გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/085-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 თებერვალი, 2020 წ. დ. ადიგენი
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
ადიგენის მუნიციპალიტეტში
მაგისტრატი მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - მიხეილ პეტაშვილი
მოსარჩელე: შპს „ფ-----------------ო“
წარმომადგენელი: ნ---------–---–---–ი
მოპასუხე: რ--–----------ე
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა (სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე)
აღწერილობითი ნაწილი:
სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე რ--–----------ეს დაეკისროს შპს „ფ-----------------ოს“ სასარგებლოდ:
1. შპს „ტ-----სთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოქმნილი გადასახდელი - ძირი თანხა 900 ლარის ოდენობით (სესხის ძირი), საკომისიო(პროცენტი) – 145 ლარი, ჯარიმა (პირგასამტეხლო) – 1346.85 ლარის ოდენობით;
2. შპს „კ--------------------თან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოქმნილი გადასახდელი: ძირი თანხა 650 ლარის ოდენობით (სესხის ძირი), საკომისიო(პროცენტი) – 88 ლარი, პირგასამტეხლო (ჯარიმა) – 1297.57 ლარის ოდენობით.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
31.08.2018 წელს შპს „ტ-----მ“ მსესხებელ რ--–----------ის სასესხო ვალდებულებების თაობაზე დათმო მოთხოვნის უფლებები შპს „ფ-----------------ოს“ სასარგებლოდ, 20.02.2017 წელს შპს „4-------მა“ იმავე მსესხებლის ვალდებულება დათმო შპს „კ--------------------ის“ სასარგებლოდ, ხოლო შპს „კ--------------------მა“ 31.07.2018 წელს დათმო მოთხოვნის უფლება „ფ-----------------ოს“ სასარგებლოდ.
რ--–----------ემ 07.11.2016 წელს შპს „ტ-----სთან“ ონლაინ ვებ გვერდის „n--------.com“-ის მეშვეობით გააფორმა სესხის ხელშეკრულება 1000 ლარის ოდენობით, მსესხებლის იდენტიფიცირების შემდგომ კომპანიამ გადაურიცხა თანხა 900 ლარის ოდენობით, მსეხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნკისრი ვალდებულება, არც ერთხელ არ გადაუხდია დაკისრებული თანხა, რის საფუძველზეც მხარეს დამატებით დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც, მოვალის ვალდებულება კომპანიის წინაშე შეადგენს ძირი თანხას 900 ლარს, საკომისიოს 145 ლარსა და პირგასამტეხლოს - 1346.85 ლარს, ჯამში - 2391.45 ლარს.
05.10.2016 წელს მსესეხებელმა შეავსო სასესხო განაცხადი შპს „კ--------------------ის“ ონლაინ ვებ გვერდ - „v----.ge“-ზე და მოითხოვა სესხი 650 ლარის ოდენობით, კომპანიის მიერ მოხდა სესხის თანხის დამტკიცება, მსეხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნკისრი ვალდებულება, არ გადაიხადა დაკისრებული თანხა ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, მოვალის ვალდებულება კომპანიის წინაშე შეადგენს ძირი თანხას - 650 ლარს, პროცენტი - 88 ლარს და პირგასამტეხლოს - 1297.57 ლარს, ჯამში - 2035.57 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე რ--–----------ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას სესხები აქვს განულებული ფონდი ,,ქ-------ს" მიერ, რომლის შესახებაც მას უთხრეს „ქ--------–----–---ის“ ოფისში. ამასთან მიუთითა პროცენტისა და პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. რ--–----------ემ 07.11.2016 წელს შპს „ტ-----სთან“ ონლაინ ვებ გვერდის „n--------.com“-ის მეშვეობით გააფორმა სესხის ხელშეკრულება 1000 ლარის ოდენობით, კომპანიამ გადაურიცხა თანხა 900 ლარის ოდენობით, მსეხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნaკისრი ვალდებულება, რის საფუძველზეც მხარეს დამატებით დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც, მოვალის ვალდებულება კომპანიის წინაშე შეადგენს ძირ თანხას - 900 ლარს, საკომისიოს - 145 ლარსა და პირგასამტეხლოს - 1346.85 ლარს, ჯამში - 2391.45 ლარს.
3.1.2. რ--–----------ემ 05.10.2016 წელს შპს „კ--------------------ის“ ონლაინ ვებ გვერდ - „v----.ge“-ის მეშვეობით გააფორმა სესხის ხელშეკრულება 650 ლარის ოდენობით, კომპანიის მიერ მოხდა სესხის თანხის დამტკიცება, მსეხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნკისრი ვალდებულება, არ გადაიხადა დაკისრებული თანხა ხელშეკრულების თანახმად, მოვალის ვალდებულება კომპანიის წინაშე შეადგენს ძირი თანხას - 650 ლარს, პროცენტს - 88 ლარს და პირგასამტეხლოს - 1297.57 ლარს, ჯამში - 2035.57 ლარს.
3.1.3. მოპასუხე რ--–----------ემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები;
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:
· მხარეთა ახსნა-განმარტებები;
· ინტერნეტ ონლაინ სესხის ხელშეკრულება შპს „ტ-----სთან“;
· ინტერნეტ ონლაინ სესხის ხელშეკრულება შპს „4-------თან“;
· მსესხებლის მიერ შევსებული ელექტრონული განცხადების ფორმა;
· გამსესხებლის მიერ მსესხებლის წარმოდგენილ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის ქვითარები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. რ--–----------ის მიმდინარე დავალიანება შპს „ფ-----------------ოს“ წინაშე შპს „ტ-----სთან“ დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს ძირი თანხა - 900 ლარს, საკომისიო - 145 ლარსა და პირგასამტეხლო - 1346.85 ლარს, ჯამში - 2391.45 ლარს,3.2.2. რ--–----------ის მიმდინარე დავალიანება შპს „ფ-----------------ოს“ წინაშე შპს „კ--------------------თან“ დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს ძირი თანხა - 650 ლარს, პროცენტი - 88 ლარსა და პირგასამტეხლო - 1297.57 ლარს, ჯამში - 2035.57 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:
· მხარეთა ახსნა-განმარტებები;
· ინტერნეტ ონლაინ სესხის ხელშეკრულება შპს „ტ-----სთან“;
· ინტერნეტ ონლაინ სესხის ხელშეკრულება შპს „4-------თან“;
· მსესხებლის მიერ შევსებული ელექტრონული განცხადების ფორმა;
· გამსესხებლის მიერ მსესხებლის წარმოდგენილ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის ქვითარები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნების თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ მის მიერ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული ვალდებულებები ბანკის მიმართ შესრულებულია ფონდი ,,ქ-------ს" მიერ რადგან, აღნიშნულის დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ შპს „ფ-----------------ოს“ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 623-ე, 624-ე, 416-ე, 418-ე, 420-ე, 867-868-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა. შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ ეს პირები არიან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის და ხარისხის და რაოდენობის ნივთი, ხოლო 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებული იქნას წერილობითი ფორმაც.
რ--–----------ემ 07.11.2016 წელს შპს „ტ-----სთან“ ონლაინ ვებ გვერდის „n--------.com“-ის მეშვეობით გააფორმა სესხის ხელშეკრულება 1000 ლარის ოდენობით, კომპანიამ გადაურიცხა თანხა 900 ლარის ოდენობით, ხოლო 05.10.2016 წელს შპს „კ--------------------ის“ ონლაინ ვებ გვერდ - „v----.ge“-ის მეშვეობით გააფორმა სესხის ხელშეკრულება 650 ლარის ოდენობით, კომპანიის მიერ მოხდა სესხის თანხის დამტკიცება, რ--–----------ე ვალდებული იყო სესხის ხელშეკრულების საფუძველზე აღებული კრედიტის თანხა დაეფარა სესხის ხელშეკრულების შესაბამისად. ამდენად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა სესხის სახით. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ შპს „ფ-----------------ოს’’ მიერ სრულად იქნა შესრულებული სესხის ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და რ--–----------ის სასარგებლოდ გაცემული იქნა სესხი. რ--–----------ე ვალდებული იყო აღნიშნული კრედიტი დაეფარა შპს „ტ-----ს“ მიმართებაში 30.04.2017-მდე, ხოლო შპს „კ--------------------ის“ მიმართებაში 04.11.2016-მდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ:
ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (შპს „ფ-----------------ოსა’’ და რ--–----------ეს) შორის 05.10.2016 და 07.11.2016 გაფორმებული ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულებები დარღვეული იქნა რ--–----------ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას კრედიტორის წინაშე დადგენილ ვადაში სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია. დღეის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება შპს „ფ-----------------ოს“ წინაშე შეადგენს ძირი თანხას - შპს „ტ-----ს“ მიმართებაში 900 ლარს, ხოლო შპს „კ--------------------ის“ მიმართებაში 650 ლარს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით, ხოლო ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც გაიცა სასყიდლიანი კრედიტი, ხოლო ხელშეკრულების დადებით მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა, რომლითაც მოპასუხემ იკისრა მოსარჩელისათვის სარგებლის გადახდის ვალდებულებაც რაც შეადგენს შპს „ტ-----ს“ მიმართებაში 145 ლარს, ხოლო შპს „კ--------------------ის“ მიმართებაში 88 ლარს, რომლის გადახდაც ასევე უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, პირგასამტეხლო, რომელიც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობის და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რაც სასარჩელო მოთხოვნის თანახმად შეადგენს ერთ შემთხევაში 1346,85 ლარს, ხოლო მეორე შემთხვევაში 1297,57 ლარს, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს. ასევე გასათვალისწინებელია რ--–----------ის მატერიალური მდგომარეობა, რამაც ფაქტობრივად გამოიწვია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევა, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეამციროს პირგასამტეხლო პირდაპირ თანხობრივად, რის გამოც პირგასამტეხლო, რაც სესხის ხელშეკრულებაზე შეადგენს შპს „ტ-----ს“ მიმართებაში 1346,85 ლარს, ხოლო შპს „კ--------------------ის“ მიმართებაში 1297,57 ლარს უნდა შემცირდეს შესაბამისად 100 და 50 ლარამდე და რ--–----------ეს გადასახდელად უნდა დაეკისროს შპს „ფ-----------------ოს“ სასარგებლოდ.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: `პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.~
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის `ა~ ქვეპუნქტის თანახმად: `სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.~
ხოლო ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს”.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ,,იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლბული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.“
სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 66.41 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხე ცისანა ობოლაძეს, მოსარჩელე შპს „ფ-----------------ოს’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის (გადახდილი სახელმწიფო ბაჟის) 66.41 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „ფ-----------------ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე რ--–----------ეს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე შპს „ფ-----------------ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს, შპს „ტ-----სთან“ დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხა - 1145 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 900 ლარი, საკომისიო - 145 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი,ასევე, მოპასუხე რ--–----------ეს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე შპს „ფ-----------------ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს შპს „კ--------------------თან“ დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხა - 788 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 650 ლარი, საკომისიო - 88 ლარი, პირგასამტეხლო - 50 ლარი;
3. მოპასუხე რ--–----------ეს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე შპს „ფ-----------------ოს“ სასარგებლოდ დაეკისროს სახლემწიფო ბაჟის 66.41 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მომდევნო პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ადიგენის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ადიგენის მაგისტრატი სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი