გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/29431-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირინა ზარქუა
სხდომის მდივანი თამარ პოღოსოვი
მოსარჩელე - ე----------------------–---–ი
წარმომადგენელი - დ---------------ე
მოპასუხე - გ------------–--ე
წარმომადგენელი - ვ----–-------–-–---–ი
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე გ------------–--ისათვის არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–-------------ს დაბადებული ვ------------–--ის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით 600 ლარის დაკისრება, სარჩელის შეტანის დღიდან, მის სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოების შეცვლამდე.
მოსარჩელე ე----------------------–---–ს და მოპასუხე გ------------–--ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2----–-–-------------ს დაბადებული ვ------------–--ე, რომელიც 2019 წლის სექტემბრიდან ირიცხება თბილისის კერძო სკოლა „პ----თან“ არსებულ საბავშვო ბაღში (მოსამზადებელი ჯგუფი), სადაც ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 280 ლარს. აკადემიკოს ე----------------–------–----------------------------–------ის ექიმის მიერ გაცემული ცნობის თანახმად კი, ვ------------–--ეს ესაჭიროება ხანგრძლივი მკურნალობა ლოგოპედთან. სს „ე-----------------–----------–-–-–---–ის სახელობის ბავშვთა კლინიკის მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის თანახმად, ფსიქოსარეაბილიტაციო სეანსის ღირებულება შეადგენს 750 ლარს. მხარეები 2015 წლიდან ერთად აღარ ცხოვრობენ, მათ შორის ქორწინება, ოფიციალურად, შეწყვეტილია 2018 წლიდან, მოსარჩელე და მისი არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობენ მოსარჩელის პენსიონერი მშობლების ბინაში, სადაც უწევს გარკვეული სახის გადასახადების გადახდა და შვილის რჩენა-აღზრდა. მოპასუხე მუშაობს ა---------–-----------–-–-------ის საელჩოში და აქვს მაღალი ანაზღაურება, თუმცა ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე.
(სარჩელი, 12.02.2020წ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე გ------------–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ხოლო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე თანხმობა განაცხადა 300 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდაზე. მამა ყოველთვის ზრუნავდა და იზრუნებს შვილზე. იგი არასდროს გაურბოდა ბავშვის ჩაცმის, კვების, სხვადასხვა წრეებში ჩართულობის დასვენებისა და მისი განვითარებისთვის აუცილებელი ხარჯების გაწევას. ალიმენტის სახით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობა არ არის გონივრული, სამართლიანი და არ შეესაბამება ბავშვის ინტერესებს.
(შესაგებელი, 12.02.2020წ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ე----------------------–---–ს და მოპასუხე გ------------–--ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2----–-–-------------ს დაბადებული ვ------------–--ე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N 0----------(ს.ფ. 17).
3.1.2. ვ------------–--ე ირიცხება ქ. თბილისის კერძო სკოლა „პ----თან“ არსებულ საბავშო ბაღში (მოსამზადებელი ჯგუფი) 2019 წლის სექტემბრიდან. ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 280 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 30 ოქტომბრის ცნობა N4---- ქ. თბილისის კერძო სკოლა „პ----იდან“.
3.2.2. ვ------------–--ეს ესაჭიროება, ხანგრძლივად მკურნალობა ლოგოპედთან. ფსიქოსარეაბილიტაციო 25 სეანსის ღირებულება შეადგენს 750 ლარს;
- შპს „ა-----------------------------–------–--------- საავადმყოფოს“ 2019 წლის 29 ოქტომბრის ცნობა N---- (ს.ფ. 19);
- სს „ე----------------–----------–-–-–---–--------–---------–---- კლინიკის 2019 წლის 04 ნოემბრის N---- ანგარიშ-ფაქტურა (ს.ფ. 20-21).
3.2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 2 დეკემბრის მდგომარეობით, გ------------–--ეს მიღებული დასაბეგრი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ უფიქსირდება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 03 დეკემბრის მომართვა N2----------- (ს.ფ. 32).
3.2.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 2 დეკემბრის მდგომარეობით, ე----------------------–---–ის მიერ შპს „ა-----------------ნ“ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2019 წლის იანვრის თვეში - 1304 ლარს, თებერვლის თვეში - 1391 ლარს და 34.56 ლარს, მარტის თვეში - 1400 ლარს, აპრილის თვეში - 1308 ლარს, მაისის თვეში - 1289 ლარს, ივნისის თვეში - 1256 ლარს, ივლისის თვეში - 1400 ლარს, აგვისტოს თვეში - 1744 ლარს, სექტემბრის თვეში - 1645 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1860 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 03 დეკემბრის მომართვა N2----------- (ს.ფ. 32-33).
3.2.5. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელე ე----------------------–---–ი, არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს პენსიონერ მშობლებთან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, რომელიც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია (12.02.2020წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.2.7. გ------------–--ე მუშაობს ა---------–-----------–--–-------ის საელჩოში და აქვს შემოსავალი ხელფასის სახით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, რომელსაც დაეთანხმნენ მოპასუხე და მისი წარმომადგენელი (სარჩელი, შესაგებელი, 12.02.2020წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. გ------------–--ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ფ---------------თან, რომელიც 2020 წლის 07 თებერვლის მდგომარეობით არის 29 კვირის ორსული და ელოდება შვილს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- „მ---------------ის“ შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარების შესახებ (ს.ფ. 47);
- 2020 წლის 07 თებერვლის სამედიცინო ცნობა შპს „გ-----იდან“ (ს.ფ. 56);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (12.02.2020წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.2.2. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან, აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდის ინტერესებს. სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანთა საუკუთესო ინტერესი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
ამდენად, მართალია სამართალწარმოება საოჯახო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებში ინკვიზიციური პრინციპით წარმოებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმადაც სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ, აღნიშნული პრინციპი არ უგულებელყოფს შეჯიბრებითობის პრინციპს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის 1200 ლარის ოდენობით თანხის საჭიროების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, ვინაიდან, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
’’ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1215-ე და 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელე ე----------------------–---–მა 600 ლარის ოდენობით ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი - 2----–-–-------------ს დაბადებული ვ------------–--ე.
სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელე ე----------------------–---–ს და მოპასუხე გ------------–--ეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2----–-–-------------ს დაბადებული ვ------------–--ე. ამჟამად, მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მათ შორის ოჯახური ურთიერთობა შეწყვეტილია. არასრულწლოვანი ვ------------–--ე ცხოვრობს და იზრდება დედასთან - ე----------------------–---–თან და მხარეები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება - მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებულმა „ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციამ“ შეცვალა ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც - ბავშვები არიან განსაკუთრებული უფლებების მქონე ადამიანები და არა ქველმოქმედების მხოლოდ პასიური ობიექტები. კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ. კერძოდ, აღნიშნული კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ბავშვს აძლევს უფლებას, მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისას ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, შეფასდეს და უპირველესი ყურადღება დაეთმოს საუკეთესო - ჭეშმარიტ ინტერესებს, როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სფეროში. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის მიზანია, უზრუნველყოს როგორც კონვენციით აღიარებული ყველა უფლებით სრული და ეფექტიანი სარგებლობა, ისე ბავშვის ყოვლისმომცველი განვითარება. კონვენციაში უფლებათა იერარქია არ არსებობს, მასში უზრუნველყოფილი ყველა უფლება შეესაბამება „ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს“ და დაუშვებელია რომელიმე უფლების შელახვა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების ნეგატიური განმარტებით (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის N14 ზოგადი კომენტარი ბავშვის უფლებების შესახებ CRC/C/GC/14 2013წ.).
ამავე კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს, ხოლო 27-ე მუხლით აღიარებულია, ასევე, ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესებს.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან. სასამართლომ შეისწავლა როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა და დადგინა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 2 დეკემბრის მდგომარეობით, მართალია, გ------------–--ეს მიღებული დასაბეგრი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ უფიქსირდება, მაგრამ იგი მუშაობს ა---------–-----------–--–-------ის საელჩოში, სადაც იღებს შემოსავალს ხელფასის სახით, ხოლო ეკატერინე არეშიძის მიერ შპს „ა-----------------დნ“ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2019 წლის იანვრის თვეში - 1304 ლარს, თებერვლის თვეში - 1391 ლარს და 34.56 ლარს, მარტის თვეში - 1400 ლარს, აპრილის თვეში - 1308 ლარს, მაისის თვეში - 1289 ლარს, ივნისის თვეში - 1256 ლარს, ივლისის თვეში - 1400 ლარს, აგვისტოს თვეში - 1744 ლარს, სექტემბრის თვეში - 1645 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1860 ლარს.
კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას, ალიმენტის მოცულობის თაობაზე, მიიღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. ცხადია, ალიმენტის გადამხდელ მშობელთან მისი დანარჩენი შვილების ცხოვრების შემთხვევაში, მათ სარჩენ არასრულწლოვანთან მიმართებით რაიმე სახის უპირატესობა არ ენიჭებათ. ამდენად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას. კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულებაში მოიაზრება მხარის მოვალეობა, არჩინოს ყველა ის პირი, რომელზე ზრუნვაც მას, კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, ეკისრება, მის კმაყოფაზე იმყოფება და რჩენას საჭიროებს.
აღსანიშნავია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს არ გააჩნიათ რჩენის ვალდებულებები სხვა პირების მიმართ. ამასთან, ორივე დასაქმებული და აქვთ სტაბილური შემოსავალი. მოპასუხე თანახმაა, თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ალიმენტის სახით ვ------------–--ის სასარგებლოდ გადაიხადოს თვეში 300 ლარი. სასამართლო მიუთითებს იმ სამართლებრივ დანაწესზე, რომ ორივე მშობელი თანაბრად არის ვალდებული არასრულწლოვანი უზრუნველყოს მისი საჭიროებები და აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მამის მხრიდან ბავშვისათვის რაიმე სახის მატერიალურ დახმარების გაწევის ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვების რჩენა და მათთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვების ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა, თუმცა ალიმენტის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობისა და ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ვ------------–--ის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა უნდა განისაზღვროს თვეში 350 ლარით.
სასამართლო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას. იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისიწნებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ სუსგ №ას-967-916-2015, 15.12.2015წ; სუსგ ას-1141-1061-2017 17.10.2017წ.).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ე----------------------–---–ის მოთხოვნა - გ------------–--ის მიმართ არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ე----------------------–---–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ხოლო 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან მოპასუხე გ------------–--ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ე----------------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე გ------------–--ეს (პ/ნ 0----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, ვ------------–--ის (დაბადებული 2----–-–-------------ს, პ/ნ 0----------) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 22 ნოემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
3. მოპასუხე გ------------–--ეს (პ/ნ 0----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50(ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ბაჟის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინა ზარქუა