განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003234231
საქმე #1-1031/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2020 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ ო-–-----------–---–ის
ადვოკატის _ ლ-–-----------ის
ბრალდებულის - ა------- შ---–----ის
თარჯიმნის - ზ------------------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171291018003 საქმე:
ბრალდებულ ა------- შ---–----ის მიმართ
მამის სახელი: ს------
დაბადებული: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრაციის მისამართზე: ა---––----------------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - ორი ეპიზოდი;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ბრალდების არსი:
1. 2018 წლის 29 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, ს-----–--–---–---------------------------ში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა ა------- შ---–----მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სხეულის სხვადასხვა ნაწილში ხელებისა და ფეხების რამდენჯერმე დარტყმით, ი----- ს-----------ს მიაყენა სხეულის დაზიანებები, რითაც ი----- ს-----------მ გაიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. 2018 წლის 29 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, ს-----–--–---–---------------------------ში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა ა------- შ---–----მა, დანის დემონსტრირებით, ი----- ს-----------ს მიმართ განახორციელა ჯანმრთელობის დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. ა------- შ---–----ს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით;
სასამართლომ დაადგინა:
4. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ა------- შ---–----ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, ა------- შ---–----მა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები, კერძოდ:
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია :
5. სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას გამოქვეყნდა დაზარალებულ ი----- ს-----------ს მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება (გამოკითხვის ოქმი), რომლის თანახმად, 2018 წლის 29 ოქტომბერს ა------- შ---–----მა, რომელთანაც ჰქონდა ახლო ურთიერთობა, საქართველოში ყოფნისას ერთად ცხოვრობდნენ, ურთიერთშელაპარაკებისას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სახის არეში ურტყამდა ხელებს, მუშტებს, ყელში უჭერდა ხელს, რის შედეგადაც განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს. ორჯერ დანა დაადო ყელზე და დაემუქრა, რომ დაჭრიდა, მოკლავდა, მუქარა აღიქვა სერიოზულად, შეშინდა, რადგან მართლაც შეეძლო შ---–----ს მისი შესრულება. ძალადობის და მუქარის დროს მათთან იმყოფებოდა ა-------ს მეგობარი ი------------ე, რომელიც ცდილობდა დაეცვა ქალი და გაერიდებინა ა------- იქაურობას.
6. მოწმე ი------------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, რომელიც მხარეებმა სადავოდ არ მიიჩნიეს და შესაბამისად, არ გამოკვლეულა არსებითი განხილვისას, ის მართლაც შეესწრო კონფლიქტურ სიტუაციას ს-----------სა და შ---–----ს შორის, მაგრამ არა 2018 წლის 29, არამედ 28 ოქტომბერს, რა დროსაც ბრალდებულმა ნამდვილად იძალადა ს-----------ზე და მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა.
7. მოწმე ა---------–------–--მ სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს იმ საცხოვრებელი კორპუსის კონსიერჟად, სადაც ი----- ს-----------ს შეძენილი აქვს ბინა. იცნობს ამ ქალბატონს, ასევე ბრალდებულ ა------- შ---–----ს, იცის, რომ ს-----------ს საქართველოში ყოფნის დროს ისინი ერთად ცხოვრობდნენ. არაერთხელ უნახავს ორივე მათგანი ნასვამ მდგომარეობაში როგორ კამათობდნენ, შორდებოდნენ ერთმანეთს, შემდეგ ისევ რიგდებოდნენ, თუმცა არასდროს შესწრებია შ---–----ის მხრიდან სნეგუირიევას მიმართ ფიზიკურ ძალადობას. ახსოვს, რომ 2018 წლის ოქტომბრის თვეში ი----- ს----------- გამოვიდა სადარბაზოდან, ემჩნეოდა, რომ ვიღაცას ემალებოდა. ა---------–ს სთხოვა, რომ ა-------სთვის არ ეთქვა მის შესახებ და მოფარებულ ადგილას დადგა. სადარბაზოდან გამოსულ შ---–----ს ა---------–მა დაუმალა ი-----ს ადგილსამყოფელი. ა------- სხვა მიმართულებით წავიდა, ი----- კი სადარბაზოში შებრუნდა და კონსიერჟს დაუბარა აღარ შეეშვა შ---–----ი მასთან.
8. 2018 წლის 29 ოქტომბერს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ბათუმში, ს--–------–--–---–----------------ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულზე არსებულ ბინა N126-ში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოიღებული იქნა იატაკზე არსებული დაზიანებული მობილური ტელეფონი, ა------- შ---–----ის კუთვნილი ტანსაცმელი, საფულე და მასში მოთავსებული სხვადასხვა დასახელების პლასტიკური ბარათები, ასევე ორი დანა, სააბაზანოში იატაკზე არსებული მინის (ჭურჭლის) ნატეხები.
9. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 11 დეკემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №008453818 დასკვნით დასტურდება, რომ პირადი შემოწმების მონაცემებით, ი----- ს-----------ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი-ბლაგვი საგნ(ებ)ის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
10. მითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს ბაზას იმ მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულის მიერ მასზე ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას.
11. ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების ობიექტური შეფასება, გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულად ცნობილი პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობას და არ ქმნის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთიან ჯაჭვს, კერძოდ:
12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე დათქმებს შეიცავს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები, რომელთა თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეტანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
13. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
14. სისხლის სამართლის პროცესში მოწმის ჩვენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთ-ერთი, ზოგჯერ კი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხარეები სასამართლოში ცდილობენ წარმოაჩინონ დანაშაულთან დაკავშირებული სურათი. მოწმეს შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად იყო, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით.
15. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამავე მუხლის 24-ე ნაწილის მიხედვით, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
16. ამდენად, კანონი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მოწმის მიერ სწორედ სასამართლოსთვის მიცემულ ინფორმაციას, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ მიცემულს, როგორც მტკიცებულებითი ძალის მქონეს. როგორც უკვე აღინიშნა ბრალდების მხარემ ვერ შეძლო საქმის არსებითი განხილვისას წარმოედგინა სასამართლოსთვის დაზარალებული ი----- ს-----------.
17. სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. ამდენად, გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაცია, კანონის ამ ჩანაწერის სიტყვა-სიტყვითი განმარტების თანახმად, სხვა პირდაპირი და ამ მტკიცებულებებთან ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების გარეშე, ვერ იქნება გამოყენებული გამატყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
18. განსახილველ საქმეზე დაზარალებული ი----- ს----------- არ დაკითხულა საქმის არსებითი განხილვისას. 2018 წლის 29 ოქტომბერს ბრალდებული შ---–----ის მხრიდან სნეგურიევას მიმართ ფიზიკური ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი, გარდა საქმის არსებითი განხილვისას გამოქვეყნებული სნეგურიევას გამოკითხვის ოქმისა, არ დასტურდება არც ერთი სხვა მტკიცებულებით. როგორც უკვე აღინიშნა, გამოკითხვის ოქმში სნეგურიევა საუბრობს 29 ოქტომბერს მის მიმართ შ---–----ის მხრიდან მოწმე ი------------ის თანდასწრებით განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, თუმცა მოწმე ჭინკაძე გამოკითხვის ოქმში, რომელიც უდავოდ ცნო ორივე მხარემ, არ ადასტურებს მითითებულ დღეს სნეგურიევასა და შ---–----თან ერთად ყოფნას. ის მიუთითებს 2018 წლის 28 ოქტომბერს შ---–----ის მიერ მისი თანდასწრებით სნეგურიევას ცემის ფაქტზე, რაც ბრალდების სულ სხვა, დამოუკიდებელი ეპიზოდია და მასთან დაკავშირებით ქვემოთ იმსჯელებს სასამართლო. საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული კიდევ ერთი მოწმე ა---------–------–-- აცხადებს, რომ არასდროს შესწრებია ბრალდებულის მიერ დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის შემთხვევას. საგულისხმოა, რომ გამოკითხვის ოქმებში სნეგურიევა მიუთითებს შ---–----ის მხრიდან მისი საბანკო ბარათის, მასზე დარიცხული თანხის, ასევე საყურეების ქურდობის ფაქტებზე, თუმცა არც ერთი ეს გარემოება არ დადასტურდა გამოძიების პროცესშივე და არც შესაბამისი ბრალდება წარდგენია შ---–----ს. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობის მნიშვნელობას.
19. რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, სნეგურიევას სხეულზე აღენიშნებოდა სხვადასხვა დაზიანება, სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ა------- შ---–----ს ს-----------ს მიმართ ფიზიკური ძალადობის კიდევ ერთ - 2018 წლის 28 ოქტომბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აქვს წარდგენილი ბრალი, რომლის საფუძვლიანობა დადასტურებულია სასამართლოს წინაშე წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით. უტყუარად მიჩნევა იმ გარემოების, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი დაზიანებები არა 28, არამედ 29 ოქტომბერს მიადგა სნეგურიევას, 28 და 29 ოქტომბერს შორის ძალიან მცირე დროის მონაკვეთიდან გამომდინარე, შეუძლებელია, ამიტომ ამ მტკიცებულების გამოყენება მართებულია ბრალდების იმ ეპიზოდთან დაკავშირებული მსჯელობისას, რომელიც დასტურდება არა ერთი, არამედ რამდენიმე მტკიცებულებებით.
20. ოჯახური ძალადობის ბრალდების საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 31 ოქტომბრის N308აპ/18 განაჩენით მსჯავრდებული გაამართლა სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. საქმეში წარმოდგენილი იყო დაზარალებულის ჩვენება, თუმცა მხოლოდ ერთი მტკიცებულება სასამართლომ არ მიიჩნია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტის შემქმნელ ინფორმაციად, რადგან სახეზე არ იყო სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა.
24. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი, რომელიც გამოქვეყნდა საქმის განხილვისას - დაზარალებული არ დაკითხულა მხარეთა მიერ პირდაპირ და უშუალოდ. სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. ამასთან არ არსებობს სხვა მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდნენ ა------- შ---–----ის მიმართ წარდგენილი ბრალდების (29 ოქტომბრის ეპიზოდების) საფუძვლიანობას, რაც ქმნის გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღების უპირობო საფუძველს.
25. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაემტკიცებინა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გადმოცემული ვერსია ვერ სცილდება ვარაუდის და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
27. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.
28. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ა------- შ---–----ის ბრალდების დადასტურება.
29. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებდეს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ .
სამართლებრივი შეფასება:
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა------- შ---–----ის წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი, დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც ა------- შ---–----ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (29 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
სასამართლომ დაადგინა:
31. 2018 წლის 28 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში, ქ. ბათუმში, ს-----–--–---–---------------------------ში, ა------- შ---–----მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სხეულის სხვადასხვა ნაწილში დარტყმებით, ასევე ყელში ხელების მოჭერით, ი----- ს-----------ს მიაყენა სხეულის დაზიანებები, რის შედეგადაც ი----- ს-----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2019 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი.
32. სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას გამოქვეყნდა დაზარალებულ ი----- სნეგურიევას მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება (გამოკითხვის ოქმი), რომლის თანახმად, 2018 წლის 28 ოქტომბერს ანდრე შ---–----მა ურთიერთშელაპარაკებისას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სახის არეში ურტყამდა ხელებს, მუშტებს, ყელში უჭერდა ხელს, რის შედეგადაც განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს.
33. მოწმე ი------------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, რომელიც მხარეებმა სადავოდ არ მიიჩნიეს და შესაბამისად, არ გამოკვლეულა არსებითი განხილვისას, 2018 წლის 28 ოქტომბერს ნამდვილად შეესწრო კონფლიქტურ სიტუაციას სნეგურიევასა და შ---–----ს შორის, რა დროსაც ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა სნეგურევაზე, სცემა ის, ურტყამდა სხეულის სხვადასხვა არეში. შემდეგ ი----- ბინიდან ქუჩაში გაიქცა, ა-------ც გაეკიდა, თუმცა რა მოხდა ბინიდან გაქცევის შემდეგ, არ იცის, შეესწრო მხოლოდ ბინაში მომხდარ ფაქტს.
34. მოწმე ა---------–------–--მ სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს იმ საცხოვრებელი კორპუსის კონსიერჟად, სადაც ი----- ს-----------ს შეძენილი აქვს ბინა. იცნობს ამ ქალბატონს, ასევე ბრალდებულ ა------- შ---–----ს, იცის, რომ ს-----------ს საქართველოში ყოფნის დროს ისინი ერთად ცხოვრობდნენ. ახსოვს, რომ 2018 წლის ოქტომბრის თვეში ი----- სნეგურიევა გამოვიდა სადარბაზოდან, ემჩნეოდა, რომ ვიღაცას ემალებოდა. ა---------–ს სთხოვა, რომ ა-------სთვის არ ეთქვა მის შესახებ და მოფარებულ ადგილას დადგა. სადარბაზოდან გამოსულ შ---–----ს ა---------–მა დაუმალა ი-----ს ადგილსამყოფელი. ა------- სხვა მიმართულებით წავიდა, ი----- კი სადარბაზოში შებრუნდა და კონსიერჟს დაუბარა აღარ შეეშვა შ---–----ი მასთან.
35. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 11 დეკემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №008453818 დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით, ი----- ს-----------ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი-ბლაგვი საგნ(ებ)ის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
36. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ასევე მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა 2018 წლის 28 ოქტომბერს ა------- შ---–----ის მიერ ი----- ს-----------ს მიმართ ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტი. როგორც აღინიშნა, მხოლოდ სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას გამოქვეყნებული მტკიცებულება საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული სნეგურიევას გამოკითხვის ოქმში ასახული გარემოებები დასტურდება მოწმე ი------------ის ჩვენებით, რომელიც ორივე მხარემ უდავოდ მიიჩნია და სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" ქ/პუნქტის შესაბამისად, შეიძინა პრეიუდიციული მნიშვნელობა. ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნით, სადაც აღწერილია სნეგურიევას სხეულზე არსებული დაზიანებების ლოკალიზაცია და ხასიათი. მოწმე ბესელიას ჩვენებით დასტურდება ი------------ის გამოკითხვის ოქმში გადმოცემული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ სნეგურიევა სახლიდან გაიქცა და მას უკან გაყვა შ---–----ი. ბესელიამ განმარტა, რომ ნამდვილად შეესწროს ფაქტს, როდესაც საცხოვრებელი კოსპუსის სადარბაზოდან გამოსული სნეგურიევა კორპუსის ეზოში მოფარებულ ადგილას დაიმალა და ბესელიას სთხოვა არ გაემხილა შ---–----ისთვის მისი ადგილსამყოფელი.
37. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
38. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
39. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
40. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ა------- შ---–----ის ბრალდების დადასტურება.
41. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
42. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
43. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
44. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
45. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
46. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, ასევე უდავოდ ცნობილი, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება:
48. აღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა------- შ---–----მა, 2018 წლის 28 ოქტომბერს, ქ. ბათუმში, ს-----–--–---–---------------------------ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკურად იძალადა ი----- ს-----------ზე, არაერთჯერადი დარტყმებით მიაყენა მას სხეულზე დაზიანებები, რითაც ს-----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, შესაბამისად, ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
49. ა------- შ---–----ის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ არის სახეზე.
50. ა------- შ---–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა არ არის სახეზე.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
51. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
52. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
53. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
54. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
55. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
56. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, არა მისი სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
57. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
58. სსკ-ის 126 მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით, ან უამისოდ.
59. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა------- შ---–----ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
60. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის ასეთი სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში ბრალდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ა------- შ---–----ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :
61. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დაზიანებული მობილური ტელეფონი და მასში მოთავსებული სიმბარათი, ა------- შ---–----ის კუთვნილი ტანსაცმელი, საფულე და მასში მოთავსებული სხვადასხვა დასახელების პლასტიკური ბარათები, ასევე, ი----- ს-----------ს სახელზე გაცემული საბანკო პლასტიკური ბარათი, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო ორი ცალი დანა და ჭურჭლის ნამსხვრევები - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 279-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ა------- ს------ს ძე შ---–----ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდი) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
ბრალდებული ა------- ს------ს ძე შ---–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
ა------- შ---–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 10 სექტემბრიდან.
ნივთმტკიცებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დაზიანებული მობილური ტელეფონი და მასში მოთავსებული სიმ ბარათი, ა------- შ---–----ის კუთვნილი ტანსაცმელი, საფულე და მასში მოთავსებული სხვადასხვა დასახელების პლასტიკური ბარათები, ასევე, ი----- ს-----------ს სახელზე გაცემული საბანკო პლასტიკური ბარათი, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში - დაუბრუნდეს მფლობელებს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო ორი ცალი დანა და ჭურჭლის ნამსხვრევები - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი