გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/32127-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 თებერვალი 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - გვანცა გიორგაძე
მოსარჩელე - შპს „კ---–-------- ც------ი ი----ი“
წარმომადგენლები - ი-----–-------–----------------------, დ-------------
მოპასუხე - ა-–-------------------
წარმომადგენელი - ბ---------–-------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ალექსანდრე კობახიძეს მოსარჩელე შპს ,,კ---–-------- ც------ ი----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს გადაუხდელი საიჯარო ქირის 3100 ლარის გადახდა;
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
მხარეებს შორის 2017 წლის 7 ნოემბერს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს იჯარის უფლებით გადაეცა საიჯარო ფართი. საიჯარო ქონების სარგებლობისთვის ყოველთვიური ქირა განისაზღვრა 400 ლარით, რაც მოპასუხეს ყოველი თვის 15 რიცხვამდე უნდა გადაეხადა. იჯარის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 2017 წლის 7 ნოემბრიდან 2018 წლის 1 სექტემბრამდე. ა-–-------------------მ ჯამში გადაიხადა 900 ლარი და დარჩენილი 3100 ლარი არ გადაუხდია. მოპასუხემ დატოვა ფართი და მასში განთავსებული ნივთები. გაფრთხილების მიუხედავად ის არ ახდენს ფართის დაცლას და დავალიანების გადახდას.
2. მოპასუხის პოზიცია
ა-–-------------------მ წარდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლო საიჯარო ფართიდან ნივთების გატანა, ფართის გამოთავისუფლების საშუალებას თავად მოსარჩელის წარმომადგენელი არ აძლევს. აღნიშნულის მიზნით პოლიციაც ჰყავდათ გამოძახებული, თუმცა უშედეგოდ.
მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ საიჯარო ფართით სარგებლობა პირველივე თვეს შეწყვიტა, უბრალოდ მოსარჩელის სურვილია, რაც შეიძლება მეტი თანხა დაეკისროს და არ აძლევს ნივთების წაღების უფლებას. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ დამატებით მიუთითა, რომ გარკვეულწილად, მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საიჯარო ფართით სარგებლობაში ხელშეშლას, რის გამოც ფართით სარგებლობა ვადაზე ადრე შეწყვიტეს.
ვინაიდან იგი ვერ სარგებლობდა საიჯარო ფართით, მას დავალიანებაც არ გააჩნდა მოსარჩელის მიმართ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 7 ნოემბერს შპს კ---–-------- ც------ „ი----ს“ (მეიჯარეს) და ა-–-------------------ს (მოიჯარეს) შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოიჯარემ დროებით სარგებლობაში მიიღო თბილისში, ტ-----–-–---–-ს ქ. #8-ში მდებარე 35 კვ.მ ფართი, მეორე სართული, ოთახი #21-22.
საიჯარო პერიოდი მოიცავდა 2017 წლის 7 ნოემბრიდან 2018 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს.
საიჯარო ფართით სარგებლობისთვის მოიჯარეს ყოველი თვის 15 რიცხვამდე უნდა გადაეხადა თვეში 400 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ფართის იჯარის ხელშეკრულება.
3.1.2. ა-–-------------------ს საიჯარო ქირის სახით გადახდილი აქვს ჯამში 900 ლარი, შემდეგი პერიოდულობით:
· 22.01.2018 წელს - 200 ლარი, რომლითაც დაიფარა 2017 წლის ნოემბრის თვის საიჯარო გადასახადის ნაწილი;
· 24.01.2018 წელს - 100 ლარი, რომლითაც დაიფარა 2017 წლის ნოემბრის თვის საიჯარო გადასახადის ნაწილი;
· 21.02.2018 წელს - 200 ლარი, რომლითაც დაიფარა 2017 წლის ნოემბრის თვის დარჩენილი საიჯარო გადასახადი - 100 ლარი, ასევე 2017 წლის დეკემბრის თვის საიჯარო გადასახადის ნაწილი - 100 ლარი;
· 22.03.2018 წელს - 400 ლარი, რომლითაც დაიფარა 2017 წლის დეკემბრის თვის დარჩენილი საიჯარო ქირა - 300 ლარი და 2018 წლის იანვრის თვის საიჯარო ქირის ნაწილი - 100 ლარი;
2018 წლის მარტის შემდგომ მოპასუხეს საიჯარო ქირა აღარ გადაუხდია. გადახდილი თანხების ოდენობასთან დაკავშირებით შედავება მოპასუხეს არ განუხორციელებია.
3.1.3. მოპასუხე ა-–-------------------ს შეწყვეტილი აქვს საიჯარო ფართით სარგებლობა და ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ საიჯარო ფართში დარჩა მოპასუხის კუთვნილი მოძრავი ქონება:
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. იჯარის ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის ივნისის შუა რიცხვებში და ხელშეკრულების შეწყვეტამდე მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა საიჯარო ფართით პერიოდულად სარგებლობას. აღნიშნული მსჯელობის საფუძველს იძლევა მოსარჩელისა და მოპასუხის განმარტება, კერძოდ:
მოსარჩელე მიუთითებს, რომ საიჯარო ფართით სარგებლობისთვის გასაღების ასლი ჰქონდა მოიჯარეს. მიუხედავად იმისა, რომ საიჯარო ქირა მოპასუხეს სრულად არ ჰქონდა გადახდილი და არსებობდა მეიჯარის მხრიდან დავალიანების დაფარვაზე მოთხოვნა, მოიჯარე პერიოდულად მაინც აგრძელებდა საიჯარო ფართით სარგებლობას. საიჯარო ფართით პერიოდულად სარგებლობის ფაქტი თავად მოპასუხემაც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე. გასაღების ასლი მოსარჩელის წარმომადგენელმა მოპასუხეს 2018 წლის 15-16 ივნისს გამოართვა, რომლის შემდგომაც მოპასუხეს საიჯარო ფართით აღარ უსარგებლია.
მხარეები ადასტურებენ, რომ იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით მათ ერთმანეთისთვის ოფიციალურად, წერილობით არ მიუმართავთ, თუმცა მათ შორის იყო ზეპირი საუბრები ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი).
3.2.2. მოპასუხის საიჯარო დავალიანება მოსარჩელის წინაშე 2018 წლის ივნისის ჩათვლით (ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდში) შეადგენს 2100 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სადავო გარემოებების არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მტკიცებულებათა შინაგანი რწმენით შეფასება, როგორც სამოქალაქო პროცესის მთავარი პრინციპი ცხადჰყოფს, რომ არავითარ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და შეფასებული თითოეული დეტალი, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწმენით მტკიცებულებათა შეფასების მეთოდი, მოიცავს როგორც დამოუკიდებლად თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრას.
არაა სადავო, რომ ა-–-------------------ს ჯამში საიჯარო ქირის სახით გადახდილი აქვს 900 ლარი, რომელიც წარმოადგენს ნოემბრის და დეკემბრის თვის საიჯარო ქირას, ასევე იანვრის საიჯარო ქირის ნაწილს (იანვრის თვის ქირის სახით გადახდილი აქვს 100 ლარი). სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ იჯარის ხელშეკრულება მხარეებს შორის შეწყდა 2018 წლის ივნისის შუა რიცხვებში. ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდის გათვალისწინებით მოპასუხეს არ აუნაზღაურებია იანვრის თვის საიჯარო ქირის ნაწილი - 300 ლარი, თებერვლის, მარტის, აპრილისა და მაისი თვის საიჯარო ქირა სრულად (თითოეულ თვეზე 400 ლარი), ხოლო ვინაიდან ხელშეკრულება ივნისის შუა რიცხვებში შეწყდა, ივნისში გადასახდელი საიჯარო ქირა 200 ლარით უნდა განისაზღვროს. ამდენად, ჯამში დავალიანება შეადგენს 2100 ლარს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ მას აღარ აქვს მოსარჩელის მიმართ დავალიანება. მოპასუხე პოზიციას ამყარებს იმ ფაქტზე, რომ ვინაიდან საიჯარო ფართით ვერ სარგებლობდა, მას აღარ უნდა დაეკისროს ქირის გადახდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პერიოდულად ადგილი ჰქონდა საიჯარო ფართით სარგებლობას, რასაც თავად მოპასუხეც ადასტურებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს კ---–-------- ც------ „ი----ის“ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 558-ე, 581-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.
განსახილველ საქმეში, სადავო არაა მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის ფორმა, მხარეები მიზნად ისახავდნენ სამეურნეო დანიშნულებით, სარგებლის მიღების მიზნით, ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის ხელშეკრულების დადებას. ამდენად, მხარეებს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რა არ არის განსაზღვრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 558-ე მუხლის თანახმად, გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება განიხილება ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად.
კონკრეტულ საქმეზე სადავოა იჯარის ხელშეკრულების დარღვევა, რაც მოიჯარის მხრიდან საიჯარო ქირის გადაუხდელობაში გამოიხატა - ხელშეკრულება დაიდო 10 თვის ვადით და მოპასუხემ სამი თვის საიჯარო ქირა გადაიხადა, ისიც არასრულად. ვალდებულება არც გაფრთხილების მიუხედავად შესრულებულა.
იჯარის ხელშეკრულების მოშლის საფუძველი ქირის გადაუხდელობით წარმოიშვა, ამასთან მხარეებმა დაადასტურეს, რომ ხელშეკრულების მოშლის (შეწყვეტის) მოთხოვნით მათ ერთმანეთისთვის ოფიციალურად, წერილობით არ მიუმართავთ. ამდენად, მათ არ გამოიყენს სამოქალაქო კოდექსის 558-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულება მხარეებს შორის 2018 წლის ივნისის თვეში შეწყდა, როცა მოსარჩელემ დაიბრუნა საიჯარო ფართის გასაღები და მოიჯარეს მოესპო შესაძლებლობა, ესარგებლა ქონებით. სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტა კი გამორიცხავს მომდევნო პერიოდზე საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებას.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები მოიჯარე ა-–-------------------მ ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ვადებში არ შეასრულა. შესაბამისად, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტამდე გადაუხდელი იჯარის თანხის გადახდა.
7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არი არის.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებულიშემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
ამავე კოდექსის მე-14 მუხლის „ ა)“ ქვეპუნქტის თანახმად მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან.
სარჩელზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 210 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა)“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს. ამდენად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 160 ლარი, ხოლო დარჩენილი 50 ლარის ანაზღაურება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს „კ---–-------- ც------ი ი----ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ა-–-------------------ს მოსარჩელე შპს „კ---–-------- ც------ი ი----ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს საიჯარო ქირის - 2100 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე ა-–-------------------ს მოსარჩელე შპს „კ---–-------- ც------ი ი----ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს დაკმაყოფილებულ ნაწილში სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 50 ლარის გადახდა.
4. შპს „კ---–-------- ც------ი ი----ი“-ს (ს/კ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 20/11.2019წ. N0 საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი (210 ლარიდან) - 160 (ასსამოცი) ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, (გადამხდელი შპს „კ---–-------- ც------ი ი----ი‘’ (ს/კ 2--------), რეფერენსი: 3---------, გადამხდელის ბანკი - სს ,,თიბისი ბანკი ბანკი”, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები ბანკი - ხაზინა);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე