გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210019003328724
#2/3327-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18.02.2020 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
წარმომადგენელი - სოფიო ახალაძე-გულორდავა, ცირა მაზმიშვილი;
მოპასუხე - შპს „ნ-------“;
წარმომადგენელი - ა---------–------------ე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1. შპს „ნ-------“-ს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 20 796.99 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სს „ე-----------„-ის გაკოტრების მმართველს შორის გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 121 პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნატურის ფორმით გადაეცა აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონება და ასევე დებიტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან 207 382 136 (ორასშვიდი მილიონ სამასოთხმოცდაორი ათას ასოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით, მათ შორის შპს „ნ-------“-ის დავალიანების 20 796.99 ლარის მოთხოვნის უფლება.
20 796.99 ლარის დავალიანება შპს „ნ-------“-ს წარმოეშვა, სს „ს----------–-------------------–----------------–-------------------იის“ მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შედეგად, რაც დასტურდება აბონენტის ბარათითა და ქვითრით. ვინაიდან, შპს „ნ-------“-ის მიერ, ვალდებულება არ შესრულებულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, შესაბამისად მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს სამინისტროს სასარგებლოდ არსებული დავალიანების 20 796.99 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე შპს „ნ-------„-ს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შპს "ე----------"-ის მიმართ არანაირი სახის ვალდებულება არ გააჩნდა, აღნიშნულ ორგანიზაციასთან სამართლებრივ ურთიერთობაში არ ყოფილა 2007 წლიდან. შესაბამისად მოთხოვნა უსაფუძვლო და ხანდაზმულია;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სსიპ „საწარმოთა მართვის“ სააგენტოს 2007 წლის 10 ოქტომბრის 1-3/736 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სს „რ-------ის“, სს „გ---------------------ის“, სს „ლ------------ის“, სს „ძ-------–---ის“, სს „შ--------ის“, შპს „ა–---ის“, სს „ს----------–-------------------–--------------–-------------------იის“, შპს „ა----------------------იის“, ერთმანეთთან შერწყმა და შეიქმნა სს „ე----------“, რომელიც წარმოადგენს ყველა ზემოაღნიშნული საწარმოების სამართალმემკვიდრეს. აღნიშნული რვა სუბიექტის შერწყმისას მოხდან მათი დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონსოლიდაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ „ს-–----------------------------ოს“ 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება;
-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3.1.2. 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სს ე------------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს გადაეცა სს ე------------ის დებიტორული დავალიანებები, მათ შორის შპს „ნ-------„-ს დავალიანება 20 796.99 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2010 წლის 11 მარტის ხელშეკრულება;
- 2010 წლის 11 მარტის მიღება-ჩაბარების აქტი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სს საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგო კომპანიის მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შედეგად, შპს "ნ------ +"-ს ერიცხება დავალიანება 20 796.99 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აბონენტის ბარათი, ქვითარი;
3.2.3. მოპასუხე მხარის განმარტებით, მოსარჩელე მხარის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება არ გააჩნია. ასევე სარჩელი ხანდაზმულია.
დადგენილია რომ 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სს ე------------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს გადაეცა სს ე------------ის დებიტორული დავალიანებები, მათ შორის შპს „ნ------ +„-ს 2005-2007წ წარმოშობილი დავალიანება. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტრომ სარჩელი სასამართლოში აღძრა 2019 წლის 11 დეკემბერს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ან/და შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ან/და აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები. ამავე კოდექსის 137-ე მუხლის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველია თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.
საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის, პირიქით, სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.
აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც განსაზღვრავს, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
უდავოა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უცდია 2019 წლის 11 დეკემბრამდე (სარჩელის სასამართლოში წარდგენის თარიღი). საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 316-ე, 317-ე, 477-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 199-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
მოპასუხეს, იმის დასადასტურებლად, რომ მას სრულად აქვს გადახდილი ელექტროენერგიის საფასური, რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია. ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხემ მოიხმარა 20 796.99 ლარის ღირებულების ელექტროენერგია და თანხა არ გადაუხდია.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში სადაოა მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების ანაზღაურება, რაც თავის არსით არის ნასყიდობის საფასურის გადახდის მოთხოვნა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე შპს „ნ------ +„ს და გაერთიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიას შორის არსებობდა ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა, რომლის თავისებურებიდან გამომდინარე, ელექტროენერგიის მიმწოდებლის ვალდებულებას ამ სახის ურთიერთობაში წარმოადგენს აბონენტისათვის ელექტროენერგიის მიწოდების ვალდებულება. აბონენტს კი ეკისრება მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულება დადგენილი წესითა და ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ დავალიანების წარმოშობის პერიოდია 2005-2007 წელი, რაც დასტურდება აბონენტის ბარათით და ბილინგის ამონაწერით. შპს "ნ------ +"-ს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ გადახდილი აქვს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური არ წარუდგენია.
6.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ საწარმოს მართვის სააგენტოს 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა სს რ-------ის, სს გ----------ის კ------ის, სს ლ------------ის„, სს ძ-------–---ის, სს შ--------ის, სს ა–---ის, სს ს----------–-------------------–----------------–-------------------იის, შპს ა----------------------იის„ შერწყმა და შეიქმნა სს ე-----------, რომელიც წარმოადგენს აღნიშნული საწარმოების სამართალმემკვიდრეს. 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სს ე------------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს გადაეცა სს ე------------ის დებიტორული დავალიანებები, მათ შორის შპს „ნ------ +„-ის 2005-2007წ წარმოშობილი დავალიანება, რაც შეადგენს 20 796.99 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობის ვადები. ხანდაზმულობის ვადა არის დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც პირს ეძლევა სამართლებრივი შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი უფლებები და ინტერესები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა, იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, მოპასუხის შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, ის აბსოლუტურ გავლენას ახდენს მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ორი საფუძველი არსებობს, ობიექტური და სუბიექტური. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ობიექტური საფუძველია, მოთხოვნის წარმოშობის დრო, ხოლო სუბიექტურის, თუ როდის შეიტყო, ან უნდა შეეტყო პირს.
სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა ასრულებს სადავო სამართლებრივ ურთიერთობას და გამორიცხავს სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში არ გამორიცხავს სუბიექტურ მომენტს – იცოდა თუ არა მხარემ ან უნდა სცოდნოდა თუ არა საკუთარი უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა და იგი უშუალოდ უკავშირდება სარჩელის უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის ანუ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებაზე.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია რომ 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცა სს ,,ე-----------''-ის დებიტორული დავალიანებები, რომლის თანახმად, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 20796,99 ლარს. მოპასუხის მიმართ დავალიანება წარმოშობილია 2005-2007 წლებში მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შედეგად. უდავოა, რომ მოსარჩელე ითხოვს დავალიანების დაფარვას, მას აღნიშნული დავალიანების გადახდის მოთხოვნით 2019 წლის 11 დეკემბრამდე. არ მიუმართავს შპს „ნ-------„-ს მიმართ. შესაბამისად, გასულია სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან გამომდინარე თანხის მოთხოვნის ვალდებულება, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლისა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მოთხოვნის დათმობა ხდება გარიგების ძალით. მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი შედეგია ის, რომ მოთხოვნა გადადის ახალ კრედიტორზე, რითაც ეს უკანასკნელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობაში იკავებს თავდაპირველი კრედიტორის ადგილს. მოთხოვნის დათმობით არ ხდება არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა, არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთივე მდგომარეობაში გადადის ახალ კრედიტორზე, როგორიც იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ კრედიტორს შეუძლია, თავდაპირველი კრედიტორის კუთვნილი მოთხოვნა წაუყენოს მოვალეს, ხოლო, მოვალე უფლებამოსილია ახალ კრედიტორს წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც მას გააჩნდა თავდაპირველი კრედიტორის მიმართ. აღნიშნული ეხება ასევე მოვალის შესაგებელს კრედიტორის მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, კერძოდ, ვალდებულებაში კრედიტორის ან მოვალის შეცვლის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს შეუძლია მოითხოვოს ხანდაზმულობის ვადის გამოყენება ვალდებულებაში პირთა შეცვლის მიუხედავად. ამასთან, პირთა შეცვლა ვალდებულებაში არ იწვევს ხანდაზმულობის ვადისა და მისი გამოთვლის წესის შეცვლას. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ ვალდებულებაში კრედიტორის შეცვლის შემთხვევაში, ახალი კრედიტორის მიმართ მოქმედებს ხანდაზმულობის ის ვადა და მისი გამოთვლის ის წესი, რაც თავდაპირველი (ჩანაცვლებული) კრედიტორის მიმართ მოქმედებდა, ამიტომ, თუ ამ უკანასკნელის მოთხოვნა ხანდაზმულია, მაშინ ხანდაზმული იქნება ასევე ახალი კრედიტორის მოთხოვნაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნის დათმობის შემთხვევაში, ამ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა ახალი კრედიტორისათვის თავიდან კი არ იწყება, არამედ იგი განაგრძობს დენას ისე, როგორც ეს თავდაპირველი (ჩანაცვლებული) კრედიტორის მიმართ მოქმედებდა.
უდავოა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უცდია 2019 წის 11 დეკემბრამდე (სარჩელის სასამართლოში წარდგენის თარიღი). სახელშეკრულებო მოთხოვნის ვადა ამ დროისთვის გასულია. მოსარჩელეს არანაირი მტკიცებულება წარმოუდგენია, რომლითაც გააქარწყლებდა მოპასუხის პოზიციას, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
ვინაიდან დადგენილია, რომ წინამდებარე სარჩელი თანხის დაკისრების მოთხოვნით დაინტერესებული პირის მიერ აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ და მოპასუხე მხარე მიუთითებს სარჩელის ხანდაზმულობაზე, მოსარჩელის მოთხოვნა, მოკლებულია სამართლებრივ ვარგისიანობას ხანდაზმულობის გამო, რაც გამორიცხავს ხანდაზმული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ''სახელმწიფო ბაჟის'' შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ'' ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან- დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარჩელი შპს „ნ------ +„-ის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე მხარე კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე დარინა აბულაძე