გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310019003093172
საქმე №---------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - ლ--------------
წარმომადგენლები - დ--------------, ლ--------–---
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - უ---------------–-–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 03 მაისის №--------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 ივნისის №------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
1.3. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ლ-------------ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია თბილისში, სოფელ ვეძისში არსებულ მიწის ნაკვეთზე 600 კვ.მ, ფართზე და მის სახელზე ამონაწერის გაცემა.
(დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ. 24.07.2019 წლის განცხადება, ს.ფ. 59).
მოსარჩელის განმარტებით, ის გახლავთ გარდაცვლილ მ------------ის უფლებამონაცვლე. მ------------ეს მებაღეობის წიგნაკი №4-ის საფუძველზე მიღებული აქვს მიწის ნაკვეთი მდებარე, მც------------------------–-------ი (600 კვ.მ) ნაკვეთი №179. მებაღეობის წიგნაკი მოიცავს დოკუმენტის ნამდვილობისთვის საჭირო ყველა რეკვიზიტს, მათ შორის წიგნაკის ყდაზე განთავსებულია ჩანაწერი ნაკვეთის ნომრის შესახებ (№179), რომელსაც თან ერთვის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და დამოწმებულია სათანადო ბეჭდით. ამავე წიგნაკის პირველ გვერდზე დატანილია ბეჭდური თარიღი 1980 წელი, მუშა-მომსახურეთა მებაღეობის ამხანაგობის დასახელების შესახებ ინფორმაცია (ს---–----------–-------- გაერთიანება ,,ე-–--’’-სთან არსებული მებაღეობის ამხანაგობა ,,მ---------“). წიგნაკის მეორე გვერდზე აღნიშნულია ნაკვეთის მიმღების შესახებ ინფორმაცია, მ------------ე დავითის ძე, მუშაობის ადგილი (ავტომატიზაციის საშუალებათა თბილისის ს---–-----------–-------------------- ს---–----------–-------- გაერთიანება ,,ე-–--’’), ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარე და გამგეობის მდივანი. აღნიშნულ გვერდზე განხორციელებულ ჩანაწერებზეც დასმულია სათანადო ბეჭედი. დასახელებულია ნაკვეთის ნომერი, ფართობი და ზუსტი მისამართი. ჩამოთვლილია მებაღეობის ოჯახის წევრთა შემადგენლობა და ვინაობა, აღნიშნულსაც ერთვის მებაღისა და გამგეობის მდივნის ხელმოწერა. შემდგომ გვერდზე განთავსებულია იურიდიული საწევროს შესატანის გადახდის შესახებ ინფორმაცია და მითითებულია, რომ საწევრო შეტანილია 1988 წელს 6 მანეთი და 1989 წელს 5 მანეთი. შემდგომ გვერდზე ჩამოთვლილია 1989 წლის მდგომარეობით ყოველთვიური საწევრო შესატანების გადახდის შესახებ ზუსტი ინფორმაცია, სადაც გაწერილია თვეები შეტანილი თანხის ოდენობა და ხაზინადარის ხელმოწერა. მოსარჩელე უთითებს, რომ აღნიშნულ დოკუმენტს ერთადერთი გამორჩენილი აქვს წიგნაკის გაცემის თარიღი, რაც წარმოადგენს ტექნიკურ ხარვეზს, ვინაიდან წიგნაკში მითითებულია სრული ინფორმაცია, სათანადო ხელმოწერებითა და ბეჭდებით, მათ შორის დგინდება საკუთრების ფლობის პერიოდი, კერძოდ 1988 წელს შეტანილია პირველი შენატანი 6 მანეთის ოდენობით, რასაც ასევე ახლავს ხაზინადარის ხელმოწერა.
სწორედ ასეთ პირობებში, არსებული საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტის, მებაღის წიგნაკის საფუძველზე, მოსარჩელემ მხარემ წინამდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დასარეგისტრირებლად განახორციელა რიგი ქმედებები, კერძოდ 2017 წლის 10 თებერვალს ლ--------------მ №13947466 განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია, მის: ქ-------–--------------------–--------. განცხადებას თან ერთვოდა- მინდობილობა, სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მებაღის წიგნაკის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი, ძველი ვეძისის ტერიტორიაზე განაწილებული მიწის ნაკვეთების სქემის ასლი, მეზობლების თანხმობა მიწის ნაკვეთის ფლობასთან დაკავშირებით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 მარტის №94164 წერილით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად გაეგზავნა, ზემოხსენებული განცხადება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტაცია. 2019 წლი 03 მაისს ცენტრალიზებულმა რეგისტრაციის სამსახურმა მიიღო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ №--------------- გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით დაინტერესებული პირის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და 2019 წლის 19 აპრილის №623 განკარგულებით ლ--------------ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე. აღნიშნული კი დასაბუთდა იმით, რომ ლ-------------ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი ვერ დგინდება, რაც მოსარჩელის აზრით არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან მებაღეობის წიგნაკიდან იკვეთება, რომ მიმღები პირი მ------------ე იხდიდა გადასახადს, ამასთან იგი ამუშავებდა და უვლიდა წინამდებარე მიწის ნაკვეთს, რაც მოწმობს, რომ ის ნამდვილად ფლობდა და სარგებლობდა სადავო მიწის ნაკვეთით, რის გამოც იხდიდა სახელმწიფო მიწის გადასახადებს.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 03 მაისის №--------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა 2019 წლის 14 მაისს, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებული პირი ითხოვდა აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და ლ-------------ის საკუთრებაში - ქ. თ---–------------–------ში არსებულ მიწის ნაკვეთზე 600 კვ.მ.-ის რეგისტრაციას, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 ივნისის №------ გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ რეესტრის წინამდებარე გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნულ მებაღეობის განაწილების სქემაზე დატანილ არც ერთ ნაკვეთზე მესაკუთრეთა შესახებ ინფორმაცია არ ინახება, რაც არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთის მიმდებარე და მომიჯნავე ნაკვეთები დარეგისტრირებულია სათანადო წესით სწორედ ამხანაგობა ,,მ--------–-’’ მომუშავე/გაწევრიანებულ პირებზე, რომელთან ერთადაც ირიცხებოდა მოსარჩელის მამკვიდრებელი - მ------------ე. მისივე განმარტებით, დღეის მდგომარეობით საჯარო რეესტრის მონაცემებით დასტურდება, რომ ამავე ტერიტორიაზე, ამავე ამხანაგობის წევრთა და მათი ოჯახის წევრების საკუთრებაში დარეგისტრირებულია მიწის ნაკვეთები (საკადასტრო კოდებით: №0---------------; №0---------------; №0---------------). მოსარჩელე განმარტავს, რომ მ------------ის საკუთრების უფლებას ადასტურებს ის ფაქტიც რასაც რეესტრი თავადვე უთითებს, რომლის მიხედვითაც, ,,სისტემურ საგადასახადო სიის’’ კოდზე №721415726 მითითებულია მესაკუთრე მ------------ე. მოსარჩელის აზრით, აღნიშნულს ადასტურებს სწორედ მებაღის წიგნაკში დაცული 1988-1989 წლებში განხორციელებული მიწის გადასახადის გადახდის შესახებ ჩანაწერები.
მოსარჩელე ასევე არ იზიარებს სადავო გადაწყვეტილების 4.1.7 პუნქტის ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ორგანოებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე მართლზომიერი მფლობელობის ან საკუთრების უფლება ვერ დგინდება და განმარტავს, რომ აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან უგულებელყოფილია სწორედ რომ დაინტერესებული მხარის მიერ წინამდებარე მიწის ნაკვეთის მართლზომიერი ფლობის ფაქტი, რასაც ადასტურებდა როგორც შენატანები, ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული წერილები, რომლის ფარგლებშიც ისინი ადასტურებენ მ------------ის მიერ სადაო ნაკვეთის ფლობის ფაქტს. ამასთან, მოსარჩელე უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მფლობელობაზე უპირატესი საკუთრების წარმომშობი დოკუმენტაციის არსებობაა, რაც გააჩნია დაინტერესებულ მხარეს, თუმცა ესეც რომ არ იყოს სახეზე უდავოა, რომ მ------------ე ფლობდა ამ მიწის ნაკვეთს და ეწეოდა მის მოვლა-პატრონობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში წარმოდგენილი, ნოტარიულად დამოწმებული, ს---–----------–-------- გაერთიანება ,,ე-–--“-სთან არსებული მებაღეობის ამხანაგობა „მ---------ს“ მიერ მ------------ის სახელზე გაცემული №4 მებაღის წიგნაკით დასტურდება, რომ მ------------ე მიღებული იყო ამხანაგობის წევრად, რომლის მუშაობის ადგილად მითითებულია: ავტომატიზაციის საშუალებათა თბილისის ს---–-----------–-------------------- ს---–----------–-------- გაერთიანება „ე-–--“. ამავე დოკუმენტით დგინდება, რომ მ------------ეზე გაიცა ბაღის ნაკვეთის ფართი 600კვ.მ, მიწის ნაკვეთი №179, მდებარე: მ–------------------------–------ის მიმდებარედ, დიღმის საბჭოთა მეურნეობის ტერიტორია. აღნიშნულ მებაღის წიგნაკში ჩამოთვლილია მებაღეობის ოჯახის წევრთა შემადგენლობა და ვინაობა და განთავსებულია იურიდიული საწევროს შესატანის გადახდის შესახებ ინფორმაცია, საიდანაც ირკვევა, რომ საწევრო შეტანილია 1988 წელს 6 მანეთი, ხოლო 1989 წელს 5 მანეთი. ამავე წიგნაკზე ფიქსირდება ასევე გამგეობის თავმჯდომარისა და გამგეობის მდივნის ხელმოწერა, ჩანაწერებზე დასმულია სათანადო ბეჭედი. წიგნაკის პირველ გვერდზე კი დატანილია ბეჭდური თარიღი 1980 წელი.
3.1.2. საქმეში ასევე წარმოდგენილია მცხეთის რაიონის მთავარი მიწათმომწყობისა და მთავარი არქიტექტორის მიერ შეთანხმებული და მცხეთის რაიონის გამგეობის მიერ დამტკიცებული ძველი ვეძისის ტერიტორიაზე განაწილებული მიწის ნაკვეთების სქემის ასლი, სადაც №179 მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ მითითებულია ბახტაძე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს---–----------–-------- გაერთიანება ,,ე-–--“-სთან არსებული მებაღეობის ამხანაგობა ,,მ---------ს“ მიერ გაცემული №4 მებაღის წიგნაკი (ს.ფ. 27-31);
- ძველი ვეძისის ტერიტორიაზე განაწილებული მიწის ნაკვეთების სქემის ასლი (ს.ფ. 176);
3.1.3. 2017 წლის 09 თებერვალს ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ლ-------------- არის აწ გარდაცვლილი მ------------ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე - მეუღლე, რომელმაც კანონით დადგენილი წესით მიიღო სამკვიდრო მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 2017 წლის 09 თებერვლის სამკვიდრო მოწმობა №170131278 (ს.ფ. 24-26).
3.1.4. საქმეში წარმოდგენილია 2008 წლის 25 თებერვლის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად, თ------------------------------ ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ აწ გარდაცვლილი მ------------ე 1989 წლიდან ფლობდა და სარგებლობდა 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთით მდებარე მისამართზე: სოფელ დიღმის ტერიტორიაზე სახელწოდებით ,,მ---------ს“ ე-–--, რასაც ადასტურებენ ხელმოწერით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2008 წლის 25 თებერვლის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება (ს.ფ. 50).
3.1.5. 2017 წლის 10 თებერვალს ლ-------------ის წარმომადგენელმა დ--------------მ №882017098603 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ-------–--------------------–--------, 600 კვ.მ. განცხადებას თან ერთვოდა შემდეგი დოკუმენტები: მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მებაღის წიგნაკის ასლის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი, მინდობილობა, სამკვიდრო მოწმობა, ძველი ვეძისის ტერიტორიაზე განაწილებული მიწის ნაკვეთების სქემის ასლი, მეზობლების თანხმობა მიწის ნაკვეთის ფლობასთან დაკავშირებით და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ლ-------------ის წარმომადგენლის დ-------------ის 2017 წლის 10 თებერვლის №882017098603 განცხადება თანდართული დოკუმენტებით (ს.ფ. 93-114).
3.1.6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის №8-------------- გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ მას უნდა წარედგინა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს №388 დადგენილებასთან შესაბამისობაში მყოფი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი.
2017 წლის 09 მარტს დაინტერესებულმა პირის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დამატებით წარდგენილ იქნა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 თებერვლის №8-------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 115-116);
- ლ-------------ის 2017 წლის 09 მარტის განცხადება და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 119-121).
3.1.7. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 მარტის №882017098603-06 გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ ვინაიდან მას არ უდგინდებოდა მართლზომიერი მფლობელობის ან საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, წარდგენილი დოკუმენტაცია ექვემდებარებოდა აღიარების კომისიაში გადაგზავნას. დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი იყო მებაღის წიგნაკის ასლის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი, ასევე მებაღის წიგნაკზე არ ფიქსირდებოდა გაცემის თარიღი ან ამხანაგობის წევრად მიღების თარიღი.
3.1.8. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 მარტის №8-------------- გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ განცხადებაზე წარდგენილი და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია 2017 წლის 22 მარტის №94164 მიმართვით გადაეგზავნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხის მიღებისთანავე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 მარტის №882017098603-06 გადაწყვეტილება (ს.ფ. 122);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 მარტის №8-------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 129);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 მარტის №94164 მიმართვა (ს.ფ. 130).
3.1.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 19 აპრილის №623 განკარგულების თანახმად, ლ--------------ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: მც------------------------–-------ი, საერთო ფართობი - 600.00კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული), ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და ასევე აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა ლ-------------ის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 19 აპრილის №623 განკარგულება (ს.ფ. 134-135).
3.1.10. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 03 მაისის №--------------- გადაწყვეტილებით, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე არ დადგინდა საკუთრების უფლება/მართლზომიერი მფლობელობა და თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ დაინტერესებული პირის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და უარი ეთქვა აღიარებაზე, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 03 მაისის №--------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 136-137).
3.1.11. 2019 წლის 14 მაისს ლ-------------ის წარმომადგენელმა დ--------------მ №216079/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 03 მაისის №--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სარეგისტრაციო განცხადებაზე წარმოების დასრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ლ-------------ის წარმომადგენლის დ-------------ის 2019 წლის 14 მაისის №216079/17 ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 138);
3.1.12. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 27 მაისს №180737 და 28 მაისის №183890 წერილებით მიმართა სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს და სთხოვა მიეწოდებინა ს---–----------–-------- გაერთიანება „ე-–--სთან“ არსებული მებაღეობის ამხანაგობა ,,მ------------“ დაკავშირებით დაცული დოკუმენტაცია/ინფორმაცია (სქემატური ნახაზები, მებაღეობის სია, ინფორმაცია მებაღეობის ამხანაგობის წევრებზე დიღომში, ძველ ვეძისში განაწილებული (გამოყოფილი) მიწის ნაკვეთების თაობაზე და სხვა), ასევე, მ-------------------------ის სახელზე დაცული დოკუმენტაცია/ინფორმაცია ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნივთთან დაკავშირებით.
3.1.13. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 11 ივნისის №31/66370 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ს---–----------–-------- გაერთიანება ,,ე-–--სთან’’ არსებული მებაღეობის ამხანაგობა „მ---------ს“ დოკუმენტები (სქემატური ნახაზები, მებაღეობის სია, მიწის ნაკვეთების განაწილების სიების და სხვ.), დუშეთის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ შესულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 27 მაისის №180737 წერილი (ს.ფ. 143-144);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 28 მაისის №183890 წერილი (ს.ფ. 145);
- სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 11 ივნისის №31/66370 წერილი (ს.ფ. 146).
3.1.14. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 ივნისის №------ გადაწყვეტილებით ლ-------------ის წარმომადგენლის დ-------------ის 2019 წლის 14 მაისის №216079/17 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 ივნისის №------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 39-43).
3.1.15. საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 03 ოქტომბრის სანოტარო წესით დამოწმებული ჯ---------------–---–ის ხელწერილი, სადაც აღნიშნული პიროვნება უთითებს, რომ ის იყო ს---–----------–-------- გაერთიანება „ე-–--სთან“ არსებული მებაღეობის ამხანაგობა „მ---------ს“ წევრი და ს---–----------–-------- გაერთიანება „ე-–--ს“ მმართავ-გამოთვლით მანქანების ქარხანაში დასაქმებული, ხოლო მასთან ერთად ამავე ამხანაგობის წევრი და ს---–----------–-------- გაერთიანება ,,ე-–--ში’’ დასაქმებული იყო მ------------ე. ჯ---------------–---–ის განმარტებით, აღნიშნულ საწარმოში მუშაობის პერიოდში მათ, სხვა თანამშრომლებთან ერთად 1988-1989 წლებში მიიღეს მიწის ნაკვეთები, კერძოდ, მან მიიღო 605კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ: №0---------------) მ–------------------------–---------–-, ვეძისის ტერიტორიაზე - დღევანდელი ქ-------–-----------------------–--------. ჯ---------------–---–ი უთითებს, რომ მასთან ერთად, მისივე მიწის ნაკვეთის მიმდებარედ ს---–----------–-------- გაერთიანება ,,ე-–--სთან’’ არსებული მებაღეობის ამხანაგობა ,,მ---------ს“ წევრმა მ------------ემ მიიღო 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი №179 (მდებარე: ქ-------–-----------------------–--------), რომლიც მიწის ნაკვეთს ფლობდა და ამუშავებდა მიღების დღიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 03 ოქტომბრის სანოტარო წესით დამოწმებული ხელწერილი (ს.ფ. 161).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ლ-------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი; ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 03 მაისის №--------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 ივნისის №------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ - სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.
სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ- დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
ამავე კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება.
დასახელებული კანონის 23-ე მუხლი განსაზღვრავს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებს. კერძოდ, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: ა) უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას; ბ) რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას; გ) სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; დ) დადგენილი წესით გახდა ცნობილი სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმების ფაქტი; ე) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციაზე უარის თქმას; ვ) რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე; ვ1) სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია; ვ2) საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოსთვის წარდგენილ განცხადებას არ ერთვის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის დამადასტურებელი სამართლებრივი აქტი ან/და საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვისა და ჩაბარების დოკუმენტი სარჩელის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნის შესახებ განცხადების ასლთან ერთად ან/და სააპელაციო სასამართლოში საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების თაობაზე დავის მიმდინარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ3) საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის მოთხოვნა იდენტურია იმ მოთხოვნისა, რომლის ფარგლებშიც სააგენტოში მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება; ზ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 10 თებერვალს ლ-------------ის წარმომადგენელმა დ--------------მ №882017098603 სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ-------–--------------------–--------, 600 კვ.მ. და სწორედ აღნიშნული განცხადების საფუძველზე იქნა დაწყებული მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციო წარმოება, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 03 მაისის №--------------- გადაწყვეტილებით, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავ ნივთზე არ დადგინდა საკუთრების უფლება/მართლზომიერი მფლობელობა და თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ დაინტერესებული პირის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და უარი ეთქვა აღიარებაზე, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
ამდენად, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, ლ-------------ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტაცია ერთობლიობაში წარმოადგენდა თუ არა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების საფუძველს.
6.3. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწას წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-41 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მფლობელობა არის ფაქტი და მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა ის პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. ცალსახაა, რომ მართლზომიერი მფლობელობისათვის საჭიროა, რომ პირი მართლზომიერი საფუძვლით იყოს ნივთს დაუფლებული და მართლზომიერად განაგრძობდეს მის მფლობელობას (სარგებლობას).
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ამ წესის მიზნებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი, მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი; „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მშრომელთა საერთო კრებისა და კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც დადასტურებულია ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
ამდენად, ცხადია, რომ მებაღის წიგნაკი წარმოადგენს მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ ერთ-ერთ მტკიცებულებას და იგი განიხილება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად (სარეგისტრაციო დოკუმენტად), რომლის საფუძველზეც პირს უფლება აქვს მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნით და რომლითაც ამავე დროს შესაძლებელი უნდა იყოს მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირება, თუმცა ზემოაღნიშნული ნორმა სხვა დოკუმენტების საფუძველზეც მიიჩნევს შესაძლებლად მართლზომიერი მფლობელობის ფაქტის დადგენას, რაც ასევე არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა დოკუმენტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე განხორციელდეს მფლობელობის ფაქტის დადგენა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული, ს---–----------–-------- გაერთიანება ,,ე-–--’’-სთან არსებული მებაღეობის ამხანაგობა ,,მ---------ს’’ მიერ მ------------ის სახელზე გაცემული №4 მებაღის წიგნაკით დასტურდება, რომ მ------------ე მიღებული იყო ამხანაგობის წევრად, რომლის მუშაობის ადგილად მითითებულია: ავტომატიზაციის საშუალებათა თბილისის ს---–-----------–-------------------- ს---–----------–-------- გაერთიანება ,,ე-–--’’. ამავე დოკუმენტით დგინდება, რომ მ------------ეზე გაიცა ბაღის ნაკვეთის ფართი 600კვ.მ, მიწის ნაკვეთი №179, მდებარე: მ–------------------------–------ის მიმდებარედ, დიღმის საბჭოთა მეურნეობის ტერიტორია. აღნიშნულ მებაღის წიგნაკში ჩამოთვლილია მებაღეობის ოჯახის წევრთა შემადგენლობა და ვინაობა და განთავსებულია იურიდიული საწევროს შესატანის გადახდის შესახებ ინფორმაცია, საიდანაც ირკვევა, რომ საწევრო შეტანილია 1988 წელს 6 მანეთი, ხოლო 1989 წელს 5 მანეთი. ამავე წიგნაკზე ფიქსირდება ასევე გამგეობის თავმჯდომარისა და გამგეობის მდივნის ხელმოწერა, ჩანაწერებზე დასმულია სათანადო ბეჭედი. წიგნაკის პირველ გვერდზე კი დატანილია ბეჭდური თარიღი 1980 წელი.
საქმეში ასევე წარმოდგენილია მცხეთის რაიონის მთავარი მიწათმომწყობისა და მთავარი არქიტექტორის მიერ შეთანხმებული და მცხეთის რაიონის გამგეობის მიერ დამტკიცებული ძველი ვეძისის ტერიტორიაზე განაწილებული მიწის ნაკვეთების სქემის ასლი, სადაც №179 მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ მითითებულია ბახტაძე. ამასთან, 2008 წლის 25 თებერვლის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების თანახმად, თ------------------------------ ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ აწ გარდაცვლილი მ------------ე 1989 წლიდან ფლობდა და სარგებლობდა 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთით მდებარე მისამართზე: სოფელ დიღმის ტერიტორიაზე სახელწოდებით ,,მ---------ს’’ ე-–--.
საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გარდა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე 2019 წლის 03 ოქტომბრის სანოტარო წესით დამოწმებულ ჯ---------------–---–ის ხელწერილზე, სადაც აღნიშნული პიროვნება უთითებს, რომ ის იყო ს---–----------–-------- გაერთიანება ,,ე-–--სთან’’ არსებული მებაღეობის ამხანაგობა ,,მ---------ს’’ წევრი და ს---–----------–-------- გაერთიანება ,,ე-–--ს’’ მმართავ-გამოთვლით მანქანების ქარხანაში დასაქმებული, ხოლო მასთან ერთად ამავე ამხანაგობის წევრი და ს---–----------–-------- გაერთიანება ,,ე-–--ში’’ დასაქმებული იყო მ------------ე. ჯ---------------–---–ის განმარტებით, აღნიშნულ საწარმოში მუშაობის პერიოდში მათ, სხვა თანამშრომლებთან ერთად 1988-1989 წლებში მიიღეს მიწის ნაკვეთები, კერძოდ, მან მიიღო 605კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ: №0---------------) მ–------------------------–---------–-, ვეძისის ტერიტორიაზე - დღევანდელი ქ-------–-----------------------–--------. ჯ---------------–---–ი უთითებს, რომ მასთან ერთად, მისივე მიწის ნაკვეთის მიმდებარედ ს---–----------–-------- გაერთიანება ,,ე-–--სთან’’ არსებული მებაღეობის ამხანაგობა ,,მ---------ს’’ წევრმა მ------------ემ მიიღო 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი №179 (მდებარე: ქ-------–-----------------------–--------), რომლიც მიწის ნაკვეთს ფლობდა და ამუშავებდა მიღების დღიდან. აღსანიშნავია, რომ ჯ---------------–---–მა, როგორც მოწმემ, იგივე პოზიცია დააფიქსირა ასევე 2019 წლის 15 ნოემბერს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზეც.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილი წესის გამოყენებითა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, იმ პირობებში როდესაც ლ-------------ის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი იყო არაერთი პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულება (მათ შორის ს---–----------–-------- გაერთიანება ,,ე-–--’’-სთან არსებული მებაღეობის ამხანაგობა ,,მ---------ს’’ მიერ მის სახელზე გაცემული №4 მებაღის წიგნაკი) სადავო მიწის ნაკვეთზე მისი მართლზომიერი მფლობელობის დასადასტურებლად, რაც თავისთავად უდავოდ ადასტურებს მიწის ნაკვეთის გადაცემის ფაქტს, სასამართლო ერთმნიშვნელოვან დასკვნას აკეთებს, რომ ლ-------------ის მიერ 2017 წლის 10 თებერვალს, ქ. თბილისი, ძველი ვეძისის ტერიტორიაზე მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაზე, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ შესაძლებელი იყო დადებითი გადაწყვეტილების მიღება.
რაც შეეხება მოპასუხე მხარის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მებაღის წიგნაკზე არ ფიქსირდებოდა გაცემის თარიღი ან ამხანაგობის წევრად მიღების თარიღი და შესაბამისად, ვერ ჩაითვლებოდა უფლების დამდგენ დოკუმენტად, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს, რომელსაც დელეგირებული აქვს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების ფუნქცია, უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტებში უმეტესწილად არ არის მითითებული სრულყოფილი ინფორმაცია დოკუმენტების სპეციფიკიდან გამომდინარე, უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევებში შეუძლებელია მიწის ნაკვეთის იდენტიფიკაცია. მარეგისტრირებელ ორგანოს შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, რომ უფლებამოსილ პირს წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე სხვაგან არსად დაურეგისტრირებია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება. მარეგისტრირებელ ორგანოს ასევე არ გამოუკვლევია აღნიშნული მებაღეობის მიერ ამავე მებაღეობის სხვა წევრებზე რა დროს იქნა გაცემული მებაღის წიგნაკები და დაირეგისტრირეს თუ არა აღნიშნულის საფუძველზე მიწის ნაკვეთები, რაც მარეგისტრირებელ ორგანოს მისცემდა საშუალებას დაედგინა ლ-------------ისათვის გადაცემული მებაღის წიგნაკის თარიღი, ეს კი იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთის მიმდებარე და მომიჯნავე ნაკვეთები დარეგისტრირებულია სათანადო წესით სწორედ ამხანაგობა ,,მ--------–-’’ მომუშავე/გაწევრიანებულ პირებზე, რომელთან ერთადაც ირიცხებოდა მოსარჩელის მამკვიდრებელი - მ------------ე. მისივე განმარტებით, დღეის მდგომარეობით საჯარო რეესტრის მონაცემებით დასტურდება, რომ ამავე ტერიტორიაზე, ამავე ამხანაგობის წევრთა და მათი ოჯახის წევრების საკუთრებაში დარეგისტრირებულია მიწის ნაკვეთები (საკადასტრო კოდებით: №0---------------; №0---------------; №0---------------). ამასთან, მ------------ის საკუთრების უფლებას ადასტურებს ის ფაქტიც (რასაც რეესტრი თავადვე უთითებს), რომ ,,სისტემურ საგადასახადო სიის’’ კოდზე №721415726 მითითებულია მესაკუთრე მ------------ე. ამასვე ადასტურებს სწორედ მებაღის წიგნაკში დაცული 1988-1989 წლებში განხორციელებული მიწის გადასახადის გადახდის შესახებ ჩანაწერები.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და მოწმეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები მთლიანობაში წარმოშობდა ლ-------------ის სახელზე მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების და რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით უსაფუძვლოდ უთხრა უარი ლ--------------ს მისი კუთვნილი, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაციაში გატარებაზე, რაც არ შეესაბამება ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 03 მაისის №--------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს, საკუთრებასთან დაკავშირებით, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით, პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
6.5. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 ივნისის №------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც ლ-------------ის წარმომადგენელს - დ--------------ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში იმდენად, რამდენადაც დადგენილი იქნა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 03 მაისის №--------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და ის მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს საკუთრებასთან დაკავშირებით პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, აღნიშნული გარემოება თავის მხრივ გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 ივნისის №------ გადაწყვეტილებაც, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23ეე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამდენად ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ლ-------------ის მიერ აღძრული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 03 მაისის №--------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 ივნისის №------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მასვე უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ-------------ის საკუთრებაში 2017 წლის 10 თებერვლის №882017098603 განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ (მდებარე: თბილისი, ძველი ვეძისი 600 კვ.მ.).
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მის სახელზე ამონაწერის გაცემის დავალების თაობაზე, სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თანმდევი შედეგია და სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულზე, როგორც დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნაზე. ამდენად, მოთხოვნის ამ ნაწილში, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, რის გამოც მოპასუხეს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, მოსარჩელე - ლ-------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ-------------ის სარჩელი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 03 მაისის №--------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ;
3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 ივნისის №------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ-------------ის საკუთრებაში 2017 წლის 10 თებერვლის №882017098603 განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ (მდებარე: თბილისი, ძველი ვეძისი 600 კვ.მ.);
5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
6. მოპასუხეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელე - ლ-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ლეილა გოგიშვილი