გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/22154-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირინა ზარქუა
სხდომის მდივანი თამთა მაისურაძე
მოსარჩელე - გ--------------ი
წარმომადგენელი - გ--------------–---–ი
მოპასუხე - ი------–---------–---ი
წარმომადგენელი - ა-–-------------
დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
გ--------------სა (დაბადებული 1---------წ., პირადი N6----------) და ი------–---------–---ს (დაბადებული 2---------წ., პირადი N2----------) შორის, 2----–-–---------–--ს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა (აქტის ჩანაწერი N0----------).
მოსარჩელე გ--------------ი და მოპასუხე ი------–---------–---ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2----–-–---------–--იდან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2----–-–------------------ს დაბადებული დ---------------ი. უკანასკნელ პერიოდში, მეუღლეებს შორის ურთიერთობა უაღრესად დაიძაბა და ოჯახური თანაცხოვრება შეუძლებელი გახდა. ერთად აღარ ცხოვრობენ და ოჯახური კავშირი არ გააჩნიათ, თუმცა ი------–---------–---ი უარს აცხადებს სსგს სამოქალაქო რეესტრში განცხადების წარდგენის წესით განხორციელდეს განქორწინება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არასწორია მოსარჩელის პოზიცია იმის შესახებ, რომ მხარეებს არ აქვთ ოჯახური კავშირი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. გ--------------ი და ი------–---------–---ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2----–-–---------–--იდან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2----–-–------------------ს დაბადებული დ---------------ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა (აქტის ჩანაწერი N0----------) (ს.ფ. 14);
- დაბადების მოწმობა (აქტის ჩანაწერი N0----------) (ს.ფ. 15).
3.1.2. გ--------------ს ც----------–--სთან შეეძინა შვილი - 2----–-–-----------------ს დაბადებული ელენე ანსიანი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა (აქტის ჩანაწერი N0----------) (ს.ფ. 16).
3.1.3. გ--------------ი და ი------–---------–---ი არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.12.02.2020 წ. სხდომის ოქმი).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. გ--------------ისა და ი------–---------–---ის ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. ქორწინება ატარებს ფორმალურ ხასიათს. სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას - სარჩელის აღძვრის მომენტიდან სასამართლოს მთავარ სხდომამდე, ქორწინების შენარჩუნების მცდელობა ვერ მოხერხდა. მოსარჩელის პოზიციიდან გამომდინარე, მხარეთა შერიგების ვარაუდი არ გამოიკვეთა. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოპასუხე მხარეს სურს მოსარჩელესთან ოჯახის შენარჩუნება, გ--------------ის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე ისევ დაუჭირა მხარი სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ და კატეგორიული უარი განაცხადა ოჯახის შენარჩუნებასა და მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრებაზე, შესარიგებელი ვადის დანიშვნა უშედეგო იქნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.12.02.2020 წ. სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, ვინაიდან, არ გამოიკვეთა მხარეთა ორმხრივი ნება ოჯახის აღდგენასთან დაკავშირებით, სარჩელი ქორწინების შეწყვეტის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, 1106-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
გ--------------ი და ი------–---------–---ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2----–-–---------–--იდან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2----–-–------------------ს დაბადებული დ---------------ი.
დადგენილია, რომ მხარეები - გ--------------ი და ი------–---------–---ი არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოსარჩელე მხარეს სურს შეწყდეს მოპასუხე ი------–---------–---თან რეგისტრირებული ქორწინება. მისი მოსაზრებით, მხარეებს შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია და შესარიგებელი ვადის დანიშვნა უშედეგო იქნება.
ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, კანონმდებელს საშუალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი”. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობას უნდა ეფუძნებოდეს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხის განმარტებას მეუღლეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობის თაობაზე დაადასტურებდა. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ქორწინება მათ შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია. მართალია, მოპასუხე მიუთითებს მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობის შენარჩუნების შესაძლებლობაზე, მაგრამ, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მოსარჩელის ნება, სურვილი მოპასუხე ი------–---------–---თან ოჯახის შენარჩუნებისა. სამოქალაქო კანონმდებლობა განამტკიცებს მხარის თავისუფალ ნებას ქორწინებაში ყოფნისა თუ ამ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე. მხოლოდ მოპასუხე მხარის სურვილი არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისა, რომ გ--------------ი და ი------–---------–---ი ერთ ოჯახად განიხილებოდნენ. აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარე ი------–---------–---ს მეუღლედ აღარ აღიქვამს, არ უშვებს მასთან ოჯახის აღდგენის შესაძლებლობას და კატეგორიული წინააღმდეგია საოჯახო მეურნეობის მასთან ერთად გაძღოლისა.
ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ შესარიგებელი ვადის მიცემა მხარეთათვის, შედეგს ვერ გამოიღებდა. განსაქორწინებელი მეუღლეებისათვის შესარიგებელი ვადის დანიშვნის საკითხს წყვეტს სასამართლო. ვადის განსაზღვრის მიზანშეწონილობა უნდა დადგინდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. ამასთან, მოცემულ საქმეზე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი განქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, რა შემთხვევაშიც, დაუშვებელია მეუღლეთა ქორწინების შეწყვეტა.
საქართველო სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. საქორწინო ურთიერთობის ერთერთ მხარეს, მოსარჩელეს, არა აქვს ოჯახის შენარჩუნების სურვილი და მხოლოდ მოპასუხის სურვილი მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობაში ყოფნის თაობაზე არ არის საკმარისი ოჯახის შესანარჩუნებლად. არ იკვეთება მოსარჩელის ნება მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრებისა.
1966 წლის 16 დეკემბრის ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილების თანახმად, ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--------------ის სარჩელი, განქორწინების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმის გათვალისწინებით, რომ გ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე ი------–---------–---ს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს ქორწინება გ--------------სა (დაბადებული: 1----–-–----------------–ს, პირადი N6----------) და ი------–---------–---ს (დაბადებული: 1----–-–---------------ი, პირადი N2----------) შორის, რეგისტრირებული 2----–-–---------–--ს, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, აქტის ჩანაწერი N0----------.
3. ი------–---------–---ს (პირადი N2----------), მოსარჩელე გ--------------ის (პირადი N6----------) სასარგებლოდ დაეკისროს, გ--------------–---–ის (პირადი N0----------) მიერ სარჩელზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინა ზარქუა