განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 200100120003446081
საქმე N 1/22-20 (N035221219003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
19 თებერვალი, 2020 წელი ქ. თელავი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - თამარ კაპანაძე
სხდომის მდივანი - ფიქრია სვანიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - და---------–-----ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - აკ-----------------–---–ი (დაბადებული - 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის მისამართი - თე-–----------------------–----------ე და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი- თე-–----------------------–-----------ი), აღკვეთის ღონისძიების სახით - გირაო შეფარდებული.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
დისპოზიცია: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 22 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ ართანაში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობდა "ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით ZZ-------, რომელსაც მართავდა მართვის მოწმობის არმქონე აკ--------–---–ი. მძღოლმა აკ--------–---–მა დაარღვია "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, ვერ დაიმორჩილა საჭე და შეეჯახა ზვ--------------ის მართვის ქვეშ მყოფ "ფოლკსვაგენი"-ს მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით FE-------. აკ--------–---–ის მიერ ავტომობილით მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, აკ--------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის მგზავრმა ლე---------–---–მა მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის ხარგრძლივი მოშლის ნიშნით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
აკ--------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას გარდა ბრალდებულის აღიარებისა, ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული შემდეგი მტკიცებულებების ერთობლიობა: დაზარალებულ ლე---------–---–ის, მოწმეების ლი------–---–ის, და---------–--–---–ის, ნო--------------–---–ის, მა-----–-–---–ის, ალ--------------–-–---–ის, ზვ--------------ის და ივ---------–---–ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით თანდართული სქემით, სამედიცინო ექსპერტიზის, კომპლექსური ავტოტექნიკური, ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის, ქიმიური ექსსერტიზის დასკვნები და საქმეში სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ აკ--------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისათვის, იმის მიერ ვინც , რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება და წესრიგი, ხოლო დამატებითი ობიექტი - ადამიანის ჯანმრთელობა. მოცემული ნორმის დისპოზიცია ბლანკეტურია, იგი კრძალავს ქმედებას, რომლის შინაარსი ჩამოყალიბებულია სხვა ნორმატიულ აქტში - ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონში. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სახეზე იყოს ზემოთაღნიშნული კანონით დადგენილი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ამდენად, სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებას - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების/ექსპლუატაციის წესის დარღვევასა და დამდგარ შედეგს - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას შორის.
მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით - დაზარალებულ ლე---------–---–ის, მოწმეების ლი------–---–ის, და---------–--–---–ის, ნო--------------–---–ის, მა-----–-–---–ის, ალ--------------–-–---–ის, ზვ--------------ის და ივ---------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებით და თანდართული სქემით, სამედიცინო ექსპერტიზის, კომპლექსური ავტოტექნიკური, ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით - უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ 2019 წლის 22 დეკემბერს თელავის რაიონის სოფ. ართანაში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობდა "ტოიოტა"-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ZZ-------, რომელსაც მართავდა მართვის მოწმობის არმქონე აკ--------–---–ი. მძღოლმა აკ--------–---–მა დაარღვია "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, ვერ დაიმორჩილა საჭე და შეეჯახა ზვ--------------ის მართვის ქვეშ მყოფ "ფოლკსვაგენი"-ს მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით FE-------. აკ--------–---–ის მიერ ავტომობილით მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად აკ--------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის მგზავრმა ლე---------–---–მა მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის ხარგრძლივი მოშლის ნიშნით.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ აკ--------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 39-ე მუხლით დადგენილ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ, ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სამართალწარმოებისა და გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით. სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო სხვა, ფუნდამენტურ პრინციპებთან ერთად, ხელმძღვანელობს სამართლიანობისა და ჰუმანიზმის პრინციპებით.
სასჯელის სამართლიანობა, ერთი მხრივ, აკმაყოფილებს საზოგადოებრივ გრძნობას, მართლშეგნებას, რომ დანაშაულის ჩადენით ხელყოფილი სამართლიანობა აღდგენილი იქნა, ხოლო მეორე მხრივ, იგი ხელს უწყობს მსჯავრდებულის მხრივ სასჯელისადმი სწორი დამოკიდებულების შემუშავებას და შესაბამისად, სასჯელში გამოხატული სახელმწიფოს ოფიციალური სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა არ შეიძლება დაყვანილ იქნას მკაცრ სუბიექტურ შურისგებაზე.
ჰუმანიზმის პრინციპი ერთერთი განმსაზღვრელი პრინციპია სასჯელის დანიშვნისას და ამიტომ, აუცილებელია, სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას დაცული იქნას ჰუმანიზმის პრინციპის ისეთი არსებითი ასპექტი, როგორიცაა ბრალეული პირისადმი დამოკიდებულება. ამის გამო საქართველოს სსკ 39-ე მუხლი მსჯავრდებულში პოზიტიური პასუხისმგებლობის აღდგენას ითვალისწინებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი თავისი არსით, დამნაშავის მორალურ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას იწვევს, შესაბამისად, სასჯელის მიზანი არაა ფიზიკური ტანჯვისა ანდა ფსიქოლოგიურ-მორალური ტანჯვის იმაზე მეტად მიყენება დამნაშავისათის, ვიდრე მის მიერ ჩადენილი ქმედება და ქმედების ჩამდენი პიროვნებაა. გამომდინარე აქედან, ჰუმანიზმის პრინციპი გულისხმობს სამართლიანი სასჯელის ჰუმანურობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. ამავე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სასჯელის სახედ გამოიყენება ამ კოდექსის 275-ე მუხლით ან/და ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ჩადენის შემთხვევაში.
სასამართლო განმარტავს: საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა , არაადამიანური ან დამაცირებელი სასჯელის გამოყენება“, რაც, თავის მხრივ, სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურსამართლებრივ მნიშვნელობაზე მეტყველებს, ვინაიდან იგი ადამიანის ღირსების დაცვას უკავშირდება.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებების გამოყენებას აშკარად არადეკვატურად წარმოაჩენს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (ამის შესახებ იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, 24-ე და 25-ე პუნქტი). ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლის მიერ დადგენილი სანქცია არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევისა და, შესაბამისად, არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას.
ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლის მიერ დადგენილი სანქცია არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევისა და, შესაბამისად, არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში გაამახვილა ყურადღება, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმკაცრის გათვალისწინებით, გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა არასაპატიმრო ღონისძიებები/სასჯელები. კერძოდ, Del Río Prada v. Spain [GC], no. 42750/09, § 82, ECHR 2013, საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მე-2 წინადადების სიტყვები მიუთითებს, რომ ამოსავალი წერტილი ნებისმიერი სასჯელის შეფასებისას არის, თუ რამდენად მოცემულია განსახილველი ზომა ,,სისხლის სამართლის დანაშაულის” გამო მსჯავრდების შედეგი, ხოლო სხვა ფაქტორები, რომლებიც როგორც რელევანტური, შეიძლება იქნეს მხედველობაში მიღებული, არის: სასჯელის ზომის ხასიათი და მიზანი, ეროვნულ კანონმდებლობაში მისი დახასიათება, ის პროცედურები, რომლებიც გამოიყენება მისი განხორციელებისა და იმპლემენტაციის დროს...(იხ. ასევე Jamil v. France, 1995წ. 8 ივნისი, § 32, სერია A no. 317-B, § 31; Kafkaris v. Cyprus [GC], no. 21906/04, ECHR 2008, § 151; § 142; და M. v. Germany, no. 19359/04 § 120, ECHR 2009). ამასთან, გამოყენებული ზომის სიმკაცრე, თავის მხრივ, არ არის გადამწყვეტი, რამდენადაც მრავალი პრევენციული ხასიათის არასაპატიმრო ღონისძიებას შეიძლება ჰქონდეს არსებითი გავლენა შესაბამის პირზე“.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, აკ--------–---–ისათვის სასჯელის დანიშვნისას, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას ითვალისწინებს მის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, საზოგადოებრივ საშიშროების ხარისხს. სასამართლო სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში, ითვალისწინებს და ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებს: მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებლობითი დანაშაული, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს (აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბრალდებული თავიდანვე აღიარებდა დანაშაულს და თანამშრომლობდა გამოძიებასთან), წარსულში არ არის ნასამართლევი, დაზარალებულს მის მიმართ არავითარი სახის პრეტენზია არ გააჩნია, გარდა ამისა, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას, ასევე, ითვალისწინებს აკ--------–---–ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იმ გარემოებას, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, აღნიშნავს, იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარეს არ ჰქონია მოთხოვნა სასჯელის სახესა და ზომასთან დაკავშირებით, რაც შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, აკ--------–---–ს არ გააჩნია. ეს გარემოებები მიუთითებს იმაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის მიზნების მიღწევისათვის არ არსებობს სასჯელის სახედ მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის- თავისუფლების აღკვეთის ან და შინაპატიმრობის გამოყენების აუცილებლობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, მაგრამ, სასამართლოს აზრით, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ამ შემთხვევაში სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება იქნება ზედმეტად მკაცრი. ხოლო არაპროპორციული, არათანაზომიერად მკაცრი სასჯელი კი მიიღებს მხოლოდ სადამსჯელო ხასიათს, იქნება სასჯელის მიზნების მიღმა და ობიექტურად ვერ იქნება მიმართული ვერც დანაშაულის ზოგადი პრევენციის მიზნების მიღწევისაკენ, ხელს ვერ შეუწყობს ვერც დანაშაულის შემცირებას, ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, და, მით უმეტეს, ვერც ბრალდებულის რესოციალიზაციას, რადგან გამოიწვევს ბრალდებულის საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისაგან დისტანცირებას, ვერ განმსჭვალავს ბრალდებულს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით და ვერ გახდება ბრალდებულის შემდგომი მართლზომიერი ქცევის გარანტი. აკ--------–---–ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი არამართლზომიერი ქმედების ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ქმედების სიმძიმის, მისი ჩამდენი პირის პიროვნების, ქმედების შემდეგ ბრალდებულის ქცევისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სასჯელის მიზნების მისაღწევად ობიექტურად საკმარისია სასჯელის - ჯარიმის გამოყენება, რაც არის ადეკვატური, პროპორციული, კონკრეტულ შემთხვევაში, ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნებისა, და რითაც მოცემულ შემთხვევაში დაცული იქნება ერთის მხრივ სამართლიანობის აღდგენა და მეორეს მხრივ, დამნაშავის რესოციალიზაცია და მიიღწევა სასჯელის მიზნები.
სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ აკ--------–---–ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად:
სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - "ტოიოტა"-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ZZ------- და ავტომანქანა "ფოლკსვაგენი", სახელმწიფო ნომრით FE-------. (რომლებიც იმყოფება ქ. თელავში, ავტოსაჯარიმო ტერმინალზე), უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, ხოლო სისხლის ნიმუშები უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
აკ--------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 09 იანვრის განჩინებით აკ--------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - "ტოიოტა"-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ZZ------- (იმყოფება ქ. თელავში, ავტოსაჯარიმო ტერმინალზე) და ავტომანქანა "ფოლკსვაგენი", სახელმწიფო ნომრით FE------- (იმყოფება ქ. თელავში, ავტოსაჯარიმო ტერმინალზე), -დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
აკ--------–---–ის სისხლის ნიმუში, ზვ--------------ის სისხლის ნიმუში(რომლებიც ინახება შსს თელავის რაიონული სამმართველოს ნაფარეულის პოლიციის განყოფილებაში) განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ კაპანაძე