გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6238-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე - ქა---–----------
წარმომადგენელი - ჟ--–------–-------------ძე
მოპასუხე - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
წარმომადგენლები - ხა----------–--ე, მე----------–----–---–ი
მოპასუხე - საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
წარმომადგენელი - ზ-------------–-–--ლი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 04 ივლისის N--------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 4 სექტემბრის N----- ბრძანება ,,ქა---–----------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’
1.3. დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის განსახლების სამოქმედო გეგმაში შეყვანისა და კომპენსაციის გაცემის შესახებ
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს, მხარი დაუჭირა შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ ვინაიდან სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1. მოპასუხის, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს, მხარი დაუჭირა შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ ვინაიდან სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1. აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის 2017 წლის 12 ივნისს გაფორმდა სასესხო შეთანხმება ბათუმის შემოვლითი გზის პროექტზე, რომლის რატიფიცირება საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელდა 2017 წლის 20 სექტემბრის N1295-I დადგენილებით; მოცემული შეთანხმების შესაბამისად მსესხებელმა მიმართა აზიის განვითარების ბანკს (ADB) სესხის გამოყოფის თაობაზე პროექტის დასაფინანსებლად, რომლის მიზანია მსესხებელი ქვეყნის აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავტოსასტრანსპორტო ეფექტურობის გაუმჯობესება; პროექტმა უნდა მოიცვას ა)ბათუმის შემოვლითი, ორ ზოლიანი გზის მშენებლობის სიგრძით დაახლოებით 14.3 კილომეტრი ბ) დაახლოებით 200 კილომეტრი სიგრძის საერთაშორისო და ადგილობრივი გზების რუტინულ და პერიოდულ მოვლა-შენახვას, ტექნიკური უზრუნველყოფის კონტრაქტების მეშვეობით. პროექტი ასევე ნიშნავს ადგილობრივ დონეზე ტექნიკური უზრუნველყოფის კონტრაქტების დიზაინისა და შესყიდვების პაკეტის შემუშავებისათვის საკონსულტაციო მომსახურებას; ადგილობრივ დონეზე ტექნიკური უზრუნველყოფის ზედამხედველობას; შემოვლითი გზის მშენებლობის ზედამხედველობას; და პროექტის მართვასა და ინსტიტუციონალურ მხარდაჭერას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის 2017 წლის 12 ივნისის სასესხო შეთანხმება (ტ.1.ს.ფ. 215-235)
-საქართველოს რეგიონალური განვითარებისა დსა ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო დოკუმენტაცია (ტ2. ს.ფ. 2-192)
4.2. ქა---–----------ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია ქ.ბათუმში, ჰორტენზიის პირველი შეს. 12-ში, 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული 212,47 კვ.მ. საცხოვრებელი სახლზე, საკ. კოდი:0----------- 2011 წლის 19 აპრილიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1.ს.ფ.39-40)
4.3 ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზიდან ქა---–----------ის (საკ. კოდი:0-----------) უძრავი ქონების მინიმალური დაშორებაა 29,56 კვ.მ., ხოლო საცხოვრებელი სახლის მინიმალური დაშორებაა 33,13 მ.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების მიხედვით ქალაქთმშენებლობა, Снип 2.07.01-89 და Снип 2.07.01 მიხედვით, საერთო ქსელის 1.2. და მე-3 კატეგორიის საავტომობილო გზები, როგორც წესი უნდა ხვდებოდეს მისი პროექტირება დასახლებული პუნქტის გვერდის ავლით, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ არ ხერხდება 1.2. და მე-3 კატეგორიის საავტომობილო გზები, მოცემული ნორმის მიხედვით მანძილი გზების გრუნტის გვერდულიდან განაშენიანებამდე უნდა იყოს არანაკლებ 100 მეტრისა საცხოვრებელ განაშენიანებამდე და არანაკლებ 50 მეტრისა ბახჩეულობამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა N--------- (ტ.1,ს.ფ.25-27)
4.4. 2018 წლის 4 მაისს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს განცხადებით მიმართა ქა---–----------ის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა ქა---–----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ს/კ 05.34.23.125 ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოქცევა და კომპენსაციის მიღება.
განცხადებაში დასმული საკითხების სრულყოფილად შესწავლისა და ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით ,,ქა---–----------ის წარმომადგენლის ჟ--–------–-------------ძის განცხადების ზეპირი მოსმენის განხილვის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების-საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 23 მაისის N--- ბრძანების შესაბამისად, დეპარტამენტში შეიქმნა სპეციალური კომისია.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 4 ივლისის N--------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თანახმად, დეპარტამენტი ბათუმის შემოვლით გზაზე განსახლების პროცედურებს ახორციელებს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან შეთანხმებული და დამტკიცებული მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში შედგენილი მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა მომზადებულია შპს ,,დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკის’’ მიერ, რომელმაც განსაზღვრა ის პირები, რომელთა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები და მასზე განთავსებული უძრავი ქონება მდებარეობს პროექტის ზემოქმედების ქვეშ. დეპარტამენტი, მიწის ნაკვეთების შესყიდვას, ასევე შესაბამისი საკომპენსაციო თანხების გაცემას აწარმოებს ზემოაღნიშნული განსახლების გეგმით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, რომელშიც ასახულია ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც მოქცეულია საავტომობილო გზების განთავსების ზოლში, რაც შეეხება ქა---–----------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, იგი არ არის მოქცეული ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის განთავსების ზოლში და არ არის გათვალისწინებული განსახლების გეგმაში.
სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში აღნიშნულია, რომ ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის დოკუმენტაციისა და შესაბამისი ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტი ფინანსდება საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 2017 წლის 12 ივნისს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების N3520 GEO (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 20 სექტემბრის N1295-Iს დადგენილებით) და საქართველოს და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AHB) შორის 2017 წლის 17 ივნისს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების N000021-1-GEO ფარგლებში, ხოლო ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი დაკავშირებულია აღნიშნული საერთაშორისო სასესხო ხელშეკრულების შესრულებასთან. სზაკ მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული პროექტის მიმართ არ მოქმედებს ზაკ განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება.
დეპარტამენტი ბათუმის შემოვლით გზაზე განსახლების პროცედურებს ახორციელებს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან შეთანხმებული და დამტკიცებული განსახლების გეგმით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, რაც შეეხება ქა---–----------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, ხსენებული უძრავი ქონება არ არის მოქცეული ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის განთვისების ზოლში და არ არის გათვალისწინებული განსახლების გეგმაში. შესაბამისად, მოპასუხის მოსაზრებით მას არ ეკისრება ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში ქა---–----------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის გამოსყიდვის ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 4 ივლისის N--------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ტ.1;ს.ფ.29-31)
4.5. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 23 მაისის N--- ბრძანების თანახმად, ქა---–----------ის წარმომადგენლის ჟ--–------–-------------ძის განცხადების განხილვასთან დაკავშირებით საქართველოს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში შეიქმნა კომისია.
კომისიის რეკომენდაციის თანახმად, განმცხადებლის მოთხოვნა უსაფუძვლოს იქნა მიჩნეული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 23 მაისის N--- ბრძანება (ტ.1.ს.ფ.131-132)
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 23 მაისის N--- ბრძანების შესაბამისად შექმნილი კომისიის 2018 წლის 25 ივნისის რეკომენდაცია (ტ.1. ს.ფ.147-153)
4.5. ქა---–----------ის წარმომადგენელმა 2008 წლის 3 აგვისტოს საჩივრით მიმართა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მოითხოვა -საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 4 ივლისის N--------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და განსახლების სამოქმედო გეგმაში შეყვანა. ასევე, განსახლების არეალში მოხვედრილი პირების სია, მიწის ნაკვეთების საკადასტრო კოდების მითითებით.
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 4 სექტემბრის N------ ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ქა---–----------ის 2018 წლის 3 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივარი; ძალაში დარჩა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 4 ივლისის N--------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საჩივარი (ტ.1. ს.ფ. 162-164)
-საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 20 აგვისტოს ბრძანება ქა---–----------ის (წარმომადგენელი ჟ--–------–-------------ძე) ადმინისტრაციული საჩივრის ადმინისტრაციულ წარმოებაში მიღების შესახებ(ტ.1.ს.ფ.165-166)
-საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 4 სექტემბრის N------ ბრძანება (ტ.1.ს.ფ.32-36)
4.6. 2016 წლის 15 მაისის საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გზის დერეფნის საინვესტიციო პროგრამით- ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი, მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმით, რომელიც შესრულებულია შპს ,,დ------–-----------------------------------------–----–------------------------–---–----–---------------------კის’’ მიერ დადგენილია გამოსყიდული მიწის ნაკვეთების, შენობა-ნაგებობების, მრავალწლიანი ნარგავებისა და სხვა ობიექტების ღირებულებები (ტ.1.ს.ფ.185-235).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2016 წლის 15 მაისის საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გზის დერეფნის საინვესტიციო პროგრამა- ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი (ტ.1.ს.ფ.185-235).
4.7. მიწის ნაკვეთთან (ს/კ 0-----------) მიმართებაში ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის საპროექტო დოკუმენტაციაში, რომელიც წარმოდგენილია ტ2.ს.ფ.1-192-ზე, მითითებულია, რომ საპროექტო და სამშენებლო სტანდარტების შერჩევასთან დაკავშირებით ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები შეჯამდა შემდეგნაირად; 2009 წლამდე გზის საპროექტო სტანდარტებად გამოიყენებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირისდროინდელი ნორმები. 1984 წელს SNIP-ს უკანასკნელი რედაქციის შემდეგ თანამედროვე მიღწევების, პრაქტიკისა და მეთოდების გათვალისწინება არ ხდებოდა. შედეგად ,,მსოფლიო ბანკის’’ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შემუშავდა და მიღებულ იქნა ახალი საპროექტო სტანდარტი ,,საქართველოს საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების გეომეტრიული და სტრუქტურული მოთხოვნები’’. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო სტანდარტი ან SNIP ნორმები გამოუსედაგარია, გამოიყენება ავტომაგისტრალებისა და ავტოსაგზაო ხიდების საპროექტო სპეციფიკაციებისთვის გათვალისწინებული AASHTO სტანდარტის შესაბამისი პუნქტები.
მიწის ნაკვეთთან (ს/კ 0-----------) მიმართებაში ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის საპროექტო დოკუმენტაციაში მე-8 პუნქტი ეთმობა ფერდობების გამაგრებითი და დაცვით სამუშაოებებს. პროექტის თანახმად, ბათუმის შემოვლითი გზის ტრასა გადის რთულ მთაგორიან ტერიტორიაზე, რაც საჭიროს ხდის დიდი მოცულობის ჭრილებისა და ყრილების მოწყობას. გზის სრული 16,1 კმ სიგრძიდან 2 კმ-ზე მეტ მონაკვეთზე საჭიროა ფერდობების ჩამოჭრა და სათანადო გამაგრებისა და სტაბილიზაციის სამუშაოების შესრულება. 8.1 ცხრილში წარმოდგენილია საყრდენი ნაგებობების მდებარეობები, შესაბამის სიმაღლეებთან და სიგრძეებთან ერთად. მაღალი ჭრილების მოწყობის საჭიროებითა და სუსტი გეოტექნიკური მახასიათებლებით განპირობებული გეოტექნიკური მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და ჭრილების სტაბილიზირების მიზნით დღის წესრიგში დადგა სტანდარტული რკინაბეტონის ნაგებობის ალტერნატიული გადაწყვეტის დამუშავების აუცილებლობა. ამასთან, ალტერნატიული გადაწყვეტა უნდა უზრუნვეყოფდეს დაპროექტებული /აშენებული ნაგებობის: ტექნიკურ უსაფრთხოებასა და საიმედობას (10-18 მეტრი სიმაღლის ჭრილების დაკავების უნარს); მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას, მინიმალურ ზემოქმედებას სოციალურ გარემოზე, მინიმალურ ზემოქმედებას ბუნებრივ გარემოზე. ზემოაღნიშნული კედლების გარდა, ყველაზე კრიტიკული და არახელსაყრელი ადგილებისათვის დაპროექტებულია ,,ტერამეშის’’ ნაგებობები. სათანადო საპროექტო მოდელირებისა და კონსტრუქციული გაანგარიშებისათვის ,,ტერამეშის’’ კედლების ადგილმდებარეობები შეირჩა შემდეგი პირობების გათვალისწინებით; ლაბორატორიული გამოცდებისა და გეოფიზიკური შესწავლის შედეგებით დადასტურებული ყველაზე არახელსაყრელი გეოტექნიკური მონაცემების არსებობა; ჭრილების სიმაღლეები.
ტერამეშის სისტემა წარმოადგენს მოდულურ სისტემას, რომელიც გამიზნულია გრუნტის არმირების სამუშაოებში გამოყენებისათვის, როგორიცაა მიწის კედლებისა და ფერდობების მექანიკური სტაბილიზირება. ტერამეშის სისტემის დასამზადებლად გამოყენებული მავთულბადე აკმაყოფილებს 1022 სტანდარტის მოთხოვნებს. ამასთან, დასაპროექტებელ მონაკვეთზე გაბიონების გამოყენების ერთ-ერთ დანიშნულებას შეადგენს საგზაო მიწაყრილის ფერდოების დაცვა წყლის ნაკადის უშუალო ზემოქმედებისგან, იქ სადაც ეს მოსალოდნელია.
გზის დაპროექტება განხორციელდა გეომეტრიულად; ჰორიზონტალური და ვერტიკალური, რომელიც შესრულდა გზის დაპროექტების კომპიუტერული პროგრამის CARD/8.2 გამოყენებით. აღნიშნული პროგრამით გზის ტრასისა და გადაკვეთის წერტილების გაანგარიშება წარმოებს გრაფიკულად, პირობითი (საკონტროლო) წერტილების საშუალებით. CARD/8.2 პროგრამას გააჩნია რთული მრუდების მოდელირების შესაძლებლობა, რომლებიც ხშირად არიან საჭირო გზებისა და ავტომაგისტრალების დაპროექტებისას. ვერტიკალური ჭრილების ინტერაქტიული გრაფიკული დაპროექტებისას უწყვეტად კონტროლირდება ჯამური მოცულობები და პირობითი წერტილები. ასევე შესაძლებელია ნებისმიერი რაოდენობის საპროექტო ვარიანტების გაანგარიშება სტანდარტული და ინდივიდუალური განივი კვეთების გამოყენებით, სამუშაოს მოცულობების გაანგარიშებასთან ერთად, და შემდგომში ამ მონაკვეთების ინტერაქტიულ-გრაფიკული რედაქტირება.
ეროვნული სტანდარტის-,,საქართველოს საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების გეომეტრიული და სტრუქტურული მოთხოვნები’’, ამერიკის შეერთებული შტატების საგზაო და სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენელთა ასოციაციის (AASHTO) ,,გზატკეცილების საპროექტო სპეციფიკაციების’’ და SNIP 2.05.02-85-ის დაპროექტების მოთხოვნების გათვალისწინებით, დამუშავდა და დამკვეთისთვის შეთავაზებულ იქნა მთავარი დასაპროექტებელი გზისა და გზაგამტარების პანდუსების განიკვეთების გეომეტრიული პარამეტრების რიგი ვარიანტები.
ზემოაღნიშნული საპროექტო დოკუმენტაციის 13.8.1. პუნქტის თანახმად (იხ.ტ2.ს.ფ.139-192) განხორციელებულ იქნა ფერდობის მდგომარეობის ანალიზი ადგილზე, გატარებულ იქნა ოპტიმალური ფერდობის შერჩევისა და სტაბილიზაციის ზომები, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ფერდობის სიმტკიცე და სამუშაოების წარმოებისა და ეფექტურობის გათვალისწინებით.
ქანობის დაპროექტების სტანდარტი ეფუძნება AASHTO სტანდარტის სპეციფიკაციები გზატკეცილის ხიდებისთვის მე-17-2002. ფერდობიდ დაპროექტება დამოკიდებულია მის სახეობაზე (გრუნტი და კლდოვანი ქანი) და ეფუძნება სტაბილურ ვითარებაში არსებულ ბუნებრივი ფერდობების სტანდარტებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მიწის ნაკვეთთან (ს/კ 0-----------) მიმართებაში ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის საპროექტო დოკუმენტაცია ( ტ2.ს.ფ.1-192)
4.8. სასამართლო მიუთითებს მიწის ნაკვეთთან (ს/კ 0-----------) მიმართებაში ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის საპროექტო დოკუმენტაციაში მე-17 პუნქტზე, რომლის თანახმად ქართულ სტანდარტებში განსაზღვრული ტროტუარის და გვერდულის მინიმალური სიგანის შესაბამისად ხიდის ტიპიური სიგანე შეიცვალა 14 მეტრიდან 15 მეტრამდე. გათვალისწინებულ იქნა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ კოჭების ზედა კიდეებს შორის გამონოლითებული ბეტონი ხშირად იბზარება და ამიტომ ხიდის მალთაშენის ტიპი შეიცვალა პირველ ეტაპზე გამოყენებული მალთაშენის ტიპისგან. ამგვარად გამოყენებული იქნა განივი კვეთი კოჭების ზედა კიდეებს შორის გამონოლითებული ბეტონის გარეშე. ამ შემთხვევაში კოჭების რაოდენობა გაიზრდება 8-დან 11-მდე, რაც შეამცირებს მშენებლობის ღირებულებას და გაზრდის მშენებლობის ტემპს.
ხიდების მალთამშენის მალის მოწყობა შერჩეულ იქნა ძირითადად ხიდის ქვეშ საჭირო კლირენსის, სამუშაოებისათვის საჭირო მასალების, ეკონომიურობისა და მშენებლობისათვის ვარგისიანობის მიხედვით. ხიდების ტიპი შერჩეულ იქნა ადგილზე ტოპოგრაფიული და გეოლოგიური ვითარების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ორი ტიპის მალთნაშენები იქნა ადაპტირებული. პირველი ტიპის მალთაშენი არის წინასწარ დაძაბული ანაკრები რკინაბეტონის კოჭის, ხოლო დანარჩენი არის ორტსებრი გამონოლითებული ბეტონის კოჭები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მიწის ნაკვეთთან (ს/კ 0-----------) მიმართებაში ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის საპროექტო დოკუმენტაცია ( ტ2.ს.ფ.1-192)
4.9. ტ.II, ს.ფ. განთავსებულია სიტუაციური ნახაზების, რომელზეც დატანილია ბათუმის შემოვლითი გზის მდებარეობა მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან (ს/კ 0-----------) მიმართებაში; მიწის ნაკვეთთან (ს/კ 0-----------) მიმართებაში ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის საპროექტო დოკუმენტაციისა და პროექტის ადგილმდებარეობის რუკაში გარკვევის მიზნით მოწვეულ იქნა სპეციალისტი დავით გეწაძე, რომელიც არის საპროექტო სამსახურის უფროსის მოადგილე, ხიდების მშენებელი-ინჟინერი, სპეციალისტმა განმარტა, რომ პროექტი კომპლექსურია, აღნიშნულ მონაკვეთზე გვირაბსა და გვირაბს შორის არის მონაკვეთი. ავარიისგან დასაცავად რკინა ბეტონის უდარია მოწყობილი პროექტში, მონოლითური კონსტრუქცია გათვლილია სატვირთო მანქანებზეც. პროექტში დევს ზღუდარა, შემაფარხებელი ბარიერი, რომელსაც აქვს ერთადერთი ფუნქცია, კერძოდ შეჯახების შემთხვევაში გამოიწვიოს შეჩერება, სპეციალისტიის განმარტებით, გზების დეპარტამენტის მიერ ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სატრანსპორტო მოძრაობის ზემოქმედების შეფასების მიზნით, გარშემო მცხოვრებლებზე, განსაკუთრებით კი სახლებზე, რომლებიც გზიდან მდებარეობს 100 მეტრ მანძილზე, ჩატარდა ხმაურის მოდელირება. ,,შერბილების გარეშე’’ ემისიის მოდელირების თანახმად, დაიგეგმა ხმაურსაწინააღმდეგო კედლების აგება რეცეპტორებზე ზემოქმედების შემცირების მიზნით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საცხოვრებელ სახლებზე, რომლებიც მოხვდებიან სენსიტიურ ზონაში, სადაც ხმაურის დონე გადააჭარბებს დასაშვებ ზღვრებს, გზების დეპარტამენტის მხრიდან გატარდება შესაბამისი შემარბილებელი (ხმაურდამცავი) ღონისძიებები. განმცხადებლის სახლის მიმდებარედ შენდება სახიდე გადასასვლელი, რომელზეც მოძრაობის სიჩქარეც უფრო დაბალია, ვიდრე მაგისტრალურ გზაზე, კერძოდ 80 კმ/სთ, რაც შეამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევათა რისკს. გარდა ამისა, სავალი ნაწილი დაიფარება ასფალტის ფენით, რომელიც შეამცირებს ხმაურს ავტომობილის მოძრაობისას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სპეციალისტის განმარტებები (იხ.სხდომის ოქმი)
4.10. 2017 წლის 16 აგვისტოს ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების 1.4.6 პუნქტის თანახმად, ხმაური წარმოადგენს არასასურველ ხმას. იგი შეიძლება იყოს სუბიექტური, მაგრამ მის ზემოქმედებაში შედის გაღიზიანება, შეშფოთება, სტრესი და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი. ავტომაგისტრალზე სატრანსპორტო ხმაურს იწვევს: ძრავის ხმა, ძირითადად გამონაბოლქვის გამოყოფისას, აჩქარებისას და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას. გზის ზედაპირსა და სატრანსპორტო საშუალების საბურავებს შორის წარმოქმნილი ხახუნი. სატრანსპორტო საშუალების სიგნალი და ხმამაღალი მუსიკა. აეროდინამიკური ხახუნი.
სატრანსპორტო მოძრაობის ზემოქმედების შეფასების მიზნით გარშემო მაცხოვრებლებზე ჩატარდა ხმაურის მოდელირება, რომლის დროსაც განხორციელდა შემდეგი ამოცანები: ბათუმის შემოვლით გზაზე სატრანსპორტო მოძრაობით გამოწვეული ხმაურის დონის ზემოქმედების პროგნოზირება გარშემო მდებარე უბნებზე, განსაკუთრებით კი სახლებზე, რომლებიც მდებარეობს 100 მ მანძილზე შემოთავაზებული გზიდან. ხმაურის ბარიერების საერთო ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრა ხმაურის დონის შესამცირებლად დასაშვებ კრიტერიუმამდე შესამცირებლად. იმ უბნების დადგენა, სადაც ნაკლებ სავარაუდოა ხმაურის დონეების შერბილება ხმაურის დასაშვებ დონემდე შერბილების სტანდარტული ზომების გამოყენებით.
ხმაურის მოდელის მისაღებად გამოყენებული იქნა SounPLAN Essential Version 3.0, Braunstein+Berndt GmbH/SoundPLAN SoundPLAN International LLC-ის მეთოდი. ამ მოდელის დახმარებით შესაძლებელია ხმაურის მოდელირება სამ განზომილებაში. მოდელირების გასამარტივებლად მთელი გზა დაიყო 9 სეგმენტად და ცალ-ცალკე შესრულდა თითოეული სეგმენტის მოდელირება. გზის ორივე მხარეს, 1 კმ სიგანის ზოლში იდენტიფიცირებული იქნა 490 საცხოვრებელი სახლი, რომლებიც წარმოადგენენ პოტენციურ რეცეპტორებს.
,,შერბილების გარეშე’’ ემისიის მოდელირების თანახმად, დაიგეგმა ხმაურსაწინააღმდეგო კედლების აგება რეცეპტორებზე ზემოქმედების შემცირების მიზნით. ხმაურის დონის სტანდარტების დაცვის მიზნით მთავარი შემარბილებელი ზომა გულისხმობს ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის სიჩქარის შეზღუდვას 90 კმ/სთ-მდე. სტრატეგია, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს ასეთი მიმღებისათვის, შემდეგია: გათვალისწინებული იქნება კარგად შემუშავებული შერბილების ვარიანტები. აღნიშნულში შეიძლება შევიდეს შედარებით მაღალი კედლები (6მ-მდე); გორაკზე აღმართული კედელი და ბერმა უზრუნველყოფს უკეთეს დაცვას; და 200 მ სიგანის ზოლზე ხეების დარგვა სახლების წინ მათი დაცვის მიზნით. თუ ზემოთ ჩამოთვლილი ზომები შეუძლებელია ხმაურის დონის შემცირება საცხოვრებელ სახლებში, სახლის მესაკუთრეებს შესთავაზებენ, შეიცვალონ საცხოვრებელი ადგილი საკუთარი სახლის გაყიდვის შემდეგ. მათი ვინაობა კი შეტანილი იქნება მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმაში. თუ მესაკუთრეებს მაინც სურთ საკუთარ სახლში დარჩენა მიუხედავად ხმაურისა, ასეთ შემთხვევაში საგზაო დეპარტამენტსა და მიმღებს შორის გაფორმდება იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2017 წლის 16 აგვისტოს ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასება (ტ.2.ს.ფ. 193-351)
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ’’ 2014 წლის 14 იანვრის საქართველოს მთავრობის №52 დადგენილება.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1.1. სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმად საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება შემდეგი სამუშაოების წარმოების მიზნით: ა) გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის; ბ) რკინიგზის ხაზების გაყვანისათვის; გ) ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების მილსადენების გაყვანისათვის; დ) ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებ-ლობისათვის; ე) წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ატმოსფერული ნალექების კოლექ-ტორული ხაზების გაყვანისათვის; ვ) სატელეფონო ხაზების გაყვანისათვის; ზ) სატელევიზიო კაბელების გაყვანისათვის; თ) საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისათვის; ი) ეროვნული თავდაცვისათვის საჭირო სამუშაოებისათვის. კ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისათვის.
უდავოა, რომ ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ვინაიდან იგი წარმოადგენს ქვეყნის საგზაო ინფრასტუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალების თანახმად ირკვევა, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში აუცილებელი გახდა იმ მესაკუთრეთა განსაზღვრა, ვისი მიწის ნაკვეთები და მასზე განთავსებული უძრავი ქონებაც მოხვდა პროექტის ზემოქმედების ქვეშ, შემუშავებულ იქნა განსახლების გეგმა, რომელშიც ასახულია ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც მოქცეულია საავტომობილო გზების განთავსების ზოლში, ამ გეგმით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, მიწის ნაკვეთების შესყიდვას, ასევე შესაბამისი საკომპენსაციო თანხების გაცემას აწარმოებს მოპასუხე, ხოლო რაც შეეხება ქა---–----------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, იგი არ არის მოქცეული ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის განთავსების ზოლში და შესაბამისად არ იქნა გათვალისწინებული განსახლების გეგმაში, რასაც მოსარჩელე არ ეთანხმება და თვლის, რომ მისი უძრავი ქონების სამოქმედო გეგმაში შეყვანის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გზის ღერძიდან დაშორების მანძილით, რამდენადაც აღნიშნული განაპირობებს როგორც მესაკუთრის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას.
ამდენად, სასამართლომ უნდა შეაფასოს კონკრეტული მიწის ნაკვეთის საავტომობილო გზის განთავსების ზოლში არ მოქცევა რამდენად შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაძლებელი ხომ არ არის ქა---–----------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ გამავალ საავტომობილო გზამ გამოიწვიოს რაიმე სახის ნეგატიური გავლენა მიწის ნაკვეთზე ან იქ მაცხოვრებელ პირებზე.
აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის 2017 წლის 12 ივნისს გაფორმებული სასესხო შეთანხმების მიხედვით MRDI ნიშნავს მსესხებლის რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ხოლო RD ნიშნავს MRDI-ს ქვეშ მყოფ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ან აზიის განვითარების ბანკისათვის მისაღებ მის ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პროექტის განხორციელებაზე, როგორც პროექტის განმახორციელებელი სააგენტო. ,,RP’’ ანუ განსახლების გეგმა ნიშნავს პროექტის განსახლების გეგმას, მათ შორის მასში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც მომზადებული და წარმოდგენილია მსესხებლის მიერ და დამტკიცებულია ADB-ის მიერ. ამდენად, მოპასუხე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი პასუხისმგებელია პროექტის განხორციელებაზე, ასევე პროექტის განსახლების გეგმის (,,RP’’) მომზადებაზე.
სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ხაზი გაუსვას სასესხო შეთანხმების N5 დანართში მითითებულ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვალდებულებებს, კერძოდ მსესხებელმა, პროექტის აღმასრულებელმა სააგენტოს და RD -ს (საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი) მეშვეობით უნდა უზრუნველყოს პროექტის განხორციელება PAM-ში განსაზღვრული დეტალური ღონისძიებების შესაბამისად. მსესხებელმა RD -ს მეშვეობით უნდა უზრუნველყოს ის, რომ პროექტისა და პროექტთან დაკავშირებული საშუალებების მომზადება, დაპროექტება, მშენებლობა, განხორციელება, ექსპლუატაცია და ექსპლუატაციიდან მოხსნა მიმდინარეობდეს: ა) მსესხებლის გარემოსდაცვითი, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული კანონების და რეგულაციების დაცვით ბ) გარემოსდაცვითი უსაფრთხოების ზომების დაცვით; და გ) EIA -სა და EMP-ში მოცემული ყველა ზომისა და მოთხოვნის დაცვით და უსაფრთხოების მონიტორინგის ანგარიშში მოცემული მაკორექტირებელი და აღმკვეთი ნებისმიერი ზომის შესაბამისად.
ამავე შეთანხმებით ცალსახად დადგინდა RD -ს ვალდებულება უზრუნველყოს პროექტის გამო არ მოხდეს მკვიდრი მოსახლეობის დაზარალება, უსაფრთოების გარანტიების პოლიტიკური განაცხადით განსაზღვრული განმარტების ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ პროექტს ექნება მსგავსი ზემოქმედება, მსესხებელი მიიღებს და RD-ს მეშვეობით, მიაღებინებს ყველა საჭირო ზომას, რათა უზრუნველყოს პროექტის შესაბამისობა მსესხებლის ქვეყანაში მოქმედი კანონებისა და რეგულაციების, ასევე უსაფრთხოების გარანტიები პოლიტიკური განცხადების შესაბამისად.
დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზიდან ქამილ ქახრამანის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების (საკ. კოდი:0-----------) მინიმალური დაშორებაა 29,56 კვ.მ., ხოლო საცხოვრებელი სახლის მინიმალური დაშორებაა 33,13 მ.; თუმცა სადავოა ის გარემოება ამ დაშორებამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას მოსარჩელის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას.
საქმის მასალებში წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის თანახმად საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების მიხედვით ქალაქთმშენებლობა, Снип 2.07.01-89 და Снип 2.07.01 მიხედვით, საერთო ქსელის 1.2. და მე-3 კატეგორიის საავტომობილო გზები, როგორც წესი უნდა ხვდებოდეს მისი პროექტირება დასახლებული პუნქტის გვერდის ავლით, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ არ ხერხდება 1.2. და მე-3 კატეგორიის საავტომობილო გზები, მოცემული ნორმის მიხედვით მანძილი გზების გრუნტის გვერდულიდან განაშენიანებამდე უნდა იყოს არანაკლებ 100 მეტრისა საცხოვრებელ განაშენიანებამდე და არანაკლებ 50 მეტრისა ბახჩეულობამდე.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მოწვეულმა ექსპერტმა მალხაზ კალანდაძემ განმარტა, რომ ექსპერტის მიმართ დასმულ იქნა ტექნიკურ ნორმებზე მითითებული კითხვა, შესაბამისად, პასუხიც შესაბამისად იქნა გაცემული. ამასთან, ექსპერტმა დაადასტურა ის გარემოება, რომ არც საექსპერტო დასკვნის შედგენისას და არც ამ მომენტისათვის იგი არ იცნობს პროექტს, შესაბამისად, არ შეუძლია გააკეთოს განმარტებები პროექტში ჩადებული ღონისძიებების თაობაზე. მან პროექტით მანძილის შემცირების შესაძლებლობა არ გამორიცხა, თუ იგი ითვალისწინებს ხმაურდამცავი კედლის არსებობას, წარმოდგენილ საბჭოთა ტექნიკურ რეგლამენტთან მიმართებით განმარტა, რომ იგი არ წარმოადგენს ერთადერთ დოკუმენტს, რომლით დადგენილი ნორმებითაც სარგებლობს ქვეყანა. მაგალითად ხიდების კონსტრუქციულ ნაწილში ასევე ხელმძღვანელობენ ევროკოდებით, თუმცა ენის ბარიერის არსებობა მათ გარკვეულ პრობლემებს უქმნით. რაც შეეხება ხმაურდამცავ ბარიერებს, მან განმარტა, რომ აღნიშნული გზაზე მოძრაობის ინტენსიობით უნდა დადგინდეს მაგისტრალის გახსნის შემდეგ.
სასამართლო სხდომაზე მოწვეულ იქნა სპეციალისტი დავით გეწაძე, რომელიც არის საპროექტო სამსახურის უფროსის მოადგილე, ხიდების მშენებელი-ინჟინერი, იგი დაეხმარა სასამართლოს საპროექტო დოკუმენტების წაკითხვაში, კერძოდ ტ.V.ს.ფ.311-319-ზე წარმოდგენილ პროექტზე დატანილ ჯებირებთან დაკავშირებით განმარტა, რომ მისი ფუნქციაა შეჯახების შემთხვევაში გამოიწვიოს შეჩერება, სასამართლო წარმოდგენილი დოკუმენტებისა და სპეციალისტის განმარტებების საფუძველზე ასკვნის, რომ პროექტით გათვალისწინებულია ავარიისგან დასაცავად რკინაბეტონის უდარი, ხოლო პროექტში წარმოდგენილი მონოლითური კონსტრუქცია გათვლილია სატვირთო მანქანებზეც. პროექტში დევს შემაფარხებელი ბარიერი- ზღუდარები, რომლის ფუნქცია დაიცვას გზის უსაფრთხოება, შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტის ანალიზის საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ უსაფრთხოების ზომები პროექტში დაცულია.
რაც შეეხება ხმაურს, სპეციალისტმა განმარტა, რომ როდესაც აშენდება მაგისტრალი ხმაურის სიხშირე გაიზომება. აღნიშნული ინტენსიობა მოძრაობის პროცესში უნდა დადგინდეს, სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ხმაურის მოდელირება არაერთხელ იყო ჩატარებული, წარმოდგენილია დოკუმენტები, რომლის თანახმად განსაზღვრულია ის ხარჯი, რომელიც აუცილებელი იქნება ხმაურდამცავი ბარიერების მშენებლობის ჩასატარებლად. ამასთან, აღნიშნულს ადასტურებს ასევე საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 16 აგვისტოს ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასება.
სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და სამოქმედოდ დაშვების შესახებ’’ 2014 წლის 14 იანვრის საქართველოს მთავრობის №52 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 59-ე მუხლის, 103-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგულირების მიზნით, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების მიღებამდე, აღიარებული და საქართველოს ტერიტორიაზე დროებით სამოქმედოდ დაშვებული იქნეს ყოფილი საბჭოთა კავშირის 1992 წლამდე მოქმედი და შემდგომ პერიოდში მოდიფიცირებული სამშენებლო ნორმები და წესები, ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტები და მათი ის ნაწილები, რომელთა ალტერნატივა არ არსებობს საქართველოში მიღებული ტექნიკური რეგლამენტების ან სხვა ნორმატიული აქტების სახით და რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას ან/და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომელთა მონაწილეც არის საქართველო. ამასთან, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების მშენებლობის შემთხვევაში, აღნიშნული ნორმები და წესები გამოიყენება კონკრეტული სამედიცინო ობიექტისა და განსახორციელებელი სამედიცინო სერვისების სპეციფიკის გათვალისწინებით.
ამავე დადგენილების 11-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვის წარმოებისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს: ა) ამ დადგენილებით საქართველოს ტერიტორიაზე დროებით სამოქმედოდ დაშვებული სამშენებლო ნორმები, წესები, ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტები და მათი ნაწილები; ან ბ) „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით საქართველოში სამოქმედოდ დაშვებული ევროკავშირის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტები.
ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში საპროექტო და სამშენებლო სტანდარტების შერჩევასთან დაკავშირებით ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები წინააღმდეგობაში არ მოდის ზემოაღნიშნული დადგენილების მოთხოვნებთან; კერძოდ იგი შეჯამებულ იქნა შემდეგნაირად; 2009 წლამდე გზის საპროექტო სტანდარტებად გამოიყენებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის დროინდელი ნორმები. 1984 წელს SNIP-ს უკანასკნელი რედაქციის შემდეგ თანამედროვე მიღწევების, პრაქტიკისა და მეთოდების გათვალისწინება არ ხდებოდა. შედეგად ,,მსოფლიო ბანკის’’ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შემუშავდა და მიღებულ იქნა ახალი საპროექტო სტანდარტი ,,საქართველოს საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების გეომეტრიული და სტრუქტურული მოთხოვნები’’. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო სტანდარტი ან SNIP ნორმები გამოუსედაგარია, გამოიყენება ავტომაგისტრალებისა და ავტოსაგზაო ხიდების საპროექტო სპეციფიკაციებისთვის გათვალისწინებული AASHTO სტანდარტის შესაბამისი პუნქტები.
ამდენად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ განსახლების სამოქმედო გეგმაში კონკრეტული უძრავი ქონების მოხვედრის საკითხი განიხილება ინდივიდუალურად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პრინციპების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოპასუხე მხარის მოსაზრებით განსახლების სამოქმედო გეგმაში პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეყვანის საკითხი მხოლოდ მისი გზის ღერძიდან დაშორების მანძილით არ განისაზღვრება, არამედ მნიშვნელოვანია, ასევე, გათვალისწინებულ იქნეს პროექტის ზემოქმედების ხარისხი კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე, ხომ არ რჩება მიწის ნაკვეთი მისასვლელი გზის გარეშე, პროექტის შედეგად მიწის ნაკვეთი ხომ არ კარგავს ეკონომიკურ სარგებლიანობას და სხვ., რის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც საქმის მასალებში წარმოდგენილი არ ყოფილა.
7.2. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 04 ივლისის N--------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ,,ქა---–----------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ’’ ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 4 სექტემბრის N----- ბრძანება არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, გასაჩივრებულ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის განსახლების სამოქმედო გეგმაში შეყვანისა და კომპენსაციის გაცემის შესახებ.
8. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, ვინაიდან განსახილველ საქმესთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: მერი გულუაშვილი