გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.02.2020
საქმის ნომერი
190310019003151101
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
თარიღი
06.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-------

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

0-.0-.2--- წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ---- თ----–---–ი

სხდომის მდივანი ნ----- ქ---------ე

მოსარჩელე: ლ---- ბ-----------ი,წარმომადგენელი: ა---–----–---–ი,მოპასუხე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი,წარმომადგენელი: ნ---- გ-------, დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს მოსარჩელე ლ---- ბ-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღურება - 304,69 ევროს ექვივალენტის ლარის ოდენობით.

მოსარჩელის წარმომადგენელის მითითებით, ლ---- ბ-----------ი მეუღლესთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრობს გერმანიაში და მას პერიოდულად უწევს მგზავრობა საქართველო-გერმანიის მიმართულებით. 304,69 ევროდ შეძენილი ჰქონდა თვითმფრინავის ბილეთი თ---–-------------–--------–-, ბ-----–-----------–-------–--ის მიმართულებით. ფრენა უნდა შემდგარიყო 2----–-–------------------ დილის 04:45 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. რეგისტრაციის გავლის მიზნით მოსარჩელე შესაბამის დროს გამოცხადდა აეროპორტში, მაგრამ აეროპორტის პოლიციამ არ დაუშვა თვითმფრინავში, მიზეზად კი დასახელდა აკრძალვის რეგისტრაცია, რაც მოსარჩელეს უკრძალავდა საქართველოს საზღვრის კვეთას. ამ უკანასკნელს ადგილზე განუმარტეს, რომ სახელმწიფო საზღვრის კვეთის აკრძალვა რეგისტრირებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიერ. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, ლ---- ბ-----------ს განუმარტეს აკრძალვის მოხსნის თაობაზე, თუმცა იმ დროისათვის რეგისტრაციის გავლა უკვე დასრულებული იყო, ლ---- ბ-----------ი მოხსნილი იყო რეგისტრაციიდან და მისი დაშვება თვითფრინავში არ მოხდა. მან დაკარგა ბილეთის საფასური და იძულებული გახდა შეეძინა ახალი ბილეთი და სხვა დღეს გაფრენილიყო, რითაც მიადგა მატერიალური ზიანი.

ამ ფაქტის შემდეგ მოსარჩელემ მიმართა გარდაბნის პოლიციას და ითხოვა აკრძალვის რეგისტრაციის საფუძვლის დასახელება და ბილეთის საფასურის ანაზღაურება. მოსარჩელისათვის არც ზეპირად და არც წერილობით არავის განუმარტავს, რომ ეკრძალებოდა საქართველოს საზღვრის დატოვება. ამდენად აკრძალვა განხორციედა უკანონოდ. მოსარჩელეს უარი უთხრეს ბილეთის საფასურის ანაზღაურებაზე.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ წერილობითი შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ 2----–-–----------- შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №0-1--------- საქმეზე, თავდაცვის სამინისტროს პ------–-----------–-----------------------–------------------------–----–------------- ს------ ჯ--–----–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით. დასახელებულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების ერთადერთი მოწმე იყო დაზარალებული ს------ ჯ--–----–---–ის ახლო მეგობარი ლ---- ბ-----------ი. ეს უკანასკნელი გამოძიების მსვლელობისას გამოკითული იქნა მოწმის სტატუსით, თუმცა ვერ მოხერდა ამოცნობა, საზღვარგარეთ ყოფნის გამო. ამოცნობა განხორციელდა მისი საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ. რის შემდგომაც გარდაბნის რაიონული სამმართველოსა და გარდაბნის რაიონული პროკურატურის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ლ---- ბ-----------ი იყო მნიშვნელოვანი მოწმე, რის გამოც მოხდა მისი ,,ოპერატიულ ძებნაზე" დაყენება, რათა პროკურატურა ინფორმირებული ყოფილიყო მისი საზღვრის კვეთის თაობაზე.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ლ---- ბ-----------მა 2--- წლის 0- სექტემბერს შეიძინა თვითმფრინავის ბილეთი 2----–-–------------------ 04:45 საათზე თ---–-------------–--------–-, ბ-----–-----------–-------–--ის მიმართულებით. ბილეთის ღირებულებამ შეადგინა 304,69 (სამას ოთხი, სამოცდაცხრა) ევრო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს. ფ. 2-12);

-წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 103-111)

-ბილეთი (ს. ფ.14-16)

3.1.2. ლ---- ბ-----------ი იყო სისხლის სამართლის №0-1--------- საქმეზე მოწმე გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლის მიერ მოხდა მისი ,,ოპერატიულ ძებნაზე" დაყენება, რის გამოც მოსარჩელემ 2----–-–------------------ ვერ შეძლო თბილისის აეროპორტიდან თ---–-------------–--------–-ს მიმართულებით გაფრენა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი (ს. ფ. 2-12);

-წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 103-111)

-2--- წლის 04 ივლისის №MIA 91901742947 წერილი (ს.ფ. 63-64)

3.1.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 2------------ის №3------- განჩინებით, მოცემულ საქმეზე მესამე პირად ჩაბმული იქნა საქართველოს გენერალური პროკურატურა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2--- წლის 6----------ის №3-------19 განჩინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 2------------ის №3------- განჩინება საქართველოს გენერალური პროკურატურის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმის შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 2------------ის №3------- განჩინება (ს. ფ. 117-120)

-თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2--- წლის 6----------ის №3-------19 განჩინება (ს. ფ. 147-15)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მოპასუხის მიერ მოხდა სახელმწიფო საზღვრის კვეთის აკრძალვა, რის გამოც მოსარჩელეს მიადგა ზიანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას.

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია. შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება".

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი."

მითითებული კოდექსის 992-ე მუხლით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამ კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ---- ბ-----------მა 2--- წლის 0- სექტემბერს შეიძინა თვითმფრინავის ბილეთი თ---–-------------–--------–-, ბ-----–-----------–-------–--ის მიმართულებით, ფრენა უნდა განხორციელებულიყო 2----–-–------------------ 04:45 საათზე, რაშიც გადაიხადა 304,69 (სამას ოთხი, სამოცდაცხრა) ევრო.

ასევე დადგენილია, რომ ლ---- ბ-----------ი იყო სისხლის სამართლის №0-1--------- საქმეზე მოწმე გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლის მიერ მოხდა მისი ,,ოპერატიულ ძებნაზე" დაყენება, რის გამოც მოსარჩელემ 2----–-–------------------ ვერ შეძლო თბილისის აეროპორტიდან თ---–-------------–--------–-ს მიმართულებით გაფრენა.

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრებას დავის საგანთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ ლ---- ბ-----------ს, მოპასუხის ქმედების შედეგად, შეეზღუდა თავისუფალი გადაადგილების უფლება, რის გამოც მოსარჩელეს მიადგა ზიანი.

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება დგება იმ შემთხვევაში თუ ფაქტობრივი ზიანი დადგა აღნიშნული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული მოქმედებით და არსებობს მიზეზობრივი კავშირი განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. ამასთან, თავისთავად ზიანის არსებობა არ ქმნის ადმინისტრაციული ორგანოსათვის ამ ზიანის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში უნდა არსებობდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებასა (მოქმედება/უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (მატერიალური ზიანი) შორის, რაც განსახილველ შემთხვევაში წინამდებარე საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება.

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება, რადგან მოპასუხის მხრიდან სრულფასოვნად არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მოსარჩელესათვის დადგა შედეგი, რომელმაც ზიანი მიაყენა მას. შესაბამისად მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არსებობს. ამასთან, ზიანის ოდენობას სასამართლო ადგენს მოსარჩელის მიერ შეძენილი ბილეთის ღირებულებიდან გამომდინარე.

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს. რაც შეეხება წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მასალებით ვერ დგინდება, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის გადახდის არსებობა.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 368-ე, 369-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ლ---- ბ-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 304,69 ევროს ექვივალენტი ლარის გადახდა;

 

2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოს დაეკისროს 100 ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).

 

მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი