გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.02.2020
საქმის ნომერი
180310019003305287
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
03.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1-----------------

საქმე № 3-4---19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04.02.2020 წელი ქ. მცხეთა

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ბიძინა სტურუა

სხდომის მდივანი ნინო ჯანხოთელი

 

მოსარჩელე: ე-–-----------–ი

 

მოპასუხე: ქალაქ დ--–---ის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი: ლ-–-----–--–---–ი, ჯ------–-----–-–----რი

 

დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. დ--–---ის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 31 ოქტომბრის N 2---/ს ბრძანების ბათილად ცნობა.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

2.1. მოპასუხე, ქალაქ დ--–---ის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1. ქალაქ დ--–---ის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 30 სექტემბრის N 1---/ს ბრძანებით, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ე-–-----------–ის მიერ ჩადენილი შესაძლო დისციპლინური გადაცდომის, რიგი შესული კორესპონდენციის ძირითადი დოკუმენტით წარდგენილი დანართების დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის გარეშე მიღების მიზეზის გარკვევის შესწავლის მიზნით დაიწყო დისციპლინური წარმოება. დისციპლინური წარმოების განხორციელება დაევალა დ--–---ის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 30 სექტემბრის N1---/ს ბრძანება

 

3.2. დ--–---ის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნით, შიდა აუდიტის სამსახურის მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მშენებლების მიერ ძირითადი დოკუმენტით (განცხადებით) წარმოდგენილი, რიგი შესრულებულ სამუშაოთა აქტები (ფორმა 2) და ფარული სამუშაოების აქტები, რეგისტრაციის გარეშე ბარდებოდა ზედამხედველობის სამსახურს და მათგან ხდებოდა აღნიშნული დოკუმენტის სისტემაში ატვირთვა. ამავე დასკვნით, ალბომის სახით წარდგენილი მშენებლობის პროექტები და ექსპერტიზის დასკვნები, დედანის სახით, ბარდებოდა პირდაპირ სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურში, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, წარმოდგენილი ალბომები იყო ფორმატით დიდი და პრაქტიკულად შეუძლებელი იყო სისტემაში ატვირთვა. ამ დოკუმენტების სისტემაში ატვირთვას, შემდგომ, ახორციელებდა თვითონ სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური. დ--–---ის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 13 სექტემბერს საქმისწარმოების განყოფილება უზრუნველყო A3 ფორმატის ლაზერული პრინტერით, მიუხედავად ამისა საქმის წარმოების განყოფილების მიერ ალბომების სახით წარდგენილი, დიდი მოცულობის დოკუმენტაციის ატვირთვა არ ხორციელდებოდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დასკვნა

 

3.3. დ--–---ის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დასკვით, რომელიც საფუძვლად დაედო სადავო ბრძანებას, შეუძლებელია დასკვნის შემდგენი პირის დადგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დასკვნა

 

3.4. დ--–---ის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 31 ოქტომბრის N 2---/ს ბრძანებით, დისციპლინური საქმისწარმოების შედეგად დადასტურდა ე-–-----------–ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი და ე-–-----------–ს დისციპლინური გადაცდომისათვის პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა გაფრთხილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 31 ოქტომბრის N 2---/ს ბრძანება

 

3.5. ადმინისტრაციული სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა, ე-–-----------–მა, 2019 წლის 30 აგვისტოს მოხსენებითი ბარათით მიმართა დ--–---ის მუნიციპალიტეტის მერს და აცნობა, რომ ალბომების სახით წარდგენილი მშენებლობის პროექტების და ექსპერტიზის დასკვნების ელექტრონულ პროგრამაში ატვირთვა არ ხდებოდა, რადგან დასახელებული დოკუმენტები პირდაპირ ბარდებოდა არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურს. ხშირ შემთხვევაში ალბომები იყო დიდი ფორმატის და ტექნიკურად შეუძლებელი იყო მათი ატვირთვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 30 აგვისტოს N 2--1/05 მოხსენებითი ბარათი

 

3.6. დ--–---ის მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა, ნ-------------მა, 2018 წლის 12 ივლისს მოხსენებითი-ბარათით მიმართა დ--–---ის მუნიციპალიტეტის მერს და აცნობა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად საქმისწარმოების განყოფილებას ესაჭიროებოდა ერთი კომპიუტერი და პრინტერი (კომბაინი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 12 ივლისის N 1--8/05 მოხსენებითი ბარათი

 

3.7. ე-–-----------–მა, 2019 წლის 30 ოქტომბერს მოხსენებითი ბარათით მიმართა დ--–---ის მუნიციპალიტეტის მერს და აცნობა, რომ მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეძენილი ე.წ. სკანერი სამუშაოდ გამოუსადეგარი იყო, რადგან დასამუშავებელი მასალა ხშირ შემთხვევაში შეადგენდა ასობით ფურცელს, ხოლო შეძენილ ტექნიკას ერთჯერადად მხოლოდ ერთი გვერდის დასკანერების ფუნქცია გააჩნდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 30 აგვისტოს N 2---/05 მოხსენებითი ბარათი

 

3.8. დ--–---ის მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის ნ------------ის სამსახურებრივი ბარათით, დ--–---ის მუნიციპალიტეტის მერიაში, მშენებლის მიერ თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებით შეტანილ განცხადებას არეგისტრირებდა საქმისწარმოების ოპერატორი, რომელსაც ელექტრონული სისტემის მეშვეობით პირდაპირ აგზავნიდა მერის პირველ მოადგილესთან, რომელიც თავის მხრივ განცხადებას რეაგირების მიზნით გადააწერდა სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ხელმძღვანელს. საბოლოოდ კი განცხადება გადაეწერებოდა სამშენბლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილებას. ზედამხედველობის განყოფილება განცხადების საფუძველზე ამზადებდა მოხსენებით ბარათს შესრულებული სამუშაოების შესახებ, რომელსაც თან ურთავდა შესაბამის "ფორმა N2-ს" და განცხადებას უბრუნებდა მერის პირველ მოადგილეს, რომელიც განცხადებას, თანხის ანაზღაურების მიზნით, დააწერდა საფინანსო სამსახურს.

მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ განცხადების შესვლიდან არც ერთ ეტაპზე, ელექტრონული სისტემა არ აძლევა ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელს, ე-–-----------–ს, შესაძლებლობას, რომ შეემოწმებინა პროგრამაში ატვირთული დოკუმენტები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 10 დეკემბრის N 3--- სამსახურებრივი ბარათი

 

3.9. დ--–---ის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მოხსენებითი ბარათით, სამშენებლო კომპანიების წერილები რეგისტრირდებოდა კანცელარიაში, ხოლო დანართები, ფორმა N 2-ები და ექსპერტიზის დასკვნები (ალბომის სახით) დედნის სახით წარედგინებოდა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილებას და გადამოწმების შემდეგ, ამავე განყოფილების მიერ ხდებოდა პროგრამაში ატივრთვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2020 წლის 24 იანვრის N 1--/09 მოხსენებითი ბარათი

 

3.10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დ--–---ის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი სპეციალისტი, საქმისწარმოების ოპერატორი, მ---------------–--ლი, რომელმაც განმარტა, რომ დაახლოებით 8 წელი მუშაობს დასახებულ პოზიციაზე და მის მოვალეობას წარმოადგენს დ--–---ის მუნიციპალიტეტის მერიაში შესული კორესპოდენციების დარეგისტრირება. ყოფილი ხელმძღვანელისგან, გაფრთხილებული იყვნენ, რომ მშენებლების მიერ წარმოდგენილი განცხადებები დაეტოვებინათ ფორმა 2-ის გარეშე, რადგან ფორმა 2-ს, შესაბამის სამსახურში წარადგენდნენ. მისი ჩვენებით, არასდროს დაუტოვებია სამშენებლო კომპანიის განცხადებაზე დართული ფორმა 2, ფარული სამუშაოების აქტები ან ექსპერტიზის დასკვნები, რადგან დასახელებული დოკუმენტები, დედნის სახით პირდაპირ მიქონდათ განცხადების ავტორებს ზედამხედველობის სამსახურში. მ---------------–--ლმა აღნიშნა, რომ ითვალისწინებდა რა დადგენილ პრაქტიკას, განცხადებებს, სადაც მითითებული იყო თანდართულ დოკუმენტებზე, იტოვებდა და არეგისტრირებდა, დანართის წარდგენის გარეშე, რადგან იცოდა, რომ დასახებულ დოკუმეტებს ზედამხედველობის სასამხურში წარადგენდნენ. მისივე განრმატებით, ე-–-----------–ი პირადად არ ტვირთავდა შესულ კორესპოდენციას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მ---------------–--ლის ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დ--–---ის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი, საქმისწარმოების ოპერატორი, ე------–------ი, რომელმაც განმარტა, რომ 2015 წლიდან მუშაობს დასახელებულ პოზიციაზე და მის მოვალეობას წარმოადგენს დ--–---ის მუნიციპალიტეტის მერიაში შესული განცხადებების დარეგისტრირება. საქმისწარმოების ოპერატორების უშუალო ხელმძღვანელს წარმოადგენდა საქმის წარმოების განყოფილების უფროსი ნ-------------ი. ე------–------მა აღნიშნა, მართალია მუნიციპალიტეტის მერიამ შეიძინა ახალი ტექნიკა, თუმცა დიდი ფორმატის დოკუმენტების სკანირება არ შეეძლოთ, რის გამოც აღნიშნული ტექნიკას ვერ იყენებდნენ, რადგან არ შეესაბამებოდა მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოსათვის საჭირო აუცილებელ ტექნიკურ მონაცემებს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლი; "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2, მე-3, 88-ე, 89-ე, 93-ე, 97-ე მუხლები; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-601 და 96-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

დ--–---ის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 31 ოქტომბრის N 2---/ს ბრძანება, წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლით, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის "გ" პუნქტით, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.

 

განსახილველ შემთვევაში დადგენილია, რომ ე-–-----------–ი არის დ--–---ის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. შესაბამისად იგი წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6.3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 88.1 მუხლით, დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლებია: ა) მოხელის ან ყოფილი მოხელის განცხადება დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე; ბ) სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე დასაბუთებული ეჭვის არსებობა; გ) საჯარო დაწესებულებაში განხორციელებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუდიტის, ინსპექტირების ან/და მონიტორინგის შედეგები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი გამოსცემს დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ბრძანებას, რომელშიც აღინიშნება დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა (მისი არსებობის შემთხვევაში), დისციპლინური წარმოების ვადა და გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო დისციპლინური წარმოების დაწყებას.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 89.1 მუხლით, საჯარო დაწესებულებაში დისციპლინურ წარმოებას ახორციელებს საჯარო დაწესებულების სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული.

 

ამავე კანონის 93.1 მუხლით, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული დისციპლინური წარმოების დროს მოპოვებული მასალების ანალიზის შედეგად ადგენს დასკვნას: ა) დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შეუძლებლობის შესახებ; ბ) დისციპლინური გადაცდომის არარსებობის შესახებ. დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასკვნაში უნდა აღინიშნოს: ა) დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის სახელი და გვარი, დაკავებული თანამდებობა; ბ) სამსახურებრივი ფუნქციები და მოვალეობები, რომლებიც არ შეასრულა დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენმა პირმა; გ) დისციპლინური გადაცდომის აღწერა, ჩადენის დრო და ადგილი; დ) დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის მიერ დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებით მოპოვებული სხვა ინფორმაცია; ე) პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის კონკრეტული ზომის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შეუძლებლობის შესაბამისი დასაბუთება.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97.2 მუხლით, მოხელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით; ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე; გ) მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა; დ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის შეფასების შედეგები; ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის მიზეზი; ვ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მცდელობა, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგი; თ) სხვა გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრაზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად - დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი იმპერატიულად მოითხოვს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს დაცული იქნას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში.

 

შესაბამისად იმ შემთხვევაშიც, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი მაინც შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით, რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად - თუ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია ვალდებულება დაასაბუთოს გადაწყვეტილება, კერძოდ ახსნას, განმარტოს და დაასაბუთოს თუ რატომ და რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. ამასთან აქტის დასაბუთებულად მიჩნევისათვის არ არის საკმარისი მასში მხოლოდ კანონმდებლობის ცალკეული ნორმების მითითება, რადგან დასაბუთება გულისხმობს როგორც სამართლებრივ, ასევე ფაქტობრივ დასაბუთებას, რაც განაპირობებს მის კანონიერებას.

 

დისციპლინური გადაცდომის გამო ყველა მოხელისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს უფლება წინასწარ, გადაწყვეტილების მიღებამდე გაეცნოს მიზეზს და იმ სამართალდარღვევის სახეს, რასაც უყენებს მას ადმინისტრაცია, რათა შესაძლებლობა ქონდეს ეფექტურად დაიცვას თავი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებამდე, უფლებამოსილმა პირმა, უნდა დაადგინოს მოხელის მიერ ჩადენილი არის თუ არა დისციპლინური გადაცდომა, რაც მათ შორის გულისხმობს ბრალეული პასუხისმგებლობის არსებობას ე.ი. მოხელეს უნდა ეკისრებოდეს კონკრეტული ვალდებულის შესრულება და იგი ამ ვალდებულებას, განზრახ ან გაუფრთხილებლობით, არ უნდა ასრულებდეს. განსახილველ საქმეში დადგენილია, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, დ--–---ის მუნიციპალიტეტის მერიაში გამოვლინდა ელექტრონული საქმის წარმოების დროს არსებული დარღვევა, რაც გამოიხატა საქმის წარმოების ოპერატორების მიერ განცხადებაზე დართული დოკუმენტების, პროგრამაში არასრულყოფილად ატვირთვაში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს შემდეგი გარემოებები: I. დ--–---ის მუნიციპალიტეტის მერიაში სამშენებლო კომპანიების მიერ წარდგენილ განცხადებებს ერთვოდა თუ არა შესრულებულ სამუშაოთა აქტები (ფორმა 2) და ფარული სამუშაოების აქტები; II. არსებობდა თუ არა დ--–---ის მუნიციპალიტეტის მერიაში სათანადო ტექნიკა, რომელიც უზრუნველყოფდა წარდგენილ განცხადებებზე დართული დოკუმენტაციის ელექტრონულ პროგრამაში ატვირთვას; III. მოსარჩელე ე-–-----------–ს პირადად უნდა დაეკისროს თუ არა პასუხისმგებლობა, საქმისწარმოების ოპერატორის მიერ ელექტრონულ პროგრამაში დოკუმენტების არასრულყოფილად ატვირთვის შემთხვევაში.

 

I. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დ--–---ის მუნიციპალიტეტის მერიაში დამკვიდრებული საქმის წარმოების პრაქტიკის თანახმად, სამშენებლო კომპანიები წარდგენილ განცხადებებს არ ურთავდნენ შესრულებულ სამუშაოთა აქტებს (ფორმა 2) და ფარული სამუშაოების აქტებს. სასამართლოს დასკვნა ემყარება მოწმე მ---------------–--ლის ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ 8 წელი მუშაობს საქმის წარმოების ოპერატორად. მისი ჩვენებით, არასდროს დაუტოვებია სამშენებლო კომპანიის განცხადებაზე დართული ფორმა 2, ფარული სამშუაოების აქტები ან ექსპერტიზის დასკვნები, რადგან დასახელებული დოკუმენტები, დედნის სახით პირდაპირ ზედამხედველობის სამსახურს ბარდებოდა (პუნქტი 3.10.). მოწმის ჩვენება თანხვედრაშია თავად დ--–---ის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნასთან, რომლითაც მშენებლების მიერ ძირითადი დოკუმენტით (განცხადებით) წარდგენილი, რიგი შესრულებულ სამუშაოთა აქტები (ფორმა 2) და ფარული სამუშაოების აქტები, რეგისტრაციის გარეშე ბარდებოდა ზედამხედველობის სამსახურს და მათგან ხდებოდა აღნიშნული დოკუმენტის სისტემაში ატვირთვა (პუნქტი 3.2). მითითებულ გარემოებას ასევე ადასტურებს დ--–---ის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მოხსენებითი ბარათი (პუნქტი 3.9.). სასამართლო აღნიშნავს, რომ საფუძველს მოკლებულია ე-–-----------–ისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება, ოპერატორის მიერ იმ დოკუმენტების ელექტრონულ პროგრამაში დაუფიქსირებლობის გამო, რომლებიც საერთოდ არ წარედგინებოდა ოპერატორს. სამშენებლო კომპანიების მიერ წარდგენილ რამდენიმე განცხადებაში მითითებულია, რომ განცხადებას ერთვის ფორმა 2 ან/და ფარული სამუშაოების აქტი, თუმცა მოწმე მ---------------–--ლის ჩვენებით დადგინდა, რომ მისთვის ფიზიკურად არასდროს გადაუციათ აღნიშნული დოკუმენტები და პირადად იყო რა გაფრთხილებული ყოფილი გამგებლისგან, რომ აღნიშნული განცხადებები დაეტოვებინა დანართის გარეშე, განცხადებებს არეგისტრირებდა იმ ფორმით, როგორც მიაწვდიდნენ.

 

II. სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ დ--–---ის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია დღემდე არ არის ტექნიკურად სათანადოდ აღჭურვილი, რაც საქმისწარმოების ოპერატორებს მისცემდა შესაძლებლობას, ელექტრონულ პროგრამაში სრულყოფილად აეტვირთათ დიდი ფორმატის (მაგ: A3) დოკუმენტაცია. საქმისწარმოების ოპერატორმა, ე------–------მა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ შეიძინა ახალი ტექნიკა, თუმცა დიდი ფორმატის დოკუმენტების სკანირება დღემდე არ შეეძლოთ, რადგან იგი არ შეესაბამებოდა მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოსათვის საჭირო აუცილებელ ტექნიკურ მონაცემებს (პუნქტი 3.11). სასამართლო ასევე ითვალისწინებს მოსარჩელის ახსნა-განმარტებას და საქმეში წარმოდგენილ 2019 წლის 30 ოქტომბრის N 2---/05 მოხსენებით ბარათს, რომლითაც დადგენილია, რომ საქმის წარმოების ოპერატორებისათვის განკუთვნულ კომპიუტერებს არ აქვთ დისკის გამხსნელი (CD-ROM), რის გამოც მათ არ ქონდა შესაძლებლობა, ელექტრონულ პროგრამაში ატვირთვის მიზნით გაეხსნათ CD-დისკზე ჩაწერილი დოკუმენტები. სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლების განმარტებას, რომ მათთვის არ მიუმართავთ ტექნიკასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების თაობაზე, რადგან ასეთი შინაარსის მოთხოვნით საქმისწარმოების განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა, ნ-------------მა, ჯერ კიდევ 2018 წლის 12 ივლისს მიმართა დ--–---ის მუნიციპალიტეტის მერს (პუნქტი 3.6.).

 

III. სასამართლო, ერთი მხრივ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ სამშენებლო კომპანიები წარდგენილ განცხადებებს არ ურთავდნენ შესრულებულ სამუშაოთა აქტებს (ფორმა 2) და ფარული სამუშაოების აქტებს, მეორე მხრივ კი დადგინდა, რომ დ--–---ის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია დღემდე არ არის ტექნიკურად სათანადოდ აღჭურვილი დიდი ფორმატის დოკუმენტების ელექტრონულ პროგრამაში ასატვირთად, მიაჩნია, რომ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია ე-–-----------–ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება საქმისწარმოების ოპერატორის მიერ ელექტრონულ პროგრამაში განცხადების ატვირთვის დროს, მასთან არ არსებული დოკუმენტის ელექტრონულ პროგრამაში დაუფიქსირებლობისათვის. ასევე უსაფუძვლოა ე-–-----------–ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება დიდი ფორმატის დოკუმენტების ელექტრონულ პროგრამაში არ არსებობის შემთხვევაშიც, რადგან არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, უფლებამოსილმა პირმა ვერ უზრუნველყო საქმისწარმოების ოპერატორებისათვის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობის მიწოდება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად განსაზღვრულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა აქტის ადრესატისთვის, რამდენადაც მძიმე სამართლებრივ შედეგებს იწვევს მისთვის, შესაბამისად, მისი მომზადება, მიღება და გამოცემა უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, ანუ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება, დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დასტურდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას კანონმდებლობის მოთხოვნების უგულებელყოფის ფაქტი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემით არსებითად შეილახა მოსარჩელის კანონით დაცული უფლება, კერძოდ, სასამართლოს მიაჩნია, რომ ე-–-----------–ს, განზრახ ან გაუფრთხილებლობით, არ ჩაუდენია დისციპლინური გადაცდომა, რის გამოც, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნას ცნობილი, დ--–---ის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 31 ოქტომბრის N 2---/ს ბრძანება.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს ე-–-----------–ის სარჩელი.

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი, დ--–---ის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 31 ოქტომბრის N 2---/ს ბრძანება.

 

2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი № 7ა) მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: მცხეთა, სამხედროს ქუჩა № 17) მხარეთათვის, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ბიძინა სტურუა