განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ს-------------------------------
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2020 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მამია ფხაკაძე
სხდომის მდივანი ბადრი ოთარაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ---------------ე;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ში--------––---------------------, დაბადებული: 24.0-.1----–--–--------------–----------–---------------------------------------–-------------------–----–----------–---------------------–---------------------–------------------------–----------------------------------------–-----------–----------------------
ადვოკატი - ა-----–-–--------;
თარჯიმანი - თ--–----–----;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით ;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით 22:15 საათზე, დაბა გ-----–ი, პოლიციის განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე, შ-------------------მ ს----–-----------ს მუშტი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ს----–-----------ს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით.
ამ ქმედებისთვის შ-------------------ს წარედგინა ბრალდება დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60). მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის საჭიროა დადგინდეს, რომ პირმა სხვა ადამიანის ზემოქმედებით მიიღო ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის ამსრულებელს გაცნობიერებული ჰქონდეს თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და უნდა უხელმძღვანელოს მას.
განსახილველი დნაშაულისგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.
აღნიშნული დანაშაული ობიექტური მხრივ გამოიხატება, როგორც მოქმედებით, ასევე უმოქმედობაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას მიეკუთვნება დაბეჟილობა, სისხლნაჟღენთები, მხედველობისა და სმენის ისეთი შესუსტება, რამაც გამოიწვია შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა, ცხვირისა და ყბის გაბზარვა და ა.შ.
ბრალის ფორმის მიხედვით სახეზეა განზრახი დანაშაული (როგორც პირდაპირი ისე არაპირდაპირი განზრახვით). ამ დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს ყოველი შერაცხადი 14 წელს მიღწეული პირი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგინდა, რომ 2019 წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით 22:15 საათზე, დაბა გ-----–ი, პოლიციის განყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე, შ-------------------მ ს----–-----------ს მუშტი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ს----–-----------ს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით.
სასამართლო სხდომის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას ბრალდებულმა შ-------------------მ მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებაში სრულად ცნო თავი დამნაშავედ.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გაანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: გ-------------------------------------, ს----–-----------ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შ-------------------ს აღიარებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა და სხვა მტკიცებულებები) ერთობლიობა შ-------------------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ შ-------------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
შ-------------------ს შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შ-------------------ს დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ასევე ყურადღებას მიაქცეს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც საქმიანობის პროცესში როგორც კანონმდებელი, ასევე სამართალშემფარდებელი (მოსამართლე) მკაცრად უნდა იცავდეს. სისხლის სამართლის ყველა პრინციპი საქმის განმხილველი მოსამართლის საქმიანობას უნდა განსაზღვრავდეს და განსაკუთრებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მოსამართლემ სისხლის სამართლის კანონი მხოლოდ ამ პრინციპების ზედმიწევნითი დაცვით უნდა გამოიყენოს.
სასჯელის დანიშვნისას, სხვა ზოგადსამართლებრივი თუ სისხლის სამართლის პრინციპების დაცვით, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპით - „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (nulla poena sine lege), რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრა, თუ არა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ანალოგიურ მოთხოვნას აწესებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც, რომლის თანახმად, ქმედების დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს (სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით (სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სანქციის საფუძველზე, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.
კანონიერების ზოგად სამართლებრივი პრინციპი სისხლის სამართალში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვლინდება სასჯელის ასპექტით. სასჯელის სახეები ზუსტადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, ასევე კონკრეტულად არის მითითებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლების სანქციებში. ამდენად, გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისებისა, თუ მხარეთა შორის არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, ან თუ საკითხი არ ეხება კანონის უკუძალით ამოქმედებას, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციაში მოუხსენიებელი სასჯელის თვითნებურად გამოყენება, თუნდაც პასუხისმგებლობის შემსუბუქების კუთხით, დაუშვებელია, არ გამომდინარეობს მატერიალური სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაწესიდან და პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის გარეშე სასჯელის დანიშვნის აკრძალვის საერთაშორისო პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს, კრძალავს სამოსამართლო სამართალს, როგორც სამართლის წყაროს.
სასჯელის კონკრეტული სახის და ზომის განსაზღვრისას საყურადღებოა, რომ ბრალდებულ - შ-------------------ს მიმართ შერაცხული ბრალდება, ძირითადი სასჯელის სახით ითვალისწინებს რამდენიმე ალტერნატივას, კერძოდ, ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ანუ კანონმდებელი არ ადგენს სასჯელის მხოლოდ ერთ სახეს, რომელიც უპირობოდ დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან და საქმის განმხილველ სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, დაადგინოს სასჯელის ისეთი სახე, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის და მისი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, შ-------------------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, თუმცა მის მხარეს არსებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არის აუცილებელი მისი საზოგადოებისაგან სრული იზოლაცია და დანიშნული სასჯელი მას უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. ამავე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილები იმპერატიულად ადგენს, თუ რა შემთხვევებშია დაუშვებელი პირობითი მსჯავრის გამოყენება, კერძოდ: თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაული, ან თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი იყო ორი ან მეტი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის. პირობითი მსჯავრის ეფექტურობასა და შემაკავებელ ხასიათზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის დებულებები: კერძოდ, თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელ ვადაში სისტემატურად ან ჯიუტად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, სასამართლოს შეუძლია გააუქმოს პირობითი მსჯავრი და აღასრულოს განაჩენით დანიშნული სასჯელი. ასევე, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო აუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს რა ბრალდებულ შ-------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ამასთან მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივ საფრთხესა და ხასიათს მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების კერძოდ: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, შესაძლებელი იქნება ბრალდებულ - შ-------------------ს მიმართ საბოლოოდ სასჯელის ისეთი სახის დანიშვნით როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვლება პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელ ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.
2. შირხან კარანზადის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
3. ,,დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ შ-------------------ს დაეკისროს მოვალეობა - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მამია ფხაკაძე