გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.02.2020
საქმის ნომერი
281210119003163108
კატეგორია
დავის ტიპი
სამეზობლო
თარიღი
13.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №363108-2/047-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 თებერვალი 2020 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი მოსამართლე

ასპინძის მუნიციპალიტეტში მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი თამარ ცინაძე

მოსარჩელე - ი-----–- ვ----ე

მოპასუხე - გ------ კ-----–--ე, მ-----– კ-----–--ე, ა----- ვ----ე,ადვოკატი - ო-------------–--ე

დავის საგანი: სასმელი წყლით სარგებლობაში უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. სასამართლომ დაავალდებულოს მოპასუხეები გ------ კ-----–--ე, მ-----– კ-----–--ე და ა----- ვ----ე, ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ--–-------ში (გ---–-------ში) მდებარე სასმელი წყლის წყალშემკრები (გამანაწილებელი) რეზერვუარიდან შეწყვიტონ ი-----–- ვ----ისათვის წყლით სარგებლობაში ხელშეშლა, ი-----–- ვ----ემ შეძლოს ამ რეზერვუარზე სამომხმარებლო სასმელი წყლის ქსელის შეერთება ნებისმიერ ადგილას, საიდანაც უკეთესად და მუდმივად შეიძლება მიეწოდოს წყალი და ყველა სხვა დანარჩენი მოსარგებლეების თანაბრად, ნებისმიერი განსხვავების გარეშე ისარგებლოს წყლით.

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ი-----–- ვ----ე ოჯახთან ერთად ცხოვრობს ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ--–-------ში (გ---–-------ში), სადაც აქვს საკუთარი საცხოვრებელი სახლი ეზოთი. ოთხი წელია ცხოვრობს მამამისის ოჯახისაგან ცალკე.

სოფელში არის სასმელი წყლის წყალშემკრები (გამნაწილებელი) რეზერვუარი, საიდანაც ხდებოდა სასმელი წყლის განაწილება ამ სოფლის 6 ოჯახზე, მათ შორის მამამისის ოჯახზე. რეზერვუარიდან სასმელი წყალი სახლებამდე ყველას გაყვანილი აქვს დამოუკიდებლად, თანაბარი დიამეტრის რეზინის მილებით.

2019 წლის აგვისტოს თვეში, განცხადებით მიმართა ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიას, რათა ამ რეზერვუარზე სასმელი წყლის მილის შეერთების ნებართვა მიეცათ და წყალი გაეყვანა დამოუკიდებლად. ამისი ნება დართეს, დაუდასტურეს ამ წყლით სხვების თანაბრად სარგებლობის თავისი უფლება, უფლებამოსილი პირების და მისი 14.08.2019 წლის აქტით დასტურდება, რომ მან შეაერთა რეზინის მილი და სასმელი წყალი გაიყვანა თავის სახლში. ამ აქტის შედგენამდე და ამის შემდგომაც, მ-----– კ----ე და მ------- კ-----–--ე შეეცადნენ წყლით სარგებლობაში მისთვის ხელი შეეშალათ, არაერთხელ გამოაძრეს მის მიერ შეერთებული მილი, შეუწყვიტეს სასმელი წყალი, ეუბნებოდნენ, ჩვენ წყალი დაგვაკლდება საქონლისთვის გვჭირდებაო, ეზოების სარწყავადაც იყენებდნენ წყალს, მას კი წყლით ნორმალურად სარგებლობის საშუალება არც ამ ნებართვამდე და არც შემდგომ ეძლეოდა, თუმცა რეზერვუარში საკმარისზე მეტი წყალი იყო, რომ ყველას ყოფნოდა და დარჩენილ წყალს საქონლის დასალევადაც გამოიყენებდნენ.

მოსარჩელემ განცხადებით მიმართა შსს ა-----ის რაიონულ სამმართველოს, რათა გაეფრთხილებინა მოპასუხეები, რომ ხელი აღარ შეეშალათ წყლით სარგებლობაში, რის თაობაზეც, 2019 წლის 15 აგვისტოს შედგა მისი გამოკითხვის შესახებ ოქმი.

ამჟამად მ-----– კ----ესთან დაპირისპირება აღარ აქვს, რადგან ამ ოქმის შედგენის შემდეგ, იგი მივიდა მასთან და უთხრა, რომ წყლით სარგებლობაში ხელს აღარ შეუშლიდა, სადაც უნდოდა შეეერთებინა ამ რეზერვუარზე მისი წყლის მილი. ამჟამად კ-----–--ეები და მოსარჩელის ბიძა ა----- ვ----ე არიან წინააღმდეგები, რომ ამ რეზერვუარიდან მათთან თანაბარი პირობებით ისარგებლოს წყლით. მილის შეერთების საშუალებას აძლევენ მხოლოდ მის ზედა ნაწილზე, რომელზეც ჰქონდა და საიდანაც ზემოაღნიშნულმა ორმა პირმა გამოაძრო არაერთხელ მილი. ამჟამადაც ზემოთა ნაწილში აქვს შეერთებული, მაგრამ აქედან წყალი შეიძლება არ მიეწოდოს, თუ წყლის დონე დაიწევს, რაც სრულყოფილი სარგებლობა არ არის. მოპასუხეებს არ უნდათ, რომ მათნაირად, მათი მილების გასწვრივ შეაერთოს მისი მილი და ეუბნებიან, რომ თუ ამას გააკეთებს, მაინც არ ასარგებლებენ წყლით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ დანარჩენ მოსარგებლეებს სასმელი წყლის რეზერვუარიდან წყალი გაყვანილი აქვთ 25 მმ დიამეტრის მილებით, ხოლო მას მხოლოდ 20 მმ დიამეტრის მილით.

როგორც ყველას, ისე მის ოჯახსაც წყალი მუდმივად ჭირდებათ სასმელად და საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის, რადგან თითოეული ადამიანისათვის წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, ერთი-ბ----- ვ----ე არის ეპილეფსიით დაავადებული, მისთვის წყალი განსაკუთრებით საჭირო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში, უწყლოობა კი კიდევ უფრო ამძიმებს მისი და მისი ოჯახის მდგომარეობას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათ ი-----–- ვ----ის მიერ 2019 წლის აგვისტოს თვეში მათი წყალსადენი მილის პარალელურად მიერთებული მილი არ მოუგლეჯიათ, მოაცილეს მანამდე თვითნებურად პირდაპირ რეზერვუარში შემავალი საერთო მილზე მიერთებული წყალგაყვანილობა. ი-----–- ვ----ე ადრე თავისი მამის, ი-–-- ვ----ის წყალგაყვანილობით სარგებლობდა, შემდეგ მამის ოჯახიდან განცალკევდა და საშუალება მისცეს ესარგებლა მათი რეზერვუარით, რომელიც ხელახლა გაშენდა და შეეძლო ესარგებლა მხოლოდ 10 სმ-ით ზევით ასული წყლის მარაგით, მან კი თვითნებურად მთავარ მილს მიუერთა, რის გამოც ექვსივე ოჯახმა ასეთი წესით თვითნებურად სარგებლობა აუკრძალეს და რეზერვუარზე ნამუშევარი და გაწეული ხარჯები დაუბრუნეს. ამის შემდეგ მოსარჩელემ ისარგებლა ა-----ის მაგისტრატი სასამართლოს მიერ მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებით და კვლავ თვითნებურად დააზიანა რეზერვუარი და წყალი გაიყვანა მათ გვერდიდან, რაზეც მათ რეაგირება არ მოუხდენიათ. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ ეს წყალგაყვანილობა მათთვის სახელმწიფოს არ გაუკეთებია, თავიანთი სახსრებით გააკეთეს და მიიჩნევენ, რომ არარსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2019 წლის 14 აგვისტოს ა(ა)იპ ა-----ის მელიორაციის და სოფლების სასმელი წყლის ცენტრის დირექტორის მ.ნ---------ის, მოადგილე ჯ.მ-----–-–---–ის და განყოფილების უფროსის რ.ა----–---–ის, სოფელ ხ--------ში მერიის წარმომადგენლის დ.მ--–----ის და ი-----–- ვ----ის მიერ სოფელ გ---–-------ში მოხდა ი-----–- ვ----ის სამომხმარებლო სასმელი წყლის ქსელის ბუნებრივი სასმელი წყლის გამნაწილებელ რეზერვუარზე მიერთება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 14.08.2019წ აქტი ფოტოსურათებით;

- მოწმეთა ჩვენებები;

 

3.1.2. 15.08.2019 წელს ი-----–- ვ----ემ განცხადებით მიმართა შსს ა-----ის რაიონულ სამმართველოს და ითხოვა, გაეფრთხილებინათ მ-----– კ----ე და მ------- კ-----–--ე, რათა სოფელ გ--–-------ში სასმელი წყლის ცენტრალურ ავზზე დაერთებული მისი მილის გამოძრობა აღარ მოეხდინათ და ხელი არ შეეშალათა სასმელი წყლით სარგებლობაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 15.08.2019წ. ი-----–- ვ----ის განცხადება;

 

3.1.3. ი-----–- ვ----ეს ყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, ბ----- და დ--- ვ----ეები. ბ----- ვ----ე კი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, რომელიც დავადებულია ეპილეფსიით.

ი-----–- ვ----ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბ----- და დ--- ვ----ეების დაბადების მოწმობები, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გაცემული 26.08.19 წელს.

-20.08.2019წ ცნობა N04-11-03/618, 26.09.2019წ ამონაწერი ბაზიდან.

 

3.1.6. მოპასუხეები აღნიშნული რეზერვუარიდან სასმელი წყლის ნარჩენ რესურსს გამოიყენებენ როგორც საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის, ასევე სარწყავად და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვისაც.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.7. წყლის შემკრები რეზერვუარი, რომლის სარგებლობაზეც მხარეები დაობენ დღეის მდგომარეობითაც არის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეტა ჩვენებები;

 

3.1.8 მოპასუხე ა----- ვ----ე, გ------ და მ-----– კ-----–--ეები ხელს უშლიან მოსარცელე ი-----–- ვ----ეს საერთო წყალშემკრები რეზერვუარიდან სასმელი წყლით სარგებლობაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

3.2.1. საცხოვრებელი ბინის მდებარეობის, სოფლის რელიეფის და ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით ი-----–- ვ----ის ოჯახს არ გააჩნია სხვა შესაძლებლობა რათა უზრუნველყოფილი იყოს სასმელი წყლით. ერთადერთი საშუალებაა მოპასუხეთა სარგებლობაში არსებული წყალშემკრები ერზერვუარით სარგებლობა.

3.2.2. ზემოაღნიშნული წყალშემკრები რეზერვუარის მოცულობა და წყლის სიუხვე იძლევა საშუალებას ი-----–- ვ----ის ოჯახმა სხვებთან თანაბარ პირობებში ისარგებლოს სასმელი წყლით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მოწმეა ჩვენებები. მოსარცელის განმარტება;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე Nას-1206-1166-2016).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული წყლის რეზერვუარი ეკუთვნით მხოლოდ მათ, თუმცა აღნიშნულს ამტკიცებს მხოლოდ თავიანთი ახსნა-განმარტებით, საქმის განხილვით კი დადგენილია, რომ რეზერვუარი განთავსებულია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, ეკუთვნის ა-----ის მუნიციპალიტეტის მერიას და მასზე კონტროლი დავალებული აქვს ა(ა)იპ ა-----ის მელიორაციის და სოფლების სასმელი წყლის ცენტრს, რაც დაადასტურა სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხულმა აღნიშნული სამსახურის დირექტორის მოადგილემ - ჯ--–--- მ-----–-–---–მა. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ი-----–- ვ----ე აზიანებდა წყლის რეზერვუარს, რადგან მათ კერძო საკუთრებაში არ იმყოფება აღნიშნული წყალი, მიწა და წყლის შემკრები რეზერვუარი და რაიმეს ხელშეშლის, კონტროლის, ან ქმედების აღკვეთის უფლება მათ არ გააჩნდათ.

ამდენად, საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების და მოწმეთა ჩვენებების, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, იმ ფაქტს, რომ მოპასუხეები ი-----–- ვ----ეს უკანონოდ უშლიან წყლით სარგებლობაში ხელს.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, მოპასუხეები არარსებული საკუთრების უფლებას ბოროტად იყენებენ. მათ მიერ მოსარჩელის შეზღუდვა არაკანონიერია უფლების ბოროტად გამოყენების შედეგია, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-103-ე, 105-ე მუხლებით, ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლით, და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეები ზღუდავენ წყლით სარგებლობაში. სასამართლო მიიჩნევს, რომ თუ მოსარჩელეს ერგება წყლით სარგებლობა და ამ უფლების რეალიზებაში მოპასუხეები უშლიან ხელს, მაშინ მათი ქმედება უნდა შეფასდეს წყლით სარგებლობაში მოსარჩელეების უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს წყლით სარგებლობის საკითხის მოწესრიგება.

6.2 სასამართლო განმარტავს, რომ წყლით სარგებლობის წესი დარეგულირებულია საქართველოს კანონით „წყლის შესახებ“. კანონის პრეამბულაში ნათქვამია რომ ,, წყალი უნიკალური და უპირველესი, სასიცოცხლო მნიშვნელობის, ადამიანის, ცხოველთა სამყაროს და მცენარეული საფარის არსებობისათვის აუცილებელი და საქართველოს ეკონომიკი განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსია. საქართველოს კონსტიტუციით ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, საზოგადოების ეკოლოგიური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად, ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით სახელმწიფო უზრუნველყოფს გარემოს დაცვას და, შესაბამისად, გარემოს შემადგენელი ძირითადი კომპონენტის - წყლის დაცვას. ყველა, საქართველოში მცხოვრები, ვალდებულია უზრუნველყოს წყლის რაციონალური და მდგრადი გამოყენება და დაცვა, არ დაუშვას მისი გაბინძურება, დანაგვიანება და დაშრეტა. საქართველოს სახმელეთო ტერიტორიაზე, მის წიაღში, კონტინენტურ შელფში, ტერიტორიულ წყლებში და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული წყალი საქართველოს ეროვნული სიმდიდრეა და მას სახელმწიფო იცავს“.

6.3 ამავე კანონის მეექვსე მუხლის პირველი ნაწილით ,,საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყალი სახელმწიფო საკუთრებაა და გაიცემა მხოლოდ სარგებლობისათვის. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ფარული ფორმით ხელყოფს წყლის სახელმწიფო საკუთრების უფლებას“.

ამავე მუხლის მესამე ნაწილით ,,მიწაზე საკუთრების უფლება არ იძლევა ამ მიწაზე არსებული ან გამდინარე, ზედაპირული ან მიწისქვეშა წყლებით სარგებლობის უფლებას, გარდა ამ კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა“.

დასახელებულ ნორმაზე დაყრდნობით სასამართლო განმარტავს, რომ სადაო წყალი, არ წარმოდგენს მოპასუხეთა საკუთრებას. იგი სახელმწიფოს საკუთრებაა და მის სარგებლობაში სხვა პირებსაც თანაბარი უფლება აქვთ. მოპასუხეებს არ აქვთ უფლება მოსარჩელეს ან/და სხვა პირებს აუკრძალონ წყლით სარგებლობა ან შეზღუდონ წყლით სარგებლობაში.

6.4. ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საერთო წყალსარგებლობა ხორციელდება არასამრეწველო, პირადი (ინდივიდუალური) სასმელი და საყოფაცხოვრებო, ესთეტიკური, რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი და სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებად ისეთი ნაგებობების და მოწყობილობების გამოუყენებლად, რომლებიც გავლენას ახდენენ წყლის მდგომარეობაზე“.

ამავე მუხლის მესამე ნაწილით ,,საერთო წყალსარგებლობა უფასოა“.

მოსარჩელეს წყლით სარგებლობა სჭირდებათ სასმელი, საყოფაცხოვრებო, ესთეტიკური, გამაჯანსაღებელი და სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებად. შესაბამისად მათი წყლის გამოყენების მიზანი გამომდინარეობს ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის საფუძვლიდან. ამასთან, მოსარჩელის ოჯახის წევრის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხება მცირეწლოვანი ბავშვების სასმელი წყლით უზრუნველყოფას, საკითხი რამდენადმე ყურადსაღებია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები უზრუნველყოფილი იყვნენ სუფთა სასმელი წყლით.

6.5. ,,წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლი შეიცავს ტერმინთა განმარტებებს. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია წყალსარგებლობის ტერმინის მცნება. წყალსარგებლობა არის წყლის რესურსების გამოყენება სასმელი, საყოფაცხოვრებო კომუნალური, სამრეწველო, ენერგეტიკული, სასოფლო-სამეურნეო, სატრანსპორტო, სამეცნიერო, კულტურული, რეკრეაციული, ბალნეოლოგიური, სპორტის, ტურიზმის და სხვა მიზნებისთვის ტექნიკური საშუალებებით ან უამისოდ.

ამავე მუხლის მეორე ნაწილით ,,წყალმოსარგებლე არის ფიზიკური ან იურიდიული პირი (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად), მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ახორციელებს წყალსარგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე არის სახელმწიფოს კუთვნილი წყლით მოსარგებლე, ისევე როგორც მოპასუხეები, მაგრამ ის ვერ სარგებლობდა წყლის რესუსრით, რადგან ამის საშუალებას ბოროტად არ აძლევნენ და უმეტესად წყლით სარგებლობა შეწყვეტილი ჰქონდა.

6.6. დადგენილია, რომ მოპასუხეები მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები არ არიან. სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ამასთანავე, მას შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა შეუძლებელია ხელის შეშლის აღკვეთის მოთხოვნა.

დასახელებული ნორმა კეთილსინდისიერ მფლობელს გარკვეულ შეზღუდვასაც უწესებს. კანონმა კეთილსინდისიერ მფლობელს მესაკუთრის მსგავსად მიანიჭა უფლება შეუზღუდავად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებით, მაგრამ საკუთრების ფლობისა და სარგებლობის შეუზღუდავმა თავისუფლებამ არ უნდა შელახოს მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ასევე ეს მოქმედება არ უნდა წარმოადგენდეს უფლების ბოროტად გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რომ მესაკუთრობის რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება არ გააჩნიათ მოპასუხეებს, მიუხედავად იმისა, რომ რეზერვუარი მათი ხარჯით და ძალებით არის მოწყობილი, ისინი მაინც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული წყლითა და წყალშემკრები რეზერვუარით სარგებლობენ, შესაბამისად, უკანონოდ უშლიან ხელს მოსარჩელეს.

სასამართლო განმარტავს, რომ უფლება არის პირის უნარი მოითხოვოს რაიმე მოქმედების შესრულება ან შესრულებისაგან თავის შეკავება. ანუ კანონი, მოთხოვნის უფლების მქონე პირებს ანიჭებს სრულ თავისუფლებას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოითხოვონ მოქმედების შესრულება ან თავის შეკავება. ან კიდევ შეასრულონ რაიმე მოქმედება ან თავი შეიკავონ ამ მოქმედების შესრულებისაგან. მოთხოვნის უფლების მქონე პირი უფლებით უნდა სარგებლობდეს კეთილსინდისიერად. მისი გამოყენება არაკეთილსინდისიერად, წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. უფლების ბოროტად გამოყენება არის მოქმედება ან უმოქმედება, რომელიც მხოლოდ სხვებს აყენებს ზიანს ისე, რომ არ არის გამოკვეთილი ამ უფლებით მოსარგებლე პირის ინტერესების უპირატესობა. უფლების ბოროტად გამოყენებას კრძალავს საქ. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც „სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.“ აღნიშნული ნორმა საერთო ჯამში ემსახურება საქ. სამოქალაქო კოდექსის მერვე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესს, რომლის მიხედვითაც, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს ეკისრებათ ვალდებულება კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.

დადგენილია, რომ მოპასუხეებმა მოსარჩელის ოჯახთან ერთად თანაბარი ძალისმევის შედეგად ააშენეს წყლის შემკრები რეზერვუარი სახელმწიფო საკუტრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. მოსარჩელისთვის ყველაზე ხელსაყრელი, როგორც კლიმატურად, ისე ტერიტორიულად ახლოს სწორედ ეს რეზერვუარია. მოპასუხეები არ აძლევენ საშუალებას ი-----–- ვ----ემ მათთან თანაბრად ისარგებლოს წყლით, მოსარჩელის მცდელობა მოპასუხეებმა აღკვეთეს და შეერთებული მილი არაერთხელ გამოიყვანეს მწყობრიდან როგორც პოლიციის, ასევე მელიორაციის თანამშრომლების თანდასწრებით. მოპასუხეები მოსარჩელეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული წყლის გამოყენების უფლებას არ აძლევენ. დასადგენია ეს უფლება მათ განახორციელეს თუ არა კეთილსინდისიერად. საკითხის გადასაჭრელად აუცილებელია გაანალიზებული იქნას რა სარგებელი შეიძლება ნახოს მოპასუხეებმა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წყლით სარგებლობაში მოსარჩელეებისათვის ხელის შეშლით. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქ. სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის გამოყენება და წყლით სარგებლობაში ხელის შეშლა, მაშინ იქნება გამართლებული, თუ მოსარჩელეს წყლით სარგებლობის ალტერნატული საშუალება აქვს ან კიდევ წყალი არ არის საკმარისი. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეთა გადაწყვეტილება - მოსარჩელეს არ მისცენ წყლით სარგებლობის უფლება, იქნებოდა სამართლიანი, თუ მოსარჩელეს სხვა წყაროდან ჰქონდა წყალი, ირგვლივ წყლის სარგებლობის სხვა საშუალებებია ან კიდევ მოპასუხეებს თავად არ ჰყოფნით წყლის მარაგი, ბუნებრივია მოსარჩელის შეზღუდვა იქნებოდა სამართლიანი. მაგრამ სასამართლოს წარმოუდგენლად უსამართლოდ და უკანონოდ მიაჩნია მოპასუხეების მხრიდან მოსარჩელისათვის წყლით სარგებლობაში ხელის შეშლა იმ მოტივით, რომ მოპასუხე პერიოდულად ვერ იყენებს სამომხმარებლო ტექნიკას (სარეცხი მანქანის სახით), რომ მომავალში სხვასაც მოუნდება ამ რეზერვუარიდან წყლის მიღება, მაშინ როდესაც მოსარჩელის ოჯახის წევრებს, არასრულწლოვან ბავშვებს, ექმნებათ მძიმე ჯანმრთელობის პრობლემები იმის გამო, რომ უწევთ მდინარის ან წვიმის წყლით სარგებლობა. ეს არის შემთხვევა, როდესაც არასრულწლოვნების ინტერესებიდან გამომდინარე მოპასუხეები ვალდებულნი არიან ითმინონ ის მცირე შემთხვევებიც კი (რომელსაც სასამართლო დადგენილადაც არ მიიჩნევს) თუ წლის განმავლობაში, ერთეულ შემთხვევებში, უხვი მოხმარების გამო წყლის თვითდინების სიჩქარე არ იქნება იმდენად ძლიერი, რომ მოპასუხემ სარეცხი მანქანის მოხმარება შესძლოს. მოპასუხეტა ამგვარი ქცევა არ გამომდინარეობს ზნეობის ნორმებიდან. აუცილებელია მხარეებმა გადახედონ თავიანთ ურთიერთობას, დაფიქრდნენ ტრადიციულ, ზნეობრივ ფასეულობებზე და გამოიტანონ ლოგიკურვ დასკვნები. დაუშვებელია მსგავს სიტუაციაში წყლით სარგებლობაში ხელშეშლას მიეცეს გამართლება. სწორედ მსგავსი შემთხვევა წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას და მას უნდა მიეცეს უარყოფითი შეფასება. ასეთი ხელშეშლა გაგებული უნდა იქნას, როგორც უფლების ბოროტად გამოყენება. ისეთ ვითარებაში, როცა მოსარჩელეს არ აქვს წყლით სარგებლობის სხვა საშუალება და მოპასუხეები პირადი ინტერესის გამო არ აძლევენ წყლის გამოყენების უფლებას, არარის გონივრული. ასეთ სიტუაციაში წყლით სარგებლობაში ხელის შეშლა, უფლების არასწორი გამოყენებაა. იგი ეწინააღმდეგება სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების კეთილსინდისიერების პრინციპს. შესაბამისად აღკვეთილი უნდა იქნას უფლების ბოროტად გამოყენების გზით მოსარჩელისათვის ავზის წყლით სარგებლობაში ხელის შეშლა.

6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა სარჩელის საფუძვლიანობა, ხოლო მოპასუხეებმა ვერ შეძლეს წარმოედგინა მტკიცებულებები აღნიშნულის გასაბათილებლად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ, მითითებული დარღვევების გაქარწყლების მიზნით სარწმუნო მტკიცებულებების წარმოდგენა მოპასუხეებმა ვერ შეძლეს. შესაბამისად, მოპასუხეების ქმედება მოსარჩელესთვის წყლით სარგებლობაში ხელის შეშლისა არამართლზომიერია.

სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედებს სადავო გარემოებების მტკიცებულების სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, ყოველი მხარე ვალდებულია სათანადო მტკიცებულებების წარდგენით დაადასტუროს საკუთარი პოზიციის სისწორე და უტყუარობა სასამართლოს წინაშე. აღნიშნული წესი, უმეტეს შემთხვევაში გულისხმობს, რომ მოსარჩელემ უნდა წარადგინოს მის სასარჩელო განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე, რომელიც არ ეთანხმება სასარჩელო განცხადებას, მოსარჩელის არგუმენტებისაგან თავდაცვის მიზნით, ვალდებულია საპასუხო მტკიცებულებების წარდგენით გააქარწყლოს მოსარჩელის პოზიცია.

მოსარჩელემ შეძლო ამ ტვირთის დაძლევა და სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა დაადასტურა, ხოლო მოპასუხეებს არა აქვთ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებსა და მტკიცებულებებს. შესაბამისად საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა წყლით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის თაობაზე.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს გადაწყვეტილების დაუყონებივ აღსრულებაზე. იგი მიუთითებს, რომ მხარეები შეეცდებიან დროის გაჭიანურებას და არ აღასრულებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რითაც მას და მის ოჯახს მიადგება ზიანი.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შუამდგომობა დაუსაბუთებულია და მიღებული გადაწყვეტილება არ უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, ვინაიდან, საქმეზე გამოყენებული სარცელის უზრუნველყოფის ღონისძიება რომელიც უნდა დარჩეს ძალაში უზრუნველყოფს სასმელი წყლით მოსარცელის მიერ შეუზღუდავად სარგებლობის შესაძლებლობას.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია ხელშეშლის აღკვეთა, შესაბამისად, დავის საგნის ფასი 4000 ლარია, რის გამოც ნახევრდება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და შეადგენს 60 ლარს.

მოპასუხე ა----- ვ----ეს, გ------ კ-----–--ეს და მ-----– კ-----–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ხარჯი - 85 ლარის გადახდა, საიდანაც 25 ლარი წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისთვის გადახდილ სახ. ბაჟს, ხოლო 60 ლარი არის საქმის განხილვისთვის გადასახდელი ბაჟი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

ა-----ის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 27 აგვისტოს #19----------------19წ. განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოპასუხეებს გ------ კ-----–--ეს (პ/ნ 0----------), მ-----– კ-----–--ეს (პ/ნ 0----------) და ა----- ვ----ეს (პ/ნ 0----------) აეკრძალათ ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ--–-------ში (გ---–-------) მდებარე სასმელი წყლის წყალშემკრები (გამანაწილებელი) რეზერვუარიდან წყლით სარგებლობაში ი-----–- ვ----ისათვის ხელშეშლა, შესაბამისად, ი-----–- ვ----ეს საშუალება მიეცესა ამ რეზერვუარიდან სამომხმარებლო სასმელი წყლის ქსელის შეერთება ნებისმიერ ადგილას, საიდანაც უკეთესად და მუდმივად შეიძლებოდა მიწოდებოდა წყალი და ყველა სხვა დანარჩენი მოსარგებლის თანაბრად, ნებისმიერი განსხვავების გარეშე, ესარგებლა ამ წყლით

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს ა-----ის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 27 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364 -ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მოსარჩელე ი-----–- ვ----ის (პ/ნ 0----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. გ------ კ-----–--ეს (პ/ნ 0----------), მ-----– კ-----–--ეს (პ/ნ 0----------) და ა----- ვ----ეს (პ/ნ 0----------) აეკრძალოთ ა-----ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ--–-------ში (გ---–-------ში) მდებარე სასმელი წყლის წყალშემკრები რეზერვუარიდან ი-----–- ვ----ისათვის წყლით საგებლობაში ხელის შეშლა, მიეცეს შესაძლებლობა ი-----–- ვ----ეს მათთან თანაბარი უფლებით მოიხმაროს რეზერვუარიდან სასმელი წყალი.

3. მოპასუხეებს გ------ კ-----–--ეს (პ/ნ 0----------), მ-----– კ-----–--ეს (პ/ნ 0----------) და ა----- ვ----ეს (პ/ნ 0----------) სახელმწიფო ბიუჯეტი სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 85 ლარის გადახდა,4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ასპინძის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი