განაჩენი

სისხლის სამართლის 16.01.2020
საქმის ნომერი
330100119003328587
თარიღი
16.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/5901-19

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 იანვარი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-----–-----------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ე--------- რ---------- ძე ს---------ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1--- წლის 4-----------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----–-------------------------------------------–-

 

კვალიფიკაცია:

1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, თ---–--–-- მ-----------ის ქუჩა, მ--------ი, სახლი #1--–ი ლ------ ს---------ას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილმა ე--------- ს---------მა, კერძოდ ხელი ძლიერად მოუჭირა ყელში და ახრჩობდა, რა დროსაც ლ------ ს---------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2019 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, თ---–--–-- მ------------ის ქუჩა, მ--------, სახლი #1--–ი, ე--------- ს---------ი დედას ლ------ ს---------ას დაემუქრა საცხოვრებელი სახლის გადაწვით, რა დროსაც ლ------ ს---------ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მათ გამოკვლევაზე.

 

2.2. სასამართლოს დასკვნა ე--------- ს---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ლ------ ს---------ას და მოწმე - რ-------- ს---------ის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ტრასოლოგიური და სასაქონლო ესქპერტიზის #1---------------- დასკვნას, #------ შემაკავებელი ორდერის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

2.3. სასამართლომ ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა უდავო მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ე--------- ს---------ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

ოჯახში ძალადობა

უდავო მტკიცებულებები:

 

2.4. დაზარალებულ ლ------ ს---------ას 11.11.2019წ. გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ შვილი - ე--------- ს---------ი არის უმუშევარი და პარალელურად აზარტული თამაშების მოყვარული, ხშირად დადის კაზინოებში. დედ-მამას: ლ------ ს---------ას და რ-------- ს---------ს ხშირად სთხოვს ფულად თანხას, რასაც ისინი ვერ აძლევენ ფინანსური შესაძლებლობის არქონის გამო. აღნიშნულზე ე--------- ს---------ი ხდება აგრესიული, სახლში იწყებს საოჯახო ნივთების ლეწვას და ცეცხლის წაკიდებას. გამოკითხვის ოქმის მიხედვით, 2018 წლის დეკემბერში ე--------- ს---------მა მშობლებს სთხოვა ფული ვალის დასაფარად, უარის მიღების შემდეგ გახდა აგრესიული და დედას - ლ------ ს---------ას ძლიერად ჩაარტყა ხელი გულმკერდის არეში, დარტყმის შედეგად ლ------ ს---------ამ წონასწორობა დაკარგა, თავი მიარტყა კედელს და დაკარგა გონება. აღნიშნულის შემდეგ ე--------- ს---------ი გაიქცა სახლიდან, მას დაედევნა მამა რ-------- ს---------ი, რომელსაც საცხოვრებელი სახლის ეზოში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ყელზე მოუჭირა ხელი და ახრჩობდა. მომხდარის თაობაზე ოჯახმა პოლიციას არ აცნობა. 2019 წლის სექტემბრის თვეში, ე--------- ს---------მა მშობლებს კვლავ მოსთხოვა ფული, უარის შემდეგ გახდა აგრესიული, დაიწყო ჩხუბი, მოულოდნელად მივარდა რ-------- ს---------ს, სწვდა კისერში და ახრჩობდა. რ-------- ს---------მა გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელსაც მოჰყვა პოლიცია, თუმცა როგორც რ-------- ს---------მა, ასევე ლ------ ს---------ამ პოლიციას არ აცნობეს ფიზიკური ძალადობის შესახებ. გამოკითხვის ოქმით ასევე დადგინდა, რომ 2019 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ე--------- ს---------მა დედას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხალათზე რამდენჯერმე დაქაჩა და ცდილობდა მის დახრჩობას. ლ------ ს---------ა უწევდა წინააღმდეგობას და ცდილობდა მისგან გათავისუფლებას, თუმცა ე--------- ს---------ი უფრო ძლიერად აწვებოდა და ძირს ქაჩავდა ხალათს. ლ------ ს---------ამ დაიწყო ტირილი, მას შემდეგ რაც ე--------- ს---------მა დაინახა, რომ დაზარალებულს უკვე სუნთქვაც კი უჭირდა და ძალაც ეცლებოდა, გაუშვა ხელი. ხალათზე ძლიერ დაქაჩვის და დახრჩობის მცდელობის შედეგად, ლ------ ს---------ამ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2.5. მოწმე რ-------- ს---------ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, შვილი - ე--------- ს---------ი აზარტული თამაშების მოყვარულია, არ გააჩნია საკუთარი შემოსავალი და მშობლებისგან მუდმივად ითხოვდა ფულს. თანხას უსახსრობის გამო ვერ აძლევდნენ, რაც ხდებოდა ოჯახში კონფლიქტის მიზეზი. ე--------- ს---------ი აყენებდა მძიმე სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე ფიზიკურად ძალადობდა მათზე. 2018 წლის დეკემბერში ე--------- ს---------მა მშობლებს სთხოვა ფული ვალის დასაფარად, უარის მიღების შემდეგ გახდა აგრესიული და დედას - ლ------ ს---------ას, რ-------- ს---------ის თანდასწრებით ძლიერად ჩაარტყა ხელი გულმკერდის არეში, დარტყმის შედეგად ლ------ ს---------ამ წონასწორობა დაკარგა, თავი მიარტყა კედელს და დაკარგა გონება. ფიზიკური ძალადობის შემდეგ ე--------- ს---------ი გაიქცა სახლიდან, რ-------- ს---------ი დაედევნა ეზოში, სადაც ბრალდებულმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ორივე ხელი მოუჭირა ყელზე და ახრჩობდა. დახმარებისთვის ოჯახს პოლიციისთვის არ მიუმართავს. 2019 წლის სექტემბრის თვეში, მორიგი კონფლიქტის დროს, ე--------- ს---------მა ხელები მოკიდა მამას კისერში და ახრჩობდა. რ-------- ს---------ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2019 წლის 7 ნოემბერს, 19:00 საათის შემდეგ დაბრუნდა სახლში, რა დროსაც მეუღლე ლ------ ს---------ამ უთხრა, რომ შვილმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ სწვდა კისერში და დაახლოებით 5-7 წუთის მანძილზე ახრჩობდა, როდესაც ლ------ ს---------ამ დაიწყო ტირილი და ცუდად გახდა, ე---------მა გაუშვა ხელი.

 

2.6. 2019 წლის 11 ნოემბრის შემაკავებელი ორდერის #------ ოქმის მიხედვით, რომელსაც ხელს აწერს ლ------ ს---------ა, - მსხვერპლი აღნიშნავს, რომ შვილი ე--------- ს---------ი სისტემატურად აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, დამოკიდებულია აზარტულ თამაშებზე, 2019 წლის 7 ნოემბერს ცდილობდა მის დახრჩობას.

მუქარა

 

2.7. ლ------ ს---------ას 11.11.2019წ. გამოკითხვის ოქმით დადგინდა, 2019 წლის 11 ნოემბერს, ე--------- ს---------მა დაზარალებულს სთხოვა ფული, უარის მიღების შემდეგ დაემუქრა ქონების განადგურებით და სახლის დაწვით. საძინებელი ოთახიდან გამოიტანა საკუთარი სახსრებით შეძენილი ორი ელექტრო სანათი, თავდაპირველად დედას შესთავაზა აღნიშნული ნივთების შესყიდვა, უარის შემდეგ, ორივე სანათს, სახლის ეზოში წაუკიდა ცეცხლი, უროთი დაამტვრია ტანსაცმლის კარადა, დამსხვრეული კარადის ნაწილები აივნიდან ისროლა ეზოში, სადაც დაწვა სანათებთან ერთად, ჩამოგლიჯა საძინებელი ოთახის ფარდები, რომელიც აივნიდან დააყარა მის მიერ გაჩენილ ცეცხლს და დაწვა, ასევე დაწვა ტანსაცმელი. ლ------ ს---------ას შეეშინდა, შვილს ნამდვილად არ აღესრულებინა მუქარა და დაეწვა სახლი, რის გამოც ტელეფონზე დაუკავშირდა მეუღლეს რ-------- ს---------ს და სთხოვა სასწრაფოდ ,,112-ში“ დარეკვა და პოლიციის გამოძახება.

 

2.8. 2019 წლის 11 ნოემბერს, სსიპ ,,112-ში“ შევიდა შეტყობინება. შეტყობინების ინიციატორი რ-------- ს---------ი აცხადებდა, რომ დედა - შვილს შორის ადგილი ჰქონდა კონფლიქტს, შვილი ყველაფერს ამტვრევდა. აღნიშნული ზარის შემდეგ, რამდენიმე წუთში ,,112-ში“ დაფიქსირდა მეორე შეტყობინება, ინიციატორი იყო საპატრულო პოლიციის #523-3 ეკიპაჟი. შეტყობინების შინაარსი იყო შემდეგი: ლ------ ს---------ას შვილმა ე--------- ს---------მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუზიანა მისი შეძენილი კარადები, რომლის ნაწილიც დაწვა.

 

2.9. მოწმე რ-------- ს---------ის 11.11.2019 წ. და 18.11.2019წ. გამოკითხვის ოქმებით დადგინდა, 2019 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, სახლიდან გამოსული იყო პირად საქმეზე, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა მეუღლე ლ------ ს---------ა და სთხოვა პოლიციაში დარეკვა, რადგან ე--------- ს---------ი ისევ სთხოვდა ფულს, უარის მიღების შემდეგ დაემუქრა სახლის გადაწვით, იყო აგრესიული, ამტვრევდა სახლში არსებულ ნივთებს. დაუყონებლივ დარეკა პოლიციაში და განაცხადა ოჯახში კონფლიქტის თაობაზე.

 

2.10. შეტყობინებიდან მცირე დროში დათვალიერდა შემთხვევის ადგილი: მ------------ის ქუჩა, მ--------, სახლი #--. დათვალიერების პროცესი აღბეჭდილი იქნა ფოტოსურათებზე, ამოღებული იქნა მუქარის იარაღი - ურო, გატეხილ ტარის ნაწილთან ერთად. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველ ფოტოილუსტრაციაში მკაფიოდ ჩანს დაზიანებული კარადა და მუქარის იარაღი - ურო.

 

2.11.ტრასოლოგიური და სასაქონლო ესქპერტიზის #1---------------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ კარადას აღენიშნება დაზიანება ტეხის სახით, კარადის კარები და სათავსო უჯრა განცალკევებულია კარადისგან და მასზე აღინიშნება თერმული სახის დაზიანებები. კარადაზე არსებული დაზიანებები (გარდა თერმული დაზიანებებისა) წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად, როგორიც შესაძლებელია იყოს ექსპერტიზაზე წარდგენილი ურო.

 

2.12. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, როგორც შესავალ, ასევე დასკვნით სიტყვაში, ბრალდებულმა დანაშაული არ აღიარა და განმარტა, რომ 2019 წლის 7 ნოემბერს, დედის მისამართით ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ შეკამათებას და არა ფიზიკურ ძალადობას, გამორიცხა ყელში ხელის წაჭერა და მოგუდვის მცდელობა. ასევე განაცხადა, რომ 11 ნოემბერს დააზიანა ინვენტარი, თუმცა ლ------ ს---------ას არ დამუქრებია სახლის გადაწვით.

 

2.13. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება: ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. წინასასამართლო სხდომის ეტაპზე, მტკიცებულებების დაშვების საკითხის განხილვის დროს, ე--------- ს---------მა იშუამდგომლა მტკიცებულებების უდავოობა. სასამართლომ საკითხის გადაწყვეტამდე, ბრალდებულს რამდენჯერმე განუმარტა თუ რას ნიშნავდა მტკიცებულებების გამოკვლევაზე უარი, დადებითი პასუხის მიღების შემდეგ წინასასამართლო სხდომის მოსამართლე დარწმუნდა, რომ ე--------- ს---------ს გააზრებული ჰქონდა უდავოობის არსი, დააკმაყოფილა შუამდგომლობა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ყველა მტკიცებულებას მიანიჭა უდავო მტკიცებულების სტატუსი. არ არსებობს დასაბუთებული, დამაჯერებელი და ლოგიკური არგუმენტი, სასამართლომ უარყოს პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი. სასამართლომ ფაქტები და გარემოებები, მათ შორის ე--------- ს---------ის პოზიცია უდანაშაულობასთან დაკავშირებით შეაფასა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2019 წლის 7 ნოემბერს ე--------- ს---------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალადობის ჩადენას დედის - ლ------ ს---------ას მიმართ. დამტკიცებულად იქნა ასევე მიჩნეული 11 ნოემბერს, ქონების განადგურების მუქარის მატერიალური ფაქტი. პირველ შემთხვევაში მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო მეორე შემთხვევაში მუქარა რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2.14. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სასამართლომ უდავო მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა ე--------- ს---------მა 2019 წლის 7 ნოემბერს ფიზიკურად იძალადა დედაზე - ლ------ ს---------აზე, ხელი ძლიერად მოუჭირა ყელში და ახრჩობდა, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.15. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხიგაცემული უნდა იქნეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია’’ აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა.

 

2.16. კანონმდებლის მიერ ასევე კრიმინალიზებულია მუქარა, მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება ქონების განადგურებით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველწუთს ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ შვილის მხრიდან ქონების განადგურების მუქარა, საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანება-განადგურების თანმხლებით, როგორც უროთი, ასევე ცეცხლით, დაზარალებულის მხრიდან რეალურად იქნა აღქმული და შიშობდა, რომ ბრალდებულს შესაძლოა მართლაც დაეწვა საცხოვრებელი სახლი, სწორედ ამ შიშის გამო ტელეფონით დაუკავშირდა მეუღლეს რ-------- ს---------ს და სთხოვა პოლიციაში დარეკვა დახმარების მიზნით. მსხვერპლში შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად სასამართლომ იხელმძღვანელა როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით, კერძოდ ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას მხედველობაში იქნა მიღებული მუქარის გამოხატვის გარეგნული ფორმა და ხერხი: მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა ბრალდებულს არ მისცა მოთხოვნილი თანხა, ეს უკანასკნელი გახდა აგრესიული, დაემუქრა სახლის გადაწვით, მსხვერპლის თანდასწრებით ეზოში დემონსტრაციულად დაწვა სანათები და ფარდა, უროს გამოყენებით დააზიანა კარადა, მხედველობაში იქნა მიღებული ბრალდებულის პიროვნება: დაზარალებულის ლ------ ს---------ას და რ-------- ს---------ის გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ ბრალდებული დამოკიდებულია აზარტულ თამაშებზე, პენსიონერ მშობლებს სთხოვს თანხას, ფულის გადაუცემლობის შემთხვევაში უკიდურესი აგრესიით გამოირჩევა მათ მიმართ, ძალადობს ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად, წვავს და ამტვრევს ნივთებს. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმს - ამ შემთხვევაში დადგინდა, რომ დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის რეალურად განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის მხრიდან ბრალდებულის მუქარა, რეალურად რომ იქნა აღქმული და მას წარმოეშვა მუქარის განხორციელების შიში, დასტურდება იმ გარემოებით, რომ მსხვერპლმა ქონების გადარჩენისა და დაზიანებისგან დაცვის მიზნით მეუღლეს რ-------- ს---------ს სთხოვა დაერეკა პოლიციაში. ამონარიდი გამოკითხვის ოქმიდან ,,ჩემი შვილისგან ე--------- ს---------ისგან წამოსული მუქარა საცხოვრებელი სახლის დაწვის შესახებ აღვიქვი რეალურად და მე დარწმუნებული ვარ, რომ მუქარას სახლის დაწვის შესახებ მოიყვანდა სისრულეში, მე რომ არ დამერეკა მეუღლესთან და არ მეთხოვა პოლიციაში დარეკვა“. დაზარალებულის მხრიდან სამართალდამცავების ჩართულობა პროცესში მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მსხვერპლს სუბიექტურად ჰქონდა შიშის საფუძველი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.2. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ე--------- ს---------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულები, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ,,ცვლილების შეტანის შესახებ 2019 წლის 20 სექტემბრის კანონის“ საფუძველზე, სსკ-ის 151-ე მუხლში განხორციელდა ცვლილება, რომელიც ძალაში შევიდა 2019 წლის 15 ოქტომბერს და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატა მაკვალიფიცირებელი ნიშანი: ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ. თუკი 2019 წლის 15 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქციით მუქარის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით ისჯებოდა ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის შემთხვევაში 1 წლით თავისუფლების აღკვეთით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მაშასადამე, გამკაცრდა როგორც თავისუფლების აღკვეთის, ასევე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სანქცია. მიუხედავად იმისა, რომ ქმედება ჩადენილია კანონში ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ 2019 წლის 11 ნოემბერს, სახელმწიფო ბრალდებამ ქმედება დააკვალიფიცირა უფრო მსუბუქი, ძველი რედაქციით (დასკვნით სიტყვაშიც პროკურორმა მოითხოვა პირის მსჯავრდება წარდგენილი კვალიფიკაციით 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით), შესაბამისად სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას დაამძიმოს ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია, რის გამოც ე--------- ს---------ს მსჯავრი უნდა დაედოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ე--------- ს---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გაჩნია.

 

4.2. ე--------- ს---------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა: დანაშაულის მასშტაბი - ჩადენილია განზრახი დანაშაულის 2 დამოუკიდებელი ეპიზოდი, ფიზიკური ძალადობის და მუქარის ჩადენის ხერხი და საშუალება: ფიზიკური ძალადობა გამოიხატა ყელში ხელის წაჭერით, რომელიც რამდენიმე წუთი გაგრძელდა და შეწყდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მსხვერპლს სუნთქვა გაუჭირდა და ძალა ეცლებოდა, ხოლო ნივთის განადგურების მუქარა ჩადენილი იქნა სპეციალური საგნით უროს გამოყენებით.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ შემდეგ გარემოებებს:

 

5.3.1. დანაშაულის სიმრავლე და ინტენსივობა - ჩადენილია დანაშაულის 2 ეპიზოდი დროის მცირე მონაკვეთში: 7 და 11 ნოემბერს.

 

5.3.2. მუქარის ჩასადენად სპეციალური საგნის - უროს გამოყენებით ნივთების დაზიანება და განადგურება.

 

5.3.3. ფიზიკური ძალადობის ხერხი: ყელში ხელის წაჭერა, რომელიც რამდენიმე წუთი გაგრძელდა და შეწყდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მსხვერპლს სუნთქვა გაუჭირდა.

 

5.3.4. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, როგორც მიზეზი ოჯახში ძალადობის და მსხვერპლის ფსიქოლოგიური იძულებისა, მოძალადეს გადასცეს თანხა.

 

5.4. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნით: ,,სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას“. განსახილველი საქმე არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე. დაზარალებულის ნოტარიალური წესით დამოწმებული ხელწერილი დამნაშავის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გაწევის მოთხოვნაზე და ბრალდებულის შუამდგომლობა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებაზე, არ წარმოადგენს უარგუმენტოდ გასათვალისწინებელ გარემოებას, - სასამართლო ვალდებულია დაზარალებულის პოზიციასთან ერთად შეაფასოს პირის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის განმეორების რისკები და ერთობლიობაში განსაზღვროს სამართლიანი სასჯელი. უდავო მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2019 წლის 7 და 11 იანვრის ფაქტები, არ ყოფილა ძალადობის პირველი შემთხვევა, ე--------- ს---------ი წარსულშიც ძალადობდა დედაზე, თუმცა დანაშაული რჩებოდა ლატენტური. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოძალადის დამოკიდებულებაზე აზარტულ თამაშებზე, იგი ლუდომანიით შეპყრობილი პირია, რაც მას კონტროლს აკარგინებს საკუთარ ქცევებზე და ხდება ოჯახში ძალადობის და მუქარის ჩადენის მიზეზი, დასახელებული ელემენტები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად მიუთითებს ბრალდებულის ძალადობრივი ქმედებების მიდრეკილებისაკენ, სასამართლოს შეფასებით მსხვერპლისგან იზოლაციით (თავისუფლების აღკვეთით) უნდა მოხდეს მოძალადის ქცევების შეკავება და დამნაშავის სამომავლო დანაშაულებრივ ქმედებათა პრევენცია.

 

5.5. ეპიზოდთა სიმრავლის, ხერხის, ინტენსივობის და დანაშაულის განმეორების რისკების მხედველობაში მიღებით დანიშნულმა ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში ე--------- ს---------ის სათანადო ქცევას, რათა მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.

 

6.ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის საფუძველზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ურო და მისი ტარის ნაწილი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს. ტელევიზორი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე--------- ს---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

2. ე--------- ს---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და ე--------- ს---------ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

4. მსჯავრდებულ ე--------- ს---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2020 წლის 16 იანვრიდან. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 11 ნოემბრიდან - 2019 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ე--------- ს---------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

6.ნივთიერი მტკიცებულება:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ურო და მისი ტარის ნაწილი -საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

ტელევიზორი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა