გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/22181-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03 თებერვალი 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - ა(ა)იპ „სა------–-------------------–-----------------–ი“,წარმომადგენელი - ლე-----------ე,მოპასუხე - სს „ლი------------ი“,წარმომადგენლები - სო-----------------ი, გი------------–---–ი, ნა----------ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელე ა(ა)იპ „სა------–-------------------–-----------------–ის“ სასარგებლოდ მოპასუხე სს „ლი------------ი“-სთვის მატერიალური ზიანის, 171 500 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
აა(ი)პ „სა------–-------------------–-----------------–ი“ გამარჯვებულად გამოცხადდა სახ--–-–-------------------------–----------ოს მიერ გამართულ ელექტრონულ აუქციონში, რომელზეც სარეალიზაციოდ იყო გატანილი ქ. თბ--–--–-----------------–----------ში მდებარე 3 636 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული N1-N9 შენობა-ნაგებობები.
გაყიდვის ფასი განისაზღვრა 3 980 000 ლარით, ამ თანხიდან მოსარჩელის განცხადებით გადახდილ იქნა 171 500 ლარი. მოსარჩელეს მიცემული ჰქონდა 30 დღის ვადა დარჩნილი 3 808 500 ლარის გადასახდელად.
2019 წლის 04 იანვარს მოსარჩელემ, როგორც სს „ლი------------ის“ კლიენტმა მიმართა სს „ლი------------ს“ აუქციონზე გამარჯვების შედეგად შესაძენი ქონების ღირებულების სრულად გადასახდელად, თანხის გადარიცხვის მიზნით.
ამ დღეს საბანკო ოპერაცია ვერ შესრულდა. მოსარჩელემ ბანკისგან მოითხოვა ცნობა, რომელშიც მითითებული იქნებოდა შესაბამისი სირთულეების შესახებ და, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობას და ეკონომიკის სამინისტროს მიმართავდა დამატებითი ვადის განსაზღვრის თხოვნით. მოსარჩელეს პასუხი გასცეს დაგვიანებით, ამ დროში ქონება გაიყიდა.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ბანკის ბრალეულობით მიადგა ზიანი გადარიცხულ „ბე“-ს თანხის 171 500 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სს „ლი------------მა“ სარჩელი არ ცნო. წარმოდგენილ შესაგებელში კატეგორიულად გამორიცხა ბანკის ბრალეულობა მოსარჩელის მითითებით, სავარაუდოდ განცდილ ზიანში.
მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელეს 30 დღის ვადა ჰქონდა თანხის გადასარიცხად, რაც იწურებოდა 08 იანვარს. მას გაეგზავნა შეტყობინება, რომ 04 იანვრის საღამოს 9 საათიდან 08 იანვრის დილის 9 საათამდე ბანკში იქნებოდა ტექნიკური პრობლემა. მოსარჩელეს ჰქონდა დრო როგორც 04 იანვარს, ისე 08 იანვარს, გადაერიცხა თანხა. ამასთან საპრივატიზაციო დოკუმენტაციის მიხედვით, თანხის გადარიცხვა უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც შეიძლებოდა ანგარიშის გაუხსნელადაც კი განხორციელებულიყო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 06 დეკემბერს სახ--–-–-------------------------–----------ოს მიერ გამართულ ელექტრონულ აუქციონში, რომელზეც სარეალიზაციოდ იყო გატანილი ქ. თბ--–--–----------------–----------ში მდებარე 3 636 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N9 შენობა-ნაგებობები, გამარჯვებულად გამოცხადდა აა(ი)პ „სა------–-------------------–-----------------–ი“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (იხ. ს.ფ. 2-19);
- სახ--–-–-------------------------–----------ოს ცნობა (იხ. ს.ფ. 34).
3.1.2. საპრივატიზაციო ქონების გაყიდვის ფასად განისაზღვრა 3 980 000 ლარი. ამ თანხიდან, აა(ი)პ „სა------–-------------------–-----------------–ის“ მიერ, მისივე განცხადებით, ბეს სახით გადახდილ იქნა 171 500 ლარი, ხოლო დარჩენილი 3 808 500 ლარის გადასახდელად განესაზღვრა 30 დღის ვადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახ--–-–-------------------------–----------ოს ცნობა (იხ. ს.ფ. 34);
- სარჩელი (იხ. ს.ფ. 2-19).
3.1.3. 2019 წლის 04 იანვარის 21 საათიდან 2019 წლის 08 იანვრის 09 საათამდე სს „ლი------------ის“ სერვსიცენტრები და გადახდის არხები მუშაობდა მხოლოდ შეზღუდულ ოპერაციებზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „ლი------------ის“ N5 წერილი (იხ. ს.ფ. 34).
3.1.4. მოპასუხემ მოსარჩელე ფონდის გამგეობის თავმჯდომარეს ლე-------------–--ეს მოკლე ტექსტური შეტყობინებით (გაგზავნის დრო 03.01.2019 04:56) აცნობა შესაძლო შეფერხებისა და შეფერხების დროის შესახებ მობილური ტელეფონის იმავე ნომერზე, რაც სარჩელზე საკონტაქტო ნომრად არის მითითებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „ლი------------ის“ მიერ მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის დამადასტურებელი ამონაწერი (ს.ფ. 66-67).
მოსარჩელის მიერ მითითებული სხვა ფაქტობრივი გარემოებები არ უნდა ჩაითვალოს ამ დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონედ, საქმის გადაწყვეტის მიზნისთვის სასამართლო დაეყრდნობა საქმეში მითითებული იმ გარემოებებს, რაც გადამწყვეტია სამართლებრივი შეფასების ჩამოსაყალიბებლად. სასამართლოს ეს მიდგომა ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკას, მაგალითად, საქმეში ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Van de Hurk v. the Netherlands) N16034/90, §61, ევროპულმა სასამართლომ განმარტა „...მე-6 მუხლი (მუხლი 6-1) ავალდებულებს სასამართლოებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც ყველა არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნა. ...“ (იხ. ასევე მაგ. პერეზი საფრანგეთის წინააღმდეგ (Perez v. France) [დიდი პალატა], N 47287/99, §81, 12 აპრილი, 2004, მასში არსებული მითითებებით: რუიზ ტორიჰა ესპანეთის წინააღმდეგ (Ruiz Torija v. Spain), 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება, სერია A N 303-A, გვ. 12, § 29; ასევე იანკე და ლენობლი საფრანგეთის წინააღმდეგ (Jahnke and Lenoble v. France) (განჩ.), N 40490/98 , ECHR 2000-IX).
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის არგუმენტაციას, რაც უკავშირდება მოსარჩელისა და მოპასუხის წარმომადგენლებს შორის შეხვედრას თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებულ საკითხზე, ასევე საქმეში წარმოდგენილ აუდიოჩანაწერს არ აქვს არსებითი მნიშვნელობა საქმის გადაწყვეტისთვის. ამ ფაქტობრივი გარემოების მნიშვნელობის საკითხს სასამართლო ასევე შეეხება ქვემოთ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე, მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში მოპასუხის მიერ სავარაუდო ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული გარემოებები დელიქტური პასუხისმგებლობისთვის გათვალისწინებული წესებით უნდა მოწესრიგდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი, ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
დელიქტური პასუხისმგებლობის დამდგენ ამ ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერ პირს, იმის მიუხედავად, ფიზიკური პირია, თუ იურიდიული, ეკისრება პასუხისმგებლობა სხვა პირითვის მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანის გამო. სამოქალაქო კოდექსის მითითებული მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ვალდებულების წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების სტანდარტზე, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დელიქტური ვალდებულების წარმოშობის დასადასტურებლად. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში ჩამოყალიბებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე სარჩელის აღძვრისა და დავის განხილვის მიმდინარეობისას მოსარჩელე ვალდებულია, სათანადო მტკიცებულებათა წარმოდგენით გაამყაროს სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხე _ შესაბამისად გააქარწყლოს მოთხოვნა. უშუალოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლის საფუძველზე ზიანის მიყენების მტკიცებისას კი „ ...საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა (იხ. მაგ. სუსგ ას-1376-2019, 13/12/2019, §61).
იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ ზიანის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების სამტკიცებლად, აუცილებელია შემდეგი ელემენტების არსებობა: 1) ბრალეული და მართლსაწინაღმდეგო ქმედება, 2) მიყენებული ზიანი, 3) მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და მიყენებულ ზიანს შორის, სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების დაკისრების პირველი აუცილებელი პირობაა ის, რომ მოპასუხის ქმედება პოტენციურად წარმოადგენდეს მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების პირობას. სხვა ელემენტების მტკიცებას მნიშვნელობა მიენიჭება იმ ვითარებაში, თუ დადასტურება ქმედების ამგვარი მნიშვნელობა. მიზეზობრივი კავშირი არსებობს იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული ქმედება წარმოადგენს ზიანის უშუალო მიზეზს, ურომლისოდაც ეს შედეგი არ დადგებოდა.
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მოსარჩელემ სასამართლოს უნდა დაუდასტუროს, წარმოადგენდა, თუ არა მოპასუხის მიერ საბანკო ოპერაციის განხორციელების შეუძლებლობა ზიანის მიყენების აუცილებელ პირობას. ამ გარემოების დადასტურების გარეშე, შეუძლებელია დამტკიცდეს მოპასუხის პასუხისმგებლობა სავარაუდო ზიანში.
დადგენილია, რომ მოსარჩელეს აუქციონში გამარჯვების შედეგად, საპრივატიზაციო ობიექტზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად უნდა განეხორციელებინა თანხის - 3 808 500 ლარის გადარიცხვის ოპერაცია.
მოცემულ საქმეში მოპასუხის, როგორც საბანკო დაწესებულების როლი, გამოიხატებოდა კლიენტისთვის შესაძლებლობის მიცემით, შეესრულებინა საკუთარი ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე. ის წარმოადგენდა გამტარს ამ ვალდებულების შესასრულებლად, თანხის გადარიცხვის მიზნით მოქმედ ერთ-ერთ დაწესებულებას.
თანამედროვე ყოფაში თანხის გადარიცხვა წარმოადგენს სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა მიერ განსახორციელებელ ჩვეულ ოპერაციას, რაც შეიძლება ნებისმიერი საბანკო დაწესებულების მეშვეობით განხორციელდეს. ვერც მოპასუხე და, ვერც სხვა რომელიმე საბანკო დაწესებულება სხვაგვარ მონაწილეობას მოსარჩელის მიერ საკუთარი ვალდებულების შესრულებაში ვერ მიიღებდა.
მოსარჩელე ზიანი მიყენების წინაპირობად ასახელებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე გარკვეული დროის განმავლობაში ვერ ახორციელებდა საბანკო ოპერაციებს, რის გამოც მოსარჩელემ ვერ შეძლო ქონების შესაძენად სრული ღირებულების სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის გადარიცხვა. მოპასუხე, როგორც საბანკო დაწესებულება, ცხადია, დაინტერესებულია საბანკო ოპერაციების შესრულებით. ამავე დროს, პრეზუმირდება, რომ იგი თავის ვალდებულებებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერად ახორციელებს. დადგენილია, რომ მოპასუხემ დროულად აცნობა ბანკში არსებული შეფერხების შესახებ მოსარჩელეს. კერძოდ, ბანკის მიერ შეტყობინება გაგზავნილ იქნა მობილური ტელეფონის ნომერზე 557 22 07 79, სწორედ იმ ნომერზე, რაც მითითებულია სარჩელში და ასევე საქმეში არსებულ (სარჩელზე დართულ) სხვა დოკუმენტში - ა(ა)იპ „სა------–-------------------–-----------------–ის“ წესდებაში. შეტყობინებით გადაცემულ იქნა შესაბამის ხარვეზთან დაკავშირებული ინფორმაცია 2019 წლის 03 იანვარს 04:56 საათზე.
მოსარჩელის პრეტენზიასთან დაკავშირებით რაც იმ გარემოებას ემყარება, რომ მოპასუხემ დროულად არ აცნობა საბანკო ოპერაციის განხორციელების შეუძლებლობის შესახებ, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბანკის მხრიდან თუნდაც დროული შეტყობინება არ იქნებოდა იმ შესაძლო ზიანის გამომრიცხველი, რაზეც მოსარჩელე მიუთითებს.
მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, რომ ზიანი, რაზედაც მიუთითებს დადგებოდა იმ შემთხევაში, თუ თანხის გადარიცხვას აუცილებლად მოპასუხის მეშვეობით არ განახორციელებდა. ცხადია, რომ მოპასუხე ბანკს ამგვარი ექსკლუზიური როლი არ გააჩნდა. მოსარჩელეს შეეძლო აერჩია ნებისმიერი საბანკო დაწესებულება, თუ პირადი ანგარიშიდან თვითონვე ვერ მოახერხებდა თანხის გადარიცხვას საბანკო დაწესებულების ჩარევის გარეშე.
სასამართლო მოცემულ საქმის ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით ყურადღებას გაამახვილებს წინადახედულობის სტანდარტზე, რომლითაც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეს საპრივატიოზაციო პროცესში, რამდენიმე მილიონად ღირებული უძრავი ქონების შეძენისას უნდა ემოქმედა.
გასათვალისწინებელია ის რეალური სურათი, ვითარება, რაშიც მოსარჩელე იმყოფებოდა საბანკო ოპერაციის შესრულებისას. მართალია, მოსარჩელე არ არის მეწარმე სუბიექტი, მაგრამ ფონდია, რომელსაც აქვს წესდებით განსაზღვრული მიზანი, არის ორგანიზებული სტრუქტურის მქონე იურიდიული პირი, ჰყავს კოლეგიური მართვის ორგანო და მის მიერ გადაწყვეტილებები მიიღება საერთო კრებაზე ან მართვის ორგანოს წევრთა შეთანხმებით. ამრიგად, მოსარჩელის გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილების შედეგები ერთი რომელიმე პირის შეცდომას ან გაუფრთხილებელ მოქმედებას არ შეიძლება დაუკავშირდეს.
ის გარემოება, რომ საბანკო ოპერაციის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა კონკრეტულ დროს, მოსარჩელეს არ ართმევდა შესაძლებლობას, სხვა საბანკო დაწესებულების მეშვეობით ემოქმედა. საქმის მასალაში არსებული არცერთი დოკუმენტი მიუთითებს იმაზე, რომ მოსარჩელეს რაიმე ფორმით ზღუდავდა მოპასუხე ბანკში გახსნილი ანგარიშის პირობები.
ამგვარად, სასამართლო ასკვნის, რომ მოპასუხე სს „ლი------------ის“ გადახდის არხების შეზღუდული მუშაობა, რის გამოც შეუძლებელი გახდა კონკრეტულ დროს თანხის გადარიცხვა, არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების უშუალო მიზეზი.
როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის ნორმატიული კონსტრუქციის პირველი ელემენტია ვალდებული პირის ქმედება, რომელიც ამავე დროს უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული.
იმ ვითარებაში, როდესაც საქმის მასალებით არ დგინდება ფაქტი, რომ მოპასუხე იყო ვალდებული თვითონ გადაერიცხა მოსარჩელის, როგორც ბანკის კლიენტის ფული ან მოსარჩელე იყო შეზღუდული მხოლოდ მოპასუხე ბანკის მეშვეობით განეხორციელებინა თანხის გადარიცხვის საბანკო ოპერაცია, შესაბამისად, არ დგინდება გარემოება, რომ მოპასუხის უმოქმედობას შეიძლებოდა გამოეწვია მოსარჩელისთვის ქონებრივი ზიანის მიყენება. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ გარემოებას, თუ რა მოლაპარაკება მიმდინარეობდა ბანკის და მოსარჩელის წარმომადგენლებს შორის თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, არ უნდა მიენიჭოს საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა.
ამ ვითარებაში სასამართლოს წინაშე არც იმის აუცილებლობის საკითხი დგას, დაადგინოს ბანკის უმოქმედობაში მისი ბრალეულობის, ან უმოქმედობის მართლწინააღმდეგობრიობის საკითხი. მოპასუხის პასუხისმგებლობის საკითხის მიზნისთვის არც იმ ობიექტურ გარემოებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მოსარჩელეს, დროის იმ მონაკვეთში, როდესაც მოპასუხე ბანკში გრძელდებოდა სისტემური ხარვეზი, გააჩნდა, თუ არა ფული, ნაღდი, თუ პოტენციური ინვესტორის გამგებლობაში არსებული, რომლითაც შეასრულებდა საპრივატიზაციო ვალდებულებას. ობიექტურად ამ გარემოებას მნიშვნელობა აქვს მოსარჩელისთვის, მაგრამ ამ ობიექტურ გარემოებას მოპასუხესთან მიმართებით ვერ ექნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. თუმცა, თვით ამ ობიექტურ გარემოებასაც არ ჰქონია ადგილი, მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე მოპასუხე ბანკში 2018 წლის 10 დეკემბრიდან 2019 წლის 31 აგვისტომდე არც ეროვნულ და, არც უცხოურ ვალუტაში ფულის არსებობა არ დაფიქსირებულა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა დელიქტური პასუხისმგებლობის თუნდაც ერთი ელემენტის - ქმედების არსებობა, რაც მოპასუხეს შეერაცხება და რაც შეიძლებოდა გამხდარიყო ზიანის მიყენების საფუძველი. შესაბამისად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელეს გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა სასამართლო დავის განხილვის დასრულებამდე.
სასამართლო საქმის არსებითად გადაწყვეტასთან ერთად წყვეტს გადავადებული ბაჟის საკითხს და იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟს, რაც ქონებრივ დავაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ა) ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ღირებულების 3%-ით განისაზღვრება, ამასთან ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ა.ბ) ქვეპუნქტით იურიდიული პირისთვის არ შეიძლება აღმატებოდეს 5 000 ლარს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 5 000 ლარის ოდენობით, აკისრებს მოსარჩელეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 48-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ა(ა)იპ „სა------–-------------------–-----------------–ის“ სარჩელი მოპასუხე სს „ლი------------ი“-სთვის მატერიალური ზიანის 171 500 ლარის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე ა(ა)იპ „სა------–-------------------–-----------------–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 5 000 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე