განაჩენი

სისხლის სამართლის 12.02.2020
საქმის ნომერი
180100120003444679
დავის ტიპი
300 2
თარიღი
12.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N180100120003444679

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/20-20 12 თებერვალი, 2020 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №0-----------)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - ეკა გაბიდაური,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ------------------;

 

დაცვის მხარე -

ბრალდებული - ჯ--–-რ ვ--–-------ს ძე ც----–-–---–ი (დაბადებული 1--- წლის 10 ი---სს, პირადი №3----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები: მცხეთის რაიონის სოფელ ა---–-----ში, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეფარდებული.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილი - უკანონო თევზჭერა აკრძალულ დროს, აკრძალულ ადგილას და აკრძალული იარაღით.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 17 ოქტომბერს, ღამის საათებში, დუშეთის რაიონის სოფელ მ-------ის მიმდებარედ, მდინარე არაგვზე, ჯ--–-რ ც----–-–---–მა აკრძალულ დროს, აკრძალულ ადგილას და აკრძალული იარაღით - ელექტრო შოკის აპარატით, უკანონოდ მოიპოვა 1,8 კილოგრამის ოდენობის საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი „მდინარის კალმახი“ და 0,15 კილოგრამი „მურწას“ სახეობის თევზი, რის შედეგადაც გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 769 (შვიდასსამოცდაცხრა) ლარი და 20 (ოცი) თეთრი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ჯ--–-რ ც----–-–---–მა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

2.2. დაზარალებულის წარმომადგენლის თ----- შ-–----ის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ მისთვის ცნობილი გახდა, რომ ჯ--–-რ ც----–-–---–ი გამოვლენილი იქნა 2019 წლის 18 ოქტომბერს სოფ. მ-------ასთან მდინარე არაგვზე ღამის საათებში ელექტრო შოკით თევზაობის შემდეგ, რომელსაც დაჭერილი ჰქონდა 1 კილო და 800 გრამის ,,კალმახის“ და 150 გრამი ,,მურწის“ ჯიშის თევზი. გამოკითხვისას, მან განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის N423 დადგენილების თანახმად, რომელიც ეხება „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცებას“, განსაზღვრულია საქართველოში თევზაობის შესაბამისი წესები. აღნიშნული რეგლამენტის მე-6 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია თევზჭერა ელექტრო დენით, ელექტრო შოკის აპარატით და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოების გამოყენებით. ამავე დადგენილების მე–4 მუხლი განსაზღვრავს თევზჭერის აკრძალვის ვადებს და ადგილებს. ამავე დადგენილების მე-5 მუხლის, პირველი პუნქტის ,,დ“ ქვ/პუნქტის თანახმად აკრძალულია დაჭერა კალმახის ჯიშის თევზზე (მდინარის და ტბის) მთელი წლის განმავლობაში, ასევე კალმახის ჯიშის თევზი შედის საქართველოს მთავრობის 190 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ,,წითელი ნუსხის“ სიაში, ასევე ელექტრო შოკური მოწყობილობით თევზაობა წელიწადის ნებისმიერ დროს წარმოადგენს თევზჭერისთვის აკრძალულ საშუალებას. ვინაიდან ჯ--–-რ ც----–-–---–ის მიერ მდინარე არაგვიდან უკანონოდ მოპოვებულმა თევზმა გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა ,,კალმახის“ 763, 20 ლარი და 150 გრ. ,,მურწა“ უკანონოდ მოპოვებით გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა მთლიანად შეადგინა 769,20 ლარი. ,,კალმახის" (მდინარის) ჯიშის თევზი არის შეტანილი საქართველოს ,,წითელ ნუსხაში" და მასზე მთელი წლის განმავლობაში აკრძალულია თევზჭერა. მას როგორც დაზარალებულის–გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელს ჯ--–-რ ც----–-–---–ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ვინაიდან ჯ--–-რ ც----–-–---–მა გარემოსათვის მიყენებული ზიანი მთლიანად აანაზღაურა.

2.3. მ-----– ლ--------------ის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ იგი არის გარემოს დაცვითი ზედამხვედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი სპეციალისტ-ინსპექტორი და ევალება ბიო-მრავალ ფეროვნება, არის მიწის სპეციალისტი და ასრულებს იხტიოლოგის (თევზის ჯიშების) მოვალეობას, რაზედაც აქვს გავლილი ორჯერ 6 წლის განმავლობაში შესაბამისი კურსები და აღებული აქვს ორი სერთიფიკატი. 2019 წლის 21 ოქტომბერს გარემოს დაცვითი ზედამხდველობის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამმართველოში წარმოდგენილი იქნა შსს ჟინვალის პოლიციის განყოფილების გამომძიებლის მიერ ერთი ცალი პაკეტი დალუქულ მდგომარეობაში თევზით, რომელიც მის მიერ გახსნილი და დათვალიერებული იქნა, სადაც აღმოჩნდა 27 ცალი საშუალო თევზი, რომელიც აწონილი იქნა და შეადგინა 1.8 კგ. რომელიც ვიზუალური დათვალიერებით დადგენილი იქნა რომ არის კალმახის ჯიშის (მდინარის წითელწინწკლებიანი), ხოლო 2 ცალი 150 გრ. ვიზუალური დათვალიერებით დადგენილი იქნა რომ არის მურწის ჯიშის. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მე-12 დანართის მე-19 პუნქტის თანახმად, კალმახის უკანონოდ მოპოვებით გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 152,64 ლარი, ხოლო მეშვიდე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილ სახეობებზე ზიანის თანხა ხუთმაგდება 150,64 გამრავლებული 5=763,2 ლარი, მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მე-12 დანართის 50-ე პუნქტის თანახმად 0,15 (150) გრამი მურწის ჯიშის უკანონოდ მოპოვებით გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 40 X 0,15 = 6 ლარი, სულ მთლიანობაში კი შეადგინა 769.20 ლარი. საქართველოს მთავრობის N423 დადგენილების თანახმად, რომელიც ეხება „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცებას“, განსაზღვრულია საქართველოში თევზაობის შესაბამისი წესები. ზემოაღნიშნული რეგლამენტის მე-6 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად აკრძალულია თევზჭერა ელექტრო დენით, ელექტრო შოკის აპარატით და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოების გამოყენებით საქართველოს მთავრობის N423 დადგენილების თანახმად, რომელიც მიღებულია 2013 წლის 31 დეკემბერს. თევჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე აღნიშნული დადგენილების მე-5 მუხლის, პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, აკრძალულია კალმახის (მდინარის, ტბის) მთელი წლის განმავლობაში ყველანაირი საშუალებით.

2.4. 2019 წლის 18 ოქტომბრის ა/მანქანა ,,ფორდ ტრანზიტის“ ჩხრეკის ოქმის თანახმად, შსს დუშეთის რაიონული სამმართველოს გამომძიებლის და ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ დუშეთის რაიონის სოფელ ბიჩნიგაურების მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩხრეკილი იქნა ჯ--–-რ ც----–-–---–ის მანქანა, საიდანაც ამოღებული იქნა ე.წ. ,,ელექტრო შოკი“, ბამბუკის ჯოხი, რომელსაც წინ აქვს გაკეთებული ბადე სველ მდგომარეობაში, სადაც ნანახი იქნა 27 ცალი ,,კალმახის“ ჯიშის თევზი და 2 ცალი ,,მურწის“ ჯიშის თევზი.

2.5. ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კუსტარულად დამზადებული ელ. მოწყობილობა და ჩოგან ბადე, აგრეთვე ქარხნული წესით დამზადებული აკუმულატორი ერთ მთლიანობაში, წარმოადგენს დენის ზემოქმედების საშუალებით თევზის დასაჭერ კუსტარული წესით დამზადებულ მოწყობილობას. მოწყობილობა ტექნიკურად გამართულია და ვარგისია გამოსაყენებლად.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (ლ-–----------–---–-ს პატაკი და გამოკითხვის ოქმი, თავად ჯ--–-რ ც----–-–---–ის გამოკითხვის ოქმი, დაზარალებულის წარმომადგენლის თ----- შ-–----ის გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი, პირადი ჩხრეკის ოქმი, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთმტკიცებები - 1,8 კილოგრამი „მდინარის კალმახი“ 0,15 კილოგრამი „მურწას“ სახეობის თევზი, ელექტრო შოკური მოწყობილობა, ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებულ სხვა მასალები) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ჯ--–-რ ც----–-–---–მა 2019 წლის 17 ოქტომბერს, ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - უკანონო თევზჭერა აკრძალულ დროს, აკრძალულ ადგილას და აკრძალული იარაღით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულ ჯ--–-რ ც----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს, სასამართლოს სთხოვს პატიებას, დაზარალებულს არ გააჩნია პრეტენზია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.3. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

5.4. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა (მის მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული გარემოსთვის მიყენებული ზიანი) და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ--–-რ ც----–-–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ჯ--–-რ ც----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

2. ჯ--–-რ ც----–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

3. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: ერთი ცალი ,,ელექტროშოკური მოწყობილობა, ერთი ცალი შავი ფერის ,,აკუმულატორი“, ერთი ცალი ბამბუკის ჯოხი მასზე დამაგრებული ბადით, ორ ჯოხზე დახვეული ბადე, ერთი ცალი ნაჭრის ტომარა მასში არსებული კალმახისა და მურწის ჯიშის თევზით - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

4. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი