გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210019002895029
2-708/19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08/01/2020 წელი ქ.ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე: - სს ‘’თ----------ი’‘
წარმომადგენელი: - ს--–-------–----–--ლი
მოპასუხეები: - ე-–------ ბ-----ე
დავის საგანი: - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
სს ,,თ----------ი’’ სასარჩელო განცხადებით მოითხოვს ე-–------ ბ-----ეს, მის სასარგებლოდ დაეკისროს:
- 2013 წლის 24 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 8032,95 ლარის გადახდა.
- 2015 წლის 5 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 9607,12ლარის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:
2013 წლის 24 მაისს სს „თ----------სა“ და ე-–------ ბ-----ეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 3 000 ლარი. სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენს წლიურად 36 %-ს. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადაა 2041 წლის 1 აგვისტომდე პერიოდი. ბარათის მომსახურების საკომისიო შეადგენს წელიწადში 40 ლარს. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად დაანგარიშების თარიღიდან 25-ე დღეს. აუცილებელი მინიმალური დასაფარი თანხა შეადგენს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10 %-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო. სესხის დასაფარი თანხა შეტანილი უნდა იქნას დაანგარიშებიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს. სესხის დაფარვის ვადის დარღვევისას დავალიანებას დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 ლარი და დავალიანების 1 %. მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი მოვალეობა და ბარათიდან ათვისებული თანხა არ დააბრუნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით. მას გადასახდელი აქვს ძირი თანხა 3999,75 ლარი, პროცენტი 3688,2 ლარი და პირგასამტეხლო 1554,78 თეთრი, რასაც ამცირებს 345 ლარამდე.
2015 წლის 5 სექტემბერს სს „თ----------სა“ და ე-–------ ბ-----ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ე-–------ ბ-----ეს 2019 წლის 1 სექტემბრამდე ვადით ასესხა 10 100 ლარი. წლიური სარგებელი შეადგენს სესხად გადაცემული თანხის 15,5 %-ს. სესხი უნდა დაფარულიყო მხარეთა მიერ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. სესხის დაფარვის ვადების დარღვევისას მსესხებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი, შემდეგში კი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავაალიანების 0,5 %. მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და სესხის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე, მას გადასახდელი აქვს, ძირი თანხა 6669,87 ლარი, სარგებელი 2421,75 ლარი, დაზღვევის თანხა 15, 50 ლარი და დაკორექტირებული პირგასამტეხლო 2000 ლარი, რასაც ამცირებს 500 ლარამდე.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. ე-–------ ბ-----ე შესაგებლით სარჩელს ნაწილობრივად ცნო. ის ადასტურებს ყველა ფაქტობრივ გარემოებას, მაგრამ სარჩელს არ ცნობს პირგასამტეხლოს ნაწილში. მიაჩნია, რომ ამ ნაწილში პირგასამტეხლო არაგონივრულია და მოითხოვს მისი შემცირება.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2013 წლის 24 მაისს სს „თ----------სა“ და ე-–------ ბ-----ეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 3 000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 24 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, ს.ფ. 22-25
3.1.2. 2013 წლის 24 მაისის სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენს წლიურად 36 %-ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 24 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, ს.ფ. 22-25
3.1.3. ბარათის მომსახურების საკომისიო შეადგენს წელიწადში 40 ლარს. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად დაანგარიშების თარიღიდან 25-ე დღეს. აუცილებელი მინიმალური დასაფარი თანხა შეადგენს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10 %-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 24 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, ს.ფ. 22-25
3.1.4. 2013 წლის 24 მაისის სესხის დასაფარი თანხა შეტანილი უნდა იქნას დაანგარიშებიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს. სესხის დაფარვის ვადის დარღვევისას დავალიანებას დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 ლარი და დავალიანების 1 %.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 24 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, ს.ფ. 22-25
3.1.5. ე-–------ ბ-----ემ დაარღვია 2013 წლის 24 მაისის სესხის დაფარვის ვალდებულება და სესხის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე, რის გამოც სესხს დაერიცხა პირგასამტეხლო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებები.
- საბანკო ამონაწერი ს.ფ. 26-51
3.1.5 2013 წლის 24 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ე-–------ ბ-----ეს გადასახდელი აქვს ძირი თანხა 3999,75 ლარი და სარგებელი 3688,2 ლარი,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
- საბანკო ამონაწერი ს.ფ. 17-18
- სს ,,თ----------ის“ ცნობა.
3.1.6. 2015 წლის 5 სექტემბერს სს „თ----------სა“ და ე-–------ ბ-----ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ე-–------ ბ-----ეს 2019 წლის 1 სექტემბრამდე ვადით ასესხა 10 100 ლარი. წლიური სარგებელი შეადგენს სესხად გადაცემული თანხის 15,5 %-ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
- საბანკო ამონაწერი ს.ფ. 17-18
- სს ,,თ----------ის“ ცნობა.
3.1.7. 2015 წლის 5 სექტემბრის სესხი უნდა დაფარულიყო მხარეთა მიერ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. სესხის დაფარვის ვადების დარღვევისას მსესხებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი, შემდეგში კი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავაალიანების 0,5 %.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
- საბანკო ამონაწერი ს.ფ. 17-18
- სს ,,თ----------ის“ ცნობა. ს.ფ. 16.
3.1.8. ე-–------ ბ-----ემ 2015 წლის 5 სექტემბრის სესხის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე, მას გადასახდელი აქვს, ძირი თანხა 6669,87 ლარი, სარგებელი 2421,75 ლარი და დაზღვევის თანხა 15, 50 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
- საბანკო ამონაწერი ს.ფ. 17-18
- სს ,,თ----------ის“ ცნობა. ს.ფ. 16.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
მოპასუხე სადაოდ ხდის პირგასამტეხლოს დარიცხვას და მის მოცულობას. დადგენილია, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვაზე მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით. სარჩელში მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლო არის თუ არა გონივრული, ეს საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.
სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
_ საქართველოს კონსტიტუცია 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივდასადები ინტერესები გათვალისწინებული უნდა იქნას თანაბრად. განსახილველ საქმეში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე ეკისრება სესხად გაცემული თანხის სრულად უკან დაბრუნების მოვალეობა, თუმცა ის ნაკისრ მოვალეობას არ ასრულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ თუ ე-–------ ბ-----ემ მოსარჩელისაგან აიღო სესხი და შეთანხმებულ ვადაში არ დაფარა, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის იმ პირობების შესაბამისად დაბრუნება, რაზეც მხარეები არიან შეთანხმებულნი.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არ არსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მოსარჩელის მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოსარჩელე მიუთითებს სახელშეკრულებო ურთიერთობაზე. სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის მთავარი მახასიათებელია სათანადო პირობებით შეთანხმებული გარიგების არსებობა.
6.3. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის საფუძვლიდან. დასახელებული ნორმით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”.
დადგენილია, რომ სს ,,თ----------ი“ საკრედიტო დაწესებულებაა. მისი საქმიანობის საგანია სარგებელის პირობით სესხის გაცემა და გარკვეული მოგების მიღება. თავის მხრივ ე-–------ ბ-----ეს სჭირდებოდა თანხის სესხად მიღება. მათი ინტერესები დაემთხვა, რის შედეგადაც მხარეებს შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება გაფორმდა ორჯერ. კერძოდ:
- 2013 წლის 24 მაისს სს „თ----------სა“ და ე-–------ ბ-----ეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 3 000 ლარი.
- 2015 წლის 5 სექტემბერს სს „თ----------სა“ და ე-–------ ბ-----ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ე-–------ ბ-----ეს 2019 წლის 1 სექტემბრამდე ვადით ასესხა 10 100 ლარი. წლიური სარგებელი შეადგენს სესხად გადაცემული თანხის 15,5 %-ს.
სწორედ ასეთ ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესი. შესაბამისად მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა საკრდიტო ხელშეკრულებაა, ამიტომ სესხის დაფარვასთან დაკავშირებით მათ შორის დავა უნდა დარეგულირდეს საკრედიტო ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.
6.4. დადგენილია, რომ მოსარჩელემ, ე-–------ ბ-----ესთან დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა ვადაზე ადრე და სესხად გაცემული თანხის მთლიანად უკან დაბრუნება მოითხოვა. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულეის შეწყვეტა გარიგებაა. იგი ხელშეკრულების მონაწილე მხარის ნების გამოვლინებაა, მაგრამ მისი ნამდვილობისათვის აუცილებელია დაცული იყოს საქართველოს სკ-ის 405-ე მუხლის წინაპირობები.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
6.6. საქ. სკ-ის 873-ე მუხლით ,,კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა”.
სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ საქ. სსკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებებს, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვისათვის აუცილებელია ორ კვირიანი დამატებითი ვადის დანიშნვაც.
განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ე-–------ ბ-----ემ საბანკო პროდუქტებით ისარგებლა და აითვისა კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო სესხად მიღებული თანხა, ვალის დაფარვის მიზნით ბანკში შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მან ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულება. მოპასუხემ სესხი გრაფიკის მიხედვით არ გადაიხადა და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოსარჩელეს მიაყენა ზიანი. მან თანხის შეტანა შეწყვიტა და შენატანის შეტანის ვადას გადააცილა ორ ვადაზე მეტი, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას ხელშეკრულებიდან გავიდეს და დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება.
6.7. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხი. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. ხელშეკრულების დადებისა და თანხის სესხად გადაცემის შემდეგ მოსარჩელეს უფლება აქვს მოპასუხეს მოსთხოვოს სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნება იმ ვადაში და პირობებით, რაზეც ხელშეკრულებით იყვენ შეთანხმებულნი. თავის მხრივ მსესხებელი ვალდებულია ნაკისრი ვალდებულება შესრულოს ჯეროვნად, ანუ ისე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი - სესხად მიღებული თანხა მოსარჩელეს დაუბრუნოს ხელშეკრულებაში შეთანხმებული პირობების შესაბამისად. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. ე-–------ ბ-----ემ დაარღვია ვალდებულება და სესხად მიღებული თანხები ბანკს არ დაუბრუნა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. მოპასუხის ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას, რაც მოსარჩელეს, საქ. სკ-ის 873-ე მუხლის საფუძველზე ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის სრული დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ე-–------ ბ-----ე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს საკრედიტო ხელშეკრულებით მიღებული ძირი თანხა. მოპასუხეს გადასახდელი აქვს შემდეგი თანხა:
- 2013 წლის 24 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა - 3999,75 ლარი;
- 2015 წლის 5 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა - 6669,87 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირი თანხის, ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.8. საქ. სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. ე-–------ ბ-----ეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
2013 წლის 24 მაისის ხელშეკრულებით გაცემულ სესხზე სარგებელი შეადგენდა წლიურ 36 %-ს. 2015 წლის 5 სექტემბრის ხელშეკრულებით გაცემულ სესხზე სარგებელი შეადგენდა წლიურ 15,5 %-ს. სარგებელის სახით გადასახდელი თანხა, ძირი თანხის მსგავსად უნდა გადანაწილებულიყო და კუთვნილ ძირი თანხის ერთად ბანკში უნდა შეტანილიყო გრაფიკის მიხედვით. როგორც ზემოთ განვმარტეთ მოპასუხემ შეწყვიტა, როგორც ძირი თანხის, ისე სარგებელის გადახდა. სარგებელის სახით გადასახდელად ერიცხება:
- 2013 წლის 24 მაისის ხელშეკრულებით გაცემულ სესხზე 3688,2 ლარი;
- 2015 წლის 5 სექტემბრის ხელშეკრულებით გაცემულ სესხზე - 2421,75 ლარი, დაზღვევის გადასახდელი 15,50 ლარი;
სასამართლო მიიჩნევს, რომ სარგებელი სწორადაა გაანგარიშებული და ე-–------ ბ-----ემ ის უნდა გადაიხადოს სრულად.
6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ საკრედიტო ბარათით გათვალისწინებულ სესხზე კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, დავალიანებას დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 ლარი და დავალიანების 1 %, ხოლო 2015 წლის 5 სექტემბრის სესხზე კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, დავალიანებას დაერიცხება პირგასამტეხლო ფიქსირებული 20 ლარი და ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზედავალიანების 0,5 %.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.
დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევიდან დავალიანების დაანგარიშებამდე გასული ვადის მიხედვით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. ვადაგადაცილების მიხედვით კუთვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა მოსარჩელემ მნიშვნელოვნად შეამცირა და მოითხოვა გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა. პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრულია. მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს:
- 2013 წლის 24 მაისის ხელშეკრულებით გაცემულ სესხზე 345 ლარი;
- 2015 წლის 5 სექტემბრის ხელშეკრულებით გაცემულ სესხზე - 500 ლარი;
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ბაჟის ოდენობა გამოიანგარიშა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით. დასახელებული ნორმით სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა. სამოქალაქო სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტით ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით. საქმეში მოსარჩელე დაობს 17 640,07 ლარზე. ამ თანხის 3 % შეადგენს 529,20 ლარს.
7.2. საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი იმ მოპასუხეებს ათავისუფლებს სახ. ბაჟის გადახდისაგან, ვინც საქმის მომზადების სტადიაზე სარჩელს ცნობს. როგორც ზემოთ განვმარტეთ მოპასუხემ სარჩელი ძირი თანხის ანუ 16 795,07 ლარის ნაწილში სცნო, ამიტომ ის ამ ნაწილში კუთვნილ ბაჟის - 503,85 ლარის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდეს.
7.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეს სახ. ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი აქვს 531,79 ლარი. რა ნაწილში მოპასუხემ სარჩელი ცნო, იმ ნაწილში გადახდილი ბაჟი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს უკან (ზედმეტად გადახდილი თანხის ერთად). დარჩენილი 25,35 ლარი კი საქ. სსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არაა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,თ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.
2. ე-–------ ბ-----ეს სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 17 640,07 ლარის გადახდა.
3. ე-–------ ბ-----ეს სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილის 25,35 ლარის ანაზღაურება.
4. სს ,,თ----------ს“ (სს ბ--------------–--ას) უკან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი - 506,44 ლარი (საგადასახადო დავალება - 82, გადახდის თარიღი - 24/01/2019 წელი, გადამხდელის ბანკი - სს თ----------ი, სახაზინო კოდი - 300693150)
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე