განაჩენი

სისხლის სამართლის 10.02.2020
საქმის ნომერი
330100119003187383
თარიღი
10.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1/4260-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 თებერვალი 2020 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: ვ------- ც--–------–-–---–ი

ადვოკატი: მ------ ჩ-------

ს/ს საქმე №------------

 

ბრალდებული: ა---- ა-–---ი

მამის სახელი: ი--------

დაბადების თარიღი: 1---------–-

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 1----------

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------–-----------–--------------–-------–------------

პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 0----------–---------–----------–-------------–--

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“, ,,ე“ ქვეპუნქტები, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი

აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა

ფაქტობრივი დაკავების დრო: 05.07.2019 წ. 12:31საათი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ ა---- ა-–---ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი: ა---- ა-–---ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით. მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით და იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2----–-–---------------–-- რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა ა---- ა-–---მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალებები -10,3317 გრამი ჰეროინის, 0,19228 გრამი მორფინის (ფუძე) და 0,0608 გრამი კოდეინის (ფუძე) შემცველი ნივთიერებები.

2019 წლის 05 ივლისს ა---- ა-–---მა ნარკოტიკული საშუალებების ნაწილი - 0,5427 გრამი ჰეროინის, 0,00848 გრამი მორფინის (ფუძე) და 0,0025 გრამი კოდეინის (ფუძე) შემცველი ნივთიერებები უკანონოდ გაასაღა ე---– ბ---------ზე, რაც ამოღებული იქნა 2019 წლის 05 ივლისს, შ---–--------–---------------–----------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ თბილისში, გ-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ე---– ბ---------ის პირადი ჩხრეკის შედეგად.

ხოლო ნარკოტიკული საშუალებების ნაწილს - 9,789 გრამი ჰეროინის, 0,1838 გრამი მორფინის (ფუძე) და 0,0583 გრამი კოდეინის (ფუძე) შემცველ ნივთიერებებს ა---- ა-–---ი ინახავდა პირადად, რაც 2019 წლის 05 ივლისს, შ---–--------–---------------–----------–-–--------------------- თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა თბილისში, გ-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ა---- ა-–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად.

2----–-–-------------- გარდაბნის რაიონული სასამართლოს დადგენილებით ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების გამო ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებულმა ა---- ა-–---მა განმეორებით ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალება. მოხმარების ფაქტი ა---- ა-–---ს დაუდგინდა 2019 წლის 05 ივლისს ჩატარებული ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, სრულად არის დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ე---– ბ---------მა განმარტა, რომ ბრალდებული ა---- ა-–---ი, რომლისგანაც პირადი მოხმარებისათვის სისტემატურად ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალებას, გაიცნო თებერვალში. რაღაც პერიოდის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა კვლავ განაგრძო ნარკოტიკული საშუალების მოხმარება. პირველ ეტაპზე ეკონტაქტებოდა ა---- ა-–---ის მამას, მისი პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრის შემდეგ კი, იმავე ტელეფონის ნომრის საშუალებით კონტაქტზე გავიდა ბრალდებულთან. ა---- ა-–---ს ნარკოტიკული საშუალება მისთვის მიჰქონდა, იმ ტერიტორიაზე, სადაც თავად იმყოფებოდა. ერთ ,,ჩეკში’’ ხელზე უხდიდა 100 ლარს. 2019 წლის 3-4 ივლისს დაუკავშირდა ტელეფონით და სთხოვა ნარკოტიკული საშუალება ,,სირეცი’’, რისთვისაც 5 ივლისს ბრალდებულს შეხვდა და ავტომანქანაში ჩაისვა გ--------- ქუჩაზე, პ---–-–--------------–---- მოპირდაპირე მხარეს. წავიდნენ ,,------------------’’ მიმართულებით. გზაში ა---- ა-–---მა გადასცა ნარკოტიკული საშუალება. მოწმემ განმარტა, რომ სწორედ ა---- ა-–---ის მიერ გადაცემული 6 ,,ჩეკი’’ ნარკოტიკული საშუალება ამოუღეს პირადი ჩხრეკისას, შეძენიდან მალევე, როდესაც ა---- ა-–---თან ერთად აპირებდა სადარბაზოში შესვლას, რათა ა---- ა-–---ს ეჩვენებინა სხვა - უფრო ძლიერი მოქმედების ნარკოტიკული საშუალება. დაკავების გამო ვეღარ მოასწრო ა---- ა-–---ისათვის შეძენილი ნარკოტიკული საშუალების საფასურის - 600 ლარის გადაცემა. ე---– ბ---------მა განმარტა, რომ მისი დაკავებისას ა---- ა-–---ს ვერ მოჰკრა თვალი - ის მის გვერდზე აღარ იყო, ამიტომ უცნობია, სად დააკავეს ბრალდებული.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე რ-------- ლ------მ განმარტა, რომ 2019 წლის 5 ივლისს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ა---- ა-–---ი არის ნარკოტიკების მომხმარებელი, ამასთან უნდა იმყოფებოდეს გ--------- ქუჩაზე და პირადად უნდა ინახავდეს ნარკოტიკულ საშუალებას. მიღებული ინფორმაცია პატაკის სახით მიაწოდა ხელმძღვანელობას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- თ----–--ემ განმარტა, რომ 2019 წლის 5 ივლისს, თბილისში, გ--------- ქ----------- მიმდებარე ტერიტორიაზე დ----- ბ-------თან და გამომძიებელ გ------ თ----------–--ესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ა---- ა-–---ის პირად ჩხრეკაში და დაკავებაში. ბრალდებულის დაკავება მოხდა მშვიდ ვითარებაში. ჩხრეკის შედეგად ბრალდებულის წინდიდან ამოღებულ იქნა - მომწვანო ფერის, პოლიეთილენის პაკეტში გახვეული მოყავისფრო ნივთიერება, ტრუსის შიდა მხრიდან ამოღებულ იქნა - მომწვანო ფერის, პოლიეთილენის პაკეტში გახვეული მოყავისფრო ფხვნილისებრი მასალა. ბრალდებულისაგან ასევე ამოიღეს - საფულე და მობილური ტელეფონი. ნივთიერებები ადგილზე დაილუქა.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა დ----- ბ-------მა და გ------ თ----------–--ემ. დ----- ბ-------მა დამატებით განმარტა, რომ როდესაც შეაჩერეს ა---- ა-–---ი, მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, ამოღებულ ნივთიერებებთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ იყო ჰეროინი. ა---- ა-–---ი ამოიცნეს ფოტოსურათით, ამასთან, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ის უნდა ყოფილიყო მარტო. გ------ თ----------–--ემ დამატებით განმარტა, რომ გარდა ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკისა, მის მიერ ჩატარდა მოწმეთა გამოკითხვა, დანიშნა ექსპერტიზა, მონაწილეობა მიიღო ნერწყვის ნიმუშის აღებაში და სხვა. პირადი ჩხრეკის ოქმს ბრალდებულმა მოაწერა ხელი და შენიშვნა შეიტანა, რომ ამოღებული ნივთები ეკუთვნოდა მას და წარმოადგენდა ნარკოტიკულ საშუალებას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ო-–---- ქ------–--ემ განმარტა, რომ 2019 წლის 5 ივლისს შესასრულებლად დაეწერა თანამშრომლის რ-------- ლ------ს პატაკი, რომლის საფუძველზეც მის მიერ დაწყებული იქნა გამოძიება და გამოკითხულ იქნა პატაკის ინიციატორი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ო----- ჩ-----–მა განმარტა, რომ ოპერატიული ინფორმაცის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე. სასამართლოს განჩინების საფუძველზე ოპერატიულ თანამშრომლებთან ერთად 2019 წლის 5 ივლისს, თბილისში, გ--------- ქ----------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩაატარა ე---– ბ---------ის პირადი ჩხრეკა. ბრალდებულისგან ამოღებულ იქნა ტყავის საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება - 6 ცალი წონაკი, ფულადი თანხა, პლასტიკური ბარათები და აიდი ბარათი. ამოღებული ნივთები მოწმემ დალუქა პირადად. ბრალდებულმა პირადი ჩხრეკის ოქმში თავისი ხელით გააკეთა შენიშვნა, რომ ნივთიერებას ინახავდა პირადი მოხმარების მიზნით. ოქმს გაეცნო ყველა მონაწილე პირი, მათ შორის ე---– ბ---------იც და მოაწერეს ხელი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ქ------- ც--–------ემ განმარტა, რომ მოცემული საქმის ფარგლებში მის მიერ ჩატარებული იქნა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის: გამოკითხა ბრალდებული, დანიშნა ექსპერტიზები, მონაწილეობა მიიღო ნერწყვის ნიმუშის აღებაში, გააცნო ბრალი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ი----- მ-------–-–---- დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 5 ივლისს გაცემული ნარკოლოგიური შემოწმებისას გაცემული N------- დასკვნა, რომლის თანახმადაც, ბრალდებული ა---- ა-–---ი კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ, თუმცა ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება: ოპიუმის ჯგუფის მოხმარების ფაქტი. გარდა ამისა, მოწმემ განმარტა, რომ 2019 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 1455 საათზე ბრალდებულს 2 ცალი სტერილური ჩხირით აუღო ნერწყვის ნიმუში, რა დროსაც მას არ უცდია წინააღმდეგობის გაწევა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე შ------- კ--–-----ემ დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 5 სექტემბერს გაცემული N--------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც: გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:

პაკეტში წარწერით: „...შესაფუთი პოლ. პაკეტები...“ მოთავსებულ მომწვანო ფერის პოლიეთილენის პარკის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ.N1) გენეტიკური პროფილი და ა---- ა-–---ის (ობ.N5; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში...ა---- ი--------ს ძე ა-–---ის“...) გენეტიკური პროფილი იდენტურია;

პაკეტში წარწერით: „...შესაფუთი მასალა...“ მოთავსებულ პოლიეთილენის თვითმკეტ პაკეტსა (ობ.N2) და ამავე პაკეტში მოთავსებულ ღია მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკის ფრაგმენტებზე (ობ.N3) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და ე---– ბ---------ის (ობ.N4; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში... ე---– ხ----–-- - ძე ბ---------ი...“) გენეტიკური პროფილი იდენტურია.

მოწმემ დამატებით განმარტა, რომ პაკეტები დალუქულ მდგომარეობაში წარედგინა და მათი მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მ--- დ----–--მ დაადასტურა 2019 წლის 6 ივლისს გაცემული N---------------- და 2019 წლის 26 ივლისის გაცემული N---------------- დასკვნების სისწორე, რომელთა თანახმადაც:

1. 2019 წლის 5 ივლისს ე---– ბ---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, მოლურჯო მცირე ზომის ჩამკეტიან პოლიეთილენის პაკეტში, წარწერით ,,KSF“, მოთავსებული თავმილღობილ ლურჯ პოლიეთილენის ნაჭრებში 6 ცალად დაფასოებული ყავისფერი ნივთიერება, ფხვნილის სახით, ნოტიო მდგომარეობაში, გამოშრობის შემდეგ წონით - 1,6 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: ჰეროინს, რაოდენობით - 0,5427 გრამს, მორფინს (ფუძე), რაოდენობით - 0,00848 გრამს და კოდეინს (ფუძე), რაოდენობით - 0,0025 გრამს.

2. 2019 წლის 5 ივლისს ა---- ა-–---ისგან და ე---– ბ---------ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ერთნაირია გარეგნული ნიშნებით და ქიმიური შემადგენლობით.

მოწმემ განმარტა, რომ გარეგნული ნიშნები გულისხმობს ნარკოტიკის პროცენტულობას. პაკეტები მოთავსებული იყო სპეც. პაკეტებში და მათი მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. კვლევის შემდეგ ნივთიერება ასევე დაილუქა. კონკრეტულ კვლევაში მონაწილეობას იღებდა ნ---- ნ----–---–ი.

 

აღნიშნული დასკვნების სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ნ---- ნ----–---–მა და დამატებით განმარტა, რომ დარჩენილი ნივთმტკიცება შეიფუთა სპეც. პაკეტით და დასკვნასთან ერთად ჩაბარდა კანცელარიას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ----- ო-----------ემ დაადასტურა მის მიერ რ----- გ-------თან ერთად, 2019 წლის 5 ივლისს გაცემული დასკვნის სისწორე, რომლის თანახმადაც:

- მწვანე ფერის პოლიეთილენის პაკეტში (თავმოკრული შავი ფერის ძაფით), მოთავსებული ყავისფერ ნივთიერება გამომშრალ მდგომარეობაში ფხვნილის სახით, წონით - 18,76 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: ჰეროინს, წონით - 9,554 გრამს, მორფინს (ფუძე), წონით - 0,179 გრამს, კოდეინს (ფუძე), წონით - 0,057 გრამს. (ობ.N1)

- მწვანე ფერის პოლიეთილენის თავმომწვარ ნაჭერში მოთავსებული ყავისფერი ნივთიერება გამომშრალ მდგომარეობაში ფხვნილის სახით, წონით - 0,475 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: ჰეროინს, წონით - 0,235 გრამს, მორფინს (ფუძე), წონით - 0,0048 გრამს, კოდეინს (ფუძე), წონით - 0,0013 გრამს. (ობ.N2)

საკვლევ ობიექტებში N1,2 ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონაა - 9,789 გრამი, მორფინის (ფუძე) საერთო წონაა - 0,1838 გრამი და კოდეინის (ფუძე) საერთო წონაა - 0,0583 გრამი.

მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ საკვლევი ობიექტი წარედგინა დალუქულ მდგომარეობაში, კვლევის შემდეგ ნივთიერებები ასევე დაილუქა სპეც. პაკეტებში და გადაეცა გამომძიებელს. მწვანე ფერის პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული ყავისფერი ნივთიერება იყო ნოტიო მდგომარეობაში, კვლევისას კი მოხდა მათი გამოშრობა მუდმივ წონამდე.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე კვლევაში მონაწილე ექსპერტმა რ----- გ-------მა.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ა---- ა-–---მა განმარტა, რომ 2019 წლის 5 ივლისს იმყოფებოდა თბილისში, გ--------- ქუჩაზე და მიდიოდა ს----------–--–-, რათა დასწრებოდა მამის მიმართ დანიშნულ სასამართლო სხდომას. მოულოდნელად უკნიდან მიეპარნენ მისთვის უცნობი პირები, დააგდეს ძირს, წვდნენ ყელში კითხვით, ხომ არ გადაყლაპა ნარკოტიკული საშუალება. მათ ჰქონდათ ვიდეო კამერა და იღებდნენ. აღნიშნულმა პირებმა თავი არ წარუდგინეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, გადაუგრიხეს ხელი, ათრიეს დაახლოებით 20 მეტრი და ჩასვეს ავტომანქანაში. სწორედ ავტომანქანაში უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და უნდა ჩაეტარებინათ პირადი ჩხრეკა, ურტყამდნენ გვერდებში და ეკითხებოდნენ, თუ სად ჰქონდა ნარკოტიკი, მის პასუხზე, რომ მიდიოდა სასამართლო პროცესზე, გახადეს ტანზე და გაჩხრიკეს, თუმცა ვერაფერი უპოვეს. სწორედ იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, ტანზე წაუსვეს რაღაცები, თუმცა რას უსმევდნენ ვერ დაინახა. მოსთხოვეს ხელი მოეწერა ჩხრეკის ოქმზე, თუმცა მან ნაცვლად ხელმოწერისა, დააფიქსირა შენიშვნა, რომ ადვოკატის გარეშე ხელს არაფერს მოაწერდა. შესაბამისად, ოქმი მის თვალწინ დახიეს და გადაიყვანეს სამმართველოში. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარს დაახლოებით 2008 წლიდან, 16 წლის ასაკიდან, რომელსაც შოულობდა ფონიჭალაში. 2009 წელს დააკავეს და გაიარა მკურნალობის კურსი. ე---– ბ---------ს არ იცნობს და პირველად ნახა ს----------–--–-. გარდა ამისა მოწმემ განმარტა, რომ დაკავების ადგილზე ტრიალებდა ხალხი, შესაბამისად, ითხოვდა მათ წინაშე გაჩხრეკას, თუმცა ჩასვეს ავტომანქანაში და იქ გაჩხრიკეს. თავის მხრივ, ადამიანები დაინტერესდნენ, რა ხდებოდა, თუმცა მათ ახლოს არ უშვებდნენ. ბრალდებულმა განმარტა, რომ არცერთ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია და ხელმოწერა გაყალბებულია, შესაბამისად, არც დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს ხელი მოაწერა, ხელი მოაწერა მხოლოდ დოკუმენტს, რომლითაც თანხმობას აცხადებდა მისთვის ჩაეტარებინათ პირადი ჩხრეკა, თუმცა დოკუმენტის შინაარს არ გაცნობია. ე---– ბ---------ის ჩვენებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც მან მიჰყიდა ნარკოტიკული საშუალებები, ფიქრობს, რომ ამ უკანასკნელს სავარაუდოდ ჰქონდა რაიმე პირადი ინტერესი, მათ შორის საპროცესო შეთანხმების გაფორმების ინტერესი.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის:

- 20---–-–---------------–-- რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით ა---- ა-–---ი ცნობილ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

- 2----–-–---------------–-- რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ა---- ა-–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩაეთვალა პირობითად, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10.000(ათიათასი) ლარის ოდენობით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 200(ორასი) საათი.

- 20---–-–------------------- თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ა---- ა-–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა მის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი) წელი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 02(ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა---- ა-–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით და ჯარიმა 2.000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.

- 2019 წლის 5 ივლისის დეტექტივ-გამომძიებელ რ-------- ლ------ს პატაკის თანახმად, თბილისში, ს-----------–-------------–------------–--–-------------ში რეგისტრირებული ა---- ა-–---ი არის ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებელი და 2019 წლის 5 ივლისს უნდა იმყოფებოდეს თბილისში, გ--------- ქუჩაზე, ამასთან პირადად და უკანონოდ უნდა ინახავდეს ნარკოტიკულ საშუალებას.

- 2019 წლის 5 ივლისის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, თბილისში, გ-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე 1210-1230 საათების შუალედში მისივე თანხმობით, პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა ა---- ა-–---ს. მისი მონაცრისფრო ტრუსის შიდა მხრიდან, ამოღებული იქნა 1 ცალი მომწვანო ფერის პოლიეთილენის პაკეტი, მასში მოთავსებული მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება, ასევე მისი წინდის შიდა მხრიდან ამოღებული იქნა 1 ცალი მომწვანო ფრის პოლიეთილენის პაკეტი, მასში მოთავსებული მოყავისფრო ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება, ხოლო მოლურჯო ფერის ჯინსის მოკლე შარვლის ჯიბეებიდან ამოღებული იქნა საფულე და მობილური ტელეფონი. ბრალდებულის მიერ ოქმზე შესრულებულია შენიშვნა, რომლის თანახმადაც მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები არის ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და ინახავდა პირადი მოხმარებისათვის.

- 2019 წლის 5 ივლისის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად 1231 საათზე დაკავებული იქნა ა---- ა-–---ი - თბილისში, გ-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ოქმი ხელმოწერილია ბრალდებულის მიერ და მისივე ხლით შესრულებულია შენიშვნა, რომ მის შინაარს გაეცნო სრულად, ასევე გადაეცა ასლი.

- 2019 წლის 3 მაისის დეტექტივ-გამომძიებელ რ-------- ლ------ს პატაკის თანახმად, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად ვინმე ნ------ ა----- და მასთან კავშირში მყოფი პირები - ე---– ბ---------ი და ჯ------ ფ------- ვინმე ე-------- ერთდ სისტემატურად ეწევიან სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებების, კერძოდ მარიხუანისა და კოკაინის უკანონო შეძენა-შენახვას.

- 2019 წლის 19 ივნისის დეტექტივ-გამომძიებელ რ------ ლ------ს პატაკის თანახმად, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად ე---– ბ---------ი და ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჯ------ ფ------- არიან ნარკოტიკული საშუალების აქტიური მომხმარებლები და სისტემატიურად ეწევიან მის უკანონო შეძენა-შენახვას.

- 2019 წლის 5 ივლისის დეტექტივ-გამომძიებელ რ-------- ლ------ს პატაკის თანახმად, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად თბილისში, ზ--------------------–--------ში მცხოვრები ე---– ბ---------ი ამჟამად უნდა იმყოფებოდეს თბილისში, გ--------- ქუჩაზე და პირადად უკანონოდ უნდა ინახავდეს ნარკოტიკულ საშუალებას.

- 2019 წლის 5 ივლისის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, თბილისში, გ-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე 1133-1224 საათების შუალედში მისივე თანხმობით, პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა ე---– ბ---------ს. ჯინსის მოკლე შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა საფულე, მასში მოთავსებული 1 ცალი პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული 6 ცალი მოლურჯო ფერის პოლიეთილენის წონაკები, რომელშიც თავის მხრივ მოთავსებულია ფხვნილისებრი ნივთიერება, იმავე საფულიდან ამოღებულ სხვადასხვა დოკუმენტებთან ერთად ამოღებული იქნა 195 ლარი, ხოლო ე---– ბ---------ის შარვლიდან მობილური ტელეფონი და 7200 ლარი.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.

რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, შინაგანი რწმენის საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი ზოგჯერ აღიწერება როგორც უტყუარობის ის დონე, რომელიც ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გამოიყენოს.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში.

რაც შეეხება მტკიცებულებათა საკმარისობას, ერთობლიობას, მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ანუ ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური და გონივრულად მოაზროვნე პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენაში და არ გაუჩნდეს ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

სასამართლო მიუთითებს - იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ე---– ბ---------მა კატეგორიულად დაადასტურა, რომ 2019 წლის 5 მაისს სწორედ ბრალდებულ ა---- ა-–---ისაგან შეიძინა 6 წონაკად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, რომელშიც უნდა გადაეხადა 600 ლარი, თუმცა ვერ მოასწრო, რადგან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა დააკავეს.

სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებულ ა---- ა-–---ს დანაშაული ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა ან/და გასაღების კუთხით არ ჩაუდენია და ე---– ბ---------მა ხელი დაადო, მხოლოდ იმიტომ, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურდა. ამ კუთხით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ე---– ბ---------ის მიმართ გაფორმებული საპროცესო შეთანხმების პერიოდზე და აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადება გაცილებით ადრეულ სტადიაზეც იყო შესაძლებელი, ვიდრე ეს საქმის არსებითი განხილვის ეტაპია. მითუფრო, მაშინ, როცა ე---– ბ---------ს იგივე პოზიცია ეკავა გამოძიების დასაწყისშივე - ის ანალოგიურ ინფორმაციას იძლეოდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასთან მიმართებაში. კერძოდ, მის მიერ იმის დადასტურება, რომ ნარკოტიკული საშუალება შეიძინა ბრალდებულ ა---- ა-–---ისაგან მოხდა 2019 წლის 11 ივლისს, ანუ დაკავებიდან მეშვიდე დღეს, საპროცესო შეთანხმება კი გაუფორმდა 2019 წლის 10 დეკემბერს, როგორც აღინიშნა, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე. აღნიშნულს მინიმუმამდე დაჰყავს დაცვის მხარის ეჭვი, ცრუ ბრალდების შესახებ. გარდა ამისა, ჩნდება კითხვა - თუ არა რეალური კომუნიკაცია და ნარკოტიკული საშუალების გასაღება ა---- ა-–---ის მიერ ე---– ბ------------------, საიდან იცოდა ამ უკანასკნელმა 2019 წლის 11 ივლისისათვის მისი სახელი და გვარი, მაშინ როცა მის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში აღნიშნული ბრალდებულის სახელი და გვარი იმ დროისათვის საერთოდ არ ფიგურირებდა. ამასთან, როგორ აღმოჩნდა ა---- ა-–---ი და ე---– ბ---------ი, ფაქტობრივად ერთსა და იმავე მისამართზე, ექსპერტიზის დასკვნით გარეგნული ნიშნებით და ქიმიური შემადგენლობით იგივე - ერთნაირი ნარკოტიკული საშუალებით.

სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ა---- ა-–---ს პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონდა, რომ ჩხრეკისა და დაკავების ოქმებისათვის ხელი მას არ მოუწერია, ვინაიდან 2019 წლის 5 ივლისის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ბრალდებულის მიერ მასზე შესრულებულია შენიშვნა, რომლის თანახმადაც ის ადასტურებს, რომ პირადი ჩხრეკისას მისგან ამოღებული ნივთიერება არის ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომელსაც ინახავს პირადი მოხმარებისათვის. ასევე, 2019 წლის 5 ივლისის დაკავების ოქმის თანახმად, ოქმი ხელმოწერილია ბრალდებულის მიერ და მისივე ხელით შესრულებულია შენიშვნა, რომ მის შინაარს გაეცნო სრულად და გადაეცა ასლი. საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება ხელმოწერების ან შენიშვნების სიყალბეში ეჭვის შესატანად. მათ შორის ერთერთ დოკუმენტზე ხელმოწერაც, რომელიც ბრალდებულმა უარყო, ადვოკატის მონაწილეობით არის შესრულებული.

ცხადაია, ასეთ პირობებში სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას, რომ მას პირადი ჩხრეკის ოქმსა და დაკავების ოქმზე ხელი არ მოუწერია და პოლიციის თანამშრომლებს მისი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება არ ამოუღიათ. რადგან, როგორც აღინიშნა, ერთის მხრივ, მისივე შენიშვნის თანახმად, მისგან ამოღებული ნივთიერება იყო ნარკოტიკული საშუალება - ჰერიონი, ხოლო მეორეს მხრივ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ა---- ა-–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებებში - ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონაა - 9,789 გრამი, მორფინის (ფუძე) საერთო წონაა - 0,1838 გრამი და კოდეინის (ფუძე) საერთო წონაა - 0,0583 გრამი.

გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ 2019 წლის 5 ივლისს ე---– ბ---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 6 ცალად დაფასოებული ყავისფერი ნივთიერება, ფხვნილის სახით, ნოტიო მდგომარეობაში, გამოშრობის შემდეგ წონით - 1,6 გრამი, რომელთან დაკავშირებითაც მოწმე ე---– ბ---------მა დაადასტურა, რომ მან დაკავებამდე შეიძინა ა---- ა-–---ისაგან, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: ჰეროინს, რაოდენობით - 0,5427 გრამს, მორფინს (ფუძე), რაოდენობით - 0,00848 გრამს და კოდეინს (ფუძე), რაოდენობით - 0,0025 გრამს.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ექსპერტ მ--- დ----–--ს დასკვნასა და განმარტებაზე, რომ 2019 წლის 5 ივლისს ა---- ა-–---ისგან და ე---– ბ---------ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ერთნაირია გარეგნული ნიშნებით და ქიმიური შემადგენლობით.

ცხადია, რომ, რომ არა ორივე ნარკოტიკული საშუალების ერთი წარმომავლობა, დაშვება იმისა, რომ ორივე ნარკოტიკული საშუალება შესაძლოა დამოუკიდებლადაც ერთნაირი პროცენტული შემადგენლობის ყოფილიყო, ნულის ტოლია, ვინაიდან ისინი ამავდროულად არ წარმოადგენენ ქარხნული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს და დამზადებულია კუსტარულად.

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ეჭვებს, რომ ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია, რომ ის ე---– ბ---------ს საერთოდ არ იცნობს და მას დანაშაულის ჩადენას აბრალებენ, გარდა იმისა, რომ ზოგადად ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელია. აღნიშნული არ დაადასტურეს, სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებლებმა, რომლებმაც თავის მხრივ განმარტეს იმ საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება, რომელშიც თავად მიიღეს მონაწილეობა.

დაცვის მხარე გამოთქვამს აბსტრაქტულ ეჭვებს საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის უკანონობასთან დაკავშირებით, იმაზე მითითებით, რომ პატაკის ავტორი რ-------- ლ------ დაიკითხა ა---- ა-–---ის პირადი ჩხრეკის პარალელურად. სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც რ-------- ლ------მ პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას, შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომლის წევრებიც ლოგიკურია, გაემართნენ დანაშაულის ადგილისაკენ. თავად მოწმემ კი დაადასტურა, რომ მას ბრალდებულის პირად ჩხრეკაში ან სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია, მხოლოდ მოწმის სახით გამოიკითხა, რა დროსაც ისაუბრა მის მიერ მოპოვებულ იმ ინფორმაციაზე, რაც უკვე ასახული ჰქონდა პატაკში.

დაცვის მხარე ასევე ეჭვს გამოთქვამს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალების ფიზიკურ მდგომარეობასთან და აქედან გამომდინარე მისი შესაძლო გამოცვლასთან დაკავშირებით, რადგან პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ა---- ა-–---ისაგან ამოღებული იქნა ფხვნილისებრი ნივთიერება, ექსპერტის ჩვენების თანახმად კი კვლევა ჩაუტარდა ფხვნილის სახის ნივთიერებას, რომელიც იყო ნოტიო მდგომარეობაში. სასამართლო განმარტავს, რომ ამოღებულ ნივთზე კვალიფიციურ კვლევას ატარებს მხოლოდ შესაბამისი ცოდნის მქონე ექსპერტი. სხვა პირი კი, მათ შორის გამომძიებელი, რომელიც უშუალოდ ახდენს ნივთის ამოღებას და მხარეები, რომელებიც სასამართლო სხდომის დარბაზში ათვალიერებენ ამოღებულ და ექსპერტის მიერ კვლევაჩატარებულ ნივთიერ მტკიცებულებას, ფიზიკურად აღწერენ მათ მიერ დანახულ ნივთიერებას არა სპეციალური და შესაბამისი ცოდნის, არამედ მათი შეხედულების და აღქმის ფარგლებში, რომელიც ცხადია, სცილდება ამ შემთხვევაში ექსპერტის მიერ ქიმიურ დონეზე ჩატარებულ კვლევას და ცოდნას. ამასთან, გამომძიებელი არ არის ვალდებული ყველა დეტალის მითითებით აღწეროს ამოღებული ნივთი, ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაშიც კი, ამიტომ მისი მხრიდან იმ ფაქტის არ მითითება ამოღებული ნივთი არის თუ არა ნოტიო მდგომარეობაში, იმ დაშვების პირობებშიც, რომ ეს მისთვის შეუიარაღებელი თვალით აღქმადი იყო, არ ადასტურებს მისი გამოცვლის შესაძლებლობას. ამასთან ნივთიერების ფხვნილისებრი (და არა ფხვიერი, როგორც ამას დაცვის მხარე განმარტავს) მოცემულობა თავისთავად არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ ამავდროულად ის ასევე იყოს ნოტიო მდგომარეობაში.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია 2019 წლის 5 სექტემბრის N--------- დასკვნა, რომლის თანახმადაც: პაკეტში წარწერით: „...შესაფუთი პოლ. პაკეტები...“ მოთავსებულ მომწვანო ფერის პოლიეთილენის პარკის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი და ა---- ა-–---ის გენეტიკური პროფილი იდენტურია.

სასამართლო განმარტავს, რომ როგორც წესი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაბათილება შესაძლებელია სხვა კონტრმტკიცებულებით, რაც დაცვის მხარის მიერ არ წარმოდგენილა და ეს არ და ვერ აიხსნება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მხოლოდ ბრალდების მხარეს და დაცვის მხარეს ამ პრინციპიდან გამომდინარე, არ აქვს თავისი არგუმენტების წარმოდგენის უფლება, რაც ცხადია, შეჯიბრებითობის პირობებში სწორედ მის ინტერესშია. დაცვის მხარეს რაიმე კონტრარგუმენტი, ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია, საუბრობს ზოგადად ვერსიაზე, რაც არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით. რა თქმა უნდა, მტკიცების ტვირთი ყველა შემთხვევაში ბრალდების მხარის მოვალეობაა და ის არ უნდა გადავიდეს ბრალდებულზე და დაცვის მხარეზე, თუმცა მხარებს თანაბრად ენიჭებათ უფლებაც და ეკისრებათ მოვალეობაც, კანონიერად მოიპოვონ და წარადგინონ მტკიცებულებები, მათ შორის ის მტკიცებულებებიც, რომლებიც ადასტურებს ბრალდებულის უდანაშაულობას, ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას. დაცვის მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია თუნდაც ერთი მტკიცებულება მაინც, რომელიც ბრალდების მხარის მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ, სულ მცირე, დაადასტურებდა ნივთიერი მტკიცებულების გამოცვლის ან/და მოწმეთა რაიმე სახით დაინტერესების შესახებ, რის გამოც ისინი სასამართლოს აწვდიან ცრუ ინფორმაციას და განზრახ ადებენ ხელს ბრალდებულ ა---- ა-–---ს, როგორც დანაშაულის ჩამდენს.

შესაბამისად, 2019 წლის 5 ივლისის პირადი ჩხრეკის ოქმების, ამოღებული ნივთიერებების, ექსპერტიზის დასკვნებისა და მოწმეთა ჩვენებების ანალიზით, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია, რომ ა---- ა-–---მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული ნივთიერებები, საიდანაც 2019 წლის 5 ივლისს ნაწილი, კერძოდ: 0,5427 გრამი ჰეროინის, 0,00848 გრამი მორფინის (ფუძე) და 0,0025 გრამი კოდეინის (ფუძე) შემცველი ნივთიერებები უკანონოდ გაასაღა ე---– ბ---------ზე, ხოლო ნარკოტიკული საშუალებების ნაწილი - 9,789 გრამი ჰეროინის, 0,1838 გრამი მორფინის (ფუძე) და 0,0583 გრამი კოდეინის (ფუძე) შემცველ ნივთიერებას, ინახავდა პირადად.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. რაც შეეხება თავად დანაშაულის სპეციფიკას და ხასიათს - ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და მის გასაღებას, როგორც წესი ასეთი ქმედებების განხორციელება ხდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად და არა მოწმეთა თანდასწრებით და საჯაროდ, რომ ვინმე აპირებს აღნიშნულს.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში და გასაღებაში. სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერ საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, აღნიშნულის შემდეგ კი შენახვას, ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე, რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას, აღნიშნული გულისხმობს სხვა პირისათვის გადაცემას ასევე ნებისმიერ საშუალებით - მიყიდვა, ჩუქება და სხვა.

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებას მიეკუთვნება - ჰერიონი, მორფინი (ფუძე) და კოდეინი (ფუძე). იგივე კანონით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა, რომლის თანახმადაც ნარკოტიკული საშუალება ჰერიონი 0,2 გრამამდე ოდენობით ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, 0,2-1 გრამი (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად, ხოლო 1 გრამზე მეტი ოდენობა მიიჩნევა განსაკუთრებით დიდ ოდენობად. შესაბამისად დგინდება, რომ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი, ა---- ა-–---ის მიერ შეძენილი და პირადად შენახული, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერების ოდენობა, მიეკუთვნება განსაკუთრებით დიდ ოდენობას. აღნიშნული ნივთიერებიდან ე---– ბ---------ზე გასაღებული - 0,5427 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰერიონი კი მიეკუთვნება დიდ ოდენობას.

რაც შეეხება, მორფინს (ფუძე) - 0,04 გრამამდე ოდენობით ითვლება მცირე ოდენობად, 0,04 გრმიდან 0,4 გრამამდე ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, 0,4 გრამიდან 4 გრამამდე ითვლება ითვლება დიდ ოდენობად, ხოლო 4 გრამზე მეტი ოდენობით განსაკუთრებით დიდ ოდენობად. ასევე, კოდეინი (ფუძე) 0,2 გრამამდე ოდენობით ითვლება მცირე ოდენობად, 0,2 გრამიდან 2 გრამამდე ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, 2 გრამიდან 20 გრამამდე ითვლება ითვლება დიდ ოდენობად, ხოლო 20 გრამზე მეტი ოდენობით განსაკუთრებით დიდ ოდენობად.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ქმედების ჩამდენი პირის ფიზიკური და ზნეობრივი ჯანმრთელობა. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ ა) ნარკოტიკული საშუალების მოხმარება იყოს უკანონო, კერძოდ, იგი მოხმარებული უნდა იყოს სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის - ამ შემთხვევაში ექიმის დანიშნულების გარეშე, ბ) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი უნდა იყოს განმეორებითი - აღნიშნული ქმედებისათვის პირს ერთხელ უკვე დაკისრებული უნდა ჰქონდეს ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით.

2019 წლის 5 ივლისის ნარკოლოგიური შემოწმებისას დასკვნის თანახმად კი დადგენილია, რომ ბრალდებულ ა---- ა-–---ს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება: ოპიუმის ჯგუფის მოხმარების ფაქტი. და ეს მაშინ, როდესაც 20---–-–---------------–-- რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით ა---- ა-–---ი ცნობილ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენად და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, ურთიერთშეთანხმებულ, სარწმუნო და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ა---- ა-–---მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელშეფარდებული პირის მიერ, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 120-180 საათამდე ვადით, ანდა თავისუფლების აღკვეთით 01 წლამდე ვადით. მანვე ჩაიდინა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით და იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 07-14 წლამდე ვადით. მანვე, ჩაიდინა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს 8-20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

ამასთან, სასამართლოსLOმიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, განსაკუთრებით გასაღების ნაწილში, მაღალი სოციალური საშიშროებისაა და ამ ტიპის დანაშაულთა შემდგომი პრევენცია მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის სასჯელთან მიმართებით. შესაბამისად, ჩადენილი ქმედების სიმძიმის და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა---- ა-–---ის მიმართ დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახით გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა 11(თერთმეტი) წლის ვადით. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა ჩამოერთვას კანონით განსაზღვრული უფლებები, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა---- ა-–---ი (პ№1----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11(თერთმეტი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ა---- ა-–---ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს 20---–-–------------------- თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ა---- ა-–---ის მიმართ დანიშნული ძირითადი სასჯელები და საბოლოოდ, ა---- ა-–---ს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11(თერთმეტი) წლის ვადით.

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ა---- ა-–---ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან - 2019 წლის 5 ივლისის, 12:31 საათიდან.

ა---- ა-–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.

ცნობად იქნას მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 20---–-–------------------- განაჩენით, ა---- ა-–---ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი გაუქმდა.

ა---- ა-–---ს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, მოხდილ სასჯელში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 16 ოქტომბრიდან - 2020 წლის 09 თებერვლის ჩათვლით.

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ა---- ა-–---ს - როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 05(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15(თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 20(ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაეწყოს საპატიმრო სასჯელის მოხდისთანავე.

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება დალუქული N------------; N------------ ლუქებით, შესაფუთი მასალა, ა---- ა-–---ის და ე---– ბ---------ის ნერწყვის ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

ა---- ა-–---ისაგან ამოღებული საფულე, პირადობის მოწმობა, ფულადი თანხა და მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე