომ აღნიშნულის თაობაზე მას კომპანიისთვის უნდა მიემართა წერილობით, რისთვისაც დეტალურად მიუთითა სამუშაო საათები და ოფისის მისამართი. მიუხედავად ამისა, შპს „ვ-------------ას“ მხრიდან არ მომხდარა წერილობითი სახით შეტყობინების დატოვება. 2017 წლის 27 ივლისს კომპანიის რეალიზაციის მენეჯერის მიერ დაფიქსირდა მრიცხველის თვითნებურად მოხსნის ფაქტი, რის თაობაზეც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „ჯ---------------------------------ის“ 2017 წლის 28 სექტემბრის №12938/01 წერილი (ს.ფ. 60-61);
4.5. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 27 ნოემბრის №89/2 გადაწყვეტილებით შპს „ვიზა ჯორჯიას“ დირექტორის ზ--------------ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; განუხილველი დარჩა ,,გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ შპს „ჯ---------------------------------ის“ 2017 წლის 31 აგვისტოს №1979 დადგენილება; შპს „ჯ---------------------------------ის“ მიერ 2017 წლის 27 ივლისის აღურიცხავი წყლის მოხმარების №0----- აქტით შპს „ვიზა ჯორჯიასთვის“ 562,23 ლარის დარიცხვა მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ; შპს „ჯ---------------------------------ს“ დაევალა უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვის გაუქმება; შპს „ჯ---------------------------------ს“ დაევალა დარიცხვის განხორციელება კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად და შესაბამისი ცვლილების შეტანა აბონენტის (№7-------6) პირადი აღრიცხვის ბარათში.
კომისიამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ხორციელდებოდა სასმელი წყლის არა უკანონო მოხმარება, არამედ მრიცხველის არასწორი მონტაჟის გამო სასმელი წყლის აღურიცხველობა. კერძოდ, შპს „ვ-------------ას“ მიერ სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარებისა და სამართალდარღვევის ფაქტი არ დასტურდებოდა, რის გამოც, ასევე, არ არსებობდა მასზე სასმელი წყლის უკანონო მოხმარების და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის თანხის დარიცხვის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, 2017 წლის 13 ივლისიდან 2017 წლის 27 ივლისამდე, მრიცხველის არასწორი მონტაჟის გამო არ ხდებოდა შპს „ვ-------------ას“ მიერ მოხმარებული სასმელის წყლის აღრიცხვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 27 ნოემბრის №89/2 გადაწყვეტილება (ს.ფ. 95-100).
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „ჯ---------------------------------ის“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონი, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესები“.
7. სამართლებრივი შეფასება.
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 27 ნოემბრის №89/2 გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. სასამართლო მიუთითებს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია შექმნას მყარი სამართლებრივი საფუძველი და სრულყოფილი ინსტიტუციური გარემო საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების სტაბილური ფუნქციონირებისათვის, რათა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში უზრუნველყოფილ იქნეს ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსება, მომსახურებისა და საქონლის ეფექტიანი ფასწარმოქმნა და მიწოდება.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, იგი უფლებამოსილია, გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება. შესაბამისად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაწყვიტოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.
აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003 წლის 7 აგვისტოს №12 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების დებულების“ პირველი მუხლის პირველი პუნქტითა და მე-7 მუხლით, ასევე, „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებით“.
სასამართლო, ხსენებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, აღნიშნავს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება ლიცენზიატ - შპს ,,ჯ---------------------------------სა“ და მომხმარებელ - შპს „ვიზა ჯორჯიას“ შორის არსებულ დავაზე.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ შპს „ჯ---------------------------------მა“ გამოავლინა რა სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების ფაქტი, მოახდინა შესაბამისი რეაგირება, რაც გამოიხატა მის მიერ 2017 წლის 27 ივლისის №0----- აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტისა და ას №0----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაში, ასევე, 2017 წლის 27 ივლისის დადგენილებით სამართალდამრღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში (სახდელის სახე: გაფრთხილება). ამასთან, შპს „ჯ---------------------------------ის“ პოზიციის თანახმად, ობიექტზე მრიცხველის თვითნებურად მოხსნის შედეგად სასმელი წყლის აღურიცხავი მოხმარების ფაქტზე შპს „ვიზა ჯორჯიასთვის“ აღურიცხავი წყლის მოხმარების საფასურმა შეადგინა 562,23 ლარი.
დადგენილია, რომ შპს „ვ-------------ამ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში სადავოდ გახადა, როგორც სასმელი წყლის აღურიცხავად უკანონოდ მოხმარების ფაქტი, ასევე, ამ პერიოდისათვის მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება.
7.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.
აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყალმომარაგების ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ამ წესების მიზნებისათვის სასმელი წყლის მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა, ყველა სხვა მომხმარებელი.
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება: ა) ინდივიდუალური მრიცხველის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით (გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა); ბ) გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში სულადობის მიხედვით.
წყლის უკანონო მოხმარების განმარტება მოცემულია „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი სასმელი წყლის მიწოდების თვითნებური აღდგენა, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება; ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არახანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, მიმწოდებელი სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისი აქტი.
სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესებზე“, რომელიც არეგულირებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 და 149-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენასთან, აღრიცხვა-ანგარიშგებასა და შესაბამისი საწარმოების მიერ ადმინისტრაციული სახდელის დადებასთან დაკავშირებულ საკითხებს (1.1 მუხლი).
მითითებული წესის მე-4 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის საფუძველია სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ან წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობის ფაქტი. ხოლო მე-9 მუხლის მიხედვით, ასეთი ფაქტის დადასტურებისას უფლებამოსილი პირის მიერ გამოიცემა გაფრთხილების ან დაჯარიმების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება, რომელიც საჩივრდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.
ამასთან, წესის მე-11 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია, დადგენილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების მიუხედავად, იმსჯელოს საწარმოს მიერ მის სასარგებლოდ პირზე დარიცხული თანხის საფუძვლიანობაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ამდენად, ეს უკანასკნელი ნორმა საკითხის განმხილველ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას იმსჯელოს და შეაფასოს პირისათვის დარიცხული თანხის საფუძვლიანობა. ამ მიზნით, არსებითია დადგინდეს აბონენტის მხრიდან ჩადენილია თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარება. „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი კი იმპერატიულად ადგენს, რომ მხოლოდ ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაშია კომპანია - შპს „ჯ---------------------------------ი“, უფლებამოსილი, რომ აბონენტს მოსთხოვოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების ანაზღაურება.
7.4. სასამართლო მიუთითებს „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-6 მუხლზე, რომლის პირველი და მეორე პუნქტები ადგენს, რომ აღრიცხვის კვანძი უნდა მოაწყოს მიმწოდებელმა. შესაბამისად, იგი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები (მათ შორის სათანადო ფილტრი და უკუსარქველი), რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან. საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება აქვს, ხოლო ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულია, მოხსნას, შეაკეთოს, დაამოწმოს და შეცვალოს აღრიცხვის კვანძი (მათ შორის სასმელი წყლის მრიცხველი), ასევე, სხვა სახის თავისი კუთვნილი მოწყობილობები, მათ შორის დანადგარები. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის სასმელი წყლის მრიცხველის დაყენებაზე), ბრჯენის ტექნიკურად სწორად დადებასა და შესაბამისი აქტის შედგენაზე.
მითითებული წესების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის გაფართოება, რეკონსტრუქცია, შეკეთება, დანადგარების ან/და მოწყობილობების დამონტაჟება-მიერთება, ექსპლუატაციიდან გამოყვანა ან ჩართვა, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მიმწოდებელის მეშვეობით. ამასთან, დაუშვებელია წყალმომარაგების სისტემასთან თვითნებური მიერთება.
ამასთან, „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-11 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს მიმწოდებელს აღნიშნულის შესახებ (წერილობით ან ზეპირად, მათ შორის, სატელეფონო შეტყობინებით). მიმწოდებელი ვალდებულია, შეტყობინების მიღებისთანავე წერილობით დააფიქსიროს შეტყობინების მიღება და დაუყოვნებლივ განახორციელოს ამ მომხმარებლის სასმელი წყლით უწყვეტი მომარაგებისათვის საჭირო ქმედებები და პროცედურები (ამ წესებისა და კანონმდებლობით გათვალისიწნებული პირობების შესაბამისად); ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარებისათვის გათვალისწინებული პირობები.
ზემოხსენებულ დანაწესებზე დაყრდნობით სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის აპელირებას მოთხოვნის წერილობით დაფიქსირების აუცილებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაციაში მიღება, აღრიცხვის კვანძის მოწყობა და შესაბამისი მრიცხველის დაყენება, მათ შორის, აბონენტის მიერ დამონტაჟებულ მრიცხველზე ბრჯენის დადების გამართულობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მიმწოდებლის, ლიცენზიატი კომპანიის მიერ, თუმცა ამ უკანასკნელს, ასევე, ეკისრება ვალდებულება მომხმარებლის მიერ როგორც წერილობითი, ასევე, სატელეფონო შეტყობინების გზით სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე განახორციელოს შესაბამისი რეაგირება და მომხმარებლის სასმელი წყლით უწყვეტი მომარაგებისათვის საჭირო ქმედებები და პროცედურები, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. კერძოდ, საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით მხარეთა მიერ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ შიდა ქსელის დაზიანებასთან დაკავშირებით და შემდგომ, თვითნებურად დამონტაჟებულ მრიცხველზე ბჯენის დადების მოთხოვნაზე ცხელ ხაზზე დაფიქსირებულ ინფორმაციაზე მოსარჩელეს რეაგირება არ ჰქონია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ჯ---------------------------------ის“ წარმომადგენლები ვალდებულნი იყვნენ სატელეფონო შეტყობინების მიღებისთანავე დეტალურად შეესწავლათ საქმის გარემოებები, მათ შორის, დაზიანებული ქსელის აღსადგენად საჭირო ხომ არ იყო მრიცხველის მოხსნა და ასეთის არსებობის პირობებში, ვის უნდა განეხორციელებინა მისი მოხსნა და შემდეგ თავიდან მონტაჟი, ანდა მრიცხველის თვითნებურად მონტაჟის შემთხვევაში რამდენად ტექნიკურად იყო გამართული და ხდებოდა თუ არა მოხმარებული სასმელი წყლის სრულად აღრიცხვა, რაც მოსარჩელის მიერ 2017 წლის 27 ივლისამდე არ განხორციელებულა. უფრო მეტიც, მითითებულ თარიღამდე შპს „ჯ---------------------------------ის“ მხრიდან შპს „ვ-------------ას“ სატელეფონო შეტყობინებებთან დაკავშირებით არავითარი რეაგირება არ ყოფილა, რაც ზემოხსენებული ნორმის გათვალისწინებით გამორიცხავს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარებად ჩათვლას. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, ადგილი ჰქონდა არა სასმელი წყლის უკანონო მოხმარებას, არამედ მრიცხველის არასწორი მონტაჟის გამო მისი დაზიანებიდან გამოვლენამდე ანუ 2017 წლის 13 ივლისიდან 27 ივლისამდე სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარებას.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თუ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვა (სასმელი წყლის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის განსაზღვრა შეუძლებელია (სასმელი წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში, მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობი გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ წესებით განსაზღვრულ უკანონო მოხმარების შემთხვევაზე.
სასამართლო მითითებულ ნორმაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილია შპს „ვ-------------ას“ მიერ 2017 წლის 13 ივლისიდან 27 ივლისამდე პერიოდში აღურიცხავად სასმელი წყლის მოხმარება არა უკანონოდ, სამართალდარღვევის ჩადენის გზით, არამედ მრიცხველის არასწორად მონტაჟის გამო, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს სასმელი წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში, მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობი გათვალისწინებით), რაც მოსარჩელე კომპანიის მიერ არ იქნა განხორციელებული. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მართებულად მიიღო გადაწყვეტილება განსახილველ შემთხვევაში 2017 წლის 27 ივლისის აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით დარიცხვის უსაფუძვლობასა და ამავე დროს, „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-8 პუნქტის რეგულაციის გავრცელებასთან დაკავშირებით.
7.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 27 ნოემბრის №89/2 გადაწყვეტილება კანონიერია, მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ჯ---------------------------------ის“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად და ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ჯ---------------------------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.
მოსამართლე თამარ მეშველიანი