გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310019002940178
საქმე №---------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - ს--------------------–----
წარმომადგენელი - მ-------–--–-----ი
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენლები - ლ-–------------, თ---------–--------–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 13 სექტემბრის №-------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, პაციენტ გ---------------ის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 მარტის №-------- გადაწყვეტილება სს ,,ს------–----------------–--------ის’’ ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის 2018 წლის 12 ოქტომბრის №5-- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, პაციენტ გ---------------ის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში.
1.3. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება პაციენტ გ---------------ის ნაწილში.
მოსარჩელის განმარტებით, პაციენტი გ---------------ე სს „ს------–----------------–--------ი“ - ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში მკურნალობდა 17.02.2018-დან 18.02.2018-მდე, დიაგნოზით: მარჯვენა მტევნის პირველი თითის დისტალური ფალანგების ტრავმული ამპუტაცია. პაციენტს 18 თებერვალს გაუკეთდა ოპერაციული მკურნალობა: მარჯვენა მტევნის პირველი თითის ტაკვის ფორმირება. მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ ვინაიდან პაციენტს აღენიშნებოდა დიდი ზომის ქსოვილიანი დეფექტი, მრავლობითი მცირე ზომის სეკვესტრირებული ძვლის ფრაგმენტებით, ჭრილობის მიდამოდან აღენიშნებოდა არტერიული სისხლდენა, აღნიშნული დაზიანებებიდან და ქსოვილიანი დეფექტიდან გამომდინარე პაციენტს ესაჭიროებოდა სრული ჰემოსტაზი, რბილი ქსოვილების მობილიზაცია ტაკვის ფორმირების მიზნით, ძვლის დაზიანებული მონაკვეთების ექსტრაქცია და დარჩენილი მონაკვეთების შესაბამისი დამუშავება, რის გამოც მიზანშეწონილად ჩაითვალა საოპერაციო ბლოკში რეგიონალური ანესთეზიის ქვეშ აღნიშნული ოპერაციის წარმოება.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის 13 სექტემბრის №-------- გადაწყვეტილების თანახმად, სს „ს------–----------------–--------ი“ ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად პაციენტ გ---------------ის სამედიცინო შემთხვევას განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში. თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 მარტის №-------- გადაწყვეტილებით, პაციენტ გ---------------ის ნაწილში, ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს ,,ს------–----------------–--------ი’’-ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის 2018 წლის 18 თებერვლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) და №288 სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტი - გ---------------ე 2018 წლის 17 თებერვალს მოათავსეს სს ,,ს------–----------------–--------ი“-ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: S68.0 - ცერის ტრავმული ამპუტაცია (მთლიანი) (ნაწილობრივი) (17/02/2018 19:27), მარჯვენა მტევნის პირველი თითის დისტალური ფალანგის ტრავმული ამპუტაცია.
მოკლე ანამნეზში მითითებულია, რომ პაციენტი მიყვანილია კლინიკაში ს.დ.ბ. მიერ, უჩივის მარჯვენა მტევნის პირველი თითის დისტალური ფალანგების ტრავმულ ამპუტაციას, აქვს ტკივილის სინდრომი, სისხლდენა, აღენიშნება პირის სიმშრალე, ზოგადი საერთო სისუსტე. პაციენტის გადმოცემით, აღნიშნული დაზიანებები მიიღო დაახლოებით 1 საათის წინ, ხელი მოყვა ძაღლის საჭერში, რის შედეგადაც აღენიშნა მარჯვენა მტევნის პირველი თითის დისტალური ფალანგის ტრავმული ამპუტაცია. აღნიშნულის გამო პაციენტი მიყვანილ იქნა კლინიკაში შემდგომი მკურნალობის მიზნით.
პაციენტის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას: სტაბილიზაცია. მიეცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები.
სს „ს------–----------------–------------------------–--------- ჰოსპიტალის მიერ გაკეთდა შეტყობინება და ინფორმაცია სამინისტროს ელექტრონულ მოდულში გადაცემულია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდებით: S68.0 - ცერის ტრავმული ამპუტაცია, ჩარევა: NDSQ02 - ცერა თითის ამპუტაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №288 (ს.ფ. 25-46);
- სს „ს------–----------------–------------------------–--------- ჰოსპიტალის 2018 წლის 18 თებერვლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა) (ს.ფ. 41-42);
- სამედიცინო შემთხვევის რეგისტრაციის მოდული (ს.ფ. 119-121).
3.1.2. სს „ს------–----------------–--------ის“ ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის 2018 წლის 05 სექტემბრის №36-3-2/1424191109-15892 „ანაზღაურებაზე უარის“ და „სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრის თანახმად, №2--------- სამედიცინო შემთხვევას, შემთხვევის ტიპი - გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება, სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი თანხა (ლარებში) - 250 განესაზღვრა სტატუსი - არ ანაზღაურდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „ს------–----------------–--------ის“ ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის 2018 წლის 05 სექტემბრის №36-3-2/1424191109-15892 ,,ანაზღაურებაზე უარის“ და ,,სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა რეესტრი (ს.ფ. 17).
3.1.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 13 სექტემბრის №-------- გადაწყვეტილების თანახმად, პაციენტი გ---------------ე, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის“ დანართი 1.1-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე, მკურნალობდა სს ,,ს------–----------------–--------ი“-ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში 2018 წლის 17 თებერვლიდან 2018 წლის 18 თებერვლის ჩათვლით. მიმწოდებლის მიერ, პროგრამის ფარგლებში შემთხვევა წარდგენილია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდებით: S68.0 - ცერის ტრავმული ამპუტაცია, ჩარევა: NDSQ02 - ცერა თითის ამპუტაცია. ანალოგიური ჩარევა გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1.2-ის პირველი პუნქტის 1.3 ქვეპუნქტით (III დონის ტრავმატოლოგიური დახმარება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინსპექტირების ეტაპზე, სამედიცინო შემთხვევას №2--------- განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთვარობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად (წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 13 სექტემბრის №-------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 15-16).
3.1.4. 2018 წლის 12 ოქტომბერს სს ,,ს------–----------------–--------ის’’ ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის დირექტორმა - №5-- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 13 სექტემბრის №-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 მარტის №-------- გადაწყვეტილებით სს „ს------–----------------–--------ის“ ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის 2018 წლის 12 ოქტომბრის №5-- ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მხოლოდ ლუსინე საპონჯიანის სამედიცინო მომსახურების დადგენილი წესით დაფინანსების ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს „ს------–----------------–--------ის“ ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის 2018 წლის 12 ოქტომბრის №5-- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 18-20);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 მარტის №-------- გადაწყვეტილება სს ,,ს------–----------------–--------ის’’ ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის 2018 წლის 12 ოქტომბრის №5-- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე (ს.ფ. 22-24).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სს „ე----------------–---ს“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კანონი ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელი ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქიდანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.
სამართლიანი და თანასწორუფლებიანი საზოგადოების არსებობის მთავარი წინაპირობაა, რომ ყველას ჰქონდეს უფლება მონაწილეობა მიიღოს იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც გავლენას ახდენს მის საარსებო გარემოზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ სტატუსზე. თავად სოციალურ უფლებებში მოიაზრება უფლება ჯანმრთელობის დაცვაზე, რაც უპირველესად სამედიცინო მომსახურების მიღების უფლებას მოიცავს. ზოგადად ჯანმრთელობის უფლება, როგორც ერთ-ერთი უმნიშველოვანესი უფლება ადმიანის უფლებათა შორის, მოხსენიებულია რამდენიმე საერთაშორისო დოკუმენეტში (ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-12 მუხლი და ბავშვთა უფლებების კონვენციის 24-ე, მუხლი). ევროპის სოციალური ქარტიის მე-11 (ჯანმრთელობის დაცვის უფლება) და მე-13 მუხლები (სოციალური და სამედიცინო დახმარების მიღების უფლება) ექსკლუზიურად ამ უფლებას ეხება და განმარტავს, რომ „სოციალური და სამედიცინო დახმარების ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად, მონაწილე მხარეები ღებულობენ ვალდებულებას, ნებისმიერმა პიროვნებამ, რომელსაც არ გააჩნია ადექვარტური რესურსები, ან არ შეუძლია მოიპოვოს ეს რესურსები საკუთარი მცდელობის, ან სხვა წყაროების შედეგად, განსაკუთრებით სოციალური დაზღვევის სფეროდან, უზრუნველყოფილი უნდა იქნას ადექვატური დახმარებით, ხოლო ავადმყოფობის შემთხვევაში მიიღოს აუცილებელი დახმარება. უზრუნველყოფილი იქნას, რომ ამგვარმა დახმარებამ არ გამოიწვიოს პოლიტიკური ან სოციალური უფლებების შემცირება იმ პირებისათვის, ვინც დახმარებას იღებს. უზრუნველყოფილი იქნას, რომ ყველას შეეძლოს მიიღოს ასეთი რჩევა და ინდივიდუალური დახმარება სათანადო სახელმწიფო, ან კერძო სამსახურებიდან, რათა ლიკვდირებული ან შემსუბუქებული იყოს პირადი ან ოჯახის მოთხოვნილებები.’’ ამ მნიშვნელოვანმა უფლება ასახვა პოვა ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 28-ე მუხლი ადგენს, რომ მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით. სახელმწიფო აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვის ყველა დაწესებულებას და სამედიცინო მომსახურების ხარისხს, არეგულირებს ფარმაცევტულ წარმოებას და ფარმაცევტული საშუალებების მიმოქცევას.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 13 სექტემბრის №-------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 მარტის №-------- გადაწყვეტილება სს ,,ს------–----------------–--------ის’’ ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის 2018 წლის 12 ოქტომბრის №5-- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე (გასაჩივრებულ ნაწილში), საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა, როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.3. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 13 სექტემბრის №-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა პაციენტ გ---------------ის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:
,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების პირველი მუხლის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია: ა) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმიურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. ამავე დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ: ა) პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში - რეგულირების სააგენტო), ხოლო მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.
6.4. ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ აღნიშნული პირობის დარღვევა გახდა მოსარჩელისთვის ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 13 სექტემბრის №-------- გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ პაციენტი გ---------------ე, მკურნალობდა სს ,,ს------–----------------–--------ი“-ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში 2018 წლის 17 თებერვლიდან 2018 წლის 18 თებერვლის ჩათვლით. მიმწოდებლის მიერ, პროგრამის ფარგლებში შემთხვევა წარდგენილია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდებით: S68.0 - ცერის ტრავმული ამპუტაცია, ჩარევა: NDSQ02 - ცერა თითის ამპუტაცია. ინსპექტირების ეტაპზე მიჩნეულ იქნა, რომ ანალოგიური ჩარევა გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1.2-ის პირველი პუნქტის 1.3 ქვეპუნქტით (III დონის ტრავმატოლოგიური დახმარება). შესაბამისად, სამედიცინო შემთხვევას №2--------- განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთვარობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ჩატარებული მანიპულაციებიდან გამომდინარე მომსახურება ექცეოდა გადაუდებელი ამბულატორიული კომპონენტით განსაზღვრული ფარგლებით გასაწევი უზრუნველყოფის ღონისძიებების ქვეშ და არა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურებით გაწეული სამედიცინო მომსახურებით.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო სრულად იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას და მიუთითებს ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე’’ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 18 აგვისტოს №04-241/ო ბრძანებაზე, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება არის სამედიცინო მომსახურება (ოჯახის ან სოფლის ან უბნის ექიმის, ექთნის მომსახურება და ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციები, სამედიცინო მანიპულაციები და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები), რომელიც არ საჭიროებს სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას, ხოლო ამავე პუნქტის ,,ვ.ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, გადაუდებელი ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება არის სამკურნალო და დიაგნოსტიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის გადავადების ან განუხორციელებლობის შემთხვევაში, გარდაუვალია პაციენტის დაუყოვნებელი სიკვდილი, უნარშეზღუდულობა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება და როდესაც არ დგება სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებლობა.
დასახელებული მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სტაციონარული სამედიცინო მომსახურება არის სამედიცინო მომსახურება (ოპერაციული თუ კონსერვატიული მკურნალობა, სამედიცინო დანიშნულების საგნების, ფარმაცევტული და სისხლის პროდუქტების ჩათვლით, სამედიცინო მანიპულაციები, ქარხნული წარმოების ენტერალური კვება, სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცედურები, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები), რომელიც საჭიროებს პაციენტის სტაციონარში 24 (ოცდაოთხი) საათზე მეტი დროით მოთავსებას, ხოლო ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად, გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურება არის სამკურნალო და დიაგნოსტიკურ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის გადავადების ან განუხორციელებლობის შემთხვევაში გარდაუვალია პაციენტის დაუყოვნებელი სიკვდილი, უნარშეზღუდულობა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება და რომელიც საჭიროებს სტაციონარულ მომსახურებას.
მოცემულ შემთხვევაში უდავო ფაქტობრივი გარემოებას წარმოადგენს, რომ სს „ს------–----------------–------------------------–--------- ჰოსპიტალის მიერ ინფორმაცია სამინისტროს ელექტრონულ მოდულში გადაცემულია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდებით: S68.0 - ცერის ტრავმული ამპუტაცია, ჩარევა: NDSQ02 - ცერა თითის ამპუტაცია, ეს კი იმ პირობებში, როდესაც ანალოგიური ჩარევა გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი 1.2-ის პირველი პუნქტის 1.3 ქვეპუნქტით, კერძოდ: III დონის ტრავმატოლოგიური დახმარება - მოტეხილობა ცდომით/ ამოვარდნილობა/კუნთებისა და მყესების ნაწილობრივი დაზიანებები/თითის/თითების ტრავმული ამპუტაცია - მოტეხილობის რენტგენოლოგიური კვლევა, რეპოზიცია ან ჩასწორება დახურული წესით, ფიქსაცია/ მ.შ., ჩხირებით/ ტაკვის დამუშავება/ფორმირება.
საქმეში წარმოდგენილი სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით, კერძოდ ოპერაციის პროტოკოლით ზუსტად არის აღწერილი ოპერაციის მსვლელობის თანმიმდევრობა, სადაც მითითებულია, რომ: ,,დამუშავდა ჭრილობა წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი და ბეტადინის ხსნარით, ამპუტირებული თითის დაზიანებებიდან გამომდინარე გადაწყდა ტაკვების ფორმირება პირველი თითის დისტალური ფლანგის მიდამოში. განახლდა ჭრილობის კიდეები, მოხდა ფრჩხილსაზრდელას ამოკვეთა, შემდეგ კანისა და კანქვეშა ქსოვილების მობილიზება, ძვლის შესაბამისი დამუშავების შემდეგ გაკეთდა ტაკვის ფორმირება, ჭრილობები ამოირეცხა მრავაჯერადად, დაედო სიტუაციური ნაკერები’’...(იხ. ს.ფ. 36-37). აღნიშნული პროტოკოლით და საქმეში არსებული სხვა სამედიცინო დოკუმენტაციით ცალსახად დასტურდება, რომ ანალოგიური ჩარევებით შეეძლოთ პაციენტისთვის მომსახურების გაწევა გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე ოპერაციის დაწყებისა და დასრულების დროზეც, კერძოდ, ოპერაციის პროტოკოლით დგინდება, რომ ოპერაცია დაიწყო 17.02.2018წ. 21:20 სთ-ზე და დასრულდა 17.02.2018წ. 22:30სთ-ზე (იხ. ს.ფ. 36-37). სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსდა 17.02.2018წ. 19:27 სთ-ზე, ხოლო სტაციონარიდან გაეწერა 18.02.2018წ. 20:00 სთ-ზე (რაც მხოლოდ ნახევარი საათით აჭარბებს 24 საათს). შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც პაციენტს ოპერაცია უტარდებოდა 1სთ და 10წთ, რომელიც დასრულდა 17.02.2018წ. 22:30 საათზე და მისი დაყოვნება მოხდა 24 საათზე მეტს ხანს, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტს განსაკუთრებული ჩარევა არ ჩატარებია, სასამართლოს უჩნდება ვარაუდი იმისა, რომ აღნიშნული დაყოვნება გამოწვეული იყო მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ სახეზე ყოფილიყო გადაუდებელი სტაციონარული სამედიცინო მომსახურება. ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება, რაც სასამართლოს სხვა დასკვნის გამოტანის საშუალებას მისცემდა, მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 13 სექტემბრის №-------- გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ პაციენტ გ---------------ის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მოსარჩელის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების საფუძველიც.
6.5. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 მარტის №-------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა სს ,,ს------–----------------–--------ის’’ ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის 2018 წლის 12 ოქტომბრის №5-- ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე პაციენტ გ---------------ის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად, არ არსებობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 15 მარტის №-------- გადაწყვეტილების (გასაჩივრებულ ნაწილში) ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ე----------------–---ს’’ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, სს „ე----------------–---ს“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „ე----------------–---ს“ სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს;
2. სს „ე----------------–---ს“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით.
მოსამართლე ლეილა გოგიშვილი