განაჩენი

სისხლის სამართლის 10.02.2020
საქმის ნომერი
080100119002931552
დავის ტიპი
151
თარიღი
10.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/276-19 (N041080319009)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 თებერვალი 2020 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ----- ტ--–--–-–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ნ----–- გ-----–---

მამის სახელი: ვ--–------

დაბადებული: 1--------- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ნასამართლეობა: არ მქონე

მცხოვრები: ქ. ქუთაისი, კ. გ---------------------------

 

ადვოკატი - შ------- ს------–---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი).

 

დისპოზიცია: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2019 წლის 7 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე ქუთაისში, ჩ----–-–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ნ----–- გ-----–--- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს მ------ ც-------–---–-, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2019 წლის 8 მარტს, დაახლოებით 20:30 საათზე ქუთაისში, ჩ----–-–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ნ----–- გ-----–--- დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს მ------ ც-------–---–-, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით, ასევე სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ სადავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება ნ----–- გ-----–---- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენამ. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ნ----–- გ-----–---- ბრალეულობას.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულმა მ------ ც-------–---–-- და მოწმე თ-- გ-----–---მ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, რომლის თანახმად მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ---–---- კ--–--------–---–-- ჩვენებით ირკვევა, რომ ნ----–- გ-----–--- არის მისი დედის ბიძა. 2019 წლის 7 ან 8 მარტს, თარიღს ზუსტად ვერ იხსენებს, საღამოს საათებში გაიგო ხმაური, კერძოდ, ნ----–- გ-----–--- ემუქრებოდა მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მ------ ც-------–---–- გავიდა გარეთ, იყო აღელვებული და უთხრა, რომ მეუღლე ემუქრებოდა და გამოეძახებინა პოლიცია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელ გ------- გ---------- ჩვენებით, 2019 წლის 8 მარტს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაწყებულ იქნა გამოძიება ქუთაისში, ჩ----–-–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ----–- გ-----–---- მიერ მისი მეუღლის მიმართ მუქარის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა ნ----–- გ-----–---. თავად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებულ იქნა დანა, დაზარალებულის განმარტებით, სწორედ აღნიშნული დანით დაემუქრა მეუღლეს ნ----–- გ-----–---. მანვე გამოკითხა მოწმეები და დანიშნა ექსპერტიზები.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში 2019 წლის 8 მარტს გამოძიება დაიწყო მასზედ, რომ ქუთაისში, ჩ----–-–---–-------------ში მ------ ც-------–---–- დანით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლე ნ----–- გ-----–---.

 

დანაშაულის შესახებ შეტყობინების N6----- თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან აცნობეს, რომ ქუთაისში, ჩ----–-–---–-------------ში მ------ ც-------–---–- დანით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლე ნ----–- გ-----–---.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმით, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ------- შ------ მიერ 2019 წლის 8 მარტს 22:30 საათზე, ქუთაისში, ჩ----–-–---–-------------ში განთავსებულ საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნ----–- გ-----–--- დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

 

შემაკავებელი ორდერის N0----- თანახმად, 2019 წლის 8 მარტს გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით. სავარაუდო მოძალადეა ნ----–- გ-----–---, სავარაუდო მსხვერპლი მ------ ც-------–---–-.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, 2019 წლის 9 მარტს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელ გ------- გ---------- მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, კერძოდ: ქუთაისში, ჩ----–-–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებული ოთახი. მ------ ც-------–---–-ს მითითებით ამოღებულ იქნა ოთახში, მაგიდის ზედაპირზე არსებული დანა, რომლითაც მისივე განმარტებით ნ----–- გ-----–--- დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

 

ტრასოლოგიური ექსპერტიზის N1--–- დასკვნით, ქარხნული წესით დამზადებული ერთი ცალი დასაკეცი ტურისტული ტიპის დანა მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელი მოქმედების ცივ იარაღთა კატეგორიას.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია, ასევე, ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია ა) სიცოცხლის მოსპობის ან ბ) ჯანმრთელობის დაზიანების ანდა გ) ქონების განადგურების მუქარამ, ადრესატში გამოიწვიოს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ დანაშაულის კვალიფიკაციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ დაზარალებულის ჩვენებას (ამასთან დაკავშირებით იხ.: უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება N251აპ-18 საქმეზე; უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება N276აპ-17 საქმეზე).

 

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლს, იგი მიუთითებს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ოჯახის წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე.

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების, მათ შორის უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საფუძველზე, ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ნ----–- გ-----–---- მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს, კერძოდ:

 

იმ ფონზე როდესაც განსახილველი დანაშაულის კვალიფიკაციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დაზარალებულის ჩვენებას, დაზარალებულმა მ------ ც-------–---–-- ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამავე უფლებით ისარგებლა მოწმე თ-- გ-----–---მ და უარი განაცხადა მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ლ---–---- კ--–--------–---–--ა და გამომძიებელ გ------- გ---------- ჩვენებებს ასევე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული საქმეში წარმოდგენილი მოწმეების გ------- ტ--------, გ------- შ------ა და თ------- კ--–--------–---–-- ჩვენებებს სასამართლო უთითებს, აღნიშნული პირები გადმოსცემენ იმ დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას, რომელმაც საქმის განხილვისას ჩვენება არ მისცა, არცერთი მათგანი არ არის ფაქტის თვითმხილველი და აღნიშნული მოწმეების ჩვენებები საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არასაკმარის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, იმ ვითარებაში, როდესაც ბუნებაში არ არსებობს დაზარალებულ მ------ ც-------–---–-ს ჩვენება, შეუძლებელია იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, ჰქონდა თუ არა ადგილი მუქარის ფაქტს და მით უფრო, იმის ვარაუდი, დაუდასტურებელი მუქარა რეალურად აღიქვა თუ არა დაზარალებულმა და გაუჩნდა თუ არა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს შიშის რეალურობის შეფასების ისეთ სუბიექტურ კრიტერიუმს, როგორიც არის დაზარალებულის აღქმა და განმარტავს, რომ დანაშაულის (მუქარის) არსებობისათვის აუცილებელია სწორედ იმის უტყუარად დადგენა, გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. წარმდგენილი მტკიცებულებებით კი სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და არ არსებობს ნ----–- გ-----–---- მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ----–- გ-----–---- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც ნ----–- გ-----–--- წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ----–- გ-----–--- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 7 მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 8 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

ნ----–- გ-----–---- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

გამართლებულ ნ----–- გ-----–---ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა - დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოების ამსახველი დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური