გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010217718002580960
N2/3460-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 იანვარი 2020 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი - სოფიო ქარცივაძე
მოსარჩელე - მა----ა აშ--–--ე
წარმომადგენელი - ჯუ---რ ქა-------–-–---–ი
მოპასუხე - ლი-------–--ე
წარმომადგენელი-პა-----–----ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ლი-------–--ეს დაეკისროს მა----ა აშ--–--ის სასარგებლოდ 17130 ლარი.
2. მხარეთა პოზიცია:
სარჩელი ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელემ მოპასუხეს სხვადასხვა დროს ჩაურიცხა თანხა საბანკო ანგარიშზე, რომლის სანაცვლოდ მოპასუხეს უნდა მიეწოდებინა სარეალიზაციო სიგარეტი. ლი-------–--ემ ნაწილობრივ შეასრულა თავისი ვალდებულება, თუმცა, გადარიცხული თანხის სანაცვლოდ, მოსარჩელეს საქონელი არ მიაწოდა და არც მიღებული თანხა დაუბრუნა. რის გამოც, მოსარჩელე ითხოვს გადარიცხული თანხის უკან დაბრუნებას.
მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მან დაადასტურა სადავო თანხის მიღების ფაქტი, თუმცა, განმარტა, რომ ამ ღირებულების საქონელი მიწოდებული აქვს მოსარჩელისათვის. საქმის ზეპირი განხილვისას მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელესთან ურთიერთობდა, როგორც სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელი და ყველა ვალდებულება კომპანიას შესრულებული აქვს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2016 წლის 22 დეკემბრიდან 2016 წლის 29 დეკემბრამდე პერიოდში, მოსარჩელემ მოპასუხის საბანკო ანგარიშზე განახორციელა ტრანზაქციები, სულ 4 გადარიცხვა, საერთო ჯამით 17130 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-გადარიცხვის ქვითრები
3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამეპირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
ნებისმიერი სადავო საკითხის არსის დასადგენად, სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი, უნდა გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ქმნიან თუ არა დამფუძნებელი ნორმის ყველა წინაპირობას. ამის შემდეგ მოწმდება მოპასუხის პოზიცია აქარწყლებს თუ არა იგი სარჩელში მითითებულ დავის წანამძღვრებს, პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით (იხ. (სუსგ. საქმე Nას-686-2019 19/07/2019წ).
მოცემულ საქმეში, მოსარჩელის თავდაპირველი პოზიციით, მხარეებს შორის გაფორმებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მა----ა აშ--–--ემ მოპასუხეს გადაურიცხა საქონლის ღირებულება, ხოლო მისგან უნდა მიეღო ნასყიდობის საგანი-სარეალიზაციო სიგარეტი. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების და საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის ფაქტი მოპასუხეს შესაგებლით არ უარყვია, თუმცა, მიუთითებდა, რომ ვალდებულება შესრულებული აქვს.
საქმის ზეპირი განხილვისას, მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენდა არა თავად, არამედ მოსარჩელესთან ურთიერთობდა, როგორც სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელი და თანხაც მისივე სახელით მიიღო. სათანადო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მესამე პირის სახელით, ნასყიდობის თანხის მიღების უფლებამოსილებას, სასამართლოში მოპასუხეს არ წარმოუდგენია. საქმის განხილვისას, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმაც დაადასტურა ის გარემოება, რომ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში მოპასუხე მხარესთან არ ყოფილა და სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა მხოლოდ სადისტრიბუციო კომპანიასთან.
სასამართლო კვლევისა და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა, ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა და შესაბამისად, არც მოპასუხე მხარის ვალდებულებაში შედიოდა მოსარჩელისათვის ნასყიდობის საგნის მიწოდება. აქვე, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში, სასამართლოს კვლევის საგანი არ იყო ლი-------–--ესა და შპს“ჯ--“-ის შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი ანუ ის გარემოება, იყო თუ არა უფლებამოსილი ლი-------–--ე მიეღო მა----ა ასკაშიძისგან ნასყიდობის ღირებულება და შეესრულებინა ვალდებულება.
სასამართლო, კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დავის არსიდან გამომდინარე, სასამართლოს კვლევის საგანი იყო მხოლოდ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი, ყველა ის გარემოება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობის არსებობას, განსაზღვრავდა ამ ურთიერთობის ფორმას და სახეს. ამ თვალსაზრისით, სასამართლო კიდევ ერთხელ ციტირებს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომლის თანახმად, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. მხოლოდ ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გასცდება მხარეთა მიერ საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად მითითებული გარემოებების და მათ დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლითა და გაანალიზებით, კი, სასამართლომ დაადგინა, რომ მა----ა აშ--–--ე და ლი-------–--ე ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები არ არიან და მათ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება
-მოწმეთა ჩვენებები
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1.დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მა----ა აშ--–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
-სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიზანს წარმოადგენდა, მოპასუხეზე თანხის დაკისრება. ამავე დროს, მოთხოვნის განხორცილების განმაპირობებელ გარემოებად მხარე მიუთითებდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზე, მოსარჩელემ შეასრულა ვალდებულება - გადაიხადა ნასყიდობის ღირებულება, თუმცა, ვერ მიიღო საპასუხო შესრულება - ნასყიდობის საგანი, რის გამოც შეწყვიტა ნასყიდობის ხელშეკრულება და მოითხოვა რესტიტუცია.
სასარჩელო მოთხოვნის განმაპირობებელი სამართლებრივი საფუძვლის დადგენის მიზნით, სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე, რომლის მიხედვით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 327-ე მუხლით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი და კონსესუალური ხელშეკრულებაა, რომელიც იდება მყიდველსა და გამყიდველს შორის, ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმებით, ზეპირი ან წერილობითი ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულება არ განეკუთვნება რეალური ხელშეკრულების ტიპს და მისი დადება არაა დამოკიდებული ნასყიდობის საგნის გადაცემაზე ან შეთანხმებული ფასის გადახდაზე. ძირითადი არსი ამ ხელშეკრულებისა იმაშია, რომ მხარეები თანხმდებიან გარკვეულ პირობებზე (ნასყიდობის საგანზე, გადაცემის დროზე, ნასყიდობის ფასზე...) და იღებენ ვალდებულებას შეასულონ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ამდენად, სახელშეკრულებო ურთიერთობას წარმოიშობს ამ პირობებზე შეთანხმება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა. მხარეები ვერ ადასტურებენ გარიგების არსებით პირობებზე შეთანხმების არსებობას. ლი-------–--ე არ წარმოადგენს გამყიდველს, ხოლო მა----ა აშ--–--ე მყიდველს. ცალსახაა, ხომ მათი ურთიერთობა არ არის შებოჭილი ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში და შესაბამისად, ამ ურთიერთობას არ განსაზღვრავს ნასყიდობის სამართლებრივი ნორმები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ფორმალური მითითება მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებაზე და მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობაზე, არ გადააქცევს სამართლებრივ ურთიერთობას ნასყიდობად. იმისათვის, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორმა მოვალეს მოსთხოვოს რაიმე ქმედების განხორციელება, უნდა დადასტურდეს ვალდებულების წარმოშობის წინამძღვრები. ნასყიდობის ხელშეკრულება მხოლოდ მაშინ ითვლება დადებულად, თუ არსებობს მხარეთა შეთანხმება ნასყიდობის საგნის გადაცემაზე და ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდაზე. გამყიდველს უნდა გააჩნდეს საკუთრების უფლება ნასყიდობის საგანზე, ხოლო მყიდველს უნდა სურდეს ნასყიდობის საგანზე საკუთრების უფლების მოპოვება. ასეთ შეთანხმებას, მა----ა აშ--–--ესა და ლი-------–--ეს შორის, ადგილი არ ჰქონია. ლი-------–--ეს არ გააჩნდა საკუთრების უფლება ნასყიდობის საგანზე (სარეალიზაციო სიგარეტი), რის გამოც, მა----ა აშ--–--ე მისგან ნასყიდობის საგანს საკუთრებაში ვერ მიიღებდა. ამდენად, მოთხოვნის განხორციელების განმაპირობებელი გარემოების არარსებობის გამო, მოსარჩელის მოთხოვნას, ნასყიდობის ღირებულების დაბრუნების თაობაზე, არ აქვს ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძველი.
სასარჩელო მოთხოვნა არ ეფუძნება ვალდებულებითი სამართლის სხვა ნორმებსაც. სასამართლო განხილვის პროცესში, მოპასუხის მხრიდან, გარკვეულწილად, იყო მითითება იმის შესახებ, რომ ლი-------–--ე ამ ურთიერთობაში მონაწილეობდა მესამე პირს - სადისტრიბუციო კომპანიის სახელით. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებზე, რომლის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები.
სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოპასუხე შესაგებლით ადასტურებდა მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობას, თუმცა, სადავოდ ხდიდა მოსარჩელე მხარის მითითებას ვალდებულების შეუსრულებლობაზე. შემდგომში, სასამართლო განხილვის დროს, მოპასუხემ შეცვალა პოზიცია და მიუთითა, რომ ნასყიდობა დადებული იყო არა მასთან, არამედ მესამე პირთან-სადისტრიბუციო კომპანიასთან (აღნიშნული არც მოსარჩელის წარმომადგენელს გაუბათილებია), რომლის სახელითაც მან მიიღო თანხა მოსარჩელისგან. თუმცა, მესამე პირის სახელით დასახელებული მოქმედების შესრულების უფლებამოსილების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, მოპასუხეს არ წარმოუდგენია, რაც შესაძლოა განაპირობებდა საპროცესო მხარის შეცვლის აუცილებლობას (სსკ-ის 85-ე მუხლი, არასათანადო მოპასუხე)
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება თავიდან ბოლომდე აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე. მხარე თავად იღებს გადაწყვეტილებას როგორ განკარგოს საკუთარის საპროცესო უფლებები, რა მტკიცებულება წარუდგინოს სასამართლოს, რა გარემოებაზე მიუთითოს და როგორ დაასაბუთოს საკუთარი პოზიცია. მხარის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევთ მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები კი მიუთითებს იმაზე, რომ მოდავე მხარეთა შორის ვალდებულებანასყიდობის ან სხვა ტიპის ხელშეკრულებით ძალით არ წარმოშობილა, მოდავე მხარეები არ არიან დაკავშირებულნი გარიგების ან სხვა ვალდებულების ძალით.
6.2. სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.
საქმეში არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, სასამართლომ დაადგინა მხარეებს შორის სახელშეკრულებო ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობა. მოთხოვნის განხორციელების სახელშეკრულებო საფუძვლის გამორიცხვის შემდეგ, სასამართლომ შეამოწმა მოთხოვნის სხვა საფუძველი, რამეთუ მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მა----ა აშ--–--ემ ლი-------–--ეს გადასცა თანხა, ხოლო სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ამ თანხის დაბრუნება. მოპასუხე არ უარყოფს, რომ მან თანხა მიიღო, მაგრამ არ სურს ამ თანხის დაბრუნება და ვერც უთითებს ჰქონდა თუ არა მისი მიღების მართლზომიერ საფუძველს.
როგორც აღინიშნა, სასამართლო არ არის შეზღუდული მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებით და საქმეში დადგენილი გარემოებების საფუძველზე, განსაზღვრავს თუ რომელი სამართლებრივი ნორმა უზრუნველყოფს სასარჩელო მოთხოვნის განხორციელების შესაძლებლობას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნეს უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ნორმები და სადავო საკითხი გადაწყდეს კონდიქციური სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე.
უსაფუძვლო გამდიდრების ნორმათა სუბსიდიური ხასიათი განაპირობებს იმას, რომ თავდაპირველად გამოირიცხოს ყველა სხვა ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძველი, რომელიც შესაძლოა გამოდგეს მოთხოვნის დამაფუძნებელ ნორმად. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ასეთი საფუძველი იქნება უარყოფილი, სასამართლომ შეიძლება იმსჯელოს დავის მოწესრიგებაზე უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ გამორიცხა სახელშეკრულებო მოწესრიგება მა----ა აშ--–--ესა და ლი-------–--ეს შორის. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოთხოვნის განმაპირობებელ გარემოებად ნასყიდობის ხელშეკრულების ან სხვა რომელიმე ტიპის სახელშეკრულებო ურთიერთობის ან კანონისმიერი ვალდებულების არსებობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება: მოპასუხის გამდიდრებით მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი და მატერიალურ სიკეთეთა გადანაცვლების უსაფუძვლობა.
სამოქალაქო კოდექსის 976 მუხლით პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
კონდიქციური ვალდებულების არსებობას განაპირობებს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ნორმის სუბიექტია შემსრულებელი, რომელიც ასრულებს არარსებულ ვალდებულებას, თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ხდება შეცდომით, განზრახვით, არაკეთილსინდისიერად. ობიექტურად, ყველა შემთხვევაში, შესრულების საგანი უნდა დაბრუნდეს, ვინაიდან, მნიშვნელობა აქვს მხოლოდ შედეგს-ანუ ერთი პირის უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტს, მეორის ხარჯზე.
კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე იზრდება (სუსგ. საქმე Nას-686-2019 19/07/2019წ).
მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია და მოპასუხის მიერ არაა უარყოფილი თანხის მიღება. იმის მტკიცების ვალდებულება და სათანადო სამართლებრივი საფუძვლის მითითება, რომ მიღებული თანხის საკუთრებაზე მოპასუხეს წარმოეშვა უფლება, მისივე მტკიცების ტვირთია, რაც ლი-------–--ის მიერ ვერ იქნა რეალიზებული. მოპასუხემ ვერ გამოიყენა საკუთარი პროცესუალური უფლება ვერ დაამტკიცა, რომ მიღებულ თანხას დაეუფლა მართლზომიერად ანუ მიიღო იგი ვალდებულების შესრულების სახით. ასეთ პირობებში, კი, მა----ა აშ--–--ის მოთხოვნას აქვს ვარგისი სამართლებრივი საფუძველი და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა, ხოლო ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 513.9 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მა----ა აშ--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს
2. დაეკისროს ლი-------–--ეს მა----ა აშ--–--ის სასარგებლოდ 17130 ლარის გადახდა
3. დაეკისროს ლი-------–--ეს მა----ა ასკაშიძის სასარგებლოდ 513.9 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე