გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.02.2020
საქმის ნომერი
281210019003144236
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3144236-2/041-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

06 თებერვალი 2020 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი მოსამართლე

ა-----ის მუნიციპალიტეტში მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი თამარ ცინაძე

მოსარჩელე - შპს ,,ვ--------ი“

წარმომადგენელი - ეკატერინა აბაშიძე

მოპასუხე - ა-----ის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ლიანა ბერიძე

დავის საგანი: ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2019 წლის 20 ივნისს გაცემული ბრძანება N98611-ის და თანმდევი შედეგების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2019 წლის 20 ივნისის ბრძანება N98611, ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,ვ--------ს“ შორის, 2019 წლის 08 მაისს გაფორმებული N56 ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის, მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებისა და სახელმწიფო შესყიდვის სამსახურის შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ.

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2019 წლის 8 მაისს ა-----ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ვ--------ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N56, რომელიც ითვალისწინებდა ა-----ის მუნიციპალიტეტში დაბა ა-----აში გ-------–---–ისა და ერეკლე მეორის ქუჩების დამაკავშირებელი სამანქანე ხიდის სრულ რეაბილიტაციას (თანხით 110 000 ლარი). ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების დასრულების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით.

ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ კომპანიამ დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, დაბა ა-----აში განხორციელდა ობიექტის ტექნიკის და მუშახელის უზრუნველყოფის სამუშაოები. სამუშაო ობიექტზე ვითხოვეთ შემსყიდველს მოეცა კონკრეტული კოორდინატები და მიეთითებინა თუ რომელ ტერიტორიაზე იყო სამუშაოები განსახორციელებლი, მხარემ ხელშეკრულების შეწყვეტამდეც კი ზუსტად ვერ მიუთითა თუ სად სურდა მას სამუშაოების განხორციელება.

ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო 2019 წლის 08 აგვისტომდე, თუმცა 2019 წლის 20 ივნისს მხარემ ხელშეკრულება შეწყვიტა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ 13 ივნისს უკვე მიაწოდეს ინფორმაცია ა-----ის მუნიციპალიტეტის მერს, რ-------------------–--ეს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა ა----------–--–-–---–მა.

2019 წლის 27 მაისს ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიამ სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს მიმართა მიმწოდებლის შპს ,,ვ--------ის“ შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით, რაც ცნობილი გახდა საგენტოს 2019 წლის 1 ივისს N2504 შეტყობინებით და მასზე წარდგენილი იქნა მოსაზრება.

ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტამდე შპს ,,ვ--------ის“ მიმართ გადაგზავნილი იქნა შეტყობინებები N1913/11, რომლითაც მოთხოვნილი იქნა პირგასამტეხლო 3080 ლარი, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ გადაგზავნილი იქნა ახალი შეტყობინება N2169/11 ახალი მოთხოვნით.

ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 20 ივნისის N986 11 ბრძანების საფუძველზე, მხარემ 2 თვით ადრე შეწყვიტა ხელშეკრულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნამდვილად გაფორმდა მხარეებს შორის N56 ხელშეკრულება 2019 წლის 08 მაისს და სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა ხელმოწერიდან 2019 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით. მხარემ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არ მოახდინა სამუშაოების დაწყება. სატენდერო დოკუმენტაციაში გარკვევით იყო მითითებული კოორდინატებიც და თუ რაიმე გაუგებარი იყო მხარეს მათთვის უნდა მიემართა დამატებიტ, რაც არ გაუკეთებიათ. ხელშეკრულებით დადგენილი სამუშაოები უნდა შესრულებულიყო გაწერილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, რაც მხარეს არ განუხორციელებია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ არ გაითვალისწინა მხარის მოსაზრება და შპს ,,ვ--------ი“ დარეგისტრირებული იქნა შავ სიაში. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2019 წლის 10 აპრილს ა-----ის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა N----------- ელექტრონული ტენდერი მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოებისა და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოების (C----------) შესყიდვის მიზნით. სატენდერო კომისიის 2019 წლის 1 მაისის N3 სხდომის ოქმით, ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ,,ვ--------ი“ (ს/ნ 4--------) და მიწვეულ იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად. 2019 წლის 8 მაისს ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,ვ--------ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N56. ხელშეკრულების შირებულება განისაზღვრა1100 ლარით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 8.05.2019წ. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N56;

 

3.1.2. მხარეთა შორის დადებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 (რვა) აგვისტოს ჩათვლით. მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაოები დაეწყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- .05.2019წ. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N56, მუხლი N3;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

3.2.1. მოსარჩელის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N56-ე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება საერთოდ არც კი დაუწყია, ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ არაერთხელ მოხდა გადამოწმება და დადგინდა, რომ სამუშაოები არ შესრულდა.

ამასთან ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოცხადებული სხვა ტენდერის საფუძველზე ხელშეკრულება გააფორმა სხვა შემსყიდველთან იმავე ობიექტზე სამუშაოების ჩასატარებლად და ამ დროისათვის სამუშაოები დასრულებულია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ინსპექტირების აქტი (იხ.საქმის მასალები);

- მხარეთა განმარტებები;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის მართლზომიერება, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 416-417-418-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე Nას-1206-1166-2016).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ამავე კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას,მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

2. არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ:

ა. აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება;

ბ. ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას;

გ. განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ შპს ,,ვ--------მა“ ვერ დაიწყო სამუშაოების ჩატარება, რადგან მათ რამდენჯერმე სთხოვეს მხარეს დაეზუსტებინათ ადგილი, სადაც სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო, რადგან თავიანთი ნებით ვერ განახორციელებდნენ ვერც სამუშაოებს და ვერც ტერიტორიას ვერ აირჩევდნენ, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს. აღნიშნულს ამტკიცებს მხოლოდ თავისი ახსნა-განმარტებით. წერილობით მოსარჩელეს მოპასუხისათვის ამგვარი მოთხოვნით არ მიუმართავს.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,ვ--------ს“ შორის 2019 წლის 08 მაისს გაფორმებულ N56 ხელშეკრულების პირველ მუხლში გარკვევით არის მითითებული, რომ ,,ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ა-----ის მუნიციპალიტეტში დაბა ა-----აში გ-------–---–ისა და ე-----–---- ქუჩების დამაკავშირებელი სამანქანე ხიდის სრული რეაბილიტაცია (შემდგომში სამუშაო). მოსარჩელე ვალდებული იყო ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით საკითხები გაერკვია ხელშეკრულების გაფორმებამდე - შეთანხმებულიყო ყველა არსებით პირობაზე. ხელშეკრულების შეწყვეტის სემდეგ ამ გარემოებით ვალდებულების სეუსრულებლობის გამართლება არაგონივრულია.

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს 2019 წის 24 მაისს შედგენილ აქტზე, საიდანაც დასტურდება შპს ,,ვ--------ის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევის ფაქტი. კერძოდ ამ აქტიდან ირკვევა, რომ ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირების მუდმივი სამუშაო ჯგუფის წევრებმა: ა----------–--–-–---–მა, მი----–-----------ემ, რ---------–---–-----მა, ბ-------------ემ და გ---------–-–---–მა განმეორებით ადგილზე მისვლით შეამოწმეს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N56“-ით (07.05.2019წ) გათვალისწინებული დაბა ა-----აში გ-------–---–ის და ე-----–---- ქუჩების დამაკავშირებელი სამანქანე ხიდის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები და აღმოჩნდა, რომ მშენებლობის ორგანიზაციის კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკით შესრულებული სამშენებლო სამუშაოები არ იყო შესრულებული. აღნიშნულის გამო 2019 წის 13 ივნისს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა ა----------–--–-–---–მა წერილი N1035-11-ით მიმართა ა-----ის მუნიციპალიტეტის მერს და აცნობა, რომ შპს ,,ვ--------ის“ არაერთი სიტყვიერი გაფრთხილების მიუხედავად სამშენებლო სამუშაოები არ იყო დაწყებული და დაეწყოთ ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მხარემ ორი თვით ადრე შეწყვიტა ხელშეკრულება და მას ამის უფლება არ ჰქონდა, რადგან აღნიშნული ხელშეკრულების მე-13 მუხლში მითითებული პირობები აძლევდა მხარეს ცალმხრივად ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებას. ბუნებრივია დამატებით ვადის განსაზღვრას არ მოჰყვებოდა არავითარი შედეგი, ვინაიდან აშკარა იყო, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ იყო დაწყებული და შესაბამისად, ჩამორჩებოდა გეგმა გრაფიკს, რაც მეტყველებდა იმაზე, რომ სამუშაოების დაწყების შემთხვევაშიც კი სამუშაოები ვერ დასრულდებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში და ხელშეკრულების დარღვევის გარდაუვალობა სახეზე იყო. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სამშენებლო სამუშაოები ვერ იწარმოება წელიწადის ყველა დროს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ გაზაფხული-ზაფხულის პერიოდს დაამთხვია სამუშაოების ჩატარება, ხოლო მისი დაწყების ხანგრძლივი პერიოდის გადაცილების შემთხვევაში უნდა შეეწყვიტა ხელშეკრულება რათა მისცემოდა შესაძლებლობა სხვა სახელმწიფო შესყიდვით უზრუნველეყო დაგეგმილი სამუშაოების ჩატარება და საზოგადოების წინაშე საკუთარი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა.

ასევე ვერ გაიზიარებს სასამართლო მოსარჩელე მხარის მოთხოვნას დაკისრებული პირგასამტეხლოს უსწორობაზე, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს სადავო ბრძანების თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშებული იქნა ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. კერძოდ, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 110 000 ლარს. ხელშეკრულების მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად კი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტიტ გათვალისწინებული ვადების დარღვევისა) შესრულებისათვის დამრღვევი მხარე ვალდებული იყო, მეორე მხარის მოთხოვნისთანავე გადაეხადა მას პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების ღირებულების 5% ასეთი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღეში და უზრუნველყო დარღვეული ვალდებულებების დაუყონებლივ გამოსწორება, გარდა ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. 110 000 ლარის 5% კი არის 5500 ლარი.

ამდენად, საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, იმ ფაქტს, რომ შპს ,,ვ--------მა“ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.

6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

ამავე კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

განსახილველ შემთხვევაში როგორც უკვე აღინიშნა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო შპს ,,ვ--------ს“ დაეკისრა პირგასამტეხლო 4510 ლარი და 5500 ლარი.

მოპასუხის მიერ თანხის ამგვარად გადანაწილება მოხდა მასსა და მოსარჩელეს შორის 2019 წლის 8 მაისს გაფორმებული N56 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხვედით. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება გამომდინარეობს კანპნმდებლობისა და ხელშეკრულებით გათვალისიწნებული მოთხოვნებიდან.

6.3 სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული, შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-3 მუხის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად შავ სიაში რეგისრაციის ერთერთი საფუძველია მიმწოდებელმა თუ ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. იმავდროულად, აუცილებელია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყოს გასული ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე იყოს შეწყვეტილი.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 31 ივლისს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულება N3272-ით შპს ,,ვ--------ი“ შავ სიაში იქნა დარეგისტრირებული. ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2019 წლის 20 ივნისს გამოცემული ბრძანებით მიმართა შესაბამის უწყებას ემსჯელა მოსარჩელის შავ სიაში შეტანასთან დაკავშირებით, აღნიშნულს მას ავალდებულებდა ზემოდმითითებული განკარგულება. შავ სიაში შეტანა მოხდა სხვა გადაწყვეტილებით რაც განსახილველ საქმეში სადავო არ გამხდარა. შესაბამისად, სასამართლო მისი ბათილად ცნობის საკითხზე ვერ იმსჯელებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. უსაფძუვლოა მოსარჩელის მოთხოვნა ა-----ის მუნიციპალიტეტის მერის N 20.06.2019 წლის N986 11 ბრძანებისა და მისი თანმდევი შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364 -ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს ,,ვ--------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ა-----ის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ა-----ის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი