განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/547-18 (N041310518002)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 თებერვალი 2020 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------- ტ---–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული: გ------- ა---------
მამის სახელი: ვ--------
დაბადებული: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლეობა: არ მქონე
მცხოვრები: ქ. ქუთაისი, კ-----------------------
ადვოკატი - თ---------- მ----
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის მიმართ.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 30 მაისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქუთაისში, თ------–---–-----------------ში მდებარე სახლში გ------- ა---------მ ძმას, არასრულწლოვან ა-----– ა---------ს რამდენჯერმე ხელი დაარტყა სახის და ტანის არეში. დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით, ასევე სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ სადავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება გ------- ა---------- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ------- ა---------- ბრალეულობას.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულმა ა-----– ა---------მ, მოწმეებმა მ------- ჩ---–----, ვ------- ა---------მ და ნ---- ხ------–---- ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, რომლის თანახმად მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მოწმე ა--- ს--------- ჩვენებით, არის ორგანიზაცია იდენტობის წევრი, მას დახმარებისათვის მიმართა აღნიშნული ორგანიზაციის ბენეფიციარმა ა-----– ა---------მ და სთხოვა დაერეკა პოლიციაში, ვინაიდან მასზე ფიზიკურ ძალადობას ახორციელებდა მისი ძმა გ------- ა---------. მოწმის განმარტებით მისთვის ცნობილია, რომ ძალადობას ა-----–ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხშირად აქვს ადგილი, თუმცა გ------- ა---------- მიერ განხორციელებული ძალადობის შესახებ მოწმემ გაიგო პირველად. ა-----– ა----------აგან მიიღო სრულყოფილი ინფორმაცია ფიზიკური ძალადობის ფაქტის შესახებ და ამის შემდეგ გამოიძახა პოლიცია.
ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ბ----- ე-–----- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ გამოიკითხა დაზარალებული ა-----– ა--------- საპროცესო წარმომადგენელთან ერთად, რომელმაც თავის ჩვენებაში დეტალურად აღწერა მისი ძმის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტები. აგრეთვე მოწმის მიერ დათვალიერდა ა-----– ა---------- სოციალური ქსელის მიმოწერა. საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზები და დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება გაეცნო დაზარალებულს.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში 2018 წლის 31 მაისს გამოძიება დაიწყო მასზედ, რომ ქუთაისში, თ------–---–-----------------ში მცხოვრებ ა-----– ა---------ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ძმამ, გ------- ვ--------ს ძე ა---------მ.
დანაშაულის შესახებ შეტყობინების N1------ თანახმად, 2018 წლის 31 მაისს 112-ში შევიდა ინიციატორ ა--- ს--------- შეტყობინება, რომლის თანახმად არასრულწლოვან ბავშვზე იძალადა დედმამიშვილმა.
ბრალდებულის დაკავების ოქმით, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბ----- ა---–-------- მიერ 2018 წლის 31 მაისს 01:50 საათზე, ქუთაისში, კ---------------------ში გ------- ა--------- დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასვნით, 31.05.2018 წელს 16:48 – 16:58 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ა-----– ა---------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
აღნიშნული ექსპერტიზის დასვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ----------------.
შემაკავებელი ორდერის N0----- თანახმად, 2018 წლის 31 მაისს გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით. სავარაუდო მოძალადე გ------- ა---------მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სავარაუდო მსხვერპლს ა-----– ა---------ს.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში.
ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. ბრალდების ფორმის მიხედვით სახეზეა განზრახი დანაშაული, შესაბამისად პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა გ------- ა---------- მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის მიმართ. სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ 2018 წლის 30 მაისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქუთაისში, თ------–---–-----------------ში მდებარე სახლში გ------- ა---------მ ძმას, არასრულწლოვან ა-----– ა---------ს რამდენჯერმე ხელი დაარტყა სახის და ტანის არეში. დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი არათუ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება გ------- ა---------- ბრალდების დასადასტურებლად. აღნიშნულთან დაკავშრებით სასამართლო უთითებს, რომ დაზარალებულმა ა-----– ა---------მ და მოწმეებმა მ------- ჩ---–----, ვ------- ა---------მ და ნ---- ხ------–---- ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. რაც შეეხება საქმეზე დაკითხული მოწმეების ა--- ს---------, ბ----- ე-–----- და გ---------------- ჩვენებებს, არცერთი მათგანი არ არის ფაქტის თვითმხილველი და ისინი ავრცელებენ იმ დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. შესაბამისად სასამართლო სხდომაზე დაკითხული აღნიშნული მოწმეების ჩვენებები საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს. სხვა მტკიცებულება, რაც გ------- ა---------- ბრალეულობას დაადასტურებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომას, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს (იხილეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548; §52). შესაბამისად, მოწმის ჩვენების სამართლებრივი ღირებულება, მაშინ როდესაც მის მიერ, სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ დასტურდება სასამართლოში წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულებით, სასამართლო ვერ დაეყრდნობა.
საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასვნა,რომლის თანახმად 31.05.2018 წელს 16:48 – 16:58 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ა-----– ა---------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. სასამართლო უთითებს, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს სხეულზე მიყენებული დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე და რაოდენობა, თუმცა სამედიცინო ექსპერტი ვერ დაადგენს თუ ვის მიერ იქნა მიყენებული ეს დაზიანებები. საქმეში კი არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული დაზიანება ა-----– ა---------მ მიიღო გ------- ა---------- ძალადობრივი ქმედების შედეგად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა გ------- ა---------- ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში. წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ------- ა---------- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც გ------- ა--------- წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ------- ა--------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
გ------- ა---------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
გამართლებულ გ------- ა---------ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური