გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210019003241214
#2/2715-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18.02.2020 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - შპს „ფ-------------------“;
წარმომადგენელი - ს--–---------------ე, ე-–--------–---–ი;
მოპასუხე - გ------------------–--ე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ------------------–--ეს -შპს „ფ-------------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს შპს „ფ-------–-------------------ია“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სესხის ძირი თანხის- 200 ლარის გადახდა.
1.2. გ------------------–--ეს- შპს „ფ-------------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს შპს „ფ-------–-------------------ია“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხელშეკრულების დარღვევისათვის გათვალისწინებული ჯარიმა (პირგასამტეხლო) - 303,32 ლარის ოდენობით.
1.3. გ------------------–--ეს - სს "ფ-------------------ს" სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა. (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 18.02.2020წ სხდომის ოქმი).
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შპს „ფ-------–-------------------იამ“ მსესხებლის გ------------------–--ის სასესხო ვალდებულებების თაობაზე დათმო მოთხოვნის უფლებები შპს „ფ-------------------“-ს სასარგებლოდ. 2016 წლის 18 ოქტომბერს გ------------------–--ემ აიღო სესხი ონლაინ ვებგვერდზე MYCREDIT.GE-ზე 200 ლარის ოდენობით 20 დღის ვადით, თუმცა მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, ხელშეკრულების მე-7.4 მუხლის შესაბამისად მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო სესხის თანხისა და სესხის მომსახურების საკომისიოს ჯამური ოდენობის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მესხებელმა 4.6. პუნქტის გათვალისწინებით თანხმობა განაცხადა სესხის დაფარვის რიგითობაზე. მსესხებლის მიერ გადახდილი თანხებით პირველ რიგში დაიფარა პირგასამტეხლო, შემდეგ დარიცხული სესხის მომსახურების საკომისიო, სხვა ასანაზღაურებელი ხარჯები და ბოლოს სესხის თანხა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვალის ვალდებულებულება შეადგენს 503.32 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა- 200 ლარი, პირგასამტეხლო -303.32 ლარი. (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია;
2.1. მოპასუხე გ------------------–--ემ წერილობითი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ წლების მანძილზე სარგებლობდა სხვადასხვა საბანკო თუ სწრაფი სესხის პროდუქტებით, მათ შორის მოსარჩელის პროდუქტითაც. იყო კეთილსინდისიერი გადამხდელი. 2016 წლის დასაწყისიდან შეექმნა ფინანსური კრიზისი, ჩავარდა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, უმუშევარი, მოხუცი მშობლების ამარა და დავალიანების დაფარვა შეუძლებელი გახდა. გარდა ამისა ქართუ ბანკმა შეისყიდა ყველა პრობლემური სესხი, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ იყო გადახდილი, შესაბამისად აღნიშნული სესხი უნდა ჰქონოდათ გადაცემული ქართუ ბანკისათვის. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული, სესხი აღებული აქვს 2016 წლის 18 ოქტომბერს. მისი ბოლო აქტივობიდან გამომდინარე გასულია 3 წელზე მეტი. (იხ. შესაგებელი, 18.02.2020 წ სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები;
3.1.1. 2016 წლის 18 ოქტომბერს, მოპასუხე გ------------------–--ეს და შპს ფ-------–-------------------იას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. მოპასუხე მხარეზე გაცემული იქნა სესხი 200 ლარის ოდენობით 20 დღის ვადით. მოპასუხეს სესხის ძირი თანხა 200 ლარი და პირგასამტეხლო უნდა დაებრუნებინა 2016 წლის 07 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2016 წლის 18 ოქტომბრის ხელშეკრულება.
- ცნობა დავალიანების შესახებ;
3.1.2. 2018 წლის 23 ოქტომბერს, შპს „ფ-------–-------------------იას“ და შპს „პ------–-------------------------ოს“ შორის გაფორმებული სესხებზე მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, შპს "„ფ-------–-------------------იამ" შპს „პ------–-------------------------ოს“ გადასცა #1----------0 სესხი, რომელიც გაფორმებულ იქნა შპს "ფ-------–-------------------იას“ და გ------------------–--ეს შორის 2016 წლის 18 ოქტომბერს.
2018 წლის 26 ოქტომბერს შპს "პ------–-------------------------ოს“" და შპს "ფ-------------------ს" შორის გაფორმებული სესხებზე მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, შპს "პ------–-------------------------ომ" შპს "ფინანსურ ბიუროს" გადასცა #1----------0 სესხი, რომელიც გაფორმებულ იქნა შპს "ფ-------–-------------------იას“ და გ------------------–--ეს შორის 2016 წლის 18 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
_ სესხებზე მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ შეთანხმებები;
3.1.3 2016 წლის 18 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს "ფ-------------------ს" მიმართ, გ------------------–--ის ვალდებულება შეადგენს 503.32 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 200 ლარი, პირგასამტეხლო - 303.32 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები;
3.2.1. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გ------------------–--ეს კრედიტორის მიმართ არ შეუსრულებია. მოპასუხე მხარის განმარტებით, მოსარჩელე მხარის მიმართ ვალდებულების შესრულებას ვერ შეძლებს, ამასთან აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დაწესებულია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 18 ოქტომბერს, მოპასუხე გ------------------–--ეს და შპს ფ-------–-------------------იას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. მოპასუხე მხარეზე გაცემული იქნა სესხი 200 ლარის ოდენობით 20 დღის ვადით. მოპასუხეს სესხის ძირი თანხა 200 ლარი და პირგასამტეხლო უნდა დაებრუნებინა 2016 წლის 07 ნოემბერს. მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2016 წლის 07 ნოემბერიდან. სარჩელი სასამართლოში რეგისტრირებულია 2019 წლის 21 ოქტომბერს. წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ------------------–--ის მიმართ მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და ემყარება წერილობით მტკიცებულებებს. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, იგი ამ შემთხვევაში ვერ ადასტურებს გარემოებებს, რომლებზეც ამყარებს შესაგებელს და შესაბამისად, ვერ აქარწყლებს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია სესხით სარგებლობისათვის შეთანხმებული გრაფიკი და ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც აძლევს კრედიტორს სესხის ძირ თანხის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. (აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასების ნაწილში).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი. ამავე კოდექსის, 201-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მოთხოვნის დათმობით ახალ მფლობელზე გადადის მისი უზრუნველყოფის საშუალებებიცა და მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებებიც. ამდენად, შპს ფ------------------- წარმოადგენს გ------------------–--ის მიმართ სარჩელის აღძვრაზე უფლებამოსილ პირს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „ფ-------------------“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგი სახის გარემოებების გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 623-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის წარმოშობილია სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები. აღნიშნულის საფუძველია - 2016 წლის 18 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 18 ოქტომბერს გ------------------–--ემ აიღო სესხი 200 ლარის ოდენობით, 20 დღის ვადით, თუმცა მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, ხელშეკრულების მე-7.4 მუხლის შესაბამისად მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო სესხის თანხისა და სესხის მომსახურების საკომისიოს ჯამური ოდენობის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ვადებში სესხის თანხა არ გადაიხადა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ წლების მანძილზე სარგებლობდა სხვადასხვა საბანკო თუ სწრაფი სესხის პროდუქტებით, მათ შორის მოსარჩელის პროდუქტითაც. იყო კეთილსინდისიერი გადამხდელი. 2016 წლის დასაწყისიდან შეექმნა ფინანსური კრიზისი და დავალიანების დაფარვა შეუძლებელი გახდა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. (7.4. პუნქტი).
როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 20 ლარამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ------------------–--ეს შპს ,,ფ-------------------’’-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2016 წლის 18 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 220 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 200 ლარი, პირგასამტეხლო 20 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამ მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება ფულის თანხის გადახდევინების შესახებ სარჩელზე _ გადასახდელი თანხით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 21,85 ლარის ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. ხოლო სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „ფ-------------------„-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გ------------------–--ეს - შპს „ფ-------------------„-ს სასარგებლოდ დაეკისროს 220 ლარის გადახდა, საიდანც სესხის ძირითადი თანხაა - 200 ლარი, პირგასამტეხლო - 20 ლარი.
3. გ------------------–--ეს - შპს „ფ-------------------„-ს სასარგებლოდ დაეკისროს 21,85 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორიათასი) ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე დარინა აბულაძე