გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-----19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28.02.2020 წელი ქ. რუსთავი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო ონიანი
სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,ა--------------------------–--------"
წარმომადგენელი - რ-–--------–--–---–ი
მოპასუხე - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - აკ-------------ი
მესამე პირი - (16.1) სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - თ--------------ე
მესამე პირი - (16.1) აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - კ--------------–---–---ე
დავის საგანი: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 01 ოქტომბრის №MIA 7------------ გადაწყვეტილება.
1.2. ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალის (დეპარტამენტის) სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის 2019 წლის 04 სექტემბრის №MIA 0------------ (№2------) გადაწყვეტილება.
1.3. დაევალოს სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განახორციელოს Q--------------------, X----------------, Q-----------------.4----------------------6 და Q--------------------- 5.6----------------------- ავტოსარანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია შპს „ა--------------------------–--------ი“-ს საკუთრებაში.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2019 წლის 09 აგვისტოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს უფროსმა აღმასრულბელმა №1--------------- წერილობითი განცხადებით მიმართა სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს, მის წარმოებაში არსებული №1------- სააღსრულებო საქმეზე სამი სატრანსპორტო საშუალების კრედიტორის საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე.
მოსარჩელემ დამატებითი განცხადებით მიმართა მოპასუხე მხარეს, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განჩინების აღსრულება. მოპასუხემ, როგორც აღმასრულებლის მიმართვაზე, ისე მოსარჩელის მიერ წარდგენილ განცხადებაზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო და უარი განაცხადა ავტომანქანების რეგისტრაციის განხორციელებაზე. ხოლო უარს საფუძლად დაედო ის გარემოება, რომ მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალებებზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა, რომელიც რეგისტრაციის მომენტისთვის არ არის გაუქმებული და არც გირავნობის შეტყობინების ავტორის თანხმობა არსებობს საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე.
მოსარჩელე მხარემ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რაზედაც 2019 წლის 01 ოქტომბერს, სსიპ შსს-ს მომსახურების სააგენტომ მიიღო №MIA 1---------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილებები არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან უგულებელყოფილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსი და მნიშვნელობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვს ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 2019 წლის 01 ოქტომრბის №MIA 7------------ და 2019 წლის 04 სექტემბრის №MIA 0------------ გადაწყვეტილებები და დაევალოს მოპასუხე მხარეს განახორციელოს Q--------------------, X----------------, Q-----------------.4----------------------6 და Q--------------------- 5.6----------------------- ავტოსარანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია შპს „ა--------------------------–--------ი“-ს საკუთრებაში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხე - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შესაგებელს, სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამათლებრივი საფუძველი.
მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის თანახმად სატრანსპორტო საშუალებებზე (საიდნტიფიკაციო კოდებით X----------------, W----------------, 5---------------5) აღრიცხულია საგადასახადო გირავნობა და ყადაღა, გავრცელებულია საპატრულო პოლიციის შეზღუდვა. ასევე, შეზღუდვების გრაფაში მითითებულია, რომ მესაკუთრე პირი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში. ამასთან: სატრანსპორტო საშუალებაზე საიდენტიფიკაციო კოდით X---------------- აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 7 დეკემბრის NA1--------MT/001 დოკუმენტის საფუძველზე-რეგისტრირებულია ყადაღა. სატრანსპორტო საშუალებაზე საინდეტიფიკაციო კოდით 5---------------5 აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 7 დეკემბრის NA1--------MT/001 დოკუმენტისა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 17 ივნისის N A 1-------------- დოკუმენტის საფუძველზე-რეგისტრაციის ყადაღა, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება კი გამორიცხავს მოსარჩელის სასარგებლოდ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
მოპასუხე მხარემ მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის N150 ბრძანებით დამკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქცის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმადაც თანახმად უფლებრივი შეზღუდვის ან საგადასახდო გირავნობის რეგისტრაციის შემდეგ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (გარდა სარეგისტრაციო ნიშნების აღდგენისა) არ განხორციელდება სააგენტოში უფლებრივი შეზღუდვისაგან ან საგადასახადო გირავნობისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან უფლებრივი შეზღუდვის/საგადასახადო გირავნობის შეტყობინების გამოგზავნის თანხმობის წარმოდგენამდე.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირების პოზიცია:
3.1. მესამე პირის - სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შესაგებელს, სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3.2. მესამე პირის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და ამასთანავე განმარტა, რომ ამ ეტაპისთვის არ მიმდინარეობდა შესაბამისი აუქციონი აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1 ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 25 ივნისის მიღებულ იქნა მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება, რომლის თანახმად მხარეთა შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების შესახებ ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან მიმართებით დამტკიცდა შემდეგი პირობებით:
„მხარეები ადასტურებენ, რომ მოსარჩელე მხარეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინების (N0-----------------; საქმე N400უზრ/17) საფუძველზე დაყადაღებული აქვს 9 ერთეული ავტომობილი, მხარეები თანხმდებიან ყადაღა მოუხსნას 3 ერთეულ ავტომობილს და ვალდებულების დაქვითვის მიზნით პირდაპირ საკუთრებაში დაურეგისტრირდეს მოსარჩელე „ა--------------------------–--------“-ს:
-Q--------------------X----------------
-შეფასდეს 266 აშშ დოლარად.
-Q----------------.4----------------------6 - შეფასდეს 18000 აშშ დოლარად.
-QO002MB-Nissan Armad A 5.6-----3-5---------------5
-8 000 აშშ დოალარად შეფასდეს“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის განჩინება (ს.ფ 115-120 )
4.1.2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 19 ოქტომბერს მიღებულ იქნა უსწორების გასწორების შესახებ განჩინება, როლითაც:
შესწორება შევიდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის საქმე №2-61/18 განჩინების სარეზოლუციო ნაწილში.
გასწორდა განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 2.2 პუნქტში დაშვებული უსწორობა და განჩინების N0----------------- საქმე №400 უზრ/17-ის ნაცვლად მიეთითა „N0----------------- საქმე N400 უზრ/17“
გასწორდა განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 2.2 პუნქტში ავტომობილის ნომრად მითითებული Q---------------------- A 5.6 და მის ნაცვლად მიეთითა Q------------------------ 5.6”
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის განჩინება (ს.ფ 112-114)
4.1.3 სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 13 მარტის N0------ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებით, ყადაღა დაედო შპს „ქ------------–-“-ს საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 13 მარტის N0------ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება (ს.ფ. 152)
4.1.4 2019 წლის 26 აგვისტოს N2------ განცხადებით მოსარჩელემ მოითხოვა შპს „ქ------------–-“-ს სახელზე რეგისტრირებული სამი სატრანსპორტო საშუალების შპს „ა--------------------------–--------ი“-ს სახელზე რეგისტრაცია, რაზედაც სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 04 სექტემბრის №MIA 0------------ მიმართვით ეცნობა, რომ განცხადებაში მითითებულ სატრანსპორტო საშუალებებზე აღრიცხულია უფლებრივი შეზღუდვები და საგადასახადო გირავნობა, რის გამოც მოპასუხე მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება (ს.ფ 100-102)
- სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 04 სექტემბრის №MIA 0------------ მიმართვა (ს.ფ 20-21)
4.1.5 მოსარჩელე შპს „ა--------------------------–--------ი“-მ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 04 სექტემბრის №MIA 0------------ მიმართვა და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა. ამავე საჩივრით მოთხოვნილ იქნა Q--------------------, X----------------, Q-----------------.4----------------------6 და Q--------------------- 5.6----------------------- ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია შპს „ა--------------------------–--------ი“-ს საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 85-88)
4.1.6 სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 01 ოქტომბრის №MIA 7------------ გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 01 ოქტომბრის №MIA 7------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 78-84)
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.2.1 მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოპასუხე სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას დარღვეულ იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, მოპასუხის მიერ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არ აღსრულებულა ბულაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „ა--------------------------–--------ი“-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ 2007 წლის 31 იანვრის N150 ბრძანება.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.
საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული მართლმსაჯულების არსი, ამოცანა და მისი როლი სახელმწიფოში კანონიერი საჯარო მმართველობის დამკვიდრებაში, კერძოდ: „სასამართლო ხელისუფლება ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით თავისი არსით ორ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ფუნქციას ახორციელებს:
1. კონფლიქტის (დავის) მოგვარება/გადაწყვეტა კანონიერად და სამართლიანად;
2. სასამართლო კონტროლის განხორციელება მმართველობითი ორგანოების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე, რაც თავის მხრივ, ემსახურება სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს, კანონიერი საჯარო მმართველობის ფუნქციონირების უზრუნველყოფას.
მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილებების, ხელშეკრულებების, ქმედებების /მოქმედება, უმოქმედობა/ გასაჩივრება საერთო სასამართლოში, რა დროსაც სასამართლოს ობიექტურობას, მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას განუზომელი მნიშვნელობა აქვს, რათა აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირსა და ოფიციალურ სტრუქტურას შორის“.
7.2 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.
7.3 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, მოპასუხის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით.
7.4 სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხსენებული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
7.5 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების პირობას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგებოდეს კანონს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავდეს მის უფლებას.
ზემოთ აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე დადგენილი უნდა იქნას, შეესაბამება თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონს და აყენებს თუ არა იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
7.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს”.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განმარტებულია, როგორც – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
7.7 სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.
7.8 ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე რომლის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
7.9 განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებით, მხარეები (მოსარჩელე: „ა--------------------------–--------“ და შპს „ქ------------–-“) შეთანხმდენენ, რომ ყადაღა მოეხსნას 3 ერთეულ ავტომობილს და ვალდებულების დაქვითვის მიზნით პირდაპირ საკუთრებაში დაურეგისტრირდეს მოსარჩელე „ა--------------------------–--------“-ს შემდეგი ავტოსატრანსპორტო საშუალებები: Q--------------------, X----------------, Q-----------------.4----------------------6 და Q--------------------- 5.6-----------------------.
დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული მორიგების საფუძველზე მოსარჩელემ მოითხოვა შპს „ქ------------–-“-ს სახელზე რეგისტრირებული სამი სატრანსპორტო საშუალების შპს „ა--------------------------–--------ი“-ს სახელზე რეგისტრაცია, რაზედაც სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 04 სექტემბრის №MIA 0------------ მიმართვით ეცნობა, რომ განცხადებაში მითითებულ სატრანსპორტო საშუალებებზე აღრიცხულია უფლებრივი შეზღუდვები და საგადასახადო გირავნობა, რის გამოც მოპასუხე მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა.
მოსარჩელე შპს „ა--------------------------–--------ი“-მ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 04 სექტემბრის №MIA 0------------ მიმართვა და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა. ამავე საჩივრით მოთხოვნილ იქნა Q--------------------, X----------------, Q-----------------.4----------------------6 და Q--------------------- 5.6----------------------- ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია შპს „ა--------------------------–--------ი“-ს საკუთრებაში.
სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 01 ოქტომბრის №MIA 7------------ გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
7.10 სასამართლო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ?? ???????? 265-? ?????? გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქმეში არსებული სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 13 მარტის N0------ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებით, დგინდება, რომ ყადაღა დაედო შპს „ქ------------–-“-ს საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.
სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოში არსებული მონაცემებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აღრიცხულია უფლებრივი შეზღუდვები და საგადასახადო გირავნობა.
საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის შესაბამისად მოსარჩელე შპს „ა--------------------------–--------ი“-ს მიერ განცხადებით წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები მიეკუთვნებიან იმ მექანიკურ საშუალებებს, რომელთა რეგისტრაციაც უნდა განხორციელდეს სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში.
7.11 სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის N150 „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ ბრძანების მე-3 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც რეგისტრაცია არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაცია, დროებითი რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება, აღრიცხვიდან მოხსნა, სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა, საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისათვის მისი დაშვება, დადგენილი წესით სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში (სისტემაში) ელექტრონული ან/და მატერიალური სახით სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების ასახვა.
ამავე ბრძანების მე-3 მუხლის 85-ე ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის და ყადაღის რეგისტრაცია არის საგადასახადო ორგანოს ელექტრონული ბაზიდან პირდაპირ რეჟიმში შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ ბაზაში ინფორმაციის მიწოდების შედეგად მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე სამართლებრივი შეზღუდვისა და დატვირთვის ელექტრონული (ავტომატური) რეგისტრაცია. ხოლო ამავე მუხლის 89-ე ნაწილის თანახმად, უფლებრივი შეზღუდვა – კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი პირებისაგან ელექტრონული ან/და მატერიალური სახით მიღებული შეტყობინების საფუძველზე ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ (გარდა საგადასახადო გირავნობისა) შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკურ დეპარტამენტში ან/და სააგენტოში რეგისტრირებული/აღრიცხული ინფორმაცია.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის N150 „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ ბრძანებით სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით მექანიკურ სატრანსპორტო საშულებებზე სამართლებრივი დატვირთვისა და უფლებრივი შეზღუდვის აღრიცხვა;
სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის N150 „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ ბრძანების 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არ განხორციელდება, თუ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხულია უფლებრივი შეზღუდავა.
ამავე ბრძანების 43 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კი უფლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციის შემდეგ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (გარდა სარეგისტრაციო ნიშნების აღდგენისა) არ განხორციელდება სააგენტოში უფლებრივი შეზღუდვისაგან ან საგადასახადო გირავნობისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან უფლებრივი შეზღუდვის/საგადასახადო გირავნობის შეტყობინების გამომგზავნის თანხმობის წარმოდგენამდე.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება სააგენტოში უფლებრივი შეზღუდვისაგან ან საგადასახადო გირავნობისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან უფლებრივი შეზღუდვის/საგადასახადო გირავნობის შეტყობინების გაგზავნის თანხმობის წარდგენა.
7.12. სასამართლო არ ეთანხმება მოსარჩელის იმ განმარტებას, რომ მოპასუხე სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ მიღებული გადაწყვეტილებებით არ აღასრულა სასამართლოს განჩინება.
სასამართლო განმარტავს, რომ ნების გამოვლენის მეშვეობით მხარეები მიზნად ისახავენ გარკვეული სამართლებრივი შედეგის მიღწევას. ისინი არა მხოლოდ სამართლებრივ შედეგებზე თანხმდებიან, არამედ წესებზეც, რომლებსაც უნდა დაემორჩილონ ამ სამართლებრივი შედეგის მისაღწევად. “ნება” შინაგანი, სუბიექტური კომპონენტია. იგი მიმართულია სამართლებრივი შედეგის დადგომაზე. “გამოვლენა” ამ ნების ობიექტური გაცხადებაა იმ სახით, რომ გასაგები, აღქმადი იყოს ადრესატის მიერ. სამართლებრივი შედეგის მისაღწევად გამიზნული ნება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს: მოქმედებით, უმოქმედობით, წერილობით, ზეპირად, დუმილით და ა.შ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეს უნდა ჰქონდეს სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის სურვილი. ეს სურვილი ყალიბდება შინაგანად და მისი იურიდიული მნიშვნელობით დატვირთვა ხდება მხოლოდ გამოვლენის შემდეგ, თუმცა თავად ნების ფორმირების ფაზას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გარიგების ნამდვილობისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ კრედიტორის უფლებების დაცვისათვის არსებული ისეთი სამართლებრივი ინსტიტუტები, როგორიცაა უფლებრივი შეზღუდვები ან/და საგადასახადო გირავნობა, არ ზღუდავს ნების გამოვლენის თავისუფლებას, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ნივთზე/ქონებაზე, რომელზეც რეგისტრირებულია რაიმე სახის შეზღუდვა, გამოხატული ნება და გარიგება ექვემდებარება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში მყისიერ მოქმედებებს, რომლითაც მიღებულ იქნება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება.
7.13 სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების არსებობა (მხარეთა მორიგების თაობაზე (ნების გამოვლენასთან მიმართებით)) არ გამორიცხავს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისთვის დადგენილი წესების დაცვის ვალდებულებას. პირიქით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ნებისმიერი აქტის გამოცემისას (ქმედების განხორციელებისას), რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს შესწავლილი და გამოკვლეული იქნეს იმდაგვარად, რომ აცილებულ იქნეს სხვა (მესამე პირთა) უფლებების დაუსაბუთებელი და უკანონო შეზღუდვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, სადავო აქტების მიღებისას დაცული იქნა კანონით გათვალისიწინებული მოთხოვნები და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია მათი მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.
7.14 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ სატენდერო კომისიის მიერ ტენდერის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება შეუსაბამოა კანონმდებლობის მოთხოვნებთან. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ განხორციელებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას.
საქმის მასალებიდან გამომდინარე არ დასტურდება და მოსარჩელის მიერ არც სასამართლო სხდომაზე იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, იმ გარემოებების დასადგენად, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამრიგად, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ა--------------------------–--------ი“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ონიანი