გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210019003298461
#2/3133-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18.02.2020 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - შპს „ფ-----------------ო“;
წარმომადგენელი - ს--–---------------ე, ხ--------------–-–---–ი, ე-–--------–---–ი;
მოპასუხე - ი------–--–--------ე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ი------–--–--------ეს - შპს „ფ-----------------ო“-ს სასარგებლოდ დაეკისროს შპს „ტ---ო“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სესხის ძირი თანხის- 1000 ლარის გადახდა.
1.2. ი------–--–--------ეს - შპს „ფ-----------------ო“-ს სასარგებლოდ დაეკისროს შპს „ტ---ო“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი საკომისიო (პროცენტი)-157 ლარი.
1.3. ი------–--–--------ეს - შპს „ფ-----------------ო“-ს სასარგებლოდ დაეკისროს შპს „ტ---ო“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხელშეკრულების დარღვევისათვის გათვალისწინებული ჯარიმა (პირგასამტეხლო)-2007.58 ლარის ოდენობით.
1.4. ი------–--–--------ეს - სს "ფ-----------------ოს" სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შპს „ტ---ო“-მ მსესხებლის ი------–--–--------ის სასესხო ვალდებულებების თაობაზე დათმო მოთხოვნის უფლება შპს „ფ-----------------ო“-ს სასარგებლოდ, რის თაობაზეც ეცნობა მსესხებელსაც. ი------–--–--------ემ 22.08.2016-ში შეავსო სასესხო განაცხადი შპს „ტ---ო“-ს ერთ-ერთ ონლაინ ვებ-გვერდზ moneza.ge-ზე. მსესხებლის იდენტიფიცირების შემდგომ კომპანიამ პირად ანგარიშზე გადაურიცხა სესხის თანხა 1000 ლარის ოდენობით, რის საფუძველზეც მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელმა იკისრა მიღებული თანხისა და საკომისიოს, ჯამში -1157 ლარის ხელშეკრულების გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში დაბრუნება. მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადახდა, რის გამოც მხარეს დამატებით დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს გადასახდელი თანხის 1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და პირგასამტეხლოს დარიცხვა ჩერდება, როდესაც მისი ოდენობა მიაღწევს ძირი თანხისა და საკომისიოს 200%. შესაბამისად პირგასამტეხლოს დარიცხვა დაიწყო 2016 წლის 21 ნოემბრიდან (ვადაგადაცილების დღიდან) და შეჩერდა როდესაც მიაღწია ზემოაღნიშნულ ოდენობას 2017 წლის 25 მაისს. აღნიშნული შეთანხმებიდან გამომდინარე მოვალე ი------–--–--------ის ვალდებულება კომპანიის წინაშე შეადგენს: ძირი თანხას-1000 ლარს, საკომისიო-157 ლარსა და ჯარიმას-2,007.58 ლარს, სულ 3,164.48 ლარი. ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-5; მე-6; მე-7; მე-8 და მე-9 პუნქტების გათვალისწინებით, მოპასუხე მხარისთვის ცნობილი იყო საკომისიოს (პროცენტის) და განსაზღვრული იყო ყოველთვიური შესატანი თანხის ოდენობა და ვადა. მიუხედავად კრედიტორის არაერთგზისი გაფრთხილებისა და მცდელობისა მოვალემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ი------–--–--------ემ წერილობითი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი მხრიდან მოხდა სესხის აღება, ვალდებულება არ აქვს შესრულებული, თუმცა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ხანდაზმულია. (იხ. შესაგებელი, 18.02.2020 წ სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 22 აგვისტოს, მოპასუხე ი------–--–--------ესა და შპს „ტ---ო“-ს შორის, ონლაინ ვებ-გვერდის moneza.ge-ს მეშვეობით გააფორმდა სესხის ხელშეკრულება, ხელშეკრულების თანახმად მოპასუხეზე გაიცა სესხი 1000 ლარის ოდენობით, 26 დღის ვადით, ხელშეკრულებით განისაზღვრა საკომისიო 157 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ცნობა, განაცხადის შევსების შესახებ; საგადახდო დავალებები;
- 2016 წლის 22 აგვისტოს სესხის ხელშეკრულება.
- ტრანზაქციების ისტორია;
-სესხის გადახდის გრაფიკი;
3.1.2. 2018 წლის 30 იანვარს, შპს "ტ---ოს" და შპს "ფ-----------------ოს" შორის გაფორმებული სესხებზე მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, შპს "ტ---ომ" შპს "ფინანსურ ბიუროს" გადასცა ## 1-------- სესხი, რომელიც გაფორმებულ იქნა შპს "ტ---ოსა" და იამზე შალამბერიძეს შორის 2016 წლის 22 აგვისტოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
_ სესხზე მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ შეთანხმება;
3.1.3. 2016 წლის 22 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს "ფ-----------------ოს" მიმართ, ი------–--–--------ის ვალდებულება შეადგენს 3164.58 ლარის, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1000 ლარი, საკომისიო - 157 ლარი და პირგასამტეხლო - 2007,58 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობება დავალიანების შესახებ;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ი------–--–--------ეს კრედიტორის მიმართ არ შეუსრულებია.
მოპასუხე მხარის განმარტებით, მოსარჩელე მხარის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება არ გააჩნია, რადგან მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.
იმ ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მსესხებელმა გამსესხებელს სესხის ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდეგ შეუსრულა გარკვეულ პერიოდებში ფულადი ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულს არ წარმოადგენს მოდის მოსარჩელე მხარეზე. მოპასუხის მიერ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების შედავებას მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულება ვერ დაუპირისპირა.
დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებით მოპასუხე ი------–--–--------ეზე სესხი გაიცა 2016 წლის 22 აგვისტოს, 26 დღის ვადით, სესხის დაფარვის თარიღს წარმოადგენდა 2016 წლის 20 ნოემბერი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს სესხის და მასზედ დარიცხული სარგებლის დაბრუნების შესახებ მოთხოვნის უფლება მსესხებლისაგან წარმოეშვა 2016 წლის 21 ნოემბრიდან, შესაბამისად მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა 2019 წლის 21 ნოემბერს. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ სასამართლოს მომართა 2019 წლის 25 ნოემბერს, ასევე დადგენილია, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის გასვლის შემდგომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია, ამდენად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სესხის და სესხის სარგებლის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ ხანდაზმულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები. ამავე კოდექსის 137-ე მუხლის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველია თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.
საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის, პირიქით, სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.
აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც განსაზღვრავს, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ი------–--–--------ის მიერ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ხდებოდა ვალდებულების შესრულება.
დადგენილია, რომ 2018 წლის 30 იანვრის მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე შპს ტ---ომ ი------–--–--------ის მიმართ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება დაუთმო შპს ფინანსურ ბიუროს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მოთხოვნის დათმობა ხდება გარიგების ძალით. მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი შედეგია ის, რომ მოთხოვნა გადადის ახალ კრედიტორზე, რითაც ეს უკანასკნელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობაში იკავებს თავდაპირველი კრედიტორის ადგილს. მოთხოვნის დათმობით არ ხდება არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა, არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთივე მდგომარეობაში გადადის ახალ კრედიტორზე, როგორიც იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ კრედიტორს შეუძლია, თავდაპირველი კრედიტორის კუთვნილი მოთხოვნა წაუყენოს მოვალეს, ხოლო, მოვალე უფლებამოსილია ახალ კრედიტორს წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც მას გააჩნდა თავდაპირველი კრედიტორის მიმართ. აღნიშნული ეხება ასევე მოვალის შესაგებელს კრედიტორის მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, კერძოდ, ვალდებულებაში კრედიტორის ან მოვალის შეცვლის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს შეუძლია მოითხოვოს ხანდაზმულობის ვადის გამოყენება ვალდებულებაში პირთა შეცვლის მიუხედავად. ამასთან, პირთა შეცვლა ვალდებულებაში არ იწვევს ხანდაზმულობის ვადისა და მისი გამოთვლის წესის შეცვლას. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ ვალდებულებაში კრედიტორის შეცვლის შემთხვევაში, ახალი კრედიტორის მიმართ მოქმედებს ხანდაზმულობის ის ვადა და მისი გამოთვლის ის წესი, რაც თავდაპირველი (ჩანაცვლებული) კრედიტორის მიმართ მოქმედებდა, ამიტომ, თუ ამ უკანასკნელის მოთხოვნა ხანდაზმულია, მაშინ ხანდაზმული იქნება ასევე ახალი კრედიტორის მოთხოვნაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნის დათმობის შემთხვევაში, ამ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა ახალი კრედიტორისათვის თავიდან კი არ იწყება, არამედ იგი განაგრძობს დენას ისე, როგორც ეს თავდაპირველი (ჩანაცვლებული) კრედიტორის მიმართ მოქმედებდა.
განსახილველ შემთხვევაში, თავდაპირველი (ჩანაცვლებული) კრედიტორის - მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 21 ნოემბრიდან და ამოიწურა 2019 წლის 21 ნოემბერს, შესაბამისად, ამავე მომენტში ამოიწურა იგი ახალი კრედიტორის მიმართაც.
უდავოა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უცდია 2019 წლის 25 თებერვლამდე (სარჩელის სასამართლოში წარდგენის თარიღი). სახელშეკრულებო მოთხოვნის ვადა გავიდა 2019 წლის 21 ნოემბერს. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე შპს "ფ-----------------ოს" სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე, 361-ე, 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 144-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის წარმოშობილია სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები. აღნიშნულის საფუძველია - 2016 წლის 22 აგვისტოს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება.
6.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი------–--–--------ემ 22.08.2016-ში შეავსო სასესხო განაცხადი შპს „ტ---ო“-ს ერთ-ერთ ონლაინ ვებ-გვერდზ moneza.ge-ზე. ხელშეკრულების თანახმად მოპასუხეზე გაიცა სესხი 1000 ლარის ოდენობით, 26 დღის ვადით, ხელშეკრულებით განისაზღვრა საკომისიო 157 ლარის ოდენობით.
2018 წლის 30 იანვარს, შპს "ტ---ოს" და შპს "ფ-----------------ოს" შორის გაფორმებული სესხებზე მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, შპს "ტ---ომ" შპს "ფინანსურ ბიუროს" გადასცა ## 1-------- სესხი, რომელიც გაფორმებულ იქნა შპს "ტ---ოსა" და იამზე შალამბერიძეს შორის 2016 წლის 22 აგვისტოს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144.1 მუხლით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა წარმოადგენს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნისაგან მოპასუხის მიერ თავდაცვის ერთ-ერთ საშუალებას, ხანდაზმულობის დროს შეიძლება არსებობდეს მოთხოვნა, თუმცა კანონით დადგენილი მოთხოვნის ვადის გასვლის შემდეგ იგი მოვალის მხრიდან შესრულებას აღარ ექვემდებარება. არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას თუ საიდან იწყება მოსარჩელის მოთხოვნაზე სასარჩელო წარმოების წესით პრეტენზიის წარდგენის ვადა ხანდაზმულობის ვადის ათვლა, სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც კრედიტორს წარმოეშვა მოვალის მიმართ მოთხოვნის უფლება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება სესხის ძირის და პროცენტის გადახდის შესახებ წარმოეშვა 2016 წლის 21 ნოემბრიდან, შესაბამისად მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა 2019 წლის 21 ნოემბერს. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ სასამართლოს მომართა 2019 წლის 25 ნოემბერს, ასევე დადგენილია, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის გასვლის შემდგომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია.
სესხის ხელშეკრულებაზე ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, რაც მოსარჩელის მიერ დარღვეულია, შესაბამისად მას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობის ვადები. ხანდაზმულობის ვადა არის დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც პირს ეძლევა სამართლებრივი შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი უფლებები და ინტერესები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა, იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, მოპასუხის შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, ის აბსოლუტურ გავლენას ახდენს მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ორი საფუძველი არსებობს, ობიექტური და სუბიექტური. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ობიექტური საფუძველია, მოთხოვნის წარმოშობის დრო, ხოლო სუბიექტურის, თუ როდის შეიტყო, ან უნდა შეეტყო პირს.
ვინაიდან დადგენილია, რომ წინამდებარე სარჩელი სესხის ხელშკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით დაინტერესებული პირის მიერ აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ და მოპასუხე მხარე მიუთითებს სარჩელის ხანდაზმულობაზე, მოსარჩელის მოთხოვნა, მოკლებულია სამართლებრივ ვარგისიანობას ხანდაზმულობის გამო, რაც გამორიცხავს ხანდაზმული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 50 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს "ფ-----------------ო„-ს სარჩელი, ი------–--–--------ის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე