გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.11.2019
საქმის ნომერი
330210019002990880
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
22.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/10396-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 ნოემბერი 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი

მოსარჩელე - სს „თე-–--ი“

წარმომადგენელი - ჯა-------------ე

მოპასუხე - ხუ------ნ სა----------ი

წარმომადგენელი - თა---–------------–--ე

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ხუ------ნ სა----------ს სს „თე-–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული ელექტოენერგიის საფასურის - 2642.43 ლარის გადახდა

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2013 წლის 19 თებერვალს სს „თე-–--სა“ და ხუ------ნ სა----------ს (აბონენტი №20-----) შორის დაიდო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეს სს „თე-–--ის“ მიმართ არსებული დავალიანება - 3390.27 ლარის ოდენობით გადასახდელად გადაუნაწილდა 120 თვეზე. თვიურად გადასახდელი პორციის ოდენობა შეადგენდა - 28.35 ლარს.

 

დღეის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება შეადგენს - 2642.43 ლარს, რომელიც წარმოშობილია არასრულყოფილი გადახდებით. აბონენტს ბოლო გადახდა უფიქსირდება 2015 წლის 19 მაისს. მიუხედავად იმისა, რომ აბონენტისათვის ცნობილი იყო დავალიანების წარმოშობის საფუძვლების თაობაზე, იგი არ ფარავს მის მიერ მოხმარებული ელ. ენერგიის გადასახადს. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, თუ მოვალე დაარღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს დარჩენილი ვალის სრულად დაფარვა. ამასთან, მოპასუხეს სს „თე-–--თან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, აღიარებული აქვს აღნიშნული დავალიანება.

 

სადავო დავალიანება დარიცხულია მოპასუხე ხუ------ნ სა----------ის სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სახლის სააბონენტო ბარათზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლზე მითითებით და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმულია და იგი აღნიშნული მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ხუ------ნ სა----------ი წარმოადგენს სს ,,თე-–--ის” აბონენტს №20-----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 18-23);

 

3.1.2. 2013 წლის 19 თებერვალს სს „თე-–--სა“ და ხუ------ნ სა----------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ, რომლის თანახმად სს „თე-–--ის“ აბონენტს №20----- - ხუ------ნ სა----------ს სს „თე-–--ის“ მიმართ არსებული დავალიანება - 3390.27 ლარის ოდენობით გადასახდელად გადაუნაწილდა 120 თვეზე. ყოველთვიური გადასახდელი მინიმალური პორცია განისაზღვრა 28.25 ლარით, ხოლო ბოლო თვის პორცია განისაზღვრა 28.52 ლარით. გადანაწილებული თანხის გადახდა უნდა დაწყებულიყო 2013 წლის მარტის თვიდან.

 

ხელშეკრულების თანახმად, თუ მოვალე ერთხელ მაინც დაარღვევს გადახდის გრაფიკს, კრედიტორი უფლებამოსილია შეწყვიტოს ელექტროენერგიის მიწოდება და გადანაწილებული დავალიანების სრულად დაფარვის მოთხოვნით მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ (იხ. ს.ფ. 24);

- აბონენტის ბრუნვის ისტორია (იხ. ს.ფ. 18-23);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.3. ხუ------ნ სა----------ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და სს „თე-–--ს“ შორის 2013 წლის 19 თებერვალს გაფორმებული რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება და მისი დავალიანება სარჩელის წარმოდგენის დროისათვის შეადგენს 2642.43 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აბონენტის ბრუნვის ისტორია (იხ. ს.ფ. 18-23);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.4. ხუ------ნ სა----------ს ბოლო გადახდა უფიქსირდება 2015 წლის 19 მაისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აბონენტის ბრუნვის ისტორია (იხ. ს.ფ. 18-23);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის შესაგებელი, ახსნა-განმარტება

 

3.2.2. აბონენტის ბრუნვის ისტორიის მიხედვით აბონენტზე მრიცხველის დადგმამდე 1999 წლიდან არსებული დავალიანების 496.93 ლარის ოდენობით ვალის კორექტირება განხორციელდა 31.03.2003 წელს.

 

2009 წლის აგვისტოს მდგომარეობით ასევე განხორციელდა არსებული ვალის 1927 ლარის კორექტირებული დარიცხვა.

 

2013 წლის 25 იანვარს აბონენტის ბრუნვის ისტორიის მიხედვით ფიქსირდება მრიცხველის დადგმა. აღნიშნული პერიოდისათვის მიმდინარე ვალი შეადგენდა 3473.80 ლარს. 2013 წლის 20 თებერვლით ფიქსირდება ვალის 3390.27 ლარის გადანაწილება. ყოველთვიური მინიმალური პორცია განისაზღვრა 28.25 ლარის ოდენობით. ბოლო გადახდა მოპასუხეს ვალის გადანაწილების შემდგომ უფიქსირდება ბოლო გადახდა 2015 წლის 19 მაისს 48.06 ლარის ოდენობით. აბონენტს ბოლო ჩვენება (მიმდინარე ხარჯი) უფიქსირდება 2015 წლის 16 დეკემბერს, რომლის შემდეგაც მოსარჩელეს ხარჯი აღარ უფიქსირდება. მაშასადამე მიმდინარე დავალიანების მოთხოვნის უფლება, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალიაწინებული ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, მოსარჩელეს წარმოეშვა 2015 წლის 17 დეკემბრიდან.

 

მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მომართა 2019 წლის 14 მაისს როგორც მიმდინარე ვალის (1342.66 ლარი), ასევე გადანაწილებული ვალის (1299.77 ლარის) ანაზღაურების მოთხოვნით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სს „თე-–--ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 128-129-ე, 130-ე, 144-ე, 319-ე, 327-ე, 341-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლომ, გადაწყვეტილების 3.2..2. პუნქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ აბონენტს ელექტროენერგიის ბოლო მოხმარება და შესაბამისად მიმდინარე ხარჯი უფიქსირდება 2015 წლის 16 დეკემბერს, ხოლო ბოლო გადახდა უფიქსირდება 2015 წლის 19 მაისს.

 

სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

აღნიშნული ნორმის დანაწესის შემოღებით კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ამა თუ იმ ვადის გასვლით მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მას შესაძლებლობა ჰქონდა, მოეხდინა მისი მოთხოვნის იძულებით აღსრულება. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნა იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანმხვედრია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მიმართ უნდა აითვალოს სარჩელის შეტანიდან 2019 წლის 14 მაისიდან უკუსვლით.

 

შესაბამისად მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ აღნიშნული პერიოდიდან უნდა იქნეს ათვლილი, როცა სს ”თე-–--მა” შეიტყო უფლების დარღვევის შესახებ, ანუ 2015 წლის 19 მაისს, მას შემდეგ, როცა აბონენტმა აღარ გადაიხადა მიმდინარე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური.

 

მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მომართა 2019 წლის 14 მაისს, რადგან ელექტროენერგიის მოხმარებისათვის გადასახდელი თანხა წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, შესაბამისად, სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით მოთხოვნა 2016 წლის 14 მაისამდე ხანდაზმულია.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ აბონენტმა ბოლო გადახდა განახორციელა 2015 წლის 19 მაისს 48.06 ლარის ოდენობით.

 

სასამართლოს მოსაზრებით, რადგან აბონენტის მიერ მოხმერებული ელექტროენერგიის გადასახადი წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, თითოეულ პერიოდზე, ანუ ყოველთვიურად გადასახდელ თანხაზე, კრედიტორს დამოუკიდებლად წარმოეშობა მოთხოვნის უფლება. აღნიშნულის გათვალისწინებით კი სამწლიანი ხანდაზმულობის ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი ვალდებულ პირს უფლებას ანიჭებს უარი განაცხადოს მოთხოვნის შესრულებაზე.

 

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მოთხოვნა მიმდინარე ვალის 1342.66 ლარის დაკისრების ნაწილში ხანდაზმულია და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

6.2. რაც შეეხება ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადანაწილებულ ვალს. სასამართლო მიუთითებს, რომ ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეული მოქმედებების შესრულებას და ამდენად, საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა. აღნიშნული ურთიერთობის შეფასებისას გასათვალისწინებელია სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ეს უკანასკნელი ელემენტი ასევე გულისხმობს, რომ მხარეებს შეუძლიათ, დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ვალის აღიარება დეკლარაციული (კაუზალური) ხასიათისაა და იგი არსებულ სამართალურთიერთობას ადასტურებს.

 

ამავე კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ გათვალიწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხეშეკრულების ის პირობები, რომლებზეც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეული იქნა შეთანხმება, ან/და რომლებიც ასეთად არის მიჩნეული კანონის მიერ. ნებისმიერი დოკუმენტი, რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის შესახებ ხელშეკრულებად, თუ არ დადგინდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე.

 

უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებაში მითითებული დავალინება მოსარჩელეს წარმოეშვა გამრიცხველიანებამდე, ანუ 2013 წლის 19 თებერვლამდე. ვალიას აღიარების ხელშეკრულებით იმ შემთხვევაში, თუ მოვალე ერთხელ მაინც დაარღვევს გადახდის გრაფიკს, კრედიტორი უფლებამოსილია შეუწყვიტოს ელექტროენერგიის მიწოდება და გადანაწილებული დავალიანების სრულად დაფარვის მოთხოვნით მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

 

უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ დავალიანების რესტრუქტურიზაციის შემდგომ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება დაირღვა.

 

სასამართლომ ასევე უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების თანახმად, აბონენტის მიერ აღიარებულ იქნა ხანდაზმული დავალიანება. შესაბამისად არ არსებობს აღნიშნული თანხის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი და სასამართლოს მოსაზრებით, არსებობს ვალის რესტრუქტურიზაცის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი ხანდაზმული დავალიანების აღიარების თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ სსკ) 54-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება ნამდვილი იყოს მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესებს, საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სსკ-ის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს. ამდენად, გარიგების ბათილობისას ამ ნორმის რომელიმე კომპონენტის დარღვევით დადებული ხელშეკრულება უნდა არსებობდეს.

 

სასამართლოს საკვლევ გარემოებათა წრეს, უპირველესად, წარმოადგენს გაფორმებული ვალის აღიარების ხელშეკრულების კანონშესაბამისობა და შემდეგ, აღნიშნული ხელშეკრულებით აღიარებული დავალიანების მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრების წინაპირობების კვლევა.

 

დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება, თავისი არსით, ვალის კონსტიტუციური („აბსტრაქტული“) აღიარების ხელშეკრულებაა, რომელიც, თავის მხრივ, სსკ-ის 341-ე მუხლის რეგულირების რეჟიმში ექცევა. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 341-ე მუხლის რეგულირებიდან გამომდინარე, ვალის აღიარება ახალი ხელშეკრულებაა, რომლის, როგორც დამოუკიდებელი გარიგების ბუნებაზე, ზეგავლენას არ ახდენს წინმსწრებ სამართალურთიერთობასთან მისი ფორმალური ბმა. მაგალითისათვის, ვალის აღიარების ხელშეკრულებაში შეიძლება ჩანდეს, თუ რა სამართალურთიერთობა უძღოდა წინ მოვალესა და კრედიტორს, რამ განაპირობა მოვალის მხრიდან კრედიტორის სასარგებლოდ ვალის აღიარება, თუმცა, აღნიშნულ გარემოებას ვალის აღიარების ბუნების განსაზღვრის მიზნებისათვის სამართლებრივი დატვირთვა არ გააჩნია. შესაბამისად, ვალის აღიარება დამოუკიდებელია ვალის წარმოშობის საფუძვლებისაგან, რაც მის აბსტრაქტულ ბუნებას განაპირობებს. აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულება ვალდებულებას წარმოშობს, მიუხედავად აღიარებამდე არსებული ვალდებულების ხანდაზმულობისა, ბათილობისა და ა. შ. ამდენად, დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების, როგორც ვალის აღიარების კონტექსტში დამოუკიდებელი გარიგების ინდიკატორია ის გარემოება, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულება ნამდვილია, მიუხედავად იმისა, ნამდვილია, თუ არა ის გარიგება, რომლიდან გამომდინარე ვალდებულებაც მოვალემ ვალის აღიარების ხელშეკრულებით ცნო.

 

იმისათვის, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებამ, როგორც დამოუკიდებელმა გარიგებამ, ვალდებულება წარმოშვას, აუცილებელია, რომ პირი, რომელიც ვალს აღიარებს, აღნიშნული ვალდებულების არსს აცნობიერებდეს. მით უფრო, თუ ვალის აღიარების ხელშეკრულება ელექტროენერგიის მომარაგებას ეხება, რა დროსაც ხელშეკრულების ერთ მხარეს დომინანტი მეწარმე სუბიექტია, ხოლო მეორე მხარეს მომხმარებელი, მოხმარების საგანი კი – პირველადი, სასიცოცხლოდ აუცილებელი. ამ მიმართებით, საყურადღებოა, რომ მოსარჩელეს აქვს სრული კანონისმიერი რესურსი მოპასუხის ელექტრომომარაგებაზე ზემოქმედება მოახდინოს.

 

სასამართლოს მოსაზრებით, ვალის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების დადებისას მოპასუხე, რომელიც მოსარჩელე კომპანიის მიერ შეთავაზებული პირველადი საყოფაცხოვრებო პროდუქტის (ელექტროენერგიის) მომხმარებელია, არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდა. გადაუხდელი ხანდაზმული დავალიანების რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების დადების თაობაზე გამოვლენილი ნების შეფასებისას მნიშვნელოვანია იმ ფაქტორების მხედველობაში მიღება, რამაც მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნების თავისუფლების შეზღუდვა გამოიწვია, კერძოდ, მხარე აღმოჩნდა არჩევანის წინაშე, გაეფორმებინა ხელშეკრულება მოსარჩელესთან, თუ ოჯახთან ერთად დარჩენილიყო ელექტროენერგიის გარეშე, რაც არსებობისათვის მეტად მძიმე კომუნალურ პირობებს უქადდა. მითითებული გარემოებები სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმებით სოციალური სამართლიანობის პრინციპი დაირღვა, რადგან მოპასუხისთვის ცივილიზებული ცხოვრებისთვის საჭირო ბუნებრივი რესურსის მიღების საშუალებად სადავო ხელშეკრულების გაფორმება იქნა გამოყენებული. ამგვარი ნების გამოვლენის შედეგად დადებული გარიგება კი, სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, უცილოდ ბათილია, როგორც ზნეობის საწინააღმდეგო გარიგება.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის დადებული აღიარების შესახებ ხელშეკრულება წარმოადგენს უცილოდ ბათილ, ზნეობის საწინააღმდეგო გარიგებას, რომელიც მოპასუხის შეცილებას არ საჭიროებს

 

განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. შესაბამისად სასამართლო მიუთითებს ნასყიდობის ურთიერთობის მარეგულირებელ ზოგად წესზე _ სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად განსაზღვრულია ნასყიდობის ხელშეკრულების სუბიექტთა უფლება-მოვალეობები და დადგენილია, რომ გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, თავის მხრივ, დადგენილია მყიდველის მოვალეობა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

სადავო ურთიერთობაში კრედიტორის ინტერესი გამოხატულია, თუმცა მოვალე აცხადებს პრეტენზიას და მიუთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე მიმდინარე დავალიანების ნაწილში ხანდაზმულია, ხოლო ვალის აღიარების ნაწილში გარიგება უცილოდ ბათილ გარიგებას წარმოადგენს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ვინაიდან არ დაკმაყოფილდა სს „თე-–--ის“ სარჩელი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს „თე-–--ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი