გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.02.2020
საქმის ნომერი
611210019003229633
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
03.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 611210019003229633

N 2/541-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

3 თებერვალი, 2020 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი

მოსარჩელე - ნ-----–---- ქ---–--ე

მოპასუხე - ს---–---- კ--–---ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ს---–---- კ--–---ისთვის მოსარჩელე ნ-----–---- ქ---–--ის სასარგებლოდ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით - 1353 ლარის გადახდის დაკისრება;

 

1.2. მოპასუხე ს---–---- კ--–---ს ასევე დაეკისროს ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის და დგომის ღირებულება 211 ლარის ოდენობით, ექსპერტიზის ჩასატარებლად გაღებული ხარჯის 121 ლარის და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

 

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2019 წლის 15 აგვისტოს დაახლოებით 18:40 საათზე ნ-----–---- ქ---–--ე მოძრაობდა ქ. თბილისში პ. იაშვილის ქუჩაზე ლორთქიფანიძის ქუჩიდან ამაღლების ქუჩის მიმართულებით. გადაადგილებას ახორციელებდა ,,VOLKSWAGEN”-ის მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით DV-026-VD, რა დროსაც პარკირების ადგილიდან და მოძრაობის დაწყებისთანავე შეეჯახა ავტომანქანა ,,მერსედესი“ სახ. ნომრით PP- 969 –LL , რომელსაც მართავდა მოპასუხე ს---–---- კ--–---ი.

 

2019 წლის 15 აგვისტოს, ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ს---–---- კ--–---ის სახელზე გამოწერილ იქნა საჯარიმო ქვითარი, რომელიც გასაჩივრებული არ იქნა. მოხდა ორივე მძღოლის შემოწმება სიმთვრალე-სიხიზლეზე, გადამოწმების შედეგად დადგინდა მძღოლების სიფხიზლე. ვინაიდან მხარეთა შორის ადგილზე ვერ მოხერხდა შეთანხმება ზიანის ანაზღაურების თაობაზე ორივე ავტომობილი გადაყვანილი იქნა 112-ის ავტოსადგომზე. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ნ-----–---- ქ---–--ის დაკვეთით ჩატარებული იქნა ექსპერტიზა იმის დასადგენად, თუ რამდენს შეადგენდა ვენის ტიპის ავტომობილ ,, VOLKSWAGEN TOURAN”-ზე სახ. ნომრით DV -026-VD, მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა წარდგენილი ინვოისის გათვალისწინებით. (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-13)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ს---–---- კ--–---მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას. ავტსაგზაო შემთხვევა არ იყო გამოწვეული მისი ბრლით, თუმცა საჯარიმო ქვითარს დაეთანხმა იმიტომ, რომ შემთხვევის დროს მანქანაში ჰყავდა ბავშვები და არ სურდა მათი განერვიულება. მან იმავე დღეს ნ-----–---- ქ---–--ეს შესთავაზა ავტომანქანის შეკეთება, მას მარნეულში ყავდა ნაცნობები, რომლებიც შეაკეთებდნენ ავტომანქანას, თუმცა ნ-----–---- ქ---–--ემ ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა. (იხ. შესაგებელი ს.ფ. 32-39).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2019 წლის 15 აგვისტოს დაახლოებით 18:40 საათზე ნ-----–---- ქ---–--ე მოძრაობდა ქ. თბილისში პ. იაშვილის ქუჩაზე ლორთქიფანიძის ქუჩიდან ამაღლების ქუჩის მიმართულებით. გადაადგილებას ახორციელებდა ,,VOLKSWAGEN”-ის მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით DV -026-VD, რა დროსაც პარკირების ადგილიდან და მოძრაობის დაწყებისთანავე შეეჯახა ავტომანქანა ,,მერსედესი“ სახ. ნომრით PP- 969 –LL რომელსაც მართავდა მოპასუხე ს---–---- კ--–---ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 15.08.2019წ. პატაკი N3 (იხ. ს.ფ. 26);

 

3.1.2. 2019 წლის 15 აგვისტოს, ს---–---- კ--–---ის მიმართ გამოწერილ იქნა საჯარიმო ქვითარი №en 945849, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლს მე-10 ნაწილით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 25);

 

3.1.3. ავტომობილის საჯრიმო სადგომზე გადაყვანის (ევაკუატორის) და დგომის ღირეულებამ შეადგინა 211 ლარი, ხოლო ექსპერტიზის ჩატარების ღირებულებამ 121 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 22);

- ქვითარი (ს.ფ. 23);

 

3.1.4. ნ-----–---- ქ---–--ეს და ს---–---- კ--–---ს სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადამოწმებისასა დაუდგინთათ სიფხიზლე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 15.08.2019 წ. პატაკი N3 (ს.ფ. 26);

- 15.08.2019 წ. test refort-ები (ს.ფ. 27-28);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.2. საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით დგინდება, რომ ს---–---- კ--–---ი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით, კერძოდ, მანევრირების წესების დარღვევისათვის, რასაც მოჰყვა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანება და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით. სამართლადრღვევის ოქმი ს---–---- კ--–---ს არ გაუსაჩივრებია და შესულია კანონიერ ძალაში.

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს თავისთავად პრეიუდიციული მნიშვნელობა არ გააჩნია. ამ აქტში მითითებული ფაქტები არ წარმოადგენენ უპირობოდ, შეფასების გარეშე მისაღებ გარემოებებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის შესაბამისად, მაგრამ მიუხედავად ამისა, მითითებული აქტი ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევიან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვადასხვა გარემოებებთან დაკავშირებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2019 წლის 15 აგვისტოს ავტოსატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იქნა ს---–---- კ--–---ის ბრალით. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ მისი ბალით არ მომხდარა შეჯახება და მიუთითებს 2019 წლის 15 აგვისტოს საჯარიმო ქვითარზე №en 945849, რომელიც ს---–---- კ--–---ის მიერ არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 25);

- 2020 წლის 3 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი ( ს.ფ. 47-51);

 

3.2.3. 2019 წლის 18 სექტემბერს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასებული იქნა ნ-----–---- ქ---–--ის დაზიანებული ავტომანქანა ,,VOLKSWAGEN TOURAN“ , სახელმწიფო ნომრით DV -026-VD, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიყენებული ზიანის ოდენობამ საორიენტაციოდ შეადგინა 1353 ლარი. სასამართლო ეთანხმენა ზიანის თანხის ოდენობას, რადგან მოპასუხის მიერ სათანადო მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას ეჭვი შეეტანა ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობაში წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დასკვნა N006587619 (ს.ფ. 15-21);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 992-ე, 999-ე, 408-ე, 409-ე მუხლებით

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის. კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით ზიანის ანაზღაურების მოვალეობა არ გამოიყენება, როცა ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი წარმოიშვა საავიაციო ტრანსპორტის ექსპლუატაციის დროს. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს უშუალოდ მოპასუხედ დასახელებული პირის ქმედებასა და მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ ზიანის ფაქტს შორის მიზეზობრივ კავშირზე, როგორც დელიქტური ვალდებულების ერთ-ერთ აუცილებელ კრიტერიუმზე. დადგენილია, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, რაც გამოიხატა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაში მოსარჩელეს ავტომანქანის დაზიანებით მიადგა 1353 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი. მოპასუხე მხარის ბრალეულობა ავტოსაგზაო შემთხვევისას დადასტურებულია სამართალდარღვევის ოქმით, ზიანის ოდენობა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს აუნაზღაუროს ეს ზიანი, ვინაიდან, მის ქმედებასა და მიყენებულ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა არის კანონიერი და ექვემდებარება სრულად დაკმაყოფილებას.

7. საპროცესო ხარჯები

7.1. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ს---–---- კ--–---ს ნ-----–---- ქ---–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის, სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული 50 ლარის გადახდა.

 

7.2. მოსარჩელემ სარჩელით ასევე მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის, კერძოდ, ექსპერტიზის დანიშვნისათვის გაწეული ხარჯის 121 ლარის, ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის და დგომის ღირებულება 211 ლარის დაკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქმეში წარმოდგენილია საგადახდო ქვითრები, საიდანაც დგინდება, რომ მოსარჩელენ-----–---- ქ---–--ემ სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით გასწია 332 ლარი, რომლის გადახდაც მოპასუხე სულთან კალაევს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 47-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნ-----–---- ქ---–--ეს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე ს---–---- კ--–---ს მოსარჩელე ნ-----–---- ქ---–--ეს სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1353 ლარის ოდენობით;

 

3. მოპასუხე ს---–---- კ--–---ს მოსარჩელე ნ-----–---- ქ---–--ეს სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 332 ლარის ოდენობით;

 

4. მოპასუხე ს---–---- კ--–---ს მოსარჩელე ნ-----–---- ქ---–--ეს სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

7. სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე