გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.02.2020
საქმის ნომერი
190210019003192298
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
06.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1668-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

6.02.2020 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი სალომე არევაძე

მოსარჩელე რ------- ი---------ა

წარმომადგენელი მაგული კორძაია

მოპასუხე ე-––--- ი---------ი

წარმომადგენელი თეიმურაზ მაგრაქველიძე

დავის საგანი ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ე-––--- ი---------ისათვის ალიმენტის დაკისრება არასრულწლოვანი შვილების - 2011 წლის 8 დეკემბერს დაბადებული ქ------– ი---------ისა და 2013 წლის 10 ივლისს დაბადებული ნ------ ი---------ის სარჩენად, ყოველთვიურად 250-250 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის გარემოებები:

 

მხარეებმა ოჯახი შექმნეს 2010 წელს, ხოლო ქორწინება რეგისტრირებულია 2011 წლის 14 ნოემბერს. ჰყავთ ორი შვილი: 2011 წლის 8 დეკემბერს დაბადებული ქ------– ი---------ი და 2013 წლის 10 ივლისს დაბადებული ნ------ ი---------ი. სამ თვეზე მეტია მოპასუხის ოჯახიდან შვილებთან ერთად წამოვიდა, რადგან მეუღლე და მისი ნათესავები დაუმსახურებლად აყენებდნენ შეურაცხყოფას. მეუღლე დაშორების შემდეგ არ ეხმარება შვილებს ფინანსურად. მოპასუხეს და მის ოჯახს აქვს კერძო ბიზნესი, ყიდულობენ ძველ ავტომობილებს, ხოლო მოპასუხე არემონტებს მათ და შემდეგ ყიდიან.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და და განმარტა, რომ არა აქვს სტაბილური შემოსავალი. ცხოვრობს სოფელში და მისი შემოსავლის წყაროა მეზობლებისათვის საოჯახო და სოფლის მეურნეობაში დახმარების სანაცვლოდ მიღებული დღიური საფასური. ცხოვრობს მშობლების სახლში, მეუღლესთან დაშორებამდე სამუშაოდ თურქეთში დადიოდა, ავტომობილების შემკეთებლად მუშაობდა, მაგრამ დეპორტაციის გამო 1 წელზე მეტია ვეღარ მიდის სამუშაოდ. მას არც ავტომობილის მართვის მოწმობა აქვს, არ ჰყავს ავტომობილი და საქართველოში ავტომობილების შეკეთებით დაკავებული არ არის. ოჯახიდან მოსარჩელის წასვლის მიზეზი იყო მისი როგორც მეუღლის შეუფერებელი საქციელი, მან თავად მიაყენა ოჯახს შეურაცხყოფა. მოპასუხის განმარტებით, იგი მზად არის მთლიანად აიღოს ბავშვებზე პასუხისმგებლობა და თავის საცხოვრებელ ადგილზე გაზარდოს ისინი მშობლების და ნათესავების დახმარებით.

(შესაგებელი ს.ფ. 31-35; 04.09.2020 წ და 06.02.2020წ სხდომის ოქმები CD დისკი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდაო გარემოებები

 

3.1.1. რ------- ი---------ა და ე-––--- ი---------ი რამდენიმე თვეა აღარ ცხოვრობენ ერთად. მათი არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან მოსარჩელე რ------- ი---------ასთან ერთად ქალაქ გარდაბანში მოსარჩელის მშობლებთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი (ს.ფ. 2-9. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 31-35. ტომი 1)

 

3.1.2. რ------- ი---------ა პერიოდულად დასაქმებულია სილამაზის სალონში. მას მატერიალურად ეხმარებიან მშობლები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- მოსარჩელის ახსნა-განმარტებები (06.02.2020 წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.2. დადგენილი სადაო გარემოებები

 

3.2.1. რ------- ი---------ასა და ე-––--- ი---------ს ს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი. მათ შორის ქორწინება რეგისტრირებულია 2011 წლის 14 ნოემბერს

 

დაბადების მოწმობების თანახმად, 2011 წლის 8 დეკემბერს დაბადებულია ქ------– ი---------ი, 2013 წლის 10 ივლისს დაბადებულია ნ------ ი---------ი. მათ მშობლებად რეგისტრირებულები არიან: დედა რ------- ი---------ა, მამა – ე-––--- ი---------ი.

 

მხარეებს შორის ქორწინება რეგისტრირებულია 2011 წლის 14 ნოემბერს სსგს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობების ასლები (ს.ფ. 17-18 ტომი 1).

- ქორწინების მოწმობის ასლი (ს.ფ. 16. ტომი 1)

 

3.2.2. მოპასუხე ე-––--- ი---------ი არის ჯანმრთელი, შრომისუნარიანი პიროვნება. იგი არ განიცდის უკიდურეს სოციალურ გაჭირვებას, არ იღებს საარსებო შემწეობას, რის გამოც შეუძლია შვილის რჩენისათვის ფინანსური სახსრების გადახდა.

 

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს. მოპასუხის ამ პოზიციის საფუძველია 2 გარემოება: მოსარჩელის ოჯახში არ არის ბავშვების აღზრდისათვის შესაფერისი გარემო; მას აქვს მცირე შემოსავალი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მძიმე მატერიალური მდგომარეობა არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. მხარეებს შორის სადაო არ არის, რომ მოპასუხე რამდენიმე წლის განმავლობაში სამუშაოდ სისტემატიურად მიემგზავრებოდა თურქეთში, სადაც მამასთან ერთად მუშაობდა ავტოხელოსნად. ეს გარემოება დასტურდება ასევე მოპასუხის ინიციატივით დაკითხული მოწმეების ასკანაზ ი---------ის, ჯამილა ი---------ას, ელვან ი---------ის, მარიფ მამედოვის და ელნურ ი---------ის ჩვენებებით.

 

თავად მოპასუხემ განმარტა, რომ მისი ოჯახი სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას არ იღებს. სარჩელის საწინააღმდეგოდ მოპასუხეს არ მიუთითებია მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის გამოც მას შეზღუდული აქვს შრომის უნარი ან შრომისუუნაროა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან - მოპასუხის განმარტებებიდან და მოწმეების ჩვენებებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა იმდენად უკიდურესად მძიმეა, რომ მას შვილების სარჩენად ალიმენტის არ შეიძლება დაეკისროს. მოპასუხე ჯანმრთელი და შრომისუნარიანია, იგი არ იღებს საარსებო შემწეობას. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე დაუფლებულია ისეთ პროფესიას, რომლითაც შეუძლია დასაქმდეს და მიიღოს შვილების და საკუთარი თავის რჩენისათვის აუცილებელი შემოსავალი საზღვარგარეთ გამგზავრების გარშეც. კერძოდ, მოპასუხის და მისი მოთხოვნით დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დასტურდება, რომ მოპასუხე ავტომობილების შემკეთებელია. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შრომისუნარი შეზღუდული არა აქვს, მას შეუძლია საკუთარი შრომით გამოიმუშავოს სათანადო შემოსავალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის განმარტება (06.02.2020წ სხდომის ოქმი, CD დისკი )

- მოწმეთა ჩვენებები ( 28.01.2020წ; 04.02.2020წ . სხდომის ოქმები, CD დისკი )

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს 120-120 ლარით.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1199-ე, 1234-ე მუხლები.

- გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული „ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში კანონმდებელი უპირატესად ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“.

 

ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის საფუძველზე ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით. არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის შეძლებისდაგვარად ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ერთად ცხოვრების ურთიერთობის პირობებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის გონივრული, სამართლიანი ოდენობა განისაზღვრება ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი შრომისუნარიანობა, ოჯახური მდგომარეობა, ფინანსური შესაძლებლობები, შემოსავლის წყარო, ქონებრივი მდგომარეობა.

 

მოპასუხე სარჩელის საწინააღმდეგო გარემოებად იმ ფაქტს მიუთითებს, მას არ გააჩნია სტაბილური, ყოველთვიური შემოსავალი, მისი შემოსავალი მცირეა. მოპასუხე ასევე განმარტავს, რომ მოსარჩელესთან ბავშვების აღზრდის სათანადო პირობები არ არის.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება ალიმენტის ოდენობის დადგენისათვის მნიშვნელოვანი შემდეგი ფატები:

 

მეუღლეების დაშორების შემდეგ მხარეთა არასრულწლოვანი შვილები ძირითადად მოსარჩელესთან ცხოვრობენ, ხოლო ბავშვების საცხოვრებელი ადგილი სადაო არ არის, ბავშვების საცხოვრებელი ადგილის შეცვლა სარჩელით მოთხოვნილი არ არის.

 

ბავშვების აღზრდაში ყოველდღიურად წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტა მოსარჩელეს უწევს და ბავშვებზე ყოველდღიურ ზრუნვაში მოპასუხე ჩართული არ არის. ამასთან, მოპასუხეს ჯანმრთელობის რთული მდგომარეობა არა აქვს, რის გამოც შრომისუნარიანია, შრომის უნარი შეზღუდული არა აქვს, მას შეუძლია დასაქმდეს ავტომობილების შემკეთებლად და მიიღოს საკუთარი თავის და შვილების რჩენისათვის აუცილებელი შემოსავალი.

 

სასამართლოს აღნიშნავს, რომ ბავშვს სწორი აღზრდა განვითარებისათვის ესაჭიროება მატერიალური უზრუნველყოფა, მოზარდი ასაკის გამო სწორი ფიზიკური განვითარების საჭიროების გამო აქვს განსაკუთრებული კვების რაციონი, რის გამოც სჭირდება საკვები პროდუქტების შეძენა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივი ზრუნვა, ამის გამო სამედიცინო მეთვალყურეობა, სეზონური სამოსი. ამასთან, ალიმენტით უზრუნველყოფილია არა მარტო ბავშვის კვების, ჰიგიენის დაცვის და სეზონურად მინიმალურად აუცილებელი სამოსის შეძენა, არამედ ბავშვის შემეცნების განვითარებისათვის აუცილებელი სასწავლო ნივთების შეძენაც. ამ საჭიროებების უზრუნველყოფა ორივე მშობლის ვალდებულებაა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა ბავშვის რჩენაში რეალური წვლილის შეტანის შესაძლებლობას აძლევს მოპასუხეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის მატერიალური უზრუნველყოფა უპირველესად მშობლების ვალდებულებაა და ბავშვის რჩენისათვის საჭირო თანხის შემცირების გარემოებები მოპასუხემ უნდა დაასაბუთოს. კერძოდ, მშობლის ვალდებულება შეიძლება შემცირდეს მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის, განსაკუთრებული სოციალური მდგომარეობის, სოციალური სიდუხჭირის გამო, რაც მოპასუხემ ვერ დაასაბუთა. მოპასუხეს კმაყოფაზე არ ჰყავს სხვა პირები გარდა არასრულწლოვანი შვილებისა, რადგან მის კმაყოფაზე არ არიან მშობლები, მოპასუხეს ჰყავს ძმაც, რომელსაც ასევე ეკისრება მშობლების რჩენა.

 

სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. სწორედ ამ მიზნით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის, აგრეთვე, გაზრდის საკითხის განხილვისას, უპირატესად უნდა განისაზღვროს ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც დგინდება მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით, ამ უკანასკნელის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბერის განჩინება საქმე №ას-1313-2018)

 

მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება მეუღლეებს შორის არსებული კონფლიქტის ხასიათი, მეუღლეების დაშორების მიზეზები ბავშვის რჩენის ვალდებულებისთვის განმსაზღვრელი არ არის, რადგან ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვისას ბავშვის ინტერესი არის უპირატესი. ბავშვის საუკეთესო ინტერესის პრინციპიდან გამომდინარე არ არსებობს ბავშვის ინტერესზე აღმატებული და ღირებული ინტერესი. მშობლის ან სხვა მოდავე მხარის ინტერესი ხშირად შეიძლება არ ემთხვეოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესს. საქართველოს კონსტიტუციის, სამოქალაქო კოდექსის და ბავშვის უფლებების კონვენციის საფუძველზე სახელმწიფოს აქვს ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის ვალდებულება ბავშვთან დაკავშირებულ ყოველ საკითხში. სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს ბავშვის ინტერესის სასარგებლოდ.

 

„ბავშვის საუკეთესო ინტერესების“ კონცეფცია მიზნად ისახავს კონვენციის მიერ აღიარებული ყველა უფლებით სრულ და ეფექტურ სარგებლობას და ბავშვის კომპლექსურ განვითარებას. ზრდასრულების განსჯა „ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა“, კონვენციით გათვალისწინებული ბავშვის ყველა უფლების პატივისცემას ვერ უკუაგდებს. არ არსებობს კონვენციაში გათვალისწინებული უფლებების იერარქია. ყველა უფლება ბავშვის საუკეთესო ინტერესებში შედის და არცერთი უფლების უარყოფა არ შეიძლება „ბავშვის საუკეთესო ინტერესების“ ნეგატიური განმარტებით [4 საქმე S.L. and J.L. vs. Croatia, 07.05.2015 ].

 

ამ შემთხვევაში ბავშვები ცხოვრობენ მოსარჩელესთან, რის გამოც მეორე მშობელი ვალდებულია მათ აღზრდაში ფინანსური მონაწილეობა მიიღო ალიმენტის გადახდით. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტი არის ბავშვის რჩენისათვის აუცილებელი თანხა და არა ერთი მშობლის მიერ მეორე მშობლის სასარგებლოდ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება. ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით რჩენისათვის აუცილებელი სახსრების მიღება ბავშვის უფლებაა. ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს კი ეკისრება ბავშვის უფლებების დაცვა კონვენციის პრინციპების საფუძველზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მშობლებს შორის კონფლიქტი ბავშვის რჩენის საკითხზე უარყოფითად არ უნდა აისახოს, მშობლების დაშორება ბავშვების მატერიალური მდგომარეობის გაუარესების მიზეზი არ უნდა გახდეს და მშობლებმა უნდა უზრუნველყონ ბავშვების ღირსეული რჩენა თავიანთი მატერიალური მდგომარეობის შესაბამისად.

 

ალიმენტის განსაზღვრისას მშობლების ფინანსური შესაძლებლობების შეფასების აუცილებლობა გამომდინარეობს „ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, რომლის თანახმად მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. შესაბამისად, მშობლებს ევალებათ შვილების ცხოვრების ისეთი დონით უზრუნველყოფა, რაც მათი უნარების და ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარეობს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ნორმის მიზანი არ არის მშობლების ქონებრივი უფლებების დაცვა. ეს დებულება არის იმ ფაქტის აღიარება, რომ თითოეული ოჯახის მატერიალური მდგომარეობა განსხვავებულია და მშობლებს მათი ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ეკისრებათ შვილების სათანადო რჩენის, ფინანსური უზრუნველყოფის ვალდებულება. ამავე ნორმით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციაში მითითებული დებულებები ბავშვის უფლებებია, შესაბამისად ბავშვის უფლებაა იგი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის სათანადო ცხოვრების დონით უზრუნველყონ, შესაბამისად, მშობლებმა უნდა იზრუნონ ბავშვის ამ უფლების რეალიზაციისათვის, თავიანთი უნარების შესაბამისად გააუმჯობესონ ბავშვების ცხოვრების დონე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა ყოველთვიურად 250-250 ლარი არაგონივრულია და მეტისმეტად მაღალია, რადგან მოპასუხე შრომის ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული არ არის და ხელფასის სახით ყოველთვიური შემოსავალი არა აქვს. ამ გარემოებების გამო მას ყოველთვიურად 500 ლარის გადახდის მატერიალური შესაძლებლობა არა აქვს. სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანი შვილის რჩენის ვალდებულება ორივე მშობელს თანაბარწილად ეკისრება მათი მატერიალური შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით. შესაბამისად, მოპასუხის მსგავსად, შვილის რჩენის ვალდებულება აქვს ასევე მოსარჩელეს. საქმის განხილვის დროს არ გამოიკვეთა რაიმე გარემოება, რაც ობიექტურ დაბრკოლებას უქმნის მოსარჩელეს, რათა დასაქმდეს და მიიღოს დამატებითი შემოსავალი.

 

აღნიშნული გარემოებების გამო, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ოჯახური პირობების და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ალიმენტის გონივრული ოდენობაა 120-120 ლარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და საქმიანობის ხასიათის გამო შეუძლია შვილების სარჩენად ყოველთვიურად გადაიხადოს 240 ლარი.

 

ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2019 წლის 18 სექტემბერიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

7. პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელზე, შესაბამისად ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს მოპასუხემ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ,,გ“ პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელში დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით, რაც ამ დავაში შეადგენს 2880 ლარს. ალიმენტის დაკისრების შესახებ საქმე სსსკ 16-ე მუხლის მიხედვით, არის მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საოჯახო-სამართლებრივი დავა, რის გამოც 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი სახელმწიფო ბაჟის მინიმალური ოდენობა 100 ლარი ნახევრდება და საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 50 ლარი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში მოპასუხემ უნდა გადაიხადოს შემდეგ ანგარიშზე სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ბანკი ხაზინა.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს რ------- ი---------ას სარჩელი;

 

1.1. ე-––--- ი---------ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების - 2011 წლის 8 დეკემბერს დაბადებული ქ------– ი---------ისა და 2013 წლის 10 ივლისს დაბადებული ნ------ ი---------ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის 120-120 ლარის გადახდა; ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2019 წლის 18 სექტემბრიდან;

 

2. ე-––--- ი---------ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი