გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.12.2019
საქმის ნომერი
010210119002860524
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210119002860524

2-434/19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25/12/2019 წელი ქ.ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე: ი-–- შ------–---–ი

წარმომადგენელი: ზ---------------------–--–------------ე

მოპასუხე: რ----–-- ა----–----ე და თ----- ა----–----ე

წარმომადგენელი: ჯ--–------------–--ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება;

აღწერილობითი ნაწილი:

1.სასარჩელო მოთხოვნა:

ი-–- შ------–---–ი სასარჩელო განცხადებით მოითხოვს რ----–-- ა----–----ის და თ----- ა----–----ეს მის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 25 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.

მოსარჩელის წარმომადგენლები სასარჩელო მოთხოვნას ამყარებენ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

მოსარჩელემ, რ----–-- ა----–----ეს და თ----- ა----–----ეს ასესხა 25 000 აშშ დოლარი. 20-7 წლის 6 სექტემბერს მოპასუხეებმა აღიარეს 25 000 აშშ დოლარის ვალდებულება და ი-–- შ------–---–ს შეპირდნენ, რომ ვალს გადაიხდიდნენ 2018 წლის აგვისტოს თვეში. შეთანხმება გაფორმდა წერილობით. მოპასუხეებმა სესხად მიღებული თანხა მოსარჩელეს არ დაუბრუნეს. მათ გადასახდელი აქვთ 25 000 აშშ დოლარი.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეები სარჩელს ცნობენ ნაწილობრივად. მათი წარმომადგენელი ადასტურებს, რომ მოპასუხეებს 2017 წლის 6 სექტემბრის მდგომარეობით გადასახდელი ჰქონდათ 25 000 აშშ დოლარი, მაგრამ მათ უკვე გადაიხადეს 20 000 აშშ დოლარი და გადასახდელი დარჩათ 5 000 აშშ დოლარი.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2013 წლის 22 სექტემბერს, შპს ,,A------“ და შპს ,,გ---–---–------“ შეთანხმდნენ მასზედ, რომ ქ. ბათუმში ა-----------------------–--–-------ის მიმდებარედ, შპს ,,გ---–---–------“-ის კუთვნილ შენობა-ნაგებობაში შპს ,,A------“ და შპს ,,გ---–---–------“ ერთობლივად განახორციელებდენ ეკონომიკურ საქმიანობას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ურთიერთ შეთანხმების ხელშეკრულება, ს.ფ. 111-115.

 

3.1.2. 2013 წლის 22 სექტემბერს, შპს ,,A------“, შპს ,,გ---–---–------“ და შპს ,,ა--------–---ი“ შეთანხმდნენ მასზედ, რომ ქ. ბათუმში ა-----------------------–--–-------ის მიმდებარედ სასტუმრო ,,გ---–---–-ში“ ერთობლივად განახორციელებდენ ეკონომიკურ საქმიანობას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ურთიერთ შეთანხმების ხელშეკრულება, ს.ფ. 111-115.

 

3.1.3. 2014 წლის 2 მარტს შპს ,,A------“-მ, შპს ,,გ---–---–------“-მა და შპს ,,ა--------–---მა“ შეადგინეს მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ შპს ,,A------“-მ, შპს ,,გ---–---–------“-ის სასტუმროს მშენებლობისა და კეთილმოწყობისათვის დახარჯა 618 985 აშშ დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიღება-ჩაბარების აქტი, ს.ფ. 110.

 

3.1.4. შპს ,,გ---–---–------“-მა, შპს ,,გ---–---–------“-მა და შპს ,,ა--------–---მა“ ეტაპობრივად დაიწყეს შპს ,,A------“-სათვის შენატანების დაბრუნება. მათ შპს ,,A------“-ს ეტაპობრივად უკან დაუბრუნეს 455 000 აშშ დოლარი. 2017 წლის 18 ივლისს შპს ,,A------“-ს დირექტორს ი-–- შ------–---–ს კვლავ გადასცეს 25 000 აშშ დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 18 ივლისის ხელწერილი, ს.ფ. 107.

 

3.1.5. შპს ,,გ---–---–------“-მა, შპს ,,გ---–---–------“-მა და შპს ,,ა--------–---მა“-მა 2017 წლის 10 აგვისტოს შპს ,,A------“-ს დირექტორს ი-–- შ------–---–ს გადასცეს 20 000 აშშ დოლარი, რითაც სრულად შპს ,,გ---–---–------“-მა, შპს ,,გ---–---–------“-მა და შპს ,,ა--------–---მა“ შპს ,,ა-------–--ს“ სრულად გადაუხადა ვალი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 6 სექტემბრის ხელწერილი, ს.ფ. 108-109.

 

3.1.6. 2017 წლის 6 სექტემბრის მდგომარეობით თ----- ა----–----ეს და რ----–-- ა----–----ეს, ი-–- შ------–---–ისათვის გადასახდელი ჰქონდათ 25 000 აშშ დოლარი. ისინი ი-–- შ------–---–ს წერილობით შეპირდნენ, რომ ვალს გადაუხდიან 2018 წლის აგვისტოს თვეში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელწერილი, ს.ფ. 19.

 

3.1.7. სადაო არაა ის გარემოება, რომ 2013-2018 წლებში ი-–- შ------–---–ი იყო შპს ,,A------“-ს დირექტორი. თ----- ა----–----ე იყო შპს ,,გ---–---–------“-ის დირექტორი, ხოლო რ----–-- ა----–----ე იყო შპს ,,გ---–---–------“-ის დირექტორი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები. ს.ფ. 57.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მხარეებს შორის მთავარი სადაო გარემოებაა მოპასუხეების მიერ მოსარჩელისათვის 20 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.

 

3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოებების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

 

3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრულია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის მიხედვით ფაქტობრივი გარემოებების დადგენაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ისინი თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა გადანაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევაში დავის გადაწყვეტისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხია დადგინდეს მოპასუხეებმა მოსარჩელეს გადაუხადეს თუ არა 20 000 აშშ დოლარი. მოსარჩელე, მოპასუხეებისაგან 20 000 აშშ დოლარის მიღებას უარყოფს. ის, რომ მოპასუხეებს 20 000 აშშ დოლარი მოსარჩელისათვის არ გადაუციათ, ამ გარემოებას მოსარჩელე ვერ დაამტკიცებს, რადგანაც არ არსებული ფაქტის მტკიცებულება არარსებობს. სწორედ ამიტომაც მოსარჩელე ამ ფაქტის მტკიცებისაგან თავისუფალია. თანხის გადახდა უნდა ამტკიცონ მოპასუხეებმა. თუ მათ თანხა გადახდილი აქვთ, მაშინ მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი მტკიცებულება. თანხის გადახდის დადასტურება შეიძლება ხელწერილით, მოწმის ჩვენებით, ბანკის მეშვეობით ანგარიშსწორების ამსახველი მტკიცებულებით, ან ნებისმიერი იმ მტკიცებულებით, სადაც ასახული იქნება მოპასუხეების მიერ მოსარჩელისათვის 20 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.

 

3.2.4. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

 

3.2.5. თავისი საპროცესო ვალდებულების შესრულების მიზნით მოპასუხეების წარმომადგენელმა ზეპირად განმარტა, რომ თ----- ა----–----ემ და რ----–-- ა----–----ემ, ი-–- შ------–---–ს გადაუხადეს 20 000 აშშ დოლარი. მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენლებმა მოპასუხის ზეპირი განმარტება, თავიანთი ზეპირი განმარტებითვე უარყვეს და განმარტეს, რომ მათ 20 000 აშშ დოლარი გადაუხადეს არა ი-–- შ------–---–ს, არამედ შპს ,,A------“-ს. ზეპირ განმარტებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ამათუიმ ფაქტის არსებობა, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზეპირი განმარტებით ფაქტების მტკიცების უფლება აქვს ორივე მხარეს. მოპასუხეს შეუძლია ზეპირად უარყოს მოსარჩელის მიერ გადმოცემული ფაქტები, და პირიქით. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები მას ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ის აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია.

 

3.2.6. სასამართლო განმარტავს, რომ თანხის გადახდა, ფაქტობრივი გარემოებაა. მის დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას მასზედ, რომ მათ ი-–- შ------–---–ს გადაუხადეს 20 000 აშშ დოლარი. თანხის გადახდა უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული მტკიცებულებით.მოპასუხეებმა თავიანთი არგუმენტების გასამყარებლად წარმოადგინეს ხელწერილი, სადაც მითითებულია შემდეგი ტექსტი: - ,,მე ი-–- შ-----–---–ი, თ----- ა----–----ეს ვაძლევ ამ ხელწერილს მასზედ, რომ მისგან მივიღე 2000 (ოციათასი) დოლარი“. ხელწერილს ხელს აწერს ი-–- შ-----–---–ი და მასზე დასმულია შპს ,,A------“-ს ბეჭედი. სწორედ ეს ხელწერილი წარმოადგინეს მოპასუხეებმა და მასზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ 20 000 აშშ დოლარი მოსარჩელისათვის გადახდილი აქვთ. სასამართლო განმარტავს, რომ 20 000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტის დადგენისათვის, მოპასუხეების მიერ წარმოდგენილ ხელწერილს უნდა მიეცეს კრიტიკული შეფასება და გაკეთდეს დასკვნა, დასახელებული ხელწერილი არის თუ არა მოპასუხეების მიერ მოსარჩელისათვის 20 000 აშშ დოლარის გადახდის მტკიცებულება. ის, რომ ხელწერილში მოხსენებული ი-–- შ-----–---–ი ის პირია, ვინც მოსარჩელეა, ხოლო თ------ ა----–----ედ დასახელებული პირი ერთერთი მოპასუხე თ----- ა----–----ეა, ეს გარემოება სადაო არაა. ანუ უდაოა, რომ ი-–- შ------–---–მა თ----- ა----–----ისაგან გარკვეული თანხა მიიღო. შეფასებას ართულებს სამი საკითხი. პირველი ის, რომ თანხად მითითებულია 2000 დოლარი, ხოლო ფრჩხილებში სიტყვიერად წერია ,,ოციათასი“. მეორე სირთულე ისაა, რომ ხელწერილში თ-----ის ნაცვლად თ------ი წერია და ბოლოს, ხელწერილს დასმული აქვს შპს ,,A------“-ს ბეჭედი. მხარეთა განმარტებების მოსმენის შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელწერილში საუბარია 20 000 აშშ დოლარის თ----- ა----–----ეზე გადაცემაზე. მასში ციფრი ,,2000“ და სიტყვა ,,თ------ი“ შეცდომითაა ჩაწერილი. სახელში და ციფრში ცდომილებას ორივე მხარე ადასტურებს. გარდა ამისა, როცა ერთდროულად ციფრიც წერია და მისი ოდენობა სიტყვიერადაცაა გამოხატული, ასეთ დროს უპირატესობა ენიჭება ტექსტობრივად თანხის მითითებას. სწორედ ამ პრინციპის დაცვით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელწერილი შედგენილია 20 000 აშშ დოლარის გადაცემაზე.

იხ. ხელწერილი. ს.ფ. 19.

 

3.2.7. უფრო მნიშვნელოვანია გაირკვეს მოპასუხეებისაგან ვინ მიიღო ფული. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ თანხა მიიღო შპს ,,A------“-მ. იმისათვის, რომ მოსარჩელის მითითება სასამართლომ გაიზიაროს, აუცილებელია საქმეში არსებობდეს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ თ----- ა----–----ეს შპს ,,A------“-ს ვალი ჰქონდა. ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენის აუცილებლობა იმიტომ არსებობს, რომ მოპასუხეები ასეთ ფაქტს უარყოფენ. ამტკიცებენ, რომ მათ შპს ,,A------“-ს ვალი არ აქვთ. მათი განმარტებით ხელწერილს შპს ,,A------“-ს ბეჭედი იმიტომ ასვია, რომ ი-–- შ------–---–ი ამ ფირმის დირექტორი იყო და თანხის მიღების დროს ხელწერილს მეტი დამაჯერებლობა, რომ ჰქონოდა, ხელის მოწერის გარდა მისი ბეჭედიც დაუსვა. საკითხის კრიტიკულად შემოწმების შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რეალურად, როგორც მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტის არსებობაა შესაძლებელი, ისე მოპასუხეების მიერ მითითებული ფაქტებისაც. კერძოდ შესაძლებელია, რომ თ----- ა----–----ეს შპს ,,A------“-ს ვალი ჰქონდა და ხელწერილშიც მათი ანგარიშსწორება ყოფილიყო ასახული. ასევე შესაძლებელია, რომ ი-–- შ------–---–მა მიიღო კუთვნილი თანხა და ხელწერილს მეტი დამაჯერებლობა, რომ ჰქონოდა, ხელის მოწერის გარდა შპს ,,A------“-ს ბეჭედიც დაუსვა.

იხ. ხელწერილი. ს.ფ. 19.

 

3.2.8. ამ ორი გარემოებიდან მნიშვნელოვანია პირველი ფაქტის დადგენა. ანუ თუ დადგინდა, რომ მოპასუხეებს შპს ,,A------“-ს ვალი ჰქონდა, მაშინ ხელწერილს შეიძლება მიენიჭოს შპს ,,A------“-სთან ანგარიშსწორების კვალიფიკაცია. თუ ეს ვერ დადგინდა, მაშინ უნდა გამოირკვეს საბუთზე შპს ,,A------“-ს ბეჭდის დასმის მოტივი და ამის შემდეგ დადგენილად იქნას მიჩნეული, რომ მოპასუხეებმა 20 000 აშშ დოლარი გადაუხადეს მოსარჩელეს.

 

3.2.9. შპს ,,A------“-ს მიმართ თ----- ა----–----ის ვალდებულების არსებობას სჭირდება სათანადო მტკიცება. საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს მას, რომ თ----- ა----–----ეს შპს ,,A------“-ს ვალი ჰქონდა ან აქვს.

 

3.2.10. მნიშვნელოვანი საკითხია სწორი შეფასება მიეცეს შპს ,,გ---–---–------“-ის, შპს ,,გ---–---–------“-ის, შპს ,,ა--------–---ის“ და შპს ,,A------“-ს ურთიერთობას. ისინი იურიდიული პირები არიან და სამეწარმეო ურთიერთობაში გამოდიან საკუთარი სახელით. თ----- ა----–----ე არ ნიშნავს შპს ,,გ---–---–------“-ს, ისევე როგორც ი-–- შ------–---–ი და რ----–-- ა----–----ე არ არიან შპს ,,გ---–---–------“ და შპს ,,A------“. მათი გაიგივება დაუშვებელია. თუ იურიდიულ პირებს შორის არსებობს რაიმე ქონებრივი ტიპის ურთიერთობა, ეს ურთიერთობები არ ნიშნავს მათ დირექტორებს ან დამფუძნებლებს შორის ურთიერთობას. უდაო გარემოებაა, რომ შპს ,,გ---–---–------“-ს, შპს ,,გ---–---–------“-ს და შპს ,,ა--------–---ს“, შპს ,,A------“-ს სასარგებლოდ, თანხა ჰქონდათ გადასახდელი. ასევე უდაო ფაქტია, რომ მათ ეს თანხა გადახდილი აქვთ. დადგენილია, რომ მათ 500 000 აშშ დოლარი გადაიხადეს ნაწილ-ნაწილ, რამოდენიმეჯერ. ამ ანგარიშსწორების პროცესში თანხის გადახდაზე შედგენილი დოკუმენტი სადაო ხელწერილისაგან განსხვავებულია. საქმეში წარმოდგენილია კონკრეტული შეთანხმებები, სადაც ასახულია ყველა თანხის გადაცემა, რაც თავისი შინაარსით და ფორმით ხელწერილისაგან რადიკალურად განსხვავებულია. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ შპს ,,გ---–---–------“-ის, შპს ,,გ---–---–------“-ის და შპს ,,ა--------–---ის“ დირექტორებმა შპს ,,A------“-ს დირექტორს თანხის თითოეულ გადახდაზე შპს ,,A------“-ს მოსთხოვეს ისეთი ხელწერილის შედგენა, როგორიც მოპასუხეებს აქვთ წარმოდგენილი. მათ საერთო ჯამში 500 000 აშშ დოლარი აქვთ გადახდილი, მაგრამ არცერთ გადახდაზე არაა შედგენილი ხელწერილი. ეს გადახდები ასახულია კონკრეტულ შეთანხმებებში, სადაც ყველა მონაწილე აწერს ხელს.

იხ. ურთიერთ შეთანხმების ხელშეკრულება, ს.ფ. 111-115.

2017 წლის 18 ივლისის ხელწერილი, ს.ფ. 107.

2017 წლის 6 სექტემბრის ხელწერილი, ს.ფ. 108-109.

 

3.2.11. სადო ხელწერილში თანხის მიმღებად და თანხის გადამცემად მითითებულია ფიზიკური პირები: - ი-–- შ------–---–ი და თ----- ა----–----ე. მათ შორის ნამდვილად არსებობდა ვალდებულება და მის შესრულებას ასეთივე ხელწერილის შედგენა მოყვებოდა. ანუ ტექსტი იქნებოდა შემდეგი შინაარსის:

- ,,მე ი-–- შ------–---–ი, თ------ ა----–----ეს ვაძლევ ამ ხელწერილს მასზედ, რომ მისგან მივიღე 20 000 (ოციათასი) დოლარი“.

მოპასუხეებს სწორედ ასეთი ხელწერილი აქვთ წარმოდგენილი.

იხ. ხელწერილი. ს.ფ. 19.

 

3.2.12. თუ სადაო ხელწერილი მოიცავს ფირმებს შორის ანგარიშსწორებას, მაშინ მასში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ტექსტი:

- მე, შპს ,,A------“-ს დირექტორი ი-–- შ------–---–ი, შპს ,,გ---–---–------“-ის დირექტორს თ------ ა----–----ეს ვაძლევ ამ ხელწერილს მასზედ, რომ შპს ,,გ---–---–------“-ის დირექტორისაგან მივიღე 20 000 (ოციათასი) დოლარი“.

სადაო ხელწერილი ასეთ შინაარს არ შეიცავს.

იხ. ხელწერილი. ს.ფ. 19.

 

3.2.13. მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი ხელწერილი უფრო მეტად ჰგავს ფიზიკურ პირებს შორის წარმოებულ ანგარიშსწორების დოკუმენტს, ვიდრე იურიდიულ პირებს შორის ანგარიშსწორების დოკუმენტს.

 

3.2.14. სასამართლომ ვერ დაადგინა ხელწერილზე ბეჭდის დასმის მოტივი. იგი შესაძლებელია დაისვა ხელწერილისათვის სიმყარის გასაზრდელად, ან შესაძლებელია დაისვა იმიტომ, რომ მისი მიმღებია შპს ,,ა-------–--“. ამ გარემოების ამხსნელი მტკიცებულება მხარებს არ წარმოდუგენიათ და მისი ახსნა, არც სხვა მტკიცებულებებით არაა შესაძლებელი.

 

3.2.15. სავსებით შესაძლებელია თ----- ა----–----ემ, მართლაც შპს ,,A------“-ს ვალი გადაიხადა და ეს ფაქტია მოცემული ხელწერილში, მაგრამ ამ გარემოებას სჭირდება დამტკიცება. ი-–- შ------–---–ს, როგორც შპს ,,A------“-ს დირექტორს, უნდა გამოჩინა უფრო მეტი წინდახედულობა და ხელწერილი ისე გაეცა, რომ მის ირგვლივ არ გაჩენილიყო კითხვები. გონივრულობა და წინადახედულობა მოითხოვს თანხის გადახდის მტკიცებულება შეიქმნას სრულყოფილად. თ----- ა----–----ის მონაწილეობით უნდა გადახდილიყო, როგორც შპს ,,A------“-ს მიმართ შპს ,,გ---–---–------“-ის ვალი, ისე ი-–- შ------–---–ის მიმართ მისი პირადი ვალი. ყველა შემთხვევაში თუ ხელწერილი არ იქნებოდა კონკრეტული, ნებისმიერ შემთხვევაში გართულდებოდა მიმღების იდენტიფიცირება. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს ბუნდოვანება ი-–- შ------–---–ის ,,დამსახურებაა“ და მტკიცების პროცესში ამ რისკის დაშვება მის საწინააღმდეგოდ უნდა გადაწყდეს. შესაბამისად დადგენილად და დადასტურებულად უნდა იქნას მიჩნეული ის გარემოება, რომ მოპასუხეებმა მოსარჩელეს გადაუხადეს 20 000 აშშ დოლარი და თანხის გადახდა ასახულია მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ხელწერილში.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1.დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი აქვთ 5000 აშშ დოლარი. შესაბამისად სარჩელი 5000 აშშ დოლარის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო 20 000 აშშ დოლარის ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- საქართველოს კონსტიუცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივდასადები ინტერესები გათვალისწინებული უნდა იქნას თანაბრად. განსახილველ საქმეში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეებს ვალის აღიარების ხელშეკრულების საფუძველზე ეკისრებოდათ ვალის გადახდის მოვალეობა. მათ გადასახდელი აქვთ - 25 000 აშშ დოლარი. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხეებმა მოსარჩელის წინაშე აღიარეს ვალის არსებობა, შეპირდნენ მის გადახდას და არ გადაიხადეს, მაშინ მათი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს თანხის გადახდა.

 

6.2. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეებმა გადაუხადონ თანხა. სასამართლო განმარტავს, რომ თანხის გადახდას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს ვალის აღიარების ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა, ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა, ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში ნასყიდობაზე მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმაა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის დანაწესი, რომლის პირველი ნაწილითაც ,,იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

დადგენილია და სადაო არარის ის გარემოება, რომ მხარეებს შორის არსებობდა გარკვეული ფინანსური ურთიერთობები. ამ ურთიერთობების შედეგად მხარეებმა ერთმანეთთან შეადარეს შედეგები და საბოლოო ჯამში დადგინეს, რომ თ----- ა----–----ეს და რ----–-- ა----–----ეს მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვთ 25 000 აშშ დოლარი. აღნიშნული ვალდებულება 2017 წლის 6 სექტემბერს მოპასუხეებმა დაადასტურეს ხელწერილით, რომლითაც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება მასზედ, რომ ვალს დაფარავდნენ 2018 წლის აგვისტოს თვეში.

 

6.4. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხი. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნები დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. ვალის აღიარების ხელშეკრულების დადების შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება, კერძოდ მოპასუხეებისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. ანუ შეთანხმებისამებრ მოსარჩელეს შეეძლო მოეთხოვა აღიარებული ვალის დათქმულ დროში დაფარვა. თავის მხრივ მოპასუხეები ვალდებულნი იყვნენ ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინათ ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, ანუ თანხა დაებრუნებინათ ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობით და დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მათ უჩნდებათ ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხეების მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. მოპასუხეებს აღიარებული ვალი უნდა დაეფარათ 2018 წლის აგვისტოს თვეში. მათ ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულეს. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის მიხედვით მოპასუხეებმა მოსარჩელეს გადაუხადეს 20 000 აშშ დოლარი. 5000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება არ შეასრულეს და ვალი სრულად არ დაფარეს, რითაც დაარღვიეს მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხეები ვალდებულნი არიან მოსარჩელეს გადაუხდოს დარჩენილი 5 000 აშშ დოლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ 5000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო 20 000 აშშ დოლარის ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ბაჟის ოდენობა გამოიანგარიშა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით. დასახელებული ნორმით სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა. სამოქალაქო სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტით ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით. საქმეში მოსარჩელე დაობს 25 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარზე. ამ თანხის 3 % შეადგენს 1987,35 ლარს.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეს სახ. ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო მხარეებს შორის ბაჟი უნდა განაწილდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად. კერძოდ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს 1589,88 ლარის გადახდა, ხოლო მოპასუხეებს უნდა დაეკისროს 397,47 ლარის გადახდა.

 

7.3. საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი იმ მოპასუხეებს ათავისუფლებს სახ. ბაჟის გადახდისაგან, ვინც საქმის მომზადების სტადიაზე სარჩელს ცნობს. როგორც ზემოთ განვმარტეთ მოპასუხეებმა სარჩელი 5000 აშშ დოლარის ნაწილში სცნეს, ამიტომ ისინი ამ ნაწილში კუთვნილ ბაჟის - 397,47 ლარის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდნენ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც რ----–-- ა----–----ეს აეკრძალა ქ. ბათუმში ბ-----------------------------ში, (ს/კ 0-.2-.0-.0-4.0-.5--) მდებარე უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. ამავე განჩინებით თ----- ა----–----ეს აეკრძალა ქ. თბილისში, ს---–----–--–--------------------ში (ს/კ 0-.1-.1-.0-8.0-3.0-.0---) მდებარე უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების მიზნით სასამართლო ხშირად გამოიყენებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მოცულობა დავის საგნის ღირებულებას აშკარად არ აღემატებოდეს. თუ არსებობს რამოდენიმე ღონისძიების გატარების საშუალება სასამართლომ უნდა აირჩიოს უზრუნველყოფის ის ღონისძიება, რომელიც უფრო ეფექტური იქნება სამომავლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის. ამასთან უზრუნველყოფის ღონისძიება სასარჩელო მოთხოვნისა და დავის საგნის ღირებულების ტოლფასი უნდა იყოს. სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნით ორი უძრავი ქონება დაუქვემდებარა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას. შემაჯამებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა მხოლოდ 5000 აშშ დოლარის ნაწილში. მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ორი ქონების გამოყენება აღარაა გონივრული. სარჩელის უზრუნველყოფა ერთი ქონებითაც შესაძლებელია. სწორედ ამიტომ ქ. თბილისში, ს---–----–--–--------------------ში, (ს/კ 0-.1-.1-.0-8.0-3.0-.0---) მდებარე უძრავი ქონება უნდა გათავისუფლდეს უზრუნველყოფიდან, ხოლო ქ. ბათუმში ბ-----------------------------ში (ს/კ 0-.2-.0-.0-4.0-.5--) მდებარე უძრავი ქონება უნდა დარჩეს უზრუნველყოფის ღონისძიების ქვეშ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ი-–- შ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.

2. რ----–-- ა----–----ეს და თ----- ა----–----ეს, ი-–- შ------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 5 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. მათვე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.

3. სარჩელი 20 000 აშშ დოლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

4. მოსარჩელეს სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 1589,88 ლარის გადახდა. მას ბაჟი გადახდილი აქვს.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ნაწილობრივ გაუქმდეს და თ----- ა----–----ე გათავისუფლდეს ქ. თბილისში, ს---–----–--–------------------ში, (ს/კ 0-.1-.1-.0-8.0-3.0-.0---) მდებარე უძრავი ქონების გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვისაგან.

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ქ. ბათუმში ბ---------------------------ში (ს/კ 0-.2-.0-.0-4.0-.5--) მდებარე უძრავი ქონების მიმართ, დარჩეს ძალაში.

7. მოსარჩელეს უკან დაუბრუნდეს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 397,47 ლარი (საგადასახადო დავალება 4, გადახდის თარიღი - 20/02/2019 წელი, გადამხდელის ბანკი - სს ვითიბი ბანკი საქართველო, სახაზინო კოდი - 300693150)

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მეშვეობით.

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე