გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210019003217936
#2/312-19 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12.02.2020 წელი ქ.საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: შ.პ.ს. ”ფ------------------ო”
წარმომადგენელი: ნ----- ა--–---–---–ი
მოპასუხე: მ------ გ-----ე
მოპასუხის წარმომადგენელი: თეა მ------–-–---–ი
დავის საგანი: საკრედიტო დავალიანების გადახდევინება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა შ.პ.ს. ”ფ------------------ო”-მ (ს.კ.4--------) მოპასუხე - მ------ გ-----ის (პ.№5----------) მიმართ, საკრედიტო დავალიანების გადახდევინების თაობაზე.
მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს და განმარტა, რომ შპს „ფ-----------------ო“ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებთან სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ახორციელებს პრობლემური აქტივების მართვას.
2019 წლის 27 ივნისს სს „ს----------–--------მა“ მსესხებლის გ-----ე მ------ის სასესხო ვალდებულებების თაობაზე, დათმო მოთხოვნის უფლებები შპს „ფ-----------------ო“-ს სასარგებლოდ (დანართი #1 - მოთხოვნის დათმობის შესახებ ცნობა/მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების დამატებითი პირობები).
გ-----ე მ------მა 2015 წლის 22 მაისს „ს----------–--------ი“-ს მეშვეობით გამოიტანა სესხი 2270 ლარის ოდენობით, რომლის წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგედა 35.60%. სესხის პირობების მიხედვით, მოპასუხეს აღნიშნული სესხი უნდა დაეფარა 2018 წლის 1 ივნისის ჩათვლით.(დანართი #2 - ცნობა მოთხოვნის დათმობის შესახებ). გ-----ე მ------მა აიღო ვალდებულება კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეესრულებინა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე არსებული ვალდებულება, თუმცა მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება და მის მიერ დაფარული იქნა: ძირი თანხა - 15.05, პროცენტი - 429.36 ლარი, ჯარიმა - 115.35 და საკომისიო - 0.00 ლარი, რაც დასტურდება საქმეში არსებული ტრანზაქციის ისტორიით(დანართი #3 - მოთხოვნის დათმობის შესახებ ცნობა).
გამომდინარე იქიდან, რომ მსესხებლის მიერ 2015 წლის 22 მაისს გამოტანილი სესხის წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენს 35.60%, 2019 წლის 27 ივნისის მდგომარეობით მოვალისათვის დარიცხული პროცენტის ოდენობა განისაზღვრა 2753.68 ლარის ოდენობით, ხოლო პირგასამტეხლო 16557.35 ლარის ოდენობით. (დანართი #4 - ცნობა მოთხოვნის დათმობის შესახებ).
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპნია უფლებამოსილია შეამციროს მსესხებლისათვის დარიცხული პირგასამტეხლო ძირი თანხის 1/3 - მდე, რის საფუძველძეც დღეის მდგომარეობით გ-----ე მ------ის ვალდებულების სრული მოცულობა არის 5795.88 ლარი, რომლიდანაც ძირი თანხაა - 2254.95 ლარი, პროცენტი - 2753.68, ხოლო შემცირებული პირგასამტეხლო 751. 65 ლარი. (დანართი #5 - ცნობა მოთხოვნის დათმობის შესახებ).
კრედიტორის არაერთგზისი გაფრთხილებისა და მცდელობის მიუხედავად, მოვალე კვლავ არ ასრულებს ვალდებულებას, შესაბამისად, მოსარჩელის წარმომადგენელი მიმართავს სასამართლოს, რათა მოხდეს კრედიტორის უფლებების დაცვა.
მოსარჩელე ითხოვს შპს „ფ-----------------ო“-ს სასრგებლოდ, მოპასუხე მ------ გ-----ეს დაეკისროს ს.ს. „ს----------–--------თან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოქმნილი გადასახდელი ძირითადი თანხა - 2254.95 ლარის ოდენობით , მოპასუხეს ასევე დაეკისროს პროცენტის სახით 2753 ,68 ლარის გადახდა და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 751.65 ლარის გადახდა.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრებას 173,88ლარის ოდენობით და საადვოკატო ხარჯების ანაზღაურებას 200 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოპასუხე შესაგებელში მიუთითებს , რომ გაეცნო შპს „ფ-----------------ოს“ სარჩელს რომლის თანახმადაც 2015 წლის 22 მაისს სს“ს----------–--------ი“- დან გამოიტანა სესხი 2270 ლარის ოდენობით, რომლის წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 35.60% - ს აღნიშნული სესხი უნდა დაეფარა 2018 წლის 1 ივნისის ჩათვლით. როგორც მოსარჩელე აბობს, დღეის მდგომარეობით მისი ფინანსური ვალდებულება შეადგენს 5795.88 ლარს რომლიდანაც ძირი თანხაა 2254.95 ლარი, პროცენტი - 2753.68, შემცირებული პირგასამტეხლო 751.65 ლარი.
მოპასუხე მხარე ზემოთხსენებულ სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმება თხოვნით მომართავს სასამართლოს და მიუთითებს, რომ სასამართლომ გაათავისუფლოთ ვალდებულებისაგან, რადგან გასულია სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება მორიგების თაობაზე. სასამართლოს მიერ მხარეებს განესაზღვრათ ვადა მოსარიგებლად, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2019 წლის 27 ივნისს სს „ს----------–--------მა“ მსესხებლის გ-----ე მ------ის სასესხო ვალდებულებების თაობაზე, დათმო მოთხოვნის უფლებები შპს „ფ-----------------ო“-ს სასარგებლოდ.
გ-----ე მ------მა 2015 წლის 22 მაისს „ს----------–--------ი“-ს მეშვეობით გამოიტანა სესხი 2270 ლარის ოდენობით, რომლის წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 35.60%. სესხის პირობების მიხედვით, მოპასუხეს აღნიშნული სესხი უნდა დაეფარა 2018 წლის 1 ივნისის ჩათვლით. მოპასუხემ აიღო ვალდებულება კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეესრულებინა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე არსებული ვალდებულება, თუმცა მოპასუხემ არ შეასრულა .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებები (ს.ფ.16-25)
-სეხის ხელშეკრულება და გრაფიკი(ს.ფ.28-34)
3.2.2. მოსარჩელის პოზიციით 2019 წლის 27 ივნისის მდგომარეობით მოვალისათვის ძირი თანხა განისაზღვრა 2254,95 ლარით, დარიცხული პროცენტის ოდენობა განისაზღვრა 2753.68 ლარის ოდენობით, ხოლო პირგასამტეხლო 16557.35 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ შეამცირა პირგასამტეხლო და მოთხოვნა ჩამოაყალიბა სარჩელის შესაბამისად. მ------ გ-----ის მიერ დაფარული იქნა სესხის თანხა ძირი-15,05ლარი , პროცენტი-429,36 ლარი,ხოლო პირგასამტეხლო 115,35 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ 1-15)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი:
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ შ.პ.ს. ”ფ------------------ო”-ს სარჩელი მ------ გ-----ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ . მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებულია სესხის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განსაზღვრულია, 36 თვით ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პროცენტი, ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის, რომელიც ასახულია ჯარიმის ფორმულირებაში. სასამართლო თვლის რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს - 225 ლარით და 50 თეთრით.
7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე, 50--ე 53-ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 418-420, 623-ე, 624-ე, 867-ე, მუხლებით
8. სამართლებრივი შეფასება
8.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
8.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად ”საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.”
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად ”სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.”
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
8.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ”მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.”
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა საპროცენტო განაკვეთი - 64.75 %-ის ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
8.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, „კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას.“
8.5. სასამართლოს მიერ, როგორც საქმეში არსებული მასალების, ისე მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ მოპასუხის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება, 2019 წლის 27 ივნისის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება განისაზღვრა: ძირი თანხა განისაზღვრა 2254,95 ლარით, დარიცხული პროცენტის ოდენობა განისაზღვრა 2753.68 ლარის ოდენობით, ხოლო პირგასამტეხლო 16557.35 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ შეამცირა პირგასამტეხლო და პირგასამტეხლო განისზღვრა 751ლარითა და 65 თეთრით
ამასთან მოპასუხე მხარე სარჩელს არ ცნობს.
8.6. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ გაფორმებული სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 225,5 ლარამდე.
8.7. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის შესაბამისად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.
სასამართლო თვლის , რომ სარჩელის შეტანის ვადა გასული არ არის სარჩელი შემოტანილია სასამართლოში 2019 წლის 04 ოქტომბერს, ხოლო სესხის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 01 ივნისის ჩათვლით, შესაბამისად მოთხოვნა წარმოიშვა 2018 წელს.
8.8.. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
9. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე სარჩელს არ ცნობს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ.პ.ს. ,,ფ-----------------ო“-ს (ს/კ4--------) სარჩელი, მ------ გ-----ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მ------ გ-----ეს (პ/ნ.5----------) შ.პ.ს. ,,ფ-----------------ო“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 5234 (ხუთი ათას ორასოცდათოთხმეტი) ლარისა და 13 (ცამეტი) თეთრის გადახდა (საიდანაც 2254 ლარის და 95 თეთრი არის ძირი თანხა, 2753 ლარი და 68 თეთრი არის პროცენტი და 225 ლარი და 50 თეთრი არის პირგასამტეხლო)
2. მ------ გ-----ეს დაეკისროს შ.პ.ს. ,,ფ-----------------ო“-ს სასარგებლოდ , მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 157 (ასორმოცდაჩვიდმეტი) ლარი და 02(ორი) თეთრი.
3. მ------ გ-----ეს დაეკისროს შ.პ.ს. ,,ფ-----------------ო“-ს სასარგებლოდ , წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯი 150(ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
6.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი