განაჩენი

სისხლის სამართლის 20.01.2020
საქმის ნომერი
330100119003319215
თარიღი
20.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/5791-19

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 იანვარი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-----–-----------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ------- თ------- ძე კ----–-–---–ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 2------------, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------–--------–------------–--

 

კვალიფიკაცია:

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ)

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 22 ოქტომბერს, 21:30 საათიდან 22:00 საათამდე დროის შუალედში, ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფი გ------- კ----–-–---–ი, მივიდა ე----- ა------ესთან სახლში, თბილისი, ლ---–- ა--–---- ქუჩა #-- ბინა #--–-, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეაფურთხა სახეში და გაშლილი მარჯვენა ხელი დაარტყა მარცხენა მხარეს ლოყაზე. ძალადობის შედეგად ე----- ა------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ქმედება გ------- კ----–-–---–მა განახორციელა ე----- ა------ის არასრულწლოვანი შვილის ნ-----–---- კ------ის თანდასწრებით.

 

1.2. 2019 წლის ივლისიდან აგვისტოს თვის ბოლომდე, თბილისში, ლ---–- ა--–---- #-- ბინა #--–- მდებარე ე-----ი ა------ის საცხოვრებელ სახლში, გ------- კ----–-–---–ი და ე-----ი ა------ე ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთიან სამეურნეო საქმიანობას, მათთან ერთად ცხოვრობდა ე-----ი ა------ის არასრულწლოვანი შვილი ნ-----–---- კ------ე. გ------- კ----–-–---–ის მხრიდან მუდმივი სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, 2019 წლის სექტემბრის თვიდან ე-----ი ა------ე და გ------- კ----–-–---–ი დაშორდნენ ერთმანეთს. დაშორების შემდგომ 2019 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით, გ------- კ----–-–---–ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ე-----ი ა------ეს, მუქარით აიძულებდა შერიგებას და მასთან თანაცხოვრებას. ე-----ი ა------ისგან უარის მიღების შემდეგ კი მას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და მისი კუთვნილი ავტომობილის გადაწვით.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

2.2.სასამართლოს დასკვნა გ------- კ----–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ე-----ი ა------ის და მოწმეების - ნ-----–---- კ------ის, ლ-------------ს გამოკითხვის ოქმებს, #0---- შემაკავებელი ორდერს ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გ------- კ----–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ე.ი. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. სასამართლომ დადგენილ ფაქტად მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა 2019 წლის 22 ოქტომბერს ე-----ი ა------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, გაშლილი ხელი დაარტყა ლოყაზე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3.3. კანონმდებლის მიერ ასევე კრიმინალიზებულია იძულება. ობიექტური მხრივ იძულება გამოიხატება პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როდესაც პირს აიძულებენ შეასრულოს რაიმე ქმედება მისი ნების საწინააღმდეგოდ, იმის მიუხედავად, შეასრულა თუ არა მან დამნაშავისთვის სასურველი ქმედება. უდავო მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის სექტემბერში ე-----ი ა------ე და გ------ კ----–-–---–ი დაშორდნენ ერთმანეთს. ფაქტობრივი დაშორების მიუხედავად, 2019 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით გ------- კ----–-–---–ი, რომელიც ალკოჰოლზე დამოკიდებული პირია, მთვრალ მდგომარეობაში მიდიოდა მსხვერპლთან სახლში, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მუქარით და ფსიქიკური ძალადობით აიძულებდა შერიგებას და მასთან თანაცხოვრებას. 2019 წლის 22 ოქტომბერს ფიზიკური ძალადობის შემდეგ, გ------- კ----–-–---–ი დაზარალებულისგან კატეგორიულად მოითხოვდა შერიგებას და თანაცხოვრებას, უარის მიღების შემდეგ კი დაემუქრა მოკვლით და მისი კუთვნილი ავტომობილის გადაწვით. დაზარალებულს შეეშინდა, თუკი არ გააგრძელებდა მოძალადესთან თანაცხოვრებას შესაძლოა ამ უკანასკნელს მუქარა აღესრულა, რის გამოც დარეკა პოლიციაში.

 

3.4 უდავოა ფაქტი, რომ მოძალადე და მსხვერპლი არიან ერთი ოჯახის წევრები, თვეების განმავლობაში იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.6. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა გ------- კ----–-–---–ის ბრალეულობა.

 

3.7. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა გ------- კ----–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა) გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ------- კ----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება.

 

4.2. გ------- კ----–-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა: იძულების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით, დანაშაულის სიმრავლე - ჩადენილია დანაშაულის 2 ეპიზოდი.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.2. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ შემდეგ გარემოებებს:

 

5.2.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მე-3 ნაწილის თანახმად ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა ის ფაქტი, რომ იძულება ჩადენილი იყო ოჯახის წევრის მიმართ და არასრულწლოვანი ნ-----–---- კ------ის თანდასწრებით, მიიღო გადაწყვეტილება დამნაშავეს პირს განუსაზღვროს სსკ-ის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

5.2.2. დანაშაულის სიმრავლე (ორი ეპიზოდი).

 

5.2.3.მოძალადის დამოკიდებულება ალკოჰოლზე. არაფხიზელი მდგომარეობა, რასაც ხშირად ჰქონდა ადგილი, ხდებოდა მსხვერპლზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ჩადენის მაპროვოცირებელი ფაქტორი, ამ დროს მოძალადე კარგავდა კონტროლს საკუთარ ქცევებზე და დაზარალებულს აიძულებდა თანაცხოვრებას. ალკოჰოლდამოკიდებული მოძალადის არაადეკვატური, აგრესიული და მუქარის შემცველი ქცევა, მსხვერპლში დამატებითი შიშის საფუძველს აღძრავდა, რაც თავის მხრივ ფსიქიკურ ტანჯვას იწვევდა.

 

5.3. რაც შეეხება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს:

 

5.3.1. გ------- კ----–-–---–მა გულწრფელად აღიარა ჩადენილი დანაშაული.

 

5.3.2. გ------- კ----–-–---–ს გაცნობიერებული აქვს ჩადენილი დანაშაულის გასაკიცხაობა, რაზეც მიუთითებს მისი მხრიდან მტკიცებულებების უდავოობა.

 

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე ნორმის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

5.5. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით გ------- კ----–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილით დაწესებული მაქსიმალური სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით. ამავე დროს, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, ბრალდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე, პირობითი მსჯავრითაც მიღწევადია სასჯელის მიზნები, მით უფრო იმ პირობებში, თუკი დამნაშავეს სასჯელთან ერთად დაეკისრება სხვა ვალდებულებებიც. კერძო პრევენციის მიზნების მისაღწევად და ძალადობის განმეორების რისკების შესამცირებლად, ვინაიდან გ------- კ----–-–---–ი ოჯახური დანაშაულის ჩამდენი და ალკოჰოლზე დამოკიდებული პირია, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, სასჯელთან ერთად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულს დამატებით დააკისროს განსაზღვრული მოვალეობის შესრულება, რაც გულისხმობს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების და ალკოჰოლიზმის მკურნალობის კურსის გავლას გამოსაცდელი ვადის პერიოდში.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- კ----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

2. გ------- კ----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ------- კ----–-–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 3(სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 28 ოქტომბრიდან - 2019 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდით.

 

4. გ------- კ----–-–---–ს, როგორც ოჯახური დანაშაულის ჩამდენ და ალკოჰოლზე დამოკიდებულ პირს დაევალოს ალკოჰოლიზმის მკურნალობის და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

 

5. გაუქმდეს გ------- კ----–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

6. საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი, ასევე ალკოჰოლიზმის მკურნალობის და ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლაზე ზედამხედველობა გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

7.ნივთიერი მტკიცებულება:

 

ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

9. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა