განაჩენი

სისხლის სამართლის 22.01.2020
საქმის ნომერი
330100119003315492
თარიღი
22.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5748-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 იანვარი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ნინო ჩინჩალაძის მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - თ---------------–---–ი,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ა-----------------ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #-----------), დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: თბილისი, მ--–---–---–--------- და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, გ------------

 

ადვოკატი - ნ-----------–-–---–ი,კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი და სსკ-ის 111.151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი.

 

სხდომის სახე: ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის განაჩენით ა-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 3(სამი) თვის ვადით. 2019 წლის 24 ოქტომბერს, ღამით, თბილისში, გ-------------ში მდებარე მათ საერთო საცხოვრებელ სახლში, ა-----------------მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ---------–---ძეს. კერძოდ, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებული კამათის დროს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ა-----------------ი ხელებით ყელში სწვდა ნ---------–---ძეს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

გარდა აღნიშნულისა, ზემოთ აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ, თანაცხოვრების განმავლობაში, ა-----------------ი სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა ნ---------–---ძეს. მათ შორის ანალოგიური ქმედებები მის მიმართ განხორციელდა 2019 წლის 24 ოქტომბერს, ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულმა ქმედებებმა ნ---------–---ძის ტანჯვა გამოიწვია.

 

ასევე 2019 წლის 24 ოქტომბერს, ღამით, თბილისში, გ-------------ში მდებარე მათ საერთო საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებული კამათის დროს ა-----------------ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს ნ---------–---ძეს. აღნიშნულის შედეგად ნ---------–---ძეს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

სასამართლოს დასკვნა ა-----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ ა-----------------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას - მოწმეების ნ---------–---ძის, ლ-–-------–-–---–ის, თ----------------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, ნ---------–---ძის მიმართ გაცემულ სამედიცინო ბარათს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის განაჩენს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ა-----------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რომელიც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ფიზიკურ ძალადობად ითვლება ერთი ადამიანის მიერ მეორის ცემა, წამება, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს სისტემურ შეურაცხყოფას, კერძოდ, შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სისხლის სამართლის წესით არ ისჯება. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლმა შეურაცხყოფისთვის შემოიღო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუკი იგი: ა) ჩადენილია ოჯახში და ბ) სისტემატური ხასიათისაა; შეურაცხყოფა სისტემურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ა.შ. აღნიშნული დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედება ჩადენილი არაერთგზის.

 

ასევე სამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ცნობილია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული, აზრის და იდეის გამომჟღავნება არ წარმოადგენს დასჯად სტადიას. მოცემულ შემთხვევაში ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არა რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით, ამასთან მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას. ამ დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედება ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

აქვე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ა-----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების სამართლებრივ კვალიფიკაციაზე. ბრალდების მხარემ მისი ქმედება დააკვალიფიცირა 111. 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, რაც არასწორია, ვინაიდან, როცა პირის ქმედება კვალიფიცირდება 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მას 111. მუხლზე მითითება აღარ სჭირდება, ვინაიდან სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ მუქარას და სსკ-ის 111. მუხლიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის. ამდენად, სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით ქმედების კვალიფიკაციისას იმავდროულად იგულისხმება, რომ საქმე გვაქვს ოჯახურ დანაშაულთან და ასეთ დროს ზედმეტია 111 მუხლზე მითითება. შესაბამისად ა-----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტიდან უნდა ამოირიცხოს 111. მუხლზე მითითება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ა-----------------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის განაჩენით ა-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 3(სამი) თვის ვადით. 2019 წლის 24 ოქტომბერს, ღამით, თბილისში, გ-------------ში მდებარე მათ საერთო საცხოვრებელ სახლში, ა-----------------მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ---------–---ძეს. კერძოდ, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებული კამათის დროს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ა-----------------ი ხელებით ყელში სწვდა ნ---------–---ძეს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. გარდა აღნიშნულისა, ზემოთ აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ, თანაცხოვრების განმავლობაში, ა-----------------ი სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა ნ---------–---ძეს. მათ შორის ანალოგიური ქმედებები მის მიმართ განხორციელდა 2019 წლის 24 ოქტომბერს, ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულმა ქმედებებმა ნ---------–---ძის ტანჯვა გამოიწვია, აღნიშნული იძლევა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.

 

ასევე 2019 წლის 24 ოქტომბერს, ღამით, თბილისში, გ-------------ში მდებარე მათ საერთო საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებული კამათის დროს ა-----------------ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს ნ---------–---ძეს. აღნიშნულის შედეგად ნ---------–---ძეს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში, აღნიშნული იძლევა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.

 

საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ა-----------------ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-----------------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, ასევე მანვე ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ა-----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა მისი ნასამართლობა.

 

სასჯელის დანიშვნის დასაბუთება:

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ა-----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ა-----------------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 200-იდან 400 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადებისთვის სასარგებლო შრომას 170-იდან 200 საათამდე, გამასწორებელ სამუშაოს ორ წლამდე, თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.

 

ბრალდებულ ა-----------------ის მიმართ შერაცხული ბრალდებები სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთათვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს. მართალია მოცემული დანაშაულები მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, თუმცა გასათვალისწინებელია მათი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები. სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან ოჯახური ძალადობა ყველაზე მეტად ეხება ოჯახის წევრებს, იგი განსხვავდება სხვა სახის ძალადობისაგან თავისი ჩაკეტილი სივრცით და არაერთჯერადი ხასიათით.

 

სასამართლომ აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება რამდენად გულწრფელია ბრალდებულ ა-----------------ის სინანული წარდგენილი ბრალდების მიმართ. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ა-----------------მა დაადასტურა, რომ აღაირებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, აღარ განმეორდება მსგავსი შემთხვევა, შვილი ჰყავს გარდაცვლილი და განერვიულებული იყო.

 

იმისათვის, რომ დამნაშავე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, ა-----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, თუმცა ასევე ითვალისწინებს ქედების ჩადენის სპეციფიკას, ასევე იმ გარემოებას, რომ ა-----------------ი ნასამართლევია განზრახი კატეგორიის ანალოგიური დანაშაულისთვის.

 

ასევე სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის განაჩენით ა-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 3(სამი) თვის ვადით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გამომდინარე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ამ დათქმიდან გამომდინარე დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას დაშვებულია სასჯელთა როგორც შთანთქმის, ასევე ნაწილობრივი ან მთლიანი შეკრების პრინციპი, რაც შესაძლებელს ხდის, რომ კანონით დაშვებული ალტერნატივებიდან სასამართლომ თავისი შეხედულებით, ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების, ჩადენილი ქმედების სიმძიმის, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგის და ქმედების რეციდიული ბუნების გამო, თავისი შეფასებით განსაზღვროს საბოლოო სასჯელის ზომა – მიზანშეწონილად მიჩნეული ალტერნატივებიდან გამოიყენოს ერთ-ერთი პრინციპი, ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ა-----------------ის მიმართ დანიშნავს სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით. ამასთანავე სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“. ა-----------------ი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, შესაბამისად, მის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს დანაშაულის რეციდივს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლთან მიმართებაში, რის გამოც მას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა-----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტიდან, ამოირიცხოს 111. მუხლზე მითითება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

ა-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

ა-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით საბოლოდ დანაშაულთა ერთობლიობით ა-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ა-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ა-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 24 ოქტომბრიდან.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

 

ბრალდებულ ა-----------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული პირადობის მოწმობა, ორი ცალი პლასტიკური ბარათი, ერთი ცალი სავიზიტო ბარათი, ერთი ცალი გასაღები, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–-------–-–----------------------------–---------------------------–------------------------------–ოში, საქემზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ელენე გოგუაძე