გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/29445-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირინა ზარქუა
სხდომის მდივანი თამარ პოღოსოვი
მოსარჩელე - ნ-----------ა
წარმომადგენლები - ნ-----------–--ე, ა----------------ი
მოპასუხე - კ--------------------–ი
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე კ--------------------–ისათვის, არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–---------ს დაბადებული გ-----------------–ის სასარგებლოდ, ყოველთვიურად, ალიმენტის სახით 300 ლარის დაკისრება.
ნ-----------ასა და კ--------------------–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - 2----–-–---------ს დაბადებული გ-----------------–ი. ბავშვის დაბადებიდან მალევე, მოპასუხე საცხოვრებლად წავიდა მშობლებთან, ლაგოდეხის რაიონში, სოფელ მ-–--ში და არ მონაწილეობს შვილის აღზრდა-განვითარებაში. ბავშვი იმყოფება ხელოვნურ კვებაზე და ერთი კვირის განმავლობაში 100 ლარზე მეტი თანხა საკვებში ეხარჯება. სერიოზულ თანხებთანაა დაკავშირებული ასევე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვა, წამლები და ექიმთან ვიზიტები. მოპასუხე შეგნებულად არიდებს თავს შვილის რჩენას, მიუხედავად იმისა, რომ ასრულებს კერძო სარემონტო სამუშაოებს და მნიშვნელოვანი შემოსავალი გააჩნია.
(სარჩელი, 12.02.2020წ. სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე კ--------------------–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, თანხმობა განაცხადა 100 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდაზე და განმარტა, რომ არ გააჩნია საჯარო და მუდმივი სამსახური, პერიოდულად მუშაობს დაქირავებულ მუშად, შასაძლოა, კვირაში ორჯერ ან სამჯერ და დღიური შემოსავალი 20 ლარს შეადგენს. სხვა შემოსავალი არ გააჩნია, ზამთრის პერიოდში, თითქმის უმუშევარია. მოპასუხე თავს არ არიდებს მშობლის უფლებამოვალეობის შესრულებას და ბავშვის აღზრდაში მონაწილეობას. რამდენჯერმე მივიდა ბავშვის სანახავად, მიუტანა ტანსაცმელი და აპირებდა სხვა სახის მატერიალური დახმარების გაწევას, რაც მოსარჩელემ არ მიიღო. კ--------------------–ს ჰყავს ასევე, კიდევ ერთი შვილი, პირველი ქორწინებიდან - 2----–-–------------ს დაბადებული ნ--------------------–ი, რომელსაც ასევე ესაჭიროება მისი მატერიალური დახმარება.
(შესაგებელი, 12.02.2020წ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ნ-----------ას და მოპასუხე კ--------------------–ს, თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ერთი შვილი - 2----–-–----------ს დაბადებული გ-----------------–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 13).
3.1.2. მოპასუხე კ--------------------–ს მ-----------------სკთან შეეძინა შვილი - 2----–-–------------ს დაბადებული ნ--------------------–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0------ (ს.ფ. 33).
3.1.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, 2019 წლის 12 დეკემბრის მდგომარეობით, ნ-----------ას სსიპ შ--------------------–-----------------–--–------იდან 2018 წლის ივლისის თვეში ხელფასის სახით მიღებული აქვს შემოსავალი 300 ლარის ოდენობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 13 დეკემბრის მომართვა N2----------- (ს.ფ. 43-44).
3.1.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, 2019 წლის 12 დეკემბრის მდგომარეობით, კ--------------------–ის მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის ოქტომბრის თვეში - შპს „ბ----------------დან“ მომსახურების ანაზღაურების სახით - 126.94, სს „თ---–--------------დან“ ხელფასის სახით - 2019 წლის თებერვლის თვეში - 413.97 ლარს, მარტის თვეში - 585.92 ლარს, აპრილის თვეში - 594.58 ლარს, მაისის თვეში - 600.89 ლარს, ივნისის თვეში - 77.45 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 13 დეკემბრის მომართვა N2----------- (ს.ფ. 43-44).
3.1.5. არასრულწლოვანი გ-----------------–ი ცხოვრობს დედასთან - ნ-----------ასთან. მამა - კ--------------------–ი არ მონაწილეობს ფინანსურად შვილის რჩენა-აღზრდაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 12.02.2020წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. კ--------------------–ი არის შრომისუნარიანი, 2019 წლის ივლისამდე დასაქმებული იყო სს „თ---–--------------ში“, საიდანაც წამოვიდა თავისი სურვილით. შემდეგ, მუშაობდა მანქანების შემკეთებლად. ამჟამად, მუშაობს პერიოდულად და არ აქვს სტაბილური შემოსავალი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 12.02.2020წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.2.2. მოსარჩელე ნ-----------ა არ მუშაობს და არ გააჩნია შემოსავალი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 12.02.2020წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.2.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ გ-----------------–ს ესაჭიროება განსაკუთრებული კვება, მედიკამენტები და ვიზიტები ექიმებთან.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
ამდენად, მართალია სამართალწარმოება საოჯახო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებში ინკვიზიციური პრინციპით წარმოებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმადაც სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ, აღნიშნული პრინციპი არ უგულებელყოფს შეჯიბრებითობის პრინციპს. შესაბამისად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ბავშვი საჭიროებენ განსაკურებულ კვებას, მკურნალობას, მედიკამენტებს და ვიზიტს ექიმთან, მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენდა, რაც მან ვერ დაძლია და შემოიფარგლა მხოლოდ (იხ. სარჩელი, 10.02.2020წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.2.4. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან, აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს. სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მცირეწლოვნის საუკუთესო ინტერესი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, ვინაიდან, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა, ალიმენტის დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
’’ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1215-ე და 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელე ნ-----------ამ 300 ლარის ოდენობით ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო მცირეწლოვანი შვილი - 2----–-–----------ს დაბადებული გ-----------------–ი.
სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელე ნ-----------ას და მოპასუხე კ--------------------–ს, თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ერთი შვილი - 2----–-–----------ს დაბადებული გ-----------------–ი. ამჟამად, მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მათ შორის ოჯახური ურთიერთობა შეწყვეტილია. მცირეწლოვანი შვილი ცხოვრობს და იზრდება დედასთან - ნ-----------ასთან, ხოლო კ--------------------–ი არ მონაწილეობს შვილის რჩენა-აღზრდაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება - მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებულმა „ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციამ“ შეცვალა ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც - ბავშვები არიან განსაკუთრებული უფლებების მქონე ადამიანები და არა ქველმოქმედების მხოლოდ პასიური ობიექტები. კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ. კერძოდ, აღნიშნული კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ბავშვს აძლევს უფლებას, მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისას ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, შეფასდეს და უპირველესი ყურადღება დაეთმოს საუკეთესო - ჭეშმარიტ ინტერესებს, როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სფეროში. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის მიზანია, უზრუნველყოს როგორც კონვენციით აღიარებული ყველა უფლებით სრული და ეფექტიანი სარგებლობა, ისე ბავშვის ყოვლისმომცველი განვითარება. კონვენციაში უფლებათა იერარქია არ არსებობს, მასში უზრუნველყოფილი ყველა უფლება შეესაბამება „ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს“ და დაუშვებელია რომელიმე უფლების შელახვა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების ნეგატიური განმარტებით (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის N14 ზოგადი კომენტარი ბავშვის უფლებების შესახებ CRC/C/GC/14 2013წ.).
ამავე კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს, ხოლო 27-ე მუხლით აღიარებულია, ასევე, ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესებს.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან. სასამართლომ შეისწავლა როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა და დადგინა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, 2019 წლის 12 დეკემბრის მდგომარეობით, ნ-----------ას სსიპ შ--------------------–-----------------–--–------იდან 2018 წლის ივლისის თვეში ხელფასის სახით მიღებული აქვს შემოსავალი 300 ლარის ოდენობით, ხოლო კახაბერ მურჯიკნელის მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის ოქტომბრის თვეში - შპს „ბ----------------დან“ მომსახურების ანაზღაურების სახით - 126.94, სს „თ---–--------------დან“ ხელფასის სახით - 2019 წლის თებერვლის თვეში - 413.97 ლარს, მარტის თვეში - 585.92 ლარს, აპრილის თვეში - 594.58 ლარს, მაისის თვეში - 600.89 ლარს, ივნისის თვეში - 77.45 ლარს. ასევე დადგენილია, რომ ამჟამად, მოსარჩელე ნ-----------ა არ მუშაობს და შემოსავალი არ გააჩნია, ხოლო კ--------------------–ს არ აქვს სტაბილური სამსახური და შემოსავალი.
კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას, ალიმენტის მოცულობის თაობაზე, მიიღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. ცხადია, ალიმენტის გადამხდელ მშობელთან მისი დანარჩენი შვილების ცხოვრების შემთხვევაში, მათ, სარჩენ არასრულწლოვანთან მიმართებით, რაიმე სახის უპირატესობა არ ენიჭებათ. ამდენად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას. კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულებაში მოიაზრება მხარის მოვალეობა, არჩინოს ყველა ის პირი, რომელზე ზრუნვაც მას, კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, ეკისრება, მის კმაყოფაზე იმყოფება და რჩენას საჭიროებს.
აღსანიშნავია, რომ მოპასუხეს ჰყავს არასრუწლოვანი შვილი პირველი ქორწინებიდან, რომლის მიმართაც გააჩნია გარკვეული ვალდებულებები, მიუხედავად იმისა, რომ ალიმენტის გადახდის ვალდებულება არ აკისრია სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. მართალია, კ--------------------–ს, ამჟამად, სტაბილური შემოსავლის მიღების ფაქტი არ უდასტურდება, იგი არის შრომისუნარიანი. მოპასუხე თანახმაა თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ალიმენტის სახით გ-----------------–ის სასარგებლოდ გადაიხადოს თვეში 100 ლარი. სასამართლო მიუთითებს იმ სამართლებრივ დანაწესზე, რომ ორივე მშობელი თანაბრად არის ვალდებული არასრულწლოვანი უზრუნველყოს მისი საჭიროებები და აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მამის მხრიდან ბავშვისათვის რაიმე სახის მატერიალურ დახმარების გაწევის ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვების რჩენა და მათთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვების ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა, თუმცა ალიმენტის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობისა და ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, მცირეწლოვანი გ-----------------–ის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა უნდა განისაზღვროს თვეში 150 ლარით.
სასამართლო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას. იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისიწნებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ სუსგ №ას-967-916-2015, 15.12.2015წ; სუსგ ას-1141-1061-2017 17.10.2017წ.).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ-----------ას მოთხოვნა - კ--------------------–ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ნ-----------ა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, კი მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს, ხოლო 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან მოპასუხე კ--------------------–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ-----------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. კ--------------------–ს (პ/ნ 2----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, გ-----------------–ის (დაბადებული 2019 წლის 1 მაისს, პ/ნ 0----------), სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 22 ნოემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
3. მოპასუხე კ--------------------–ს (პ/ნ 2----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინა ზარქუა