გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/32922-19 (330210019003366288
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 თებერვალი 2020 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი ლიკა სოხაძე
მოსარჩელე - საქართველოს ე------------------------------------------ სამინისტრო
მოსარჩელის წარმომადგენელი - ა--------–---–ი
მოპასუხე - სს ,,ლ-------------ი’’
წარმომადგენელი - ე-----------------ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
სს „ლ-------------ს“ საქართველოს ე------------------------------------------ სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 592.61 ლარის გადახდა;
მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სს „ს----–--------ი“ იყო სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგო კომპანიის“ აბონენტი და მიეწოდებოდა ელექტრო ენერგია, რომლის საფასური არ გადაუხდია და დაუგროვდა დავალიანება 592.61 ლარის ოდენობით.
სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგო კომპანიის“ სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს სს „ენერგია XXI“. 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ე------------------------------------------ სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და სს „ენერგია XXI“ შორის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საქართველოს ე------------------------------------------ სამინისტროს ნატურით გადაეცა აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონება, მათ შორის 2010 წლის 11 მარტის დებიტორული მოთხოვნები კომერციულ სუბიექტებთან, მათ შორის სს „ლ-------------ის“ (სს „ს----–--------ის უფლებამონაცვლის) დავალიანება - 592.61 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სსიპ ,,საწარმოთა მართვის სააგენტოს’ 2007 წლის 10 ოქტომბრის №1-3/736 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სს ,,რიონჰესის’’ სს ,,გუმათჰესების კასკადის’’, სს ,,ლაჯანურჰესის“ სს ,,ძევრულჰესის“, სს ,,შაორჰესის’’, შპს ,,აწჰესის’’, სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის’’ შპს ,,აჭარის ენერგოკომპანიის’’ ერთმანეთთან შერწყმა და შეიქმნა სს ,,ენერგია XXI’’, რომელიც წარმოადგენს ყველა ზემოაღნიშნული საწარმოების სამართალმემკვიდრეს. აღნიშნული რვა სუბიექტის შერწყმისას მოხდა მათი დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონსოლოდაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ,,საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 10.10.2007 წლის №1-3/736 ბრძანება
3.1.2. დადგენილია და მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, რომ 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სს ”ენერგია XXI”-ის გაკოტრების მმართველს შორის ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-121 პუნქტის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საქართველოს ე------------------------------------------ სამინისტროს გადაეცა სს ,,ენერგია XXI”-ის დებიტორული დავალიანებები, მათ შორის მოპასუხის მიმართ დავალიანების მოთხოვნის უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2010 წლის 11 მარტის ხელშეკრულება
- მიღება-ჩაბარების აქტი
3.1.3. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აბონენტის ბარათის მიხედვით სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიამ’’ სს „ს----–--------ს“ (უფლებამონაცვლე სს „კლ-------------ი“) 12.06.2007 წლამდე მიაწოდა ელექტროენერგია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-აბონენტის ბარათი;
- ამონაწერი;
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოება
3.2.1. საქართველოს ე------------------------------------------ სამინისტროს სარჩელი სს ,,ლ-------------ის” მიმართ ხანდაზმულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შესაგებელი;
- აბონენტის ბარათი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 128-130-ე, 144-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მსგავსი შინაარსის ნორმაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული სახელმძღვანელო დებულების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოიშვა მოსარჩელის წინამორბედსა (სს ,,საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია’’) და მოპასუხეს შორის არსებული ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებიდან, რაც სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი; მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოპასუხეს მიეწოდებოდა ელექტროენერგია, სადავოა ის გარემოება, ვალდებულია ტუ არა მოპასუხე მხარე გადაიხადოს მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური მოთხოვნის ხანდაზმულობიდან გამომდინარე.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მითითებულ ნორმას ავსებს იმავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
მოსარჩელე მხარემ სარჩელში და სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის მომსახურების დავალიანებაა 592.61 ლარი. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე, მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე.
სასამართლოს მიერ ზემოთ აღინიშნა სარჩელის დაკმაყოფილების უფლების შესახებ, რაზეც გავლენას ახდენს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა. თუ ვალდებულება გულისხმობდა გარკვეული მოქმედების შესრულებას განსაზღვრულ დროს, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება სწორედ ამ დროიდან, რადგანაც კრედიტორი სწორედ ამ დროს იგებს თავისი უფლების დარღვევის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებიდან მოპასუხეს წარმოეშვა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება, დროის გარკვეულ პერიოდში - ყოველთვიურად უნდა გადაეხადა მოსარჩელისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური.
6.4. სამოქალაქო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობას არ აქვს ეფექტი (მოპასუხე) მხარის მითითების გარეშე. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ხანდაზმულობა განიხილება, როგორც მოპასუხის მიერ მითითებული საქმის ფაქტობრივი გარემოება. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხემ თავისი პოზიცია შესაგებელსა და სასამართლოს სხდომაზე დაამყარა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ამასთან, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მიმართ ხანდაზმულობის ვადა თავისებურად აითვლება. ამ შემთხვევაში პერიოდულად შესასრულებელი თითოეული ვალდებულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება. ამდენად, ამგვარ მოთხოვნებზე შესაძლებელია მხოლოდ სარჩელის აღძვრამდე ბოლო სამი წლის კუთვნილი თანხის ანაზღაურება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს ე------------------------------------------ სამინისტროს მიერ დავალიანების გადახდევინების მოთხოვნით სარჩელი აღძრულია 2019 წლის 26 დეკემბერს. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური გადახდილი უნდა ყოფილიყო ყოველთვიურად, თუმცა ვერ მიუთითეს კონკრეტული რიცხვი, რა დროსაც უნდა მომხდარიყო გადახდა. ამის მიუხედავად, 2007 წლის 12 ივნისიდან ყოველი თვის გადასახადის მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადა აითვლება მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ყოველი თვის შესაბამისი რიცხვის მომდევნო დღიდან. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა გასულია. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელისათვის მოთხოვნის უფლების გადაცემის ფაქტს და განმარტავს, რომ უფლებამონაცვლეობა გავლენას არ ახდენს ხანდაზმულობის ვადის დენაზე ანუ არ აჩერებს ან წყვეტს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადებს. ამდენად, ყველა მოქმედება, რომელიც განხორციელებულია უფლებამონაცვლეობამდე, თავის იურიდიული მნიშვნელობას ინარჩუნებს.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიიჩნევს, რომ სარჩელი ხანდაზმულია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს ე------------------------------------------ სამინისტროს სარჩელი მოპასუხე სს ,,ლ-------------ის” მიმართ ელექტროენერგიის დავალიანების დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი