გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/141-1-
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლელა ცანავა
სხდომის მდივანი ელენე მასხარაშვილი
მოსარჩელე მ--------------ა
მოპასუხე მ-------–-----ა
წარმომადგენელი მ------------–------ე
დავის საგანი ალიმენტის ოდენობის შემცირება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის საქმე №2ბ/6593-16 გადაწყვეტილებით მ--------------ასთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის - 200-200 ლარის შემცირება და მოსარჩელისათვის არასრულწლოვანი შვილების, 2--- წლის 1- ივლისს დაბადებული ა-–-----------------ს და 2--- წლის 1- ივლისს დაბადებული ა---------ს სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 80-80 (ოთხმოც-ოთხმოცი) ლარის გადახდის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან, 201- წლის 30 ოქტომბრიდან, მათ სრულწლოვანების მიღწევამდე;
სარჩელის საფუძვლები:
მ--------------ასა და მ-------–-----ას თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი ტყუპი შვილი, 2--- წლის 1- ივლისს დაბადებული ა-–----------------- და ა---------. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის საქმე №2ბ/6593-16 გადაწყვეტილებით, მ--------------ას არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200-200 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის მითითებით, იგი მუშაობდა ა--------------------------------------–----------------------------------------------ში, ალიმენტს იხდიდა კეთილსინდისიერად და დავალიანება არასდროს ჰქონია. თუმცა სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ დარჩა უმუშევარი, რაც დაკისრებული ალიმენტის შემცირების საფუძველია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე არ დაეთანხმა ალიმენტის ოდენობის შემცირებას, აღნიშნა, რომ მოსარჩელეს დაკისრებული ალიმენტი ნებაყოფლობით არასდროს გადაუხდია. ამასთან, იგი არ არის უმუშევარი, დასაქმებულია ა--------------------------------------–--------------------------------------------------------------------–-------------------–------------------------------ში და არ შეცვლილა მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მ--------------ას და მ-------–-----ას თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი ტყუპი შვილი, 2--- წლის 1- ივლისს დაბადებული ა-–----------------- და ა---------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება საქმე №2ბ/6593-16 (ს.ფ.15-55).
3.1.2. მ--------------ა და მ-------–-----ა ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოპასუხე ცხოვრობს არასრულწლოვან შვილებთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, 2020 წლის 11 თბერვლის სხდომის ოქმი);
3.1.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის საქმე №2ბ/6593-16 გადაწყვეტილებით, მ--------------ას არასრულწლოვანი შვილების ა-–-----------------სა და ა---------ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეული შვილის მიმართ 200-200 (ორას-ორასი) ლარის, სულ 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვირს დღიდან 2015 წლის 04 მარტიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება საქმე №2ბ/6593-16 (ს.ფ.15-55);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო 2020 წლის 11 თებერვლის სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 201- წლის 15 ნოემბრიდან მ--------------ა დასაქმებულია სსიპ ა-----------------–-------------------–------------------------------–---------------–--------------------ის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს - 720 (შვიდას ოცი) ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ცნობა (ს.ფ.140).
-სსიპ „------------------–-------------------–------------------------------ს“ დირექტორის 201- წლის 15 ნოემბრის №4- ბრძანება (ს.ფ 141)
3.2.4. მ--------------ას აქვს საკრედიტო დავალიანება სს ,,თი ბი სი ბანკის“ წინაშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ინფორმაცია დავალიანების შესახებ (ს.ფ.58-60)
3.2.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროისთვის მ--------------ას ხელფასი (ხელზე ასაღები) შეადგენდა 920 (ცხრაას ოცი) ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება საქმე №2ბ/6593-16 (ს.ფ.15-55)
-ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან (ს.ფ.108-112).
-მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი ასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მათი სამართლიანი შეფასების საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ ნაწილობრივ შეიცვალა მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობა, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, არასრულწლოვანთა რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე, ა-–-----------------სა და ა---------ს რჩენა-აღზრდისათვის განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა ნაწილობრივ უნდა შემცირდეს და ნაცვლად 200-200 (ორას-ორასი) ლარისა, იგი განისაზღვროს 150-150 (ას ორმოცდაათი-ას ორმოცდაათი) ლარით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11-7-ე, 11-8-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1221-ე, 1231-ე და 1234-ე მუხლები
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შეიცვალა მისი მატერიალური მდგომარეობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
დადგენილია, რომ მ--------------ასა და მ-------–-----ას თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი ტყუპი შვილი, 2--- წლის 1- ივლისს დაბადებული ა-–----------------- და ა---------. მხარეები ფაქტობრივად აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოპასუხე ცხოვრობს არასრულწლოვან შვილებთან ერთად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის საქმე №2ბ/6593-16 გადაწყვეტილებით, მ--------------ას არასრულწლოვანი შვილების ა-–-----------------სა და ა---------ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეული შვილის მიმართ 200-200 (ორას-ორასი) ლარის, სულ 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვირს დღიდან 2015 წლის 04 მარტიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.
სამოქალაქო კოდექსის 11-8-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1-94 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში №14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
ამავე კონვენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1-66 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1-94 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ალიმენტის დადგენილი ოდენობის შეცვლა, მისი შემცირების გზით უკავშირდება შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არსებობას: 1. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი უნდა იყოს ალიმენტვალდებული პირის მიერ შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა; 2. ალიმენტის ოდენობის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა უნდა გაუარესდეს, მაგ: შემოსავლების შემცირება; 3. ოჯახური მდგომარეობა უნდა შეიცვალოს, რაც გულისხმობს კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდას 4. შემცირებული ალიმენტის ოდენობა მეორე მშობლის, ამ შემთხვევაში დედის, მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა იყოს საკმარისი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო აუცილებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის, გარემოებათა შეცვლის შემთხვევაში იგი ექვემდებარება გადაანგარიშებას. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის შემცირებას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლი მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომაროების ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან.
მოცემულ შემთხვევაში წინამდებარე დავისათვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებებიდან დადგენილია, რომ ა-–----------------- და ა--------- არიან არასრულწლოვნები, ასაკიდან გამომდინარე მოთხოვნილებებითა და საჭირობებით.
დადგენილია მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა, კერძოდ, 201- წლის 15 ნოემბრიდან მ--------------ა დასაქმებულია სსიპ ა-----------------–-------------------–------------------------------–---------------–--------------------ის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს - 720 (შვიდას ოცი) ლარს, აქვს საკრედიტო ვალდებულებები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება შეიცვალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. გადაწყვეტილების მიღების დროს მოსარჩელის ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 920 (ცხრაას ოცი) ლარს.
შესაბამისად, გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ შეიცვალა მოსარჩელე მ--------------ას მატერიალური მდგომარეობა მისი გაუარესების გზით, რის გამოც სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მართალია ბავშვების ინტერესი უპირატესია, მაგრამ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა - ყოველთვიურად 200-200 ლარი, აღარ არის მოსარჩელის რეალური ქონებრივი მდგომარეობის შესატყვისი, ნაწილობრივ სახეზეა სსკ-ის 1121-ე მუხლით ალიმენტის ოდენობის შემცირებისათვის აუცილებელი წინაპირობები, მათ შორის, გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - ალიმენტვალდებული პირის, მ--------------ას მატერიალური მდგომარეობის შეცვლა მისი გაუარესების სახით, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირება, მაგრამ არა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით, არამედ საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით. ალიმენტის ოდენობის ნაწილობრივ შემცირება, წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ შეიძლება შეფასდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების ხელყოფად.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამდენად, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
მოპასუხე მ-------–-----ა თავისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, არ არის თანახმა არასრულწლოვანი ა-–-----------------ს და ა---------ს რჩენა-აღზრდისათვის მიიღოს შემცირებული ალიმენტის ოდენობა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვნების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. არასრულწლოვანის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება მისი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. გაზრდილია ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობაც შექმნილი ეკომონიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ ამასთან მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ არ შეიძლება შეილახოს არც ერთი მხარის კანონით დაცული უფლებები და ინტერესები. ა-–----------------- და ა--------- არიან არასრულწლოვნები, მათ აქვთ ასაკიდან გამომდინარე მოთხოვნილებები და საჭიროებები, რაც ყოველდღიურ ყოფაში მატულობს, შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხე, ალიმენტის მოთხოვნილი ოდენობით შემცირების შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ფინანსურ სახსრებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ბავშვების ინტერესების საზიანოდ ალიმენტის ოდენობის შეცვლას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ შეცვლილი სახით მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა 80-80 ლარი, საკმაოდ მცირეა დღეის მდგომარეობით ბავშვებისათვის აუცილებელ ხარჯებთან მიმართებით.
სასამართლო მიუთითებს, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. ალიმენტვალდებულის დროებითი უმუშევრობაც კი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ იგი გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელეს არ უდასტურდება სტაბილურად ყოველთვიური მაღალი შემოსავლის მიღება, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნას მ--------------ას შემოსავლები, ის გარემოება, რომ ბავშვები საცხოვრებლად იმყოფებიან მ-------–-----ასთან და მამის ვალდებულება შემოფარგლულია მხოლოდ ალიმენტის გადახდით, მას არ უწევს დამატებითი ხარჯების გაწევაში მონაწილეობა და მთლიანი ზრუნვა გადადის იმ მშობელზე, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს.
სასამართლო მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (), რაც საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2020 წლის იანვრის თვისათვის - 174.4 ლარს და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
ამასთან, სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავალ-გასავლებისა და არასრულწლოვანი ბავშვების მდგომარეობის გათვალისწინებით.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის ნაწილობრივ შეცვლის, ბავშვების ასაკის, მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს და მოსარჩელის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა, სარჩელის აღძვრიდან 201- წლის 30 ოქტომბრიდან, განისაზღვროს 150-150 (ას ორმოცდაათი- ას ორმოცდაათი) ლარით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელე მ--------------ას მიერ სარჩელთან მიმართებით სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8,41-ე, 42-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 24--249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მ--------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოსარჩელე მ--------------ას (პირადი № 62006002045) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის საქმე №2ბ/6593-16 გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა - თითოეული შვილის მიმართ 200-200 (ორას-ორას) ლარი შეუმცირდეს 100 (ასი) ლარით და დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების, 2--- წლის 1- ივლისს დაბადებული ა-–-----------------ს (პ/ნ 0----------) და 2--- წლის 1- ივლისს დაბადებული ა---------ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 -150 (ას ორომოცდაათი-ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა, 201- წლის 30 ოქტომბრიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;
3. მ--------------ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. თბილისი, ანა კალანდაძის ქუჩა №7ა) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისი, ანა კალანდაძის ქუჩა №7ა) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლელა ცანავა